ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ბაიას ღვინო იმერეთიდან ამერიკაში

ბაიას ღვინო იმერეთიდან ამერიკაში

“და, რასაკვირველია, არსებობს საქართველო. ქარვის ღვინო შთამბეჭდავია და ამგვარია “ბაიას ღვინო 2016”, რომელიც ადგილობრივი ყურძნის ჯიშისგანაა და მას “ცოლიკაური” ჰქვია” – წერს გაზეთი Washington Post-ი სტატიაში გრძელი სათაურით – “თქვენ ამბობთ “ფორთოხალი” ღვინოები, ქართველები ამბობენ – “ქარვას”. აქაა ღვინოები, რომელსაც თქვენ უნდა იცნობდეთ”. ავტორი მიმოიხილავს არა მარტო ქართული ღვინოების გემოვნებით მახასიათებლებს, არამედ ღვინის კეთების მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც.ამ სტატიის ერთ-ერთი გმირი ბაია აბულაძე საქართველოში  “ბიზნეს დაჯილდოება 2018-ის” მონაწილე გახლდათ ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე”, ხოლო მისი მცირე საწარმოს მშენებლობა ბაღდათში, სოფელ ობჩაში ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

25 წლის ბაია აბულაძე საჯარო ადმინისტრირების მაგისტრია, თუმცა უკვე სამი წელია პროფესიად მეღვინეობა და მევენახეობა აირჩია, ანუ ის, რაც მის ოჯახში ტრადიციული პროფესიაა. გარდა ამისა, მის ოჯახს მცირე სასტუმროცა და რესტორანიც აქვს. ბაიას ჰობი წიგნებია და, ცხადია, ამ ბოლო ხანებში მეღვინეობაზე ბევრს კითხულობს. ამბობს, რომ თავისუფალი დრო ოჯახს თითქმის არა აქვს, რადგანაც “ბაიას ღვინოში” მათ უამრავი ტურისტი სტუმრობს, როგორც ამ ბრენდის დეგუსტაციისთვის, ასევე ადგილობრივი კერძების გასასინჯად. ყველაზე მეტად კი ოჯახის ყველა წევრს ერთად ყოფნა და ერთობლივ გეგმებზე საუბარი უყვარს.

წელს ოქტომბერში ვაშინგტონელებს და ქალაქის სტუმრებს ქართული ბრენდის, “ბაიას ღვინის” დაგემოვნებისა და მეღვინესთან პირადად გასაუბრების საშუალებაც ჰქონდათ.

  • როგორ გაჩნდა ღვინის წარმოების იდეა და როგორი ღვინო გინდოდათ შეგექმნათ?

მეღვინეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა, ჩემ და – ძმასთან ერთად მეოთხე თაობა ვართ, რომელიც ამ საქმეს აგრძელებს. რთველში ჩართული დიდი ბაბუის ფოტოებიც გვაქვს შემონახული. ჩვენივე ვენახები გვაქვს დასავლეთ საქართველოში, სოფელ ობჩაში. ბაბუამ აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრა ენოლოგიის მიმართულებით. ახლა ამავე უნივერსიტეტში ამავე მიმართულებით ჩემი და – ძმა სწავლობს. თუმცა მიუხედავად ამისა, ღვინოს, როგორც ბიზნესს, არ ვუყურებდით, არადა ღვინის დაწურვა ჩვენი სოფლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ერთხელაც, 2015 წელს მაინც ვცადეთ და ახალი ღვინის ფესტივალისთვის  ჩვენი დაყენებული ღვინო ბოთლებში ჩამოვასხით. ამ ყველაფერს დიდი წარმატება მოჰყვა. გვინდოდა შეგვექმნა იმერული ტრადიციული წესით ჭურში დაყენებული ღვინო, რომელიც ნაზი არომატებითა და ჯიშობრივი გემოებით იქნებოდა გამორჩეული.

ბაია და-ძმასთან ერთად

  • რომელი ყურძნისგან იწურება თქვენი ღვინო  და რამდენს აწარმოებთ?

ჩვენ ადგილობრივ თეთრ ჯიშებს – ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა და წითლებიდან – ოცხანური საფერეს, ალადასტურს და ოჯალეშს ვაწარმოებთ. წელს უკვე  10 000 ბოთლს გამოვუშვებთ. თავად მე ძალიან მიყვარს ოცხანური საფერე, რადგანაც იგი განსაკუთრებული, სხეულიანი წითელი ღვინოა და ყველა განწყობას კარგად ეხამება.

  • როგორ გახვედით ამერიკულ ბაზარზე?

ამერიკულ ბაზარზე ჩემი დის, გვანცას მონდომებით გავედით. ამერიკაში ერთ-ერთი პროგრამით ვიზიტის დროს იგი შეხვდა იმპორტიორის Georgian House of Greater Washington DC წარმომადგენელს და ჩვენი ნაწარმის ნიმუშებიც გადასცა. ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა და დღეს ბევრ ადგილას იყიდება, მათ შორის, ვაშინგტონშიც. მალე სხვა შტატებშიც ვიხილავთ. ფასები საშუალოა, 25 დოლარზე მეტი. როგორც ყველგან, რესტორანსა და  მაღაზიაში ღვინის ფასები განსხვავებული იქნება.   

  • მეღვინეობა ტრადიციულად კაცის საქმედ ითვლებოდა. როგორ ფიქრობთ, რამ უნდა შეცვალოს ეს სტერეოტიპი?

ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ მხოლოდ საქართველოში უკვე იმდენი ქალი აწარმოებს შესანიშნავ ღვინოს, ვერც კი წარმოიდგენთ. ხშირად ვუყურებ დოკუმენტურ ფილმებსაც და ვრწმუნდები, რომ მთელს მსოფლიოში ქალი მეღვინეები ძალიან ძლიერ პოზიციას იკავებენ. ლოს–ანჯელესში ქალი მეღვინეების ძალიან მაგარი მაღაზია ვნახე, ისეთი, რომ გარეთ გამოსვლა აღარ მინდოდა.

ვენახი სოფელ ობჩაში

  • ღვინის წარმოებაში რაა ყველაზე რთული და ყველაზე ადვილი?

ყველაზე რთული რეალიზაციაა. მარტივი კი არაფერია, ბოთლებზე ეტიკეტების დაკვრის გარდა.

_____________

მთავარ ფოტოზე: ბაია აბულაძე. ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან