ნათია აბრამიას ბლოგი

ირაკლი იმნაიშვილის და ნათია აბრამიას ერთობრივი ბლოგი: კარგი ექიმი vs. ცუდი ექიმი

23.04.2013 | 2666 |
ირაკლი იმნაიშვილის და ნათია აბრამიას ერთობრივი ბლოგი: კარგი ექიმი  vs. ცუდი ექიმი

ცუდი ჰეპატოლოგი:

  • პაციენტის თანდასწრებით იწყებს ვიშვიშს და ქოთქოთს: 
    – აქამდე როგორ მიიყვანე საქმე? ცელქობდი?
    მერე ყვება, რომ მისი მეორე პაციენტის (ცნობილი მომღერლის ძმა ან პარლამენტარის ვაჟი) ზუსტად ანალოგიურ დღეშია, რადგან ცხრამეტი წლიდან იჩხირავდა;

  • ნაჩქარევად სვამს ფატალისტურ დიაგნოზს: 
    – ციროზის კანდიდატი ხარ!
    ‘მარჩიელობს’ იმაზე, თუ რამდენ ხანს ‘გაქაჩავს’ პაციენტის ღვიძლი, თუ დროზე არ მიხედა (ირაკლის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სრულყოფილად არც კი იყო გამოკვლევები ჩატარებული მაშინ, როცა ექიმი ეუბნებოდა, მაქსიმუმ ხუთი წელი იცოცხლებ კიდევო);

  • გადადის სხვა ექიმების და მათი დანიშნულების კრიტიკაზე: 
    – მაგან რა იცის, გამაგიჟებს ეს ხალხი;

  • ითხოვს განუზომელი რაოდენობით ანალიზების გაკეთებას, თანაც აუცილებლად მის მიერ მითითებულ ლაბორატორიაში: 
    – უთხარი, რომ ჩემგან ხარ და აჩვენე ეს მიმართულება.  
    (ეს საკითხი ჩვენს განსაკუთრებულ ბრაზს მას შემდეგ იწვევს, რაც ირაკლის  ერთმა ექიმმა დაჟინებით ურჩია მისივე კლინიკაში ძალიან ძვირადღირებული და სრულიად არასაჭირო გამოკვლევის ჩატარება.  კარგია, თუ  ექიმი მეტად ენდობა რომელიმე კონკრეტულ ლაბორატორიას და იმიტომ აგზავნის პაციენტს იქ. მაგრამ დღემდე არ მესმის, რატომ ჩათვალა ექიმმა, რომ ირაკლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამოკვლევა ჭირდებოდა);

  • არ საუბრობს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია სასმელზე უარის თქმა და ჯანმრთელი კვება: 
    – ბევრის დალევა არ შეიძლება, მაგრამ ხანდახან ჭიქის აწევა არაა პრობლემა, ჭამით კი, რაც გინდა ის ჭამე;

  • პირდაპირ იწყებს  მკურნალობაზე ლაპარაკს და არ აწვდის პაციენტს ინფორმაციას დაავადების მართვაზე. მისი რჩევების შესასრულებლად ყოველთვის საჭიროა რაღაცის ყიდვა, რაღაცაში თანხის გადახდა (მაგალითად, საძილე ტაბლეტები და არა შხაპის მიღება ძილის წინ). მისი აზრით, C ჰეპატიტთან კავშირში არ არის ვარჯიში, ბალანსირებული კვება, დიეტა, კარგ ფიზიკურ  და მენტალურ ფორმაში ყოფნა;

  • მკურნალობის დაწყებამდე არ აწვდის პაციენტს ინფორმაციას გვერდით მოვლენებზე: 
    – თავიდან ყველას უჭირს, მაგრამ მერე ყველა ეჩვევა.

კარგი ჰეპატოლოგი:

  • მშვიდია და საქმიანი, პაციენტს უხსნის, რა პროცესები მიდის მის ღვიძლში, როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანის განწყობაზე და შრომისუნარიანობაზე;

  • დეტალურად ეცნობა მისი ცხოვრების წესს, ეკითხება როგორ იკვებება, როგორი რეჟიმი აქვს, ასევე ესაუბრება მის თანამგზავრს (ოჯახის წევრს ან მეგობარს) იმაზე, თუ როგორი მხარდაჭერა ჭირდება C ჰეპატიტის მატარებელს;

  • პაციენტს ესაუბრება დეპრესიის მართვაზე, აღგზნებადობაზე და ძილის მოწესრიგებაზე;

  • ხაზგასმით ურჩევს შეამციროს მარილის და შაქრის მიღება, ბალანსირებულ კვებაზე გადავიდეს, ალკოჰოლი არ დალიოს და ნაკლებად ჭამოს ცხიმიანი. პაციენტს უკონკრეტებს, რომ ცხოვრების წესის ცვლით C ჰეპატიტი არ განიკურნება, მაგრამ დაავადების პროგრესი შენელდება;

  • პაციენტს ეუბნება, რომ სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება და ვარჯიში.  აქვე იმასაც დასძენს, რომ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა საუკეთესო საშუალებაა დეპრესიის თავიდან ასაცილებლად;

  • ყურადღებას ამახვილებს სტაბილურ წონზე, რადგან წონაში მატება (ისევე როგორც სწრაფად დაკლება) ძალიან ცუდად მოქმედებს ღვიძლზე;  

  • იწყებს საუბარს დაავადების მართვაზე და მერე გადადის შესაძლო მკურნალობაზე. (პაციენტს რომც ქონდეს მკურნალობის  შესაძლებლობა, თერაპიის დაწყებას დრო ჭირდება. ამასობაში ადამიანს შეუძლია ძალიან ბევრი რამ გააკეთოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის);

  • ამზადებს პაციენტს მკურნალობის და მისი გვერდითი მოვლენებისთვის;

  • ინფორმაციის მისაღებად ეკითხება პაციენტს მის ნარკო ან ალკოჰოლდამოკიდებულებაზე,  ადგენს რამდენი ხნის განმავლობაში და რა სიხშირით იყო ის მომხმარებელი. ამას აკეთებს, რომ შეიქმნას წარმოდგენა ღვიძლის მდგომარეობაზე, კითხვების დასმისას მისი ტონი და სახის გამომენტყველება არის ისეთივე საქმიანი, როგორც მაშინ, როცა  კითხულობს:
    – ეწევით? რამდენი წლის ხართ?

  • აძლევს დამატებით საკითხავს C ჰეპატიტზე, მის მართვაზე და მკურნალობაზე.  მიუთითებს, სად შეიძლება პაციენტმა მეტი გაიგოს საკუთარ დაავადებაზე. იქვე აფრთხილებს, რომ ინტერნეტ საიტებზე შესაძლოა არასწორი და დამაბნეველი ინფორმაციაც იყოს გამოქვეყნებული.


კარგი და (ჩვენი სტანდარტებით) ცუდი ექიმი კიდევ ყურადღებას აქცევენ ბევრ ისეთ დეტალს, რომელზე ჩვენ დაახლოებითაც კი არაფერი ვიცით, რადგან სამედიცინო განათლება არ გვაქვს. ჩვენ მათი პროფესიონალიზმის შეფასება არ შეგვიძლია დიაგნოზის დასმის და მკურნალობის დანიშვნის კუთხით. მაგრამ უკვე შვიდი წელია კლინიკიდან კლინიკაში დავდივართ, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ცუდ და კიდევ უფრო მეტ კარგ ექიმს შევხვედრივართ. ამიტომ ჩამოგვიყალიბდა ‘კარგის’ და ‘ცუდის’ შესახებ საკუთარი შეხედულება, რომელიც ახლა უკვე თქვენც გაგიზიარეთ.  მოგვწერეთ, თუკი არ გვეთანხმებით.

 

ირაკლი იმნაიშვვილი
ნათია აბრამია

 

ნათია აბრამია, ირაკლი იმნაიშვილი
ნათია აბრამია, ირაკლი იმნაიშვილი

ქართველი ჟურნალისტები ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი აწარმოებენ ბლოგს C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ   http://c-hepatiti.blogspot.co.uk

ირაკლი იმნაიშვილს C ჰეპატიტის დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს. მას შემდეგ ნათია და ირაკლი ამ პრობლემით დაინტერესდნენ და დაავადების შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ინფორმაცია მიაწოდონ ყველას, ვისაც შეეხო ჰეპატიტის პრობლემა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 6.7%, დაახლოებით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ მათ ბლოგპოსტებს.

ამჟამად ორივე ცხოვრობს ინგლისში და მუშაობს ბი-ბი-სიზე. ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი ბლოგში აღწერენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა ვირუსმა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე.