ნათია აბრამიას ბლოგი

შენ გენაცვალე, შაქარი და მარილი

03.03.2013 | 1833 |
შენ გენაცვალე, შაქარი და მარილი

ნათია აბრამია, ირაკლი იმნაიშვილი
ნათია აბრამია, ირაკლი იმნაიშვილი

სავალდებულო ადვილს სულაც არ ნიშნავს, ამიტომ, თუ ადამიანს ოჯახის წევრების მხარდაჭერა არ აქვს, ვერაფერს გააკეთებს. 
 
ირაკლისთან ერთად, ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, უცხიმო და უმარილო საკვებზე გადავედით. თავიდან ყველაფერი უგემური გვეჩვენებოდა, მაგრამ ახლა, უკვე სტუმრად მისულებს, გვაღიზიანებს ‘ზედმეტი’ (სინამდვილეში უბრალოდ უხვად მოყრილი) მარილი.

სულ უმარილოც არ შეიძლება, ამიტომ მზადებისას კერძში ოდნავ ზღვის მარილს ყოველთვის ვამატებ. თუმცა ირაკლის ექიმებმა უთხრეს, no added salt – არავითარ შემთხვევაში მარილი არ მოაყაროო! ცხელ საკვებში დამატება ხომ საზიანოა, მაგრამ მაგას კიდევ აიტანს ორგანიზმი. თურმე სალათაზე ან ნებისმიერ ცივ კერძზე ზემოდან მოყრილი მარილის კრისტალები განსაკუთრებით მავნებელია  ღვიძლისთვის.

ერთი რამ შევამჩნიე, სადილის დროს, როგორც კი ანამარია ან მე მარილს მოვიყრიდით, ირაკლიც ეგრევე იმავეს იმეორებდა (მაშინაც კი, თუკი მანამდე გემრიელად მიირთმევდა და კერძი უმარილო სულაც არ ეჩვენებოდა). ამიტომ გადავწყტიტე – სადილის დროს სამარილე მაგიდაზე არ უნდა იდოს!!!


როცა ადამიანი უკვე ხელს წევს სამარილისკენ და ენაზე ნერწყვი ადგება, როცა პირი ღია აქვს, რომ გემრიელი საკვები გადაყლაპოს, მისთვის უმარილო დიეტაზე და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე ლაპარაკის დაწყება უბრალოდ დანაშაულია.

“კარგი რა, არ მოაყარო, შენთვის ვამბობ, ჩემთვის ხომ არა, იქ არ იყავი, ექიმმა რომ თქვა?!” – ამის თქმა დროის დაკარგვა და ნერვების ტყუილად მოშლაა.  ამას მივხვდი და ეგრევე სამარილე გადავმალე, რომ ჭამის დროს ირაკლის თვალში არ მოხვედროდა ხოლმე.  ამის მერე ხშირად არ ახსენდებოდა მარილი, მხოლოდ ძალიან იშვიათად თუ დაიწუწუნებდა ხოლმე. ერთხელ, აკლიაო, რომ თქვა, ჩემი ნებით წამოვდექი, რომ სამარილე მიმეწოდებინა, მაგრამ…ვერ ვიპოვე!

ისე საგულდაგულოდ მქონდა გადამალული, რომ მთელ სახლში უიმედოდ ვეძებდი.  ირაკლიმ ჯერ არ დაიჯერა, რომ სამარილე “დამეკარგა”, მაგრამ მეორე დღეს საძინებელში, მაისურების თაროზე რომ აღმოაჩინა, მიხვდა, რომ მართლა ბებიაჩემივით მომივიდა, სტუმრებისთვის გადანახულ გრილიაჟს და დათუნია კამფეტებს რომ გვიმალავდა და მერე თვითონაც ვერ პოულობდა.

ახლა უკვე ყველანი მივეჩვიეთ თითქმის უმარილო კერძებს. თუმცა თავიდან ირაკლიზე მეტად ალბათ მე და ანამარიას უფრო გაგვიჭირდა. ჩვენ მარტო იმიტომ ვამბობდით მარილზე უარს, რომ ირაკლი არ გვეცდუნებინა, მაგრამ მერე ჩვენც შეგვეცვალა პირის გემო. ახლახან წავიკითხე, რომ თუ რვა კვირის განმავლობაში შეამცირე მარილი და შაქარი, მერე უკვე შემცირებულ დოზას ორგანიზმი ნორმად აღიქვამს და იმ რაოდენობით არის კმაყოფილი, რამდენსაც აწვდი.

C ჰეპატიტის და ბევრი სხვა დაავადების მატარებელთათვის მარილზე არანაკლებ მავნეა შაქარი. ჰოდა, სამარილის მერე ჩვენი სამზარეულოდან საშაქრეც გაქრა. თავიდან უშაქრო ჩაი საზიზღარი დასალევი მეჩვენა (სამ-ოთხ კოვზს ვიყავი შეჩვეული), მაგრამ ახლა ოდნავ დატკბილული ჩაი ან ყავა რომ შემომთავაზონ, ვერ დავლევ, უბრალოდ, არ მომწონს გემო.

ალკოჰოლის ამოღების შემდეგ ყველაზე მნიშნველოვანია მარილის, შაქრისა და ცხიმის შემცირება. ამას ვერც ერთი პაციენტი ვერ გააკეთებს ოჯახის წევრების მხარდაჭერის გარეშე. თუმცა ეს დიეტა უგემური საჭმლის ჭამას სულაც არ ნიშნავს. თევზს ან სალათს ლიმნის წვენს მოაწურავ და უფრო სასიამოვნო გამოდის, ვიდრე მარილმოყრილი. ხორცს ოდნავ სოიოს სოუსს მოასხამ და საკმარისად ამლაშებს (გადაჭარბება აქაც არ შეიძლება). ხშირ შემთხვევაში მარილის მაგივრობა შეიძლება გახეხილმა ყველმა შეასრულოს. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი იტალიური პარმეჯანოა, მოაყრი საჭმელს და მავნე მარილის მაგივრად სასარგებლო კალციუმს მიიღებ. თუ პარმეჯანო ძვირია,  გახეხილი შებოლილი ყველიც არ იქნება ურიგო. რა თქმა უნდა, იმას არ ვგულისხმობ, რომ ადამიანმა საერთოდ უმარილო ჭამოს და იმდენი ყველი მიიღოს, რომ მერე ღვიძლთან ერთად ქოლესტერინიც სადარდებელი გაუხდეს. მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის შეიძლება მავნე პროდუქტების შემცირება და მათი სხვადასხვა  პროდუქტებით ჩანაცვლება: ერთ დღეს – ლიმონი, მეორე დღეს – სოიო (soya souse) და მესამე დღეს – ყველი.

მოკლედ, მარილის პრობლემა მოვაგვარეთ, ახლა შაქრის შესახებაც ვთქვათ. ჩაისთან ცოტა თაფლის  მიღება რვა კვირის შემდეგ არა მარტო სასარგებლო, სასიამოვნოც კი ხდება. თუმცა ხაზგასმით ვამბობ ცოტას, რადგან ქართველები მოჭარბებულად ვხმარობთ თაფლს.
ეს ბლოგი  თითქოს მარილისა და შაქარის შესახებ გამომივიდა, მაგრამ უფრო მეტი მინდა ვთქვა, ვიდრე დიეტის დაცვაა.

ირაკლიმ რომ ინტერფერონით მკურნალობის დაწყება გადაწყვიტა, მისმა დედამ და ბიძამ იმ დღეს  დაანებეს თავი სიგარეტის მოწევას.  ერთი შეხედვით, ანეგდოტური სიტუაციაა („როგორც ჩემი შვილი იტანჯება, ისე უნდა დავიტანჯო“).

ისინი თბილისში არიან, ჩვენ — ლონდონში, თითქოს არანაირი აზრი არა აქვს ამ თავგანწირვას. მაგრამ  სინამდვილეში ამით ერთი ადამიანი მეორეს ეუბნება:

‘მე ვიცი, რომ შენ ახლა გიჭირს, მე ვიცი, რომ ეს კურსი ძნელი ასატანია. შენ ბევრჯერ გითხოვია, რომ მოწევა შემეწყვიტა და აქამდე მე ეს ვერ შევძელი, რადგან ნებისყოფა არ მეყო. ახლა ერთად გავაკეთოთ ეს. ვიცი, რომ მკურნალობა შენგან დიდ ძალასა და ნებისყოფას მოითხოვს. რომ შემეძლოს, შენს ტკივილს მე გავიზიარებდი. მართალია, ახლაც რეალურად ვერაფრით გეხმარები, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და შენ გვერდით ვარ, შენ გენაცვალე’.
ყველას, ვისი ოჯახის წევრიც C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან კარგად მესმის მათი მდგომარეობა. ვიცი, რომ თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, ვიცი, რომ რჩევების მიცემა უმადური საქმეა. მაგრამ თუ ჩვენ გამოგვივიდა, თქვენც გამოგივათ:

შეამცირეთ თეთრი მკვლელების მიღება!  ტკბილი და მარილიანი თქვენთვისაც მავნებელია!  მთელი ოჯახი ერთად რომ გადაწყვეტთ, საშაქრე და სამარილე მაგიდაზე არ დადოთ, ყველანი რომ ერთდროულად დაიცავთ დიეტას და ყველა ერთად გაიჭირვებთ, ამით არა მარტო ფიზიკურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ, არამედ შინაგანადაც უკეთ იგრძნობთ თავს.

უბრალოდ სცადეთ!