ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ვან გოგის 18 000 მზესუმზირა და და ბოტანიკური სამოთხე ნიუ იორკში

04.06.2026
ვან გოგის 18 000 მზესუმზირა და და ბოტანიკური სამოთხე ნიუ იორკში

ბავშვობიდანვე მომეძალებოდა ხოლმე ფერების ამოჩემების პერიოდები. ერთხელაც, ყვითლისა და ლურჯის/ცისფრის შეხამება, გურჯიევის სიტყვები რომ გამოვიყენო, „დამემართა“. როცა ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამე“ (1889) პირველად ვნახე, ვიცოდი, რომ ეს სიყვარული სადღეღამისო და სამუდამო იქნებოდა… მით უმეტეს, როცა ამ ყველაფერს დონ მაკლინის სიმღერა „ვინსენტი“ (იგივე „Starry, Starry Night“.1970) დაერთო — აკუსტიკური გიტარის სევდიანი ტემბრითა და გვიან ღამით ცარიელ ქუჩაზე მდგომი, მოჭრიჭინე ხისკიბიანი სახლის რომელიღაც სართულზე, პატარა, ბნელ, ნაქირავებ ოთახში ზევით მომზირალი მხატვრის მირაჟით.

ყვითელი ფერის ნიუ იორკში ცისფრიდან ლურჯში (ან – პირიქით) გარდამავალი ცა ვან გოგის შედევრების მუდმივი გამოფენასავითაა, ოღონდ არა წარმოსახვითი, არამედ – რეალური, მეტროპოლიტენ მუზეუმსა (MetMuseum) და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA) დაბინავებული. პირველში ინახება ვან გოგის „ავტოპორტრეტი ჩალის ქუდით“, „მზესუმზირები“, „არლელი ქალი“ და „ფეხსაცმელები“; მეორეში კი — ჩემი საყვარელი „ვარსკვლავებიანი ღამე“, სადაც ციური სხეულები კი არ ანათებენ, არამედ სუნთქავენ. იქვეა „ზეთისხილის ხეები“, „ხორბლის ველები კიპარისებით“ და „ირისები“…

„მომაში“ „ვარსკვლავებიან ღამესთან“ მიახლოება, დამთვალიერებელთა სიმრავლის გამო, მარტივი საქმე როდია. მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ ამ „მოუსვენარი სინათლის“ დარბაზში, ერთ წუთზე მეტხანს — მგონი, მთელი დღეც კი — მხოლოდ ორი ადამიანი მიდი-მოდიოდა, მესამე კი, ძალიან განსაკუთრებული, უძრავად იდგა: მე, ჩემი შვილი და ვინსენტი. ეს კოვიდის დროს იყო. ჩვენ ცისფერი პირბადეებით ვგავდით ერთმანეთს, შესასვლელშივე ტემპერატურაშემოწმებულები. ფოტო კი დარბაზის მოწყენილმა მეთვალყურემ გადაგვიღო, რომელსაც ასევე ცისფერი პირბადე ეკეთა. მოკლედ, საერთო ჯამში ოთხნი ვიყავით.

***

ექსპოზიცია – „ვან გოგის ყვავილები“ ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღის (NYBG, 1891) ერთ-ერთი ტრადიციულად უნიკალური პროექტია. აქ გამოფინეს არა მხოლოდ ვან გოგის საკულტო „ყვავილებიანი“ ნამუშევრების ასლები მათი შექმნის ისტორიებით, არამედ მათ გვერდით — ცნობილი არტისტებისათვის შეკვეთილი, ალბათ, სამჯერ გადიდებული ცოცხალი ინსტალაციები. ეს იყო ნამდვილი ყვავილებით გაფორმებული ნახატები — ნატურალური სურნელითა და ვან გოგისეული ზუსტი ჩანაფიქრით. კოვიდამდე აქ ჯორჯია ო’კიფის ყვავილები და მისი ნახატების ორიგინალები იყო გამოფენილი, ოღონდ ეს თითქოს „წინა ცხოვრებაში“ ხდებოდა. ანუ კოვიდამდე.

ამ უსასრულო სიმწვანეში ჩაფლული იყო მზესუმზირების პატარა, საშუალო და დიდი კუნძულები — შუაგულში მარცვლებიანი მზის ფორმებით. ზოგან შეჯგუფებული, ზოგან კი ცალ-ცალკე მდგომი ოქროს მზერიანი ყვავილები ასხივებდნენ მზის ენერგიას და სევდიანად, ოდნავ მარჯვნივ-მარცხნივ ან წინ გადაეხარათ თავები… საერთო ჯამში, იქ 32 სახეობის 18 000 ნამდვილი მზესუმზირა ყვაოდა — დაბალტანიანებიდან დაწყებული, ოთხი მეტრის სიმაღლის გიგანტებით დამთავრებული.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

გამოფენილი მზესუმზირების ნახევარზე მეტი ცოცხალი მცენარე იყო, დანარჩენი კი — ხელოვნური. ეს საუკეთესო ადგილი გახლდათ იმის წარმოსადგენად, თუ როგორი ყვითელი იყო არლიში (საფრანგეთი) ვან გოგის სახლი, სადაც ის ქირით ცხოვრობდა; როგორ დაიდებდა ბინას მასპინძლის მიერ ტილოზე დახატული მზესუმზირები პოლ გოგენისთვის მომზადებულ ოთახში, კედლის დეკორად. ყვითელი ფერი მეგობრობის, სიმყუდროვისა და სითბოს სიმბოლოა, თუმცა ამ ორი შემოქმედის კავშირს ვერც მბზინვარე ყვითელმა უშველა და ვერც ამ ორლებნიანი მცენარის სილამაზემ.

იმპრესიონიზმ-ნეოიმპრესიონიზმის ხელოვნებათმცოდნეობითი კრიტერიუმებისა და „მოჭრილი მარცხენა ყურის“ მითების მიღმა, ეს პერიოდი ვან გოგის ცხოვრებაში ყველაზე ნათელი და ბედნიერი იყო. ამ გამოფენაზეც ვან გოგი კი არ იყო გამოფენილი, არამედ მისი სული: „სავანგოგე“, სავსე თუ ცარიელი ხის ჩარჩოები მთელ ტერიტორიაზე მიმოეფანტათ — ხან დიდი ბუჩქების უკან, ხან ქვევრის მსგავს ჭურჭელთან ახლოს, ხანაც — მერხთან. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ეს ერთგვარი კუკუ-დამალობანა იყო, ოღონდ ეგზოტიკური კაქტუსების, ხეებისა და ბუჩქების გარდა აქ ჩარჩოში ჩასმული ნატურალური “ვან გოგები” ხარობდნენ…

აი, მაგალითად, 1886 წელს პარიზში შექმნილი „იმპერიული ფრიტილარიები სპილენძის ლარნაკში“ — ეს ის პერიოდია, როცა ვან გოგმა თავისი ნათელი ფერები აღმოაჩინა და ლურჯი ოქროსფერს იმპრესიონისტულად შეახამა. ვან გოგის 900 ნამუშევრიდან მხოლოდ 130-ია ხელმოწერილი, მათ შორისაა ეს „ფრიტილარიებიც“. რახან ტილოზე მისი ხელმოწერაა, ე. ი. ხელოვანი ამ ნახატს გასაყიდად ამზადებდა.

“იმპერიული ფრიტილარიები სპილენძის ლარნაკში“ , 1886

1889 წელს ვან გოგმა დახატა „ბაღი არლის ჰოსპიტალში“ — ლამაზფერიანი მცენარეებითა და ყვავილების სეგმენტებით სავსე ეზო, ყვითელჩარჩოიანი აივნებით. ეს ბაღი მან ფსიქიატრიულ კლინიკაში, თავისი პალატიდან “შეამჩნია”.

“ბაღი არლის ჰოსპიტალში” 1989

თავად ვან გოგი ჰყვებოდა, თუ რა ყვავილები ხარობდა იმ დაწესებულებაში, რომელიც საავადმყოფოს ეზოს კი არა, უფრო ნიუ იორკის ბოტანიკურ ბაღს ჰგავდა: წვერიანი ზამბახები, ლურჯი კესანეები, ოლეანდრები, იები, ფურისულები, ყაყაჩოები… წარმოიდგინეთ ეს ცოცხალყვავილებიანი ინსტალაციები ნამდვილი აივნებითა და კიბეებით XXI საუკუნის ნიუ იორკში, ნატურალური სიდიდით. ნახატზე მოსეირნე ადამიანების ნაცვლად კი — ბოტანიკური ბაღის ვიზიტორები და თანამშრომლები.

ვან გოგის მიერ ფსიქიატრიულ კლინიკაში შექმნილი 150-მდე ნახატიდან „ზამბახები“ (1889) ერთ-ერთი პირველია. ეს ზამბახები სწორედ იმ დაწესებულების ბაღში ყვაოდა… მარტოობისა და გარიყულობისგან თავის დასაღწევად ვან გოგმა ყვავილების მთელი სერია შექმნა. ეს ტილო ვან გოგის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია — 1987 წელს „სოთბის“ აუქციონზე იგი რეკორდულ ფასად, დაახლოებით 54 მილიონ დოლარად გაიყიდა. მოგვიანებით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ის განსაკუთრებული იისფერი, რომელიც ვან გოგმა გამოიყენა, მხატვარმა ლურჯი და წითელი საღებავების შეზავებით მიიღო. 2020-ში კი დონ მაკლინის ცნობილი სიმღერის ლექსის ხელნაწერი 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

“ზამბახები” 1889

ვან გოგის „ვარდები“ 1890 წელს სენ რემიში, საავადმყოფოდან გამოწერის პერიოდში შექმნილი ნატურმორტია. ამ ვარდებში თითქოს იმედის სხივი კრთის. თავიდან ყვავილები უფრო მკვეთრი ფერის ყოფილა, ახლა კი ვარდისფერი ცოტათი გახუნებიათ — თითქოს იმიტომ, რომ საღი მხედველობა ცხოვრებისეული ტრაგიზმის სიმკვეთრეს ვერ უძლებს და ურჩევნია, სურათი ცოტათი ბუნდოვანი გახდეს, გაიდღაბნოს და მზისგან გადაფერმკრთალებულს დაემსგავსოს. ძალიან არა, მხოლოდ ოდნავ…

“ვარდები” 1890

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო