ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„საფერავი აშშ“ – ამერიკელი ქალების კომპანია როუდ აილენდიდან

„საფერავი აშშ“ – ამერიკელი ქალების კომპანია როუდ აილენდიდან

აშშ-ის ჩრდილოეთით მდებარე, ქვეყნის ყველაზე პატარა შტატში, როუდ აილენდში, სადაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ამერიკელებმა: გეილ ქორიგენმა და ლინდა დაიქმენმა ქალაქ ფოუთაქეთში კომპანია „საფერავი აშშ“ დააარსეს.

ბიზნესვუმენები ქართული ღვინის გაყიდვის გარდა, ქართული ვაზისა და ზოგადად, ქართული კულტურის აქტიური პოპულარიზაციითაც არიან დაკავებულნი. ის კი არა, ერთ–ერთი იქაური კოლეჯის სტუდენტებს მცირე ბიზნესის დაწყების ანა–ბანაც ასწავლეს და, ცხადია, ამგვარმა ცოდნამ არა მარტო ახალგაზრდების ფინანსური მდგომარეობა შეიძლება შეცვალოს, არამედ – სადილის მენიუც.

გეილი და ლინდა 2020 – ში, კოვიდპანდემიამდე, ნიუ იორკის ყველაზე დიდ საღონისძიებო სივრცეში, Javits Center-ში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო ფორუმზე, Vinexpo New York-ზე გავიცანი და მათგან საჩუქრად იისფერ–ნარინჯისფერი წინდა, წარწერით – Saperavi, მივიღე.

Vinoexpo-ზე მათ წარმოდგენილი ჰქონდათ Saperavi Rose Vinobiza 2019 (ვენახი “ნიბლიანი”, ალაზნის მარჯვენა ნაპირი), Tsinandali Premium Vinobiza 2019 (ვენახი “ლამები”, ალაზნის მარჯვენა ნაპირი), Kisi Qvevri Premium Vinobiza 2018 (ვენახი “ხიბლა”, ალაზნის მარჯვენა ნაპირი), Rkatsiteli Bio Premium Vinobiza 2019 (ნაფარეულის მიკროზონა, კახეთის რეგიონი) და სხვა ღვინოები, რომლებზეც აღნიშნულია, რომ ისინი ასპროცენტიანად ვეგანურია, ყურძენი ხელითაა დაკრეფილი, გამოყენებულია დაყენების ძველევროპული მეთოდი უჟანგავი ფოლადითა და ფილტრაციით.

ქართული ღვინო Vinexpo-ზე. ია მერკვილაძის ფოტო

„საფერავი აშშ“ მსოფლიოს ნაკლებად ცნობილი კუთხეებიდან ნატურალური და ტრადიციული ღვინოების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა, რომლის საინფორმაციო ბუკლეტი გვამცნობს, რომ “საფერავი აშშ” – ის მარნები ოსტატურად იმისთვისაა შერჩეული, რომ მოგზაურობა პირდაპირ ჭიქით მოგართვათ.

იმოგზაურეთ რვა ათასი წლის წინანდელ საქართველოში, ღვინის სამშობლოში, სადაც ღვინო თიხის ტრადიციულ ქოთნებში (ქვევრებში) იქმნება. ანდა უკრაინაში 236 ფუტის (72 მეტრი) სიღრმეში, მსოფლიოში ყველაზე ღრმად მდებარე შამპანურის ქარხანაში, სადაც ბუშტები წარმოიქმნება, ხოლო ცქრიალა ღვინო ბოთლში ბუნებრივად ძველდება”.

აქვე ახსნილია თუ რატომ უნდა დააგემოვნოს ამერიკელმა სწორედ “საფერავი”:

„არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ღვინო საქართველოში უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე – დანარჩენ ევროპაში. საფერავის ყურძენი – ტენტურიერის (წითელი ფერის რბილობი და წვენი) სახეობის ყურძნის იშვიათი წარმომადგენელია. Teinturier ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს “შეღებვას”. ახლა თქვენც იცით თუ რაა იმის მიზეზი, როცა საფერავის ღვინოს სვამთ და  საფერავის (შეღებილ) ენას იღებთ.

მშრალი, ნახევრად მშრალი ანდა ნატურალური ნახევრადტკბილი ყურძენი უნივერსალურია და სხვადასხვა ღვინოს დასამზადებლად გამოიყენება. ერთი ყურძენი – ბევრი გემო.

ქვევრი – ორიგინალური ქოთანია. ეს ძველი ქართული მეღვინეობის უნიკალური თიხის ჭურჭელია, რომელიც 2600 გალონის (9 800 ლიტრამდე) მოცულობისაა. ქართველი მეღვინეები ყურძნის კანს, კურკებს, რბილობსა და ღეროებს მიწაში სრულად დახურულ ქოთანში ექვსი თვის განმავლობაში ათავსებენ მანამ, სანამ ღვინო ბოთლებში გადაისხმება. ვერ გეტყვით, რომ საფერავის ღვინის მერე ნაბახუსევი არ გექნებათ, ამის შანსები დიდია ბუნებრივი პროცესისა და სულფიტების დაბალი შემადგენლობის გამო“.

გეილ ქარიგენმა როჩესტერის უნივერსიტეტის რუსული ენის ფაკულტეტი დაამთავრა და გარდა ამისა, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (ბოსტონის უნივერსიტეტი) ბუღალტერიის განხრით დაიცვა. მოსკოვში საერთაშორისო კორპორაციაში მუშაობდა, ხოლო აშშ–ში დაბრუნებისას ტვირთბრუნვის სპეციალისტად, მუნიციპალური და კორპორაციული კლიენტებისთვის მუშაობდა.

„მე ვარ მეწარმე, რომელიც აშშ–სა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირების შესაქმნელ შესაძლებლობებს მუდმივად ეძებს”, – ამბობს გეილი.

– „2018 წელს ჩვენ მომავალ სამეწარმეო თავგადასავალს ვეძებდით. სწორედ ამ დროს მოსკოვში მგზავრობისას ღვინის კომპანიის “შუმის“ მფლობელი, თემურ ლომსაძე გავიცანი. მერე სახლში რამდენიმე ქართული ღვინის ბოთლი მოვიტანე და ლინდასთან ერთად დავიწყეთ ფიქრი: „რა მოხდება, თუ ჩვენ ამერიკას ქართული ღვინოს ისე გავაცნობთ, როგორც ეს ჯერ არავის გაუკეთებია?”

მალევე თემურ ლომსაძეს საქართველოში მის ღვინის კომპანიაში ვესტუმრეთ და ბორბლებმაც ტრიალი დაიწყო. მე და ლინდა რამდენჯერმე ვიყავით საქართველოში. ვიმოგზაურეთ თბილისში, კახეთის რეგიონში და წინანდალში. “შუმში” ბევრი სასიამოვნო, სტუმართმოყვარე დღე გავატარეთ. ჩვენი მიზანია ყოველწლიურად ვესტუმროთ მშვენიერ ქვეყანას – საქართველოს“ – ამბობს გეილი.

  • რატომ შეარჩიეთ სწორედსაფერავი“?

იმისთვის, რომ ამერიკელი მომხმარებელი მოგვეზიდა, ჩვენ თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ ჩვენი კომპანიის დასახელება და ის ქართული ღვინო, რომლის ექსპორტსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ისე უნდა წარგვედგინა, რომ ამერიკული მასობრივი ბაზრისთვის ეს ბრენდი ხელმისაწვდომი და გასაგები ყოფილიყო.

ვიცოდით, რომ წინააღმდეგობებსაც წავაწყდებოდით.

ჯერ ეს ერთი, აშშ–ში ქართული ღვინოები შედარებით უცნობია და ამერიკელებს ხშირად საქართველო ჯორჯიის შტატში ეშლებათ. მეორეს მხრივ, ქართული ენა და სიტყვები, როგორც წესი, ამერიკელებისთვის რთულად წარმოსათქმელია, ხოლო თავად ქართული ღვინის თემა ქართული ღვინის უამრავი სახეობის არსებობის გამო, ამერიკელებს აბნევს.

მესამე – საფერავის ყურძენი პრაქტიკულად უცნობია აშშ–ში, თუმცაღა საფერავის ღვინო შეზღუდული რაოდენობით ნიუ იორკის შტატშიც მაინც იწარმოება. ასე რომ, ჩვენ ვიცოდით – ჩვენ ჩვენი კომპანია და ჩვენი ღვინოები ისე უნდა მოგვენიშნა, რომ ამერიკელებისთვის მათი იდენტიფიცირება არა მარტო ადვილი ყოფილიყო, არამედ ქართული ღვინო მეხსიერებას უნიკალურ გამოცდილებადაც დარჩენოდა. ამგვარად, კომპანიის სახელწოდებად ჩვენ “საფერავი” შევარჩიეთ, ხოლო საღვინე ბრენდად – “ვინობიზა” (Vinobiza), რაც ქართულიდან “ღვინის თვედაც” შეიძლება ითარგმნოს.

  • ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, თქვენი ოპტიმიზმი, გადამდებია

ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვინმეს ქართულ ღვინოს ვაცნობთ, აღფრთოვანდებიან და გვეკითხებიან: “რა თქვით, საიდანაა ეს ღვინო?”. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ეს ფარული მარგალიტი – სათანადოდ ჯერ აუღიარებელი ფენომენი. ჩვენი სამუშაო კი იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელებს თქვენს გასაოცარ ღვინოებზე მოვუყვეთ. მნიშვნელოვანია, რომ ქართული მეღვინეობის ტრადიციებზეც ვილაპარაკოთ. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ქართული ღვინო თავის თავს თავად გაყიდის!

***

ლინდა დაიქმენი როუდ აილენდის უნივერსიტეტში ლიბერალურ ხელოვნებას სწავლობდა. მერე ჯონსონ და უალესის უნივერსიტეტში ბუღალტერიის კურსებზე ისწავლა. ისიც, მისი ბიზნესპარტნიორის მსგავსად, ტვირთბრუნვის სპეციალისტად მუშაობს როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე – კერძო კომპანიებისთვის.

ლინდა დაიქმენი, Saperavi USA- Vinexpo New York, 2020. ია მერკვილაძის ფოტო

„მე და ჩემი ქმარი ღვინის მოყვარულები ვართ“, – მიყვება ლინდა, – „ბევრს ვმოგზაურობდით მსოფლიოს  უდიდეს ვენახებში, ნაპაში (კალიფორნია), საფრანგეთში, იტალიასა და, რასაკვირველია, საქართველოში.

  • თქვენს მიერ იმპორტირებული ქართული ღვინო სულ იისფერ ეტიკეტებშია. რა სიახლეებია პროდუქტის დიზაინში?

ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ შემოგვაქვს და ვყიდით ღვინოს საფერავის ყურძნისგან, რომლისგანაც თითქმის იისფერი ღვინო იწურება და ამიტომაც ჩვენი საბრენდო და მარკეტინგული მასალები ორ ძირითად ფერს დაეფუძნა – იისფერსა და ნარინჯისფერს. ნარინჯისფერი წარადგენს ღვინოს, რომელსაც ჩვენ აშშ–ში მომავალში შემოვიტანთ.

თითოეული ბოთლი აღინიშნება საფირმო წერილით, რომელიც სახეობას აღნიშნავს. მაგალითად, Vinobiza K – ეს ღვინო ქინძმარაულია, ხოლო Vinobiza M – მუკუზანი. ჩვენი მარკეტინგული სვლები გასართობია და იმისთვისაა, რომ ამერიკელ მომხმარებელს საქართველო შესახებ მოუყვეს, მოუთხროს იმ უნიკალური ადგილის შესახებ, რომელსაც იგი მეღვინეობის ისტორიაში იკავებს.

  • ქალი მეღვინე ტრადიციული პროფესია არაა

ქალები მეღვინეობაში ყოველ დღე ახალ ჰორიზონტებს იპყრობენ და ჩვენც მოხარული ვართ ვიყოთ ძლიერი, ჭკვიანი ქალების ტალღაში; ქალების, რომლებიც ამ სფეროში არაჩვეულებრივ წარმატებებს აღწევენ იქ, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ კაცები დომირებდნენ.

მთელ მსოფლიოში არიან ნოვატორი ქალები – მეღვინეები, ვენახების მფლობელები და სომელიეები. ჩვენ, როგორც იმპორტიორ და მეწარმე ქალებს, ძალიან გვინდა მათ ყველა არსებული საშუალებით მხარი დავუჭიროთ.

______________

მთავარ ფოტოზე: ლინდა დაიქმენი,  ია მერკვილაძე და გეილ ქორიგენი Vinexpo-ზე.