ნიუ იორკის ტრადიციულმა არტექსპომ, რომელიც წელს 49-ედ გაიმართა, ათასზე მეტ ხელოვანსა და ორასზე მეტ გალერეას უმასპინძლა, ეს ყველაფერი კი 15 000-მა კოლექციონერმა, დიზაინერმა, არქიტექტორმა, არტდილერმა, პატარა, საშუალო თუ დიდი სახელოვნებო მაღაზიის მფლობელმა მოინახულა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს უზარმაზარი საგამოფენო სივრცე გახდა შანსი და ინტერაქციული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მხატვარს, ყოველგვარი შუამავლის გარეშე, შეუძლია საერთაშორისო სავაჭრო არტქსელს ან უბრალოდ ხელოვნების მოყვარულებს თავისი ნამუშევრები თავად გააცნოს. წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 25 ქვეყნიდან ხელოვანების, მათ შორის — ქართველი არტისტების ნამუშევრებიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო პროცესებში საქართველოს აქტიურ ჩართულობას.
ია არსენიშვილის ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების მუზეუმსა და საქართველოს ხელოვნების ეროვნულ სასახლეში, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მხატვარი ორმოცდაათამდე საერთაშორისო ჯგუფური გამოფენის მონაწილეა: თბილისი, ერევანი, სტამბოლი, პარიზი, მალტა, ამსტერდამი, ბერლინი, ლონდონი…
„გადაწყვეტილება Art Expo New York-ზე ინდივიდუალური მონაწილეობის შესახებ ჩემს ქალიშვილთან და არტ-მენეჯერთან, ბაია დოჭვირთან ერთად მივიღე” – ამბობს ია არსენიშვილი, – „მინდოდა მსოფლიოში ამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ არტფორუმზე საკუთარი ძალებისა და რესურსების წარდგენა.

ია არსენიშვილი. ია მერკვილაძის ფოტო

ია არსენიშვილის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

ია არსენიშვილის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო
ჩემთვის ნიუ იორკის არტექსპო ამერიკულ ბაზარზე გასვლის პირველი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენები ევროპის თითქმის ყველა წამყვან სახელოვნებო ცენტრში მქონდა, ამერიკა სრულიად სპეციფიკური არეალი აღმოჩნდა. ეს იყო საინტერესო დაკვირვების პროცესი. ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილებით, ამერიკულ ბაზარზე კლასიკური გაგებით „მაღალი მხატვრობა“ ნაკლებად პრიორიტეტულია. აქ მეტი მოთხოვნაა თანამედროვე, ვინტაჟურ-აბსტრაქტულ და ბოჰემურ სტილზე — ერთგვარ ავანგარდულ ნაზავზე, რომელიც თავისუფლებისა და სიახლის შეგრძნებას ატარებს.
ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ეს დიდი გამოწვევაა. რთულია ბალანსი იპოვო საკუთარ ხელწერასა და კომერციულ მოთხოვნებს შორის, თუმცა ამგვარ ბაზარზე ოპერირებისთვის მისი ტენდენციების გათვალისწინება აუცილებელია. მიხარია, რომ რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა და ადგილობრივი კოლექციონერების საკუთრება გახდა, რაც იმის დასტურია, რომ ჩემმა ხედვამ ამერიკელ დამთვალიერებელშიც ჰპოვა გამოძახილი.
ამჟამად ვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის — ნიუ-ჯერსიში, ჰაილენდსში, სადაც პერსონალური გამოფენა და არტ-მასტერკლასი ჩატარდება. სამომავლოდ მონაწილეობას მაიამის საერთაშორისო გამოფენაზეც ვგეგმავ“.
დავით ივანიშვილი საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად მონაწილეობს – უკრაინა, საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთი, იტალია, მალტა, აშშ… იგი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, 2012 წელს კი მხატვარს საქართველოს ღირსების მედალი გადაეცა. დავით ივანიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია და ასევე მალტის საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების აკადემიის წევრი, სადაც მას 2017 წელს ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტატუსი მიენიჭა.

დავით ივანიშვილი. ია მერკვილაძის ფოტო

მხატვარი: ივანიშვილი. ია მერკვილაძის ფოტო

მხატვარი: ივანიშვილი. ია მერკვილაძის ფოტო
„ჩემი სტილი წარმოადგენს ფერწერისა და ფორმის სინთეზს, სადაც რეალისტური ელემენტები პირობით და სიმბოლურ გამოსახვებში გადადის,” – ამბობს დავით ივანიშვილი, –„ვმუშაობ ემოციურ დინამიკაზე, ფერის ინტენსივობასა და ენერგიაზე, რაც ძლიერ ვიზუალურ ეფექტს ქმნის. ჩემთვის მნიშვნელოვანია კომპოზიციის შიდა რიტმი და მოძრაობა, ხშირად ფიგურები და ფორმები დეფორმირებული ან გამარტივებულია იმისთვის, რომ შინაგანი მდგომარეობა და იდეაც უფრო მკაფიოდ გადმოვცე.
ჩემი ნახატი არ არის მხოლოდ ვიზუალური გამოსახულება, ის წარმოადგენს განცდების, სიმბოლოებისა და აზრის ერთობლიობას, რომელიც მაყურებელთან პირდაპირ დიალოგში შედის.
ნიუ იორკის არტექსპოზე მონაწილეობა ჩემი ხედვისა და შინაგანი სამყაროს გაზიარების კარგი შესაძლებლობაა. მსგავსი ექსპოები გამოცდილების გარდა, ახალი პროფესიული კავშირების დამყარებისა და სამხატვრო სივრცის გადართვების შანსს მაძლევს“.
ფიქრია კოხოძე პროფესიით ჟურნალისტია, ბუღალტერიც, არის თვითნასწავლი მხატვარი.
„ოცი წელი საბერძნეთში ვცხოვრობდი, მერე ექვსი წელი – საქართველოში, ამერიკაში 2022 წლიდან ვარ. საქართველოში ხატვა მოულოდნელად დავიწყე, 45 წლის ასაკში,” – ყვება ფიქრია კოხოძე. „- ჟურნალისტობამ ადამიანის ემოციაზე დაკვირვება მასწავლა. ჩემი ხელწერა კი კრისტალებზე დაკვირვებამ განაპირობა. ამ პროვესმა მომცა ხედვა, რომელმაც ერთდროულად ასახა დამალულიც და გამჟღავნებულიც. ეს ძალიან საინტერესო მდგომარეობაა, რადგან კრისტალში ერთსა და იმავე „კადრს“ ვერასდროს დაიჭერთ. ასეა ადამიანიც. მისი ემოცია დროში იმდენად მოძრავია, რომ იდენტური არ არსებობს.
მონაწილეობა სამოცამდე გამოფენაში მივიღე: საქართველო, დუბაი, საბერძნეთი, იტალია, ინდოეთი, ესპანეთი… ვარ ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო პრიზის მფლობელი. ვაპირებ არტბაზელზე, მაიამიში გამგზავრებას, მაქვს შემოთავაზებები ნიუ იორკის გალერეებიდანაც.
არტექსპომ თანამედროვე ხელოვნების ტენდენციები და შესაძლებლობები დამანახა; რაც მთავარია, საკუთარ ძალებში რწმენა შემმატა. ვამაყობ, რომ ამერიკულ არტფესტივალზე საქართველოს წარმოვადგენ“.

ფიქრია კოხოძე რუსუდან ფეტვიაშვილთან ერთად. ია მერკვილაძის ფოტო

ფიქრია კოხოძის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

ფიქრია კოხოძის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო
მ.თოიძის სახელოვნებო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ეკა ფერაძე 30 წელზე მეტია გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, საქართველოში კი ქველმოქმედებისთვის ჩადის, მაგალითად, ძეგვის ბავშვთა სახლის დასახმარებლად. ფაქტობრივად, სამშობლოში ჩატარებული ყველა მისი გამოფენა შეჭირვებული ადამიანების მხარდასაჭერად იმართება. გერმანიაში სამხატვრო კარიერა ჟურნალებთან: Berliner Curier–სა და Berliner Zeitung-თან თანამშრომლობით დაიწყო, სწავლობდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში. ფერწერის გარდა იგი ქმნის ტექსტილს, ბიჟუტერიას, ჰქონდა საკუთარი სუნამოს ხაზიც, სახელად – „ჯადოსნური ღამე“.
„ემიგრაციაში წასვლა ჩემი ოჯახისა და ქვეყნის დახმარების სურვილმა გადამაწყვეტინა”, – ამბობს ეკა ფერაძე, „- ვთვლი, რომ ამ ამოცანას თავი სათანადოდ გავართვი. ვარ ხუთი შვილის დედა, ჩემი უფროსი შვილები და მეუღლე კი ყველა ჩემ წამოწყებაში ძალიან მეხმარებიან.
ამჟამად ჩემ ფერწერულ შემოქმედებაში სიახლის პერიოდია. ესაა ნახატების 3D ფორმატში შესრულება, ამ სტილში ერთეულები მუშაობენ. ოც წელზე მეტია ევროპასა და ამერიკაში გამოფენებს აქტიურად ვაწყობ და ამ ხნის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ნამუშევარი გავყიდე. ჩემი ნახატებია უცხოურ კატალოგებსა და ჟურნალებში, ვმონაწილეობდი Sotheby’s Benefit Auction-ზეც, არაერთმა ჩემმა ნახატმა მსოფლიოს კერძო კოლექციებში დაიდო ბინა.
სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოდან ვარ. დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ხელოვნება მხოლოდ დეკორაცია არ არის, არამედ ეს არის ენერგია, ემოცია და ისტორია, მათ შორის, ჩემი სამშობლოს ამბებიც“.

ეკა ფერაძე. ია მერკვილაძის ფოტო

ეკა ფერაძის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო

ეკა ფერაძის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო
______________
მთავარ ფოტოზე: არტექსპო 2026. ია მერკვილაძის ფოტო









