ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ქართული ღვინის ფესტივალი ნიუ იორკში

16.06.2026
ქართული ღვინის ფესტივალი ნიუ იორკში

ძალიან იშვიათია, როცა ისეთი გაზეთი, როგორიცაა The New York Times-ი, განა რომელიმე ქართულ ღვინოს დეტალურად მიმოიხილავს, არამედ – უბრალოდ მის ტესტირებას, ღვინის ფესტივალს აანონსებს, კერძოდ კი – ქართული ქარვისებრი ღვინის დიდ პრეზენტაციას ნიუ იორკის ისეთ ძველ, შემოქმედებით და სამეწარმეო ცენტრში, როგორიცაა Industry City (ინდუსტრიული ქალაქი).

2020-ში ცნობილი კულინარიული და ღვინის მიმომხილველი, მწერალი, ფლორენს ფაბრიკანტი “ნიუ იორკ თაიმსისთვის” დაწერილ სტატიაში – “გასინჯეთ წითელი ღვინო” ხაზს უსვამდა, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობის კერაა; ქართულ ღვინოს დაახლოებით რვაათასწლიანი ისტორია აქვს და მიუხედავად იმისა, რომ იგი საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო, ამერიკელი მომხმარებლების დიდი ნაწილი მას მხოლოდ ბოლო წლებში ეცნობა.

ფაბრიკანტი სტატიაში ყურადღებას ამახვილებს წითელ ღვინოზე, სახელად – „დაკარგული სამოთხე“ (Lost Eden), რომელიც იმ პერიოდში ამერიკულ ბაზარზე სრულიად ახალი იყო. მისი თქმით, ეს პროექტი ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და ამერიკელ მომხმარებელს ქართული მეღვინეობის უნიკალურ სამყაროს აცნობდა. ავტორი აღნიშნავს, რომ საფერავი იშვიათი ტიპის, ე.წ. Teinturier-ის ჯიშის ყურძენია. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ კანი, არამედ ყურძნის რბილობიც წითელი ფერისაა და სწორედ ამიტომ, საფერავისგან დამზადებული ღვინოები მუქი შეფერილობით, სიღრმითა და ინტენსიური ხასიათით გამოირჩევა.

ფაბრიკანტი Lost Eden-ს აღწერს როგორც ღრმა, მუქი ფერის ღვინოს; მიწიერი და ბუნებრივი არომატების მატარებელს; ველური კენკრისა და მაყვლის ტონებით გამდიდრებულს; ძლიერ, თუმცა ადვილად დასაგემოვნებელ ღვინოს, რომელიც ქართულ ხასიათს ინარჩუნებს. მისი შეფასებით, ეს არის ღვინო, რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც მდიდარი, ხილის ტონების წითელი ღვინოები უყვარს, თუმცა ამავდროულად ახალი ღვინის კულტურების აღმოჩენაც სურს. ავტორი მიანიშნებს, რომ საქართველო მსოფლიო ღვინის რუკაზე ღირსეულ ადგილს თანდათან იკავებს და ისეთი ადგილობრივი ჯიშები, როგორიცაა საფერავი, საერთაშორისო მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

ფლორენს ფაბრიკანტი ამერიკელებს მოუწოდებს ეწვიონ ქარვისფერი ღვინის ფესტივალს, რომლის ორგანიზატორები არიან ცნობილი ამერიკელი სომელიე და ნიუ-იორკის ვესტ ვილიჯში მდებარე უმაღლესი კატეგორიის ღვინის ბარის Ruffian-ის ( აქ აღმოსავლეთ ევროპის ღვინოებს შორის ქართული ღვინოცაა) თანამფლობელი ალექსის პარსივალი, ასევე ქართველი მეღვინეები: ზურაბ მღვდლიშვილი და იაგო ბიტარიშვილი. ფესტივალს მხარს უჭერს „საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო“.

ია მერკვილაძის ფოტო

წელს ფესტივალზე „ქარვისფერი საქართველო“ (Amber Georgia) ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ოცდაათი მეღვინეობის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. „ეს დღე ქართული ღვინისთვის ისტორიულია, რადგან ეს არის ქართული ღვინის პირველი ფესტივალი, რომელიც აშშ-ში ჩატარდა. იმედი გვაქვს, რომ ეს ქართველ მეღვინეებს ამერიკულ ბაზარზე გაყიდვების გაზრდაში დაეხმარება,“ — განაცხადა ასოციაცია „ნატურალური ღვინის“ ხელმძღვანელმა ზურაბ მღვდლიშვილმა.

Amber Georgia. ია მერკვილაძის ფოტო

Amber Georgia. ია მერკვილაძის ფოტო

ქარვისფერი ღვინო, რომელიც ტექნოლოგიურად ყურძნის კანზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებულ ღვინოს ნიშნავს, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების სიაშია შეტანილი. მანამდე ამ სიაში მხოლოდ შვიდი კატეგორია არსებობდა: ცქრიალა, ნახევრადცქრიალა, გამაგრებული, ლიქიორის ტიპის, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, ყინულის ღვინო და ფლორის (საფუარის ტიპი) ქვეშ დაძველებული ღვინო. ქარვისფერი ღვინო ამ სიაში მერვე კატეგორიად დაემატა.

ფესტივალზე ამერიკელებს ტესტირებისთვის პროდუქცია წარადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: „მანავის ღვინო“, „მილორაული“, „ნიკალას მარანი“, „ჩვენი ღვინო“, „თილისმა მეღვინეობა“, „ანდრიას ღვინო“, „ბაადური“ და სხვა. ღვინის ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო ქალების მიერ დაარსებული კომპანიები: „იას მეღვინეობა“, „პატარა მარანი“ და „ბაიას ღვინო“. 

ის, რაც შემთხვევით აღმოჩენად დაიწყო, დროთა განმავლობაში მთავარ პროფესიად იქცა. წლების წინ, კახეთში, ია იმერლიშვილმა ოჯახის ძველი სოფლის კარ-მიდამოში მიწაში ჩაფლული საუკუნოვანი ქვევრები აღმოაჩინა, რომლებიც წარსული თაობების მეხსიერებას ინახავდნენ. სწორედ ამ მომენტმა დაუდო საფუძველი „იას მეღვინეობას“ — ოჯახურ მარანს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ტრადიციაზე, მშობლიურის სიყვარულსა და ადგილის განცდაზეა დაფუძნებული.

ია იმერლიშვილმა კახეთის ერთ-ერთ უნიკალურ მიკროზონაში — თელავის ველზე, წინანდალში ვენახები გააშენა, სადაც ოჯახთან ერთად ორგანული მეთოდებითა და ძველი ტრადიციული ტექნიკით ადგილობრივი ჯიშის ყურძენს ამუშავებს. „ყოველი ბოთლი ასახავს მიწის მშვიდ ძალას და ქალის პირად ისტორიას, რომელიც ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობას ჩუმად კი არ ინახავს, არამედ აცოცხლებს“, — ამბობს მეღვინე.

ნიუ იორკში „იას მეღვინეობის“ სამი პროდუქტის პრემიერა გაიმართა. სამივე საუკუნოვან ქვევრში დაყენებული ღვინოა: ქვევრის რქაწითელი/მწვანე — „მათრობელი ღვინო“ (Drunk Wine), ქვევრის მწვანე — „ქორფა“ (Qorpa) და ქვევრის საფერავი — „თავნება“ (Tavneba).

“იას მეღვინეობა” Amber Georgia – ზე. ია მერკვილაძის ფოტო

***

კომპანიის „პატარა მარანის“ ბანერზე ინგლისურად ეწერა: „ჩვენ ვიცით ჩვენი თითოეული ყურძნის ამბავი.“

„პატარა მარანი“ ენდობა და მისდევს ღვინის შექმნის მისტიკურ პროცესს, ნებას რთავს ღვინოს თავისუფლად გამოხატოს თავისი სილამაზე და ხასიათი.

კომპანიის დამფუძნებელი თეა სტურუა მეღვინეობით 2001 წელს დაინტერესდა. იმერეთში მცხოვრებმა 2005 წელს კახეთში, კარდენახის ახოებში, პირველი ნახევარ-ჰექტრიანი საფერავის ვენახი შეიძინა და იმ პერიოდში ღვინის წარმოებაზე არსებულ ლიტერატურას ინტენსიურად ეცნობოდა. მოგვიანებით მან ორ სხვადასხვა ლოკაციაზე იგივე ზომის რქაწითელის ვენახებიც გააშენა. 2018 წელს კი კომპანია „პატარა მარანი“ დააარსა.

თეა სტურუას მიზანია ნატურალური ღვინის წარმოება, რომელიც იბადება ნიადაგის, კლიმატის, მიკროგარემოსა და ადამიანის ურთიერთქმედებით.

„ვაზი უფრო მეტია, ვიდრე მცენარე. ის მთელი წლის განმავლობაში თავის ისტორიას ჰყვება, მწიფდება და შემდეგ ამ გამოცდილებას ღვინოში აბრუნებს. ნატურალური ღვინო განცდების მატარებელია — ბოთლში მოთავსებული ნდობა და ჭეშმარიტება“, — ამბობს თეა სტურუა.

„პატარა მარანი” Amber Georgia- ზე. ია მერკვილაძის ფოტო

***

კომპანია „ბაიას ღვინო“ 2015 წელს დაარსდა მრავალწლიანი საოჯახო მეღვინეობის ტრადიციის გასაგრძელებლად. იგი მდებარეობს იმერეთში, სოფელ ობჩაში — უნიკალურ მიკროკლიმატსა და ნიადაგზე, რომელიც ყურძნის მოყვანისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ვენახი ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს, ხოლო რელიეფი, თიხნარი ნიადაგი და მაღალი მზის ინტენსივობა დამატებით განსაზღვრავს Baia’s Wine-ის უნიკალურობას.

ბაია აბულაძე, მისი და გვანცა და ძმა გიორგი ღვინის წარმოების ყველა ეტაპში არიან ჩართული — ვენახის მოვლიდან დაწყებული, დუღილითა და ოჯახის მარანში დაძველებით დამთავრებული. მეღვინეობა ფლობს ადგილობრივ, ავტოქთონურ ჯიშებს: ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალადასტური და ოჭხანური საფერე.

„ბაიას ღვინო“ ცქრიალა ღვინოებს პეტ-ნატის (Pet-Nat) მეთოდით აწარმოებს, როდესაც დუღილი ბოთლშივე გრძელდება. ასევე ქმნის ტრადიციული იმერული ქვევრის სტილის ღვინოებს, რომლებიც გამოირჩევა მსუბუქი მჟავიანობითა და არომატული ხასიათით. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე 17 საერთაშორისო ქვეყანაში.

„ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიქცია ქვევრის თეთრმა ღვინოებმა — ცოლიკაურმა და ციცქა-ცოლიკაურის ბლენდებმა. ვიზიტორები ინტერესდებოდნენ როგორც უნიკალური ჯიშებით, ისე ქართული მეღვინეობის მეთოდით“, — ამბობს ბაია აბულაძე.

“ბაიას ღვინო” Amber Georgia -ზე. ია მერკვილაძის ფოტო

***

„ნემსაძეების მარანი “ფერისათი” არის ადგილი, სადაც ტრადიცია, შრომა და ქართული ღვინის სიყვარული ერთიანდება“, — ამბობს კომპანიის მფლობელი გაგა ნემსაძე. „მარანს აქვს საკუთარი ვენახები, სადაც გაშენებულია ციცქას, ცოლიკაურისა და საფერავის ჯიშები. თითოეული მოსავალი ოჯახის მზრუნველობით იზრდება.

ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით, ჭურებში ვამზადებთ, როგორც ამას საუკუნეების განმავლობაში აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენთვის მეღვინეობა არა მხოლოდ საქმეა, არამედ ოჯახის ისტორიის გაგრძელება და იმ გემოს შენარჩუნება, რომელსაც ქართული ღვინო ატარებს“.

ნემსაძეების მარანი აქტიურად მონაწილეობს ღვინის ფესტივალებსა და საერთაშორისო გამოფენებში. მათი ციცქა-ცოლიკაური ორჯერ გახდა იმერეთის ღვინის ფესტივალის ვერცხლის პრიზიორი. 2024 წელს საქართველოს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მათმა საფერავმა ბრინჯაოს მედალი მიიღო, 2025 წელს ცოლიკაურმა – ვერცხლის, ხოლო საფერავმა კვლავ ბრინჯაოს ჯილდო დაიმსახურა. 2026 წლის თებერვალში ისინი მონაწილეობდნენ Roma Wine Expo-ზე, სადაც ღვინო საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინეს.

„ეს წარმატებები ჩვენთვის სტიმულია, რომ წინაპრების ტრადიცია ღირსეულად გავაგრძელოთ და ქართული ღვინო მსოფლიოს გავაცნოთ.“ – ამბობს გაგა ნემსაძე.

“ფერისათი” Amber Georgia- ზე. ია მერკვილაძის ფოტო

„ფერისათის” ღვინოები Amber Georgia -ზე. ია მერკვილაძის ფოტო

***

წარმოშობით ფრანგი, სლოვენიაში ღვინის კომპანია „კაბაის“ (Kabaj) დამფუძნებელი ჟან-მიშელ მორელი ყურძნის კანთან ერთად დაყენებული თეთრი ღვინოების (skin-contact wines) სიყვარულმა საბოლოოდ საქართველოში ჩამოიყვანა — ქვეყანაში, სადაც ეს უძველესი ტრადიცია დღემდე ცოცხლად არის შემონახული.

საქართველოში მან მონასტერში ისწავლა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან მეთოდებს საფუძვლიანად გაეცნო. სამშობლოში დაბრუნებისას თან წაიღო არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ცხრა ტრადიციული სამიათასლიტრიანი ქვევრიც. შემდეგ ეს მეთოდი სლოვენიაში გადაიტანა და ადგილობრივ მეღვინეობასა და ძირძველ ჯიშებს შეუთავსა. ამ შერწყმამ წარმოშვა ღვინო „ამფორა“ (Amfora), მოგვიანებით კი — „კონდე“ (Konde), თამამი და არატრადიციული ღვინო, რომელშიც ქართული ტრადიციული მეღვინეობის გავლენა აშკარად იგრძნობა.

ფოტოს ცენტრში: Neki Selection LLC-ის დამფუძნებელი მალხაზ ჯაყელი