როცა პატერსონში ცხოვრობ, უილიამ კარლოს უილიამსის “პატერსონის” (1946) სეხნია ხარ და ავტობუსის მძღოლად მუშაობ, დილით ადრე დგები, საზოგადოებრივ ტრანსპორტს აუჩქარებლად ატარებ, მგზავრებს უსმენ, საღამოს ბარში მიდიხარ და ნაცნობებთან ერთად ლუდს სვამ, მერე სახლში ბრუნდები, მომღერალი ცოლი სახელად ლაურა ოცნებებს გიზიარებს, ჯინსის კომბინეზონში გამოწყობილი სამზარეულოს ღებავს, გემრიელ კექსებს აცხობს, ყუთებში აწყობს, გასაყიდად ამზადებს, დახმარებას გთხოვს, შენს პოეტურ დღიურებს “გენიალურს” უწოდებს… მეორე დილას კი – იგივე ავტობუსი, იგივე ფანჯრები, ქუჩები, თანამშრომლები, მგზავრები, მაგრამ ამის გარდა შენ გაქვს პატარა რვეული, სადაც შესვენებების დროს ან ჩანჩქერთან, უფრო ხშირად, ავტოფარეხში, ავტობუსის საჭესთან ლექსებს წერ – პაწაწინა საგნების ლირიკას, მშვიდს, ლამაზს, მსუბუქს, აუჩქარებელს, არადრამატულს, ერთგვარი მინიმალიზმითა და პოეტური მედიტაციით, მერე მე ამ “გამოტოვებულ” ნივთებს აქ და ამჟამად ვამჩნევ და აღმოვაჩენ, რომ თურმე მართლა არსებობენ, თან პოეზიის უფლება ჰქონიათ და მგზავრობისაც – პატერსონის ავტობუსით მიდი- მოდიან.
ერთ დღესაც (ალბათ, აქ “მშვენიერ ან არამშვენიერ დღეს” უნდა იყოს) კინოდან დაბრუნებულს შენი ლექსები “ცუდი” ძაღლის, მარვინის მიერ დაღრღნილი, ძალიან მარტივ მამრავლებად დაგლეჯილ-დაყრილი გხვდება… და ვიკითხავ: რა ჰქვია ასეთ ცხოვრებას და ყოველდღიურობის პოეზიას? ალბათ … კი არა, დანამდვილებით ჯიმ ჯარმუშის “პატერსონი” (2016) და რონ პაჯეტის (1942) ლექსები.
ნიუ იორკის კინოფესტივალზე ჯიმ ჯარმუშის “პატერსონის” ნახვის შემდეგ ნიუ ჯერსიში, ნიუ იორკთან ახლოს მდებარე, ამერიკის ამ ძველ ინდუსტრიულ ქალაქში ცოტა ხნით გავისეირნე, ვნახე “პატერსონის დიდი ჩანჩქერებიც”, რომელიც სიმაღლით ნიაგარას ჩანჩქერების თითქმის ნახევარია. არ მინახავს საშინელებათა ჟანრის ის კინო, რომელსაც პატერსონი და ლაურა უყურებდნენ: სახლში – მონსტრებიან შავ-თეთრ ფილმს, ხოლო კინოთეატრში – “დაკარგული სულების კუნძულს “(1932). ამ უკანასკნელის “ბრალია” ლექსების დაგლეჯის “ჰორორი”. წყვილი კინოში ამ ფილმის სანახავად წავიდა, ამ დროს კი ბულდოგმა დრო იხელთა და პატერსონს პოეზია დაუფლითა.
აი, ასე ხდება ამ სამყაროში “უწყინარი” ტრაგედიები, ძალიან ტრივიალურად, ან უიქენდზე, ან ოთხშაბათს. მერე უბრალოდ უსუსური და სასოწარკვეთილი იატაკს დაჰყურებ… ძაღლია, რა უნდა უთხრა, რა უნდა მოსთხოვო. გამოცდილი მაქვს ეს სიმწარე, როცა ფოტოაპარატი დავკარგე… მერე კი ტელეფონში ნიუ იორკის ცხოვრების ორი წლის ნაგროვები ფოტოები უცებ, ზუსტად ერთ წამში წაიშალა.
ჯიმ ჯარმუშის გადამკიდე პატერსონში ქუჩებს ოდნავ დაჰიპნოზებული მივყვებოდი: ავტობუსის ყველა მძღოლი პოეტი მეგონა იმედიანი იაპონელი ტურისტის მიერ ნაჩუქარი ლამაზი ცარიელი რვეულით ჯიბეში; ყველა ფოტოატელიე, სადაც ქსეროქსია კი ის ადგილი, სადაც პატერსონმა ნაწერის ასლის გადასაღებად ცოლის შეხსენების მიუხედავად, რვეული არ მიიტანა, ხოლო რონ პაჯეტის გამოისობით ყველა ასანთის კოლოფი მეგონა Ohio Blue Tip, რომელიც საჭესთან ლექსს დაგაწერინებს…
აქ ყველაფერი პოეტურია – “ლანჩ ბოქსებიც”, ავტობუსის მარშრუტიც, ლუდის კათხაც, ავეჯიც, ლაურას შავ-თეთრ ხაზებიანი კაბაც, არასადღესასწაულო შაბათ-კვირაც, ტყუპების თმის ერთნაირი ვარცხნილობაც, რვეულის ცარიელი ფურცელიც.

კადრი ფილმიდან „პატერსონი“
***
ერთხელ პოეზიის საღამოზე რონ პაჯეტმა თქვა, რომ ლექსი “ამ უჯრაში არაფერია” დიდი ხნის წინათ დაწერა, მერე წაიკითხა ისეთივე თხელი წიგნიდან, როგორსაც, ალბათ, ადამ დრავერის გმირი პირველ კრებულად გამოსცემდა. მაშინ გიჟი ვიყავიო, თქვა რონმა…
“ამ უჯრაში არაფერია
ამ უჯრაში არაფერია
ამ უჯრაში არაფერია
ამ უჯრაში არაფერია…”
და ასე კიდევ ათი “ამ უჯრაში არაფერია”, ოღონდ სხვადასხვა ხმით, ინტონაციითა და რიტმით. ამ ჩვენი დაძაბული ყოფის შფოთვითი აშლილობის გადამკიდე ნებსით თუ უნებლიედ პოეტსა და მის ხმას დროული ფსიქოთერაპია გამოუვიდა მისთვის ჩვეული “სემანტიკური დასუფთავებითა” და “ფიქრის გაუნძრევლობით”.

რონ პაჯეტი და მისი პორტრეტი – მხატვარი ტრევორ ვინკფილდი
რონ პაჯეტი ისე კითხულობდა, თითქოს უჯრა სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდა ან არსებობდა მხოლოდ იმიტომ, რომ სიტყვა „არაფერია“ კიდევ არაერთხელ გაგვემეორებინა და საბოლოოდ ვერ გაგვეგო რა, სად, როდის ან პირიქით, გაგვეგო უჯრაზე (ან “არა – ფერიაზე”. ეს “ფერია” ამწამს აღმოვაჩინე), როგორც ოთახის მთავარ გმირზე (ან სულაც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელზე), რომ ხის ეს მართკუთხედი კოლოფი თვითკმარია და საერთოდაც, ცარიელი უჯრაც დასაწერად/ შესავსებად გამზადებული “ტაბულა რასაა”, ჩვენებურად – დაბადებამდე არსებული სითეთრე.

ჯიმ ჯარმუში, რონ პაჯეტი და ადამ დრაივერი “პატერსონის” გადაღებისას.
***
- თქვენი შემოქმედება მზერას ხშირად „ჩვეულებრივი ადამიანების“ ყოველდღიურ, მშვიდ ცხოვრებაზე აჩერებს. რა გიზიდავთ ყოველდღიურობაში, როგორც პოეტურ მასალაში? – ვკითხე რონ პაჯეტს.
ყოველდღიურობა, ალბათ, იმიტომ მიზიდავს, რომ ის ყოველდღე, მთელი დღე ხელმისაწვდომია — თითქოს მელოდება, რომ ყურადღება მივაქციო. ასევე, ალბათ, იმიტომაც, რომ ყოველდღიურობა თავისთავად საოცრად განსაკუთრებულია.
- თქვენს ტექსტებში სიმარტივესა და სიღრმეს როგორ აბალანსებთ?
ეს კითხვა კრიტიკოსის კითხვაა. მე არ ვცდილობ „სიმარტივისა და სიღრმის დაბალანსებას“, როგორც თქვენ ამბობთ. უბრალოდ ლექსებს ვწერ.
- სამყაროში, სადაც გამუდმებით ომია, პოლიტიკური შფოთი და ხმაური, თქვენ მშვიდ ლექსს მაინც წერთ…
ამდენი არეულობის ფონზე მშვიდ ლექსებს მცირე შვების მოგვრა შეუძლიათ; შეუძლიათ შეგვახსენონ, რომ ჩვენ შინაგანი სიმშვიდის პოვნა თავადაც შეგვიძლია.
- როგორ ფიქრობთ, პოეზია კრიზისს ეწინააღმდეგება თუ შთანთქავს მას?
არსებობს პოეზიის მრავალი სხვადასხვა სახეობა. ზოგი ლექსი სოციალური დაშლის, კრიზისის ან სოციალური სამართლიანობის თემებს პირდაპირ ან ირიბად ეხება.
მე მაქვს ხანგრძლივი და ცოტა სამწუხარო ისტორია იმაზე, რომ ასეთ თემებზე ვერ ვწერ ისე, რომ ლექსი, როგორც ლექსი, კარგი გამოვიდეს. ჩემს შემთხვევაში, უკეთესი იქნებოდა ამ თემებზე სიტყვით გამოვსულიყავი ან ესეები მეწერა.
ერთადერთი გამონაკლისია ჩემი გრძელი ლექსი სახელწოდებით – „მსოფლიოში არსებული აბსოლუტურად უზარმაზარი და წარმოუდგენელი უსამართლობა“, თუმცა, სავარაუდოა, რომ ასეთი თემები როგორღაც, ჩუმად მაინც აღწევს ან „ჟონავს“ იმ ლექსებში, რომლებიც თითქოს მხოლოდ ლირიკულ ხასიათს ატარებს.
- თქვენი ლექსები ხშირად დროს ანელებს. ამ დროებაში როგორ ბოჭავთ ყურადღებას, რომელიც ისედაც გამუდმებით იფანტება?
ჩემი არჩევანია არ დავუშვა – ჩემი გონება დაიპყროს იმ სოციალურმა და პოლიტიკური ძალებმა, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ მე ფრაგმენტაციას დავემორჩილო. დღეს ელექტრონული მედია ერთგვარ ყურადღების დეფიციტის აშლილობას იწვევს იმ ადამიანების გონებაში, რომლებიც, მაგალითად, თავიანთ სმარტფონებზე არიან დამოკიდებულნი. ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენ ფიქრის თანდათანობითი გაქრობის მოწმეები ვართ.

ამერიკელი მწერალი და არტისტი ჯო ბრეინარდი, რონ პაჯეტის შვილი უაინი და რონ პაჯეტი. (1993)
- არაზუსტი, დამახინჯებული ინფორმაციის ეპოქაში გრძნობთ თუ არა, რომ სიტყვების ნდობა ისევაა შესაძლებელი?
დიახ, თუ ისინი ზუსტია ან ლამაზად ჟღერს. დეზინფორმაცია, ალბათ, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მისი დღევანდელი აშკარა, უტიფარი და სახიფათო გამოყენება ძალიან მაშინებს. ამ თვალსაზრისით, ჯორჯ ორუელის მარადიულ ესეს – „პოლიტიკა და ინგლისური ენა“ წაკითხვას გირჩევდით.
- პოეზიას კვლავაც შეუძლია ჭეშმარიტება ისე თქვას, რომ აშკარა პოლიტიკურ ტექსტად არ გადაიქცეს?
არ ვიცი პოეზიამ (რაც არ უნდა იყოს პოეზია) უნდა თქვას თუ არა რაიმე სიმართლე (რაც არ უნდა იყოს სიმართლე).
- გახსოვთ როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა ჯიმ ჯარმუშთან ფილმზე „პატერსონი“?
დიახ. ჯიმმა დამირეკა და მთხოვა მონაწილეობა მიმეღო. ჩვენ მეგობრები ვართ და მე მის ნამუშევრებს დიდად ვაფასებ, ამიტომ მასთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო. შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
- კინორეჟისორი რომ ყოფილიყავით, რა ფილმს გადაიღებდით?
მე ვერასდროს გადავიღებდი ფილმს, რადგან ამას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება, რომელიც მე არ მაქვს. სამწუხაროდ. მე კინო მიყვარს — ზოგჯერ ცუდი ფილმებიც კი.
- შეიძლება თუ არა თარგმანი (თქვენ მიერ გიიომ აპოლინერის თარგმანს ვგულისხმობ) ჩაითვალოს შემოქმედებითი გადანაცვლების ფორმად, რომელიც თანამედროვე საყოველთაო გაურკვევლობის გამოცდილების პარალელურია? რატომ აპოლინერი?
ეს არის ინტელექტუალური, სპეკულაციური კითხვა, რომელზეც არ ვიცი როგორ ვუპასუხო. მე ვხედავ ორ თანაბრად მართებულ პასუხს: კი და არა.
მე მიყვარს აპოლინერის შემოქმედება და შთაგონებული ვარ მისი ტექსტებით.
- როგორ იცვლება თქვენი წარმოდგენა პოეზიაზე ასაკისა და გამოცდილების მიხედვით?
არ ვიცი თუ როგორ ვუპასუხო ამ კითხვას, რადგან ჩემი მოგონებები იმაზე, თუ რას ვფიქრობდი პოეზიაზე ადრე, რაღაც არარეალობის შთაბეჭდილებას ტოვებს. უკვე თითქმის 70 წელია ვწერ იმას, რასაც ლექსებს ვეძახი, ასე რომ, აშკარად ეს ის რაღაცაა, რისი გაკეთებაც მჭირდება.
ბოლო წლებში ხშირად მითქვამს საკუთარი თავისთვის: „არ არსებობს მიზეზი, რომ კიდევ ერთი ლექსი დავწერო.“ და შემდეგ მაინც დამიწერია. ამიტომაც შევეგუე იმას, რომ ბოლომდე არ მესმის. ზოგჯერ გაგებას, როგორც ასეთს, ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

რონ პაჯეტი შვილთან ერთად. ფოტო საოჯახო ალბომიდან

ამერიკელ მწერლებთან, მხატვარ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. რონ პაჯეტი ცენტრალური ფიგურის მარჯვნივ – 1968 წელი.









