ნათია აბრამიას ბლოგი: ითხოვე დახმარება, როცა გჭირდება

ამ ბლოგის წერისას ხშირად მიწევს შედარებების კეთება – მაშინ და ახლა, პირველი მკურნალობა და მეორე, საქართველოში და ინგლისში. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ აქ კარგია და იქ ცუდია, ან უბრალოდ მინდა მე თვითონ სხვადასხვა კუთხით დავინახო ერთი და იგივე პრობლემა და აღვწერო, რა გადამხდა თავს.

2006 წლის ზაფხული, თბილისი – ირაკლის C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, უთხრეს, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ხან ძალიან აგრესიული და ბრაზიანია, ხან ძალიან დეპრესიული.


მანამდე არ ვიყავი ნამყოფი ფსიქოლოგთან. მაშინ ჩავთვალე, რომ დახმარება მჭირდებოდა და ნანა ჩაჩუასთან მივედი.

ჩავჯექი ღრმა სავარძელში. 

ქალბატონმა ნანამ ფილმებში, რომ ხდება ხოლმე, სწორედ ისე მკითხა – რატომ ხართ აქ?

პასუხზე ბევრი არ მიფიქრია. მე ფსიქოლოგთან იმიტომ მივედი, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს. მინდა დავეხმარო, მინდა გავუადვილო ეს მდგომარეობა, მინდა ჩემი ოპტიმიზმი გავუზიარო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ირაკლის ვთხოვე, ფსიქოლოგთან თვითონ ევლო, მაგრამ არ უნდა. ახლა გაბრაზებულია, ვერ იგებს, რა ჭირს, რატომ არის ავად. მინდა, რომ ნანა ჩაჩუამ მე მითხრას, ირაკლი რომ მისულიყო მასთან, რას ეტყოდა და როგორ დაეხმარებოდა.


ქალბატონ ნანას გაეღიმა, მეც ვიცოდი, რომ რამდენიმე სეანსში ფსიქოლოგი ვერ გავხდებოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩემი თხოვნა. მისი დახმარებით გავიაზრე ირაკლის მდგომარეობა და დავფიქრდი, მე რა მენდომებოდა მის ადგილას. მე როგორ მინდა, რომ ასეთ შემთხვევაში მომექცნენ გარშემომყოფნი: როგორც პატარა სიცხიან ბავშვს, როგორც მომაკვდავ საცოდავ ავადმყოფს, თუ როგორც ადამიანს, რომელსაც ახლა უბრალოდ ცუდი ფაზა აქვს ცხოვრებაში.

სახლში მისული ვცდილობ ჩემი თავი მოვთოკო, უბრალოდ გულახდილი და თბილი ვიყო, მაგრამ მოჭარბებული ემოციების გარეშე. მერე ვხვდები, რომ მე თვითონ რაც უფრო ნაკლებად შეწუხებული ვარ, ირაკლიც უფრო მეტად მშვიდდება.

ფსიქოლოგთან მისვლით საკუთარ თავსაც დავეხმარე. მანამდე დათრგუნული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რატომ მიბრაზდება ყოველთვის მე, ასე რატომ შეიცვალა, ყოველთვის ასეთი იქნება თუ არა, ყველაფერი რატომ აღიზიანებს.


ბევრ კითხვაზე პასუხი მაშინ ვიპოვე, როცა ნანა ჩაჩუამ მითხრა, რომ ერთია მოსიყვარულე ირაკლი თავისი ფიქრებით და განცდებით და მეორეა მისი დიაგნოზი, თავისი ბრაზით, აგრესიით და დეპრესიით. რომ ხანდახან მე მელაპარაკება არა ირაკლი, არამედ მისი დიაგნოზი!  ახლა, როცა ამას ვწერ, ვხვდები, რომ ამ აზრის მარტივად გადმოცემა შეუძლებელია. სასაცილოც კი გამოდის ჩემი სიტყვები. მაგრამ ალბათ გამიგებენ ის ადამიანები, ვისი  ოჯახის წევრიც მძიმე ავადმყოფობის გამო შეიცვალა, დაიღალა, გაბრაზდა და მერე ყველაზე ახლობელ ადამიანებს გაუბრაზდა.


ბევრი დაავადება მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები უშუალო კავშირშია განწყობასა და სამყაროს აღქმასთან. თუმცა ამ მხრივ ღვიძლი განსაკუთრებით სენსიტიურია. ამის ყველაფრის გააზრება იმედს გაძლევს, რომ ადამიანი, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, სამუდამოდ არ შეცვლილა, უბრალოდ ახლა მასთან ერთად არის მისი დიაგნოზი, რომელიც ამ მომენტში მის ბუნებაზე ძლიერია.


ნანა ჩაჩუამ მასწავლა “რეფრეიმინგი’”- ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პრომლემისთვის ჩარჩოს შეცვლა.
მაგალითად, როდესაც ადამიანი გეუბნება “ამ ავადმყოფობამ დამღალაო’”, მას არ შეიძლება უმტკიცო, რომ ცუდად არ არის.


“რა ავადმყოფობა, რომელი ავადმყოფი შენ ხარ, ეს პატარა პრობლემაა და მალე გაივლის, იმან რა თქვას, ვისაც რაღაც მართლა სასიკვდილო ჭირს” – ასეთი პასუხი ტყუილზეა აგებული. იმის იგნორირებით, რასაც ადამიანი გრძნობს, საქმეს ვერ უშველი.

“რა დროს დაღლაა, არა უშავს, გაივლის, მოითმინე, ამბობენ, რომ ამ გვერდით მოვლენებს ყველა ეჩვევა და შენც შეეჩვევი” – ასეთი პასუხი გამაღიზიანებელია და თანაგრძნობას მოკლებული.

“დაღლილიც ისე მიყვარხარ, როგორც ენერგიული და ჯანმრთელი’”- ამ პასუხით პრობლემა პრობლემად რჩება. კი არ უარყოფ, პირიქით, უდასტურებ,  რომ ის დაიღალა და ავად არის. მაგრამ შენს პასუხში ცვლი ჩარჩოს, მოცემულობას, გარემოს, რომელშიც ეს პრობლემა არსებობს. ახალ ჩარჩოში კი ახალი, უფრო პოზიტიური აქცენტი (სიმართლე და არა ტყუილი) ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარი განსაცდელი სხვა ჭრილში დაინახოს. ან არაფერიც არ დაინახოს, უბრალოდ ნაკლებად გამაღიზიანებელი პასუხი მიიღოს მის წუწუნზე.

 

მოკლედ, მორიგი სეანსის შემდეგ რომ მივედი სახლში, ირაკლის ეგრევე მომზადებული პასუხი შევაგებე:


  • ლოგინიდან ადგომა მეზარება, სულ შენ გეძახი, ყოველ წუთში რაღაცის მოწოდება მჭირდება და შეგაწუხე, გაგიწყალე გული.

  • სულ მე იმიტომ მეძახი, რომ იცი, არ ვწუხდები, როცა მოვდივარ და რაღაცას გაწვდი.


ქალბატონ ნანას დიდი მადლობა! ყველაფერი, რასაც მასთან განვიხილავდი, ირაკლის ეხებოდა, მაგრამ მე მიადვილებდა რეალობასთან გამკლავებას. მას მერე ბევრი ინფორმაცია მოვიძიე რეფრეიმინგზე და ამ ტექნიკას ხშირად წარმატებით ვიყენებ სახლშიც და სამსახურშიც.


2007 წელი ლონდონი – ბრიტანელმა ექიმებმა ირაკლის უთხრეს, რომ ინტერფერონით მკურნალობა უნდა დაეწყო. თარიღი დაინიშნა და გავიგე, რომ 10 უფასო სეანსი მეკუთვნოდა ფსიქოლოგთან.


მკურნალობა საოცრად დამთრგუნველია ოჯახის წევრებისთვის, ჯერ ერთი, ფიზიკურად მეტი შრომა გიწევს; ის, რასაც ორი ადამიანი აკეთებდა, ახლა მარტო შენი გასაკეთებელი ხდება, თან მასაც უნდა მოუარო, დიეტის დაცვაში ხელი შეუწყო, ამიტომ საქმე გემატება. ძალიან გთრგუნავს, როცა უყურებ, ის რა დღეშია, საღამოს და შაბათ-კვირას მას გართობის სურვილი არ აქვს, ამიტომ სახლიდან ნაკლებად გადიხარ, ამიტომ ფსიქოლოგის დახმარება შემომთავაზეს.

სიხარულით დავთანხმდი.


მივედი, ჩავეშვი ღრმა სავარძელში და კითხვაზე – რატომ ხართ აქ, ისევ იგივე პასუხი გავეცი.

ჩემმა მეორე ნახევარმა მალე მკურნალობა უნდა დაიწყოს,  ვიცი, რომ მას შეიძლება დეპრესია განუვითარდეს, მინდა შევეშველ-მეთქი.


გაოცებისგან პირი ლამის დავაღე, როცა ფსიქოლოგმა უარის ნიშნად თავი გააქნია და მითხრა, რომ ირაკლისთვის დახმარების გაწევა მის კომპეტენციას ცილდება.

– თუ პაციენტი თვლის, რომ ფსიქოლოგი ჭირდება, თავად უნდა მოითხოვოს დახმარება. მე ვერ დავუშვებ, რომ ერთ ადამიანთან მქონდეს კავშირი და მეორის პრობლემებზე ვმუშაობდე. თუ გნებავთ, დარჩით და თქვენზე ვისაუბროთ, თუ არა, მიბრძანდით და მას ურჩიეთ, პროფესიონალს მიაკითხოს – ასე მითხრა და ჩემს პასუხს დაელოდა.  

პაუზა.
ამას არ ველოდი. 
დავრჩი. 

ამდენი არასოდეს მილაპარაკია საკუთარ თავზე, ჩემს გრძნობებზე, განცდებზე, ემოციებზე, ბავშვობაზე, იმაზე, მე როგორი ვარ, მე რა მწყინს და მე რა მიხარია. 10 კვირის განმავლობაში სულ უფრო და უფრო ვუღრმავდებოდი საკუთარ თავს. სეანსის დროს რამდენჯერმე ირაკლიც ვახსენე, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ ეს ჩემზე საუბარმა მოიტანა. საბოლოო ჯამში, იმან, რაც საკუთარ თავზე გავიგე, ისე გამაძლიერა, რომ მას შემდეგ სახლშიც და სამსახურშიც უფრო თავდაჯერებულად ვახერხებ პრობლემებთან გამკლავებას. მას შემდეგ უფრო თამამად ვსაუბრობ პირველ პირში. მას შემდეგ უფრო უკეთ ვუსმენ ჩემს შინაგან ხმას და ვითვალისწინებ, მე რა მჭირდება, რა არის საჭირო, რომ ძალები აღვიდგინო, პოზიტიური და მხიარული ვიყო. ზუსტად ვიცი, რომ ოჯახის წევრებსაც ურჩევნიათ ასეთი ნათია.


ქართველი და ინგლისელი ფსიქოლოგის დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებული იყო, თუმცა ორივემ თავისი საქმე გააკეთა. როგორც უკვე თავში ვთქვი, ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ახლა გადავწყვიტო, რომელი მიდგომა ჯობია. უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ორივე შემთხვევაში ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა პროფესიონალის დახმარების გარეშე.  


მე  ვიცი, რომ ყოველთვის, როცა დახმარება დამჭირდება, აუცილებლად მივმართავ სპეციალისტს.   

ირაკლი იმნაიშვილი, ნათია აბრამია-მარიკა ქოჩიაშვილის ფოტო
ირაკლი იმნაიშვილი, ნათია აბრამია-მარიკა ქოჩიაშვილის ფოტო

ქართველი ჟურნალისტები ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი აწარმოებენ ბლოგს C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ   http://c-hepatiti.blogspot.co.uk

ირაკლი იმნაიშვილს C ჰეპატიტის დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს. მას შემდეგ ნათია და ირაკლი ამ პრობლემით დაინტერესდნენ და დაავადების შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ინფორმაცია მიაწოდონ ყველას, ვისაც შეეხო ჰეპატიტის პრობლემა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 6.7%, დაახლოებით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ მათ ბლოგპოსტებს.

ამჟამად ორივე ცხოვრობს ინგლისში და მუშაობს ბი-ბი-სიზე. ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი ბლოგში აღწერენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა ვირუსმა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე.

 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია აბრამია