გია მარიამიძის ბლოგი

17 მაისი და ტაბურეტიანი მამაო

17 მაისი და ტაბურეტიანი მამაო

17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. აქცია 10 წუთი გაგრძელდა და მალევე მშვიდობიანად დასრულდა მიუხედავად იმისა, რომ ამავე აქციის გასაპროტესტებლად იქვე ახლოს რამდენიმე ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. მათ შორის მდგარმა პოლიციამ შეხლა-შემოხლა არ დაუშვა.

 

ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ  არ მოხდა. სამაგიეროდ მოხდა სხვა რამ, რაც ყველამ ტელევიზიით ვნახეთ. ვნახეთ ის, რომ კაცურ კაცობაზე მოწუხარი ადამიანების ბრბო მასზე რაოდენობით მცირე ადამიანებს დაერია. რა კაცური საქციელია ასი ადამიანი, რომ ერთს ცემს, არა?! რაინდობაა, აბა, რა არის შენზე სუსტს რომ სცემ, თან ამაში პატარა ბავშვებს რომ გარევ და ყვითელ ავტობუსებს გამოადევნებ. თავიდან ეს ხალხი არც ისე აგრესიულად იყო განწყობილი შშშ-მიერ მოწყობილი კარგონის შორი-ახლო ტრიალებდნენ და ძალის გამოყენება არც უცდიათ. ძალის მიმართ შიში და რიდი ჰქონდათ. ამ დროს მღვდლები უფრო აქტიურობდნენ და პოლიციელების რელიგიურ გრძნობებზე მანიპულირებდნენ. მღვდლებთან ერთად პოლიციის მიერ “აღმართული” სიფრიფანა კორიდორის გავლის შემდეგ რამდენიმე ადამიანს უკან მობრუნება და ხალხის მასებისთვის შეძახება: „ხალხო წამოდით, წამოდითო!“ – დასჭირდათ. ხალხიც წავიდა და მოხდა ის, რაც მასების ფსიქოლოგიას დიდი ხანია შესწავლილი აქვს.  

 

ერთად ბევრი ადამიანი იკრიბება, ერთმანეთში ირევა და სახეების გარჩევა ძნელი ხდება. ადამიანი ცალკე ერთეული კი არა, მასის ნაწილია. ამ დროს ადამიანის გონებაშიც იგივე პროცესი იწყება, რაც მის გარშემო ბრბოში. ის პიროვნება აღარ არის და საერთო კოლექტიური ინსტინქტის ნაწილია. ბრბო საკუთარ თავში ძალას და დაუსჯელობას გრძნობს. როდესაც ერთი მათგანი ვინმეს ჩასაქოლად გარბის, დანარჩენებიც ინსტიქტურად მიჰყვებიან. ეგზალტაცია გადამდები და პროგრესირებადი ხდება. სულ ერთია ამ დროს ვის ქოლავენ, ჰომოსექსუალებს, საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებს თუ ნებისმიერ სხვას. ამ დროს ჩაქოლილის ვინაობას აზრი არა აქვს, მთავარი ჩაქოლვის პროცესით სიამოვნების მიღებაა. თუ ოდესმე შენთვის ვინმეს უწყენინებია, დაუჩაგრიხარ, თუ  სკოლის მასწავლებელმა ყური აგახია, ნებისმიერი ტკენით გამოწვეული ქვეცნობიერში დალექილი წყენა ზემოთ ამოდის და უცნობი ადამიანის ჩაქოლვით მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილ ბოღმას ამოანთხევ. იმ დროს ის ადამიანია სკოლის ის მასწვლებელიც და ყველა სხვაც ვინც ოდესმე გაგაბრაზა.  

 

სინამდვილეში ამ ხალხის უმრავლესობა, რომელიც ადამიანებს დასდევდა და ავტობუსებს ამტვრევდა არ არის ჩამოყალიბებული ჰომოფობი. ადამიანებს უსახურ მასაში გათქვეფა, სახის დაკარგვა  და პირველყოფილი ინსტინქტების ნანატრი რეალიზება უნდათ. მოსწონთ, როცა ვიღაცას დაუსჯელად სცემენ. თან  თუ ეს ”ეროვნული” საქმის სახელით ხდება. 

 

თუმცა ეს კონტრაქციაზე ყველა მისულს არ ეხება, მათ შორისაც  იყო  ზოგი ისეთი, რომელიც ბრბოს წესებით არ მოქმედებდა და სხვის შეჩერებასაც ცდილობდა.

 

ის, რაც 17-ში მოხდა, შემთხვევითი არ არის. არ არის შემთხვევითი ის, რომ ჰომოსექსუალობის თემა მთავარ საკითხად იქცა ამ ქვეყანაში. და ეს ჰომოსექსუალების ინტერესი არასოდეს ყოფილა. უამრავი პოლიტიკოსი და ე.წ. საზოგადო მოღვაწე ამ თემას ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად იყენებს წლებია უკვე. როგორც კი ქვეყნის დასავლური კურსის შესახებ საუბარი იწყება ეს ადამიანები უმალვე დასავლეთის და ჰომოსექსუალობის გაიგივებას ახდენენ და “გვაპიდარასტებენო” ყვირიან. თითქოს დასავლეთში სხვა არაფერი ხდებოდეს და იქ ჰეტეროსექსუალები არ ცხოვრობდნენ. ეს პროპაგადისტული ხერხი რუსეთში შეიმუშავეს და ქართველებს მათგან აქვთ ნასწავლი. გასაგებია რუსეთს ეს რაში სჭირდება – იმპერიის აღდგენა უნდა და მისთვის საკუთარ მოსახლეობაში ანტიდასავლურობის გაღვივება აუცილებელია. ჩვენთან ეს ვის რაში სჭირდება, ესეც არ არის საიდუმლო, პრორუსული ძალებით ქვეყანა სავსეა.  

 

ერთ-ერთი დამრბევთაგანი სახალხო დამცველ ნანუაშვილთან კამათის დროს ამბობდა, რომ 2 წლის შვილი ჰყავს და არ უნდა, როდესაც მისი შვილი სკოლაში წავა “მეტრაკე ბავშვთან” ერთად ისწავლოს. ალბათ, ჰგონია, რომ გადაედება. თვითონაც სწავლობდა ალბათ სკოლაში და საკუთარ კლასში თუ არა პარალელურ კლასებში მაინც იქნებოდა ბავშვი, რომელსაც “ქალბიჭას”, “ქალაჩუნას” ან რაიმე მსგავს სახელს ეძახდნენ. მაგრამ თვითონ რა დაუშავდა და რა გადაედო, საინტერესოა.

 

რაში მდგომარეობს ეს ყბადაღებული ჰომოსექსუალობის პროპაგანდა, ვინმეს თუ შეუძლია ახსნას? ხშირად ისმის, რომ ჰომოსექსუალებს სახლში არავინ უვარდება და რაც უნდათ ის ქნან, ქუჩაში ნუ გამოვლენო. ჰომოსექსუალებიც არავის უვარდებიან სახლებში და თუ იმდენად სუსტები ხართ, რომ მათი ქუჩაში  დანახვა “გაგაპიდარასტებთ”, სხვას რას აბრალებთ?

 

არ გაპიდარასდტდეთ, სამშობლოს სჭირდებით!

 

მღვდლების აზრით, ჰომოსექსუალებად ცოტა ვინმე თუ იბადება, უფრო მეტი კი ეჩვევა. მათი აზრით, ჰომოსექსუალების ადგილი  მონასტერშია, რომ იქ თავის თავს ებრძოლონ და საკუთარ მიდრეკილებებზე გაიმარჯვონ. ირაციონალურ და ანტიინტელექტუალურ ადამიანებს არ ესმით, რომ საკუთარ ბიოლოგიაზე გამარჯვება შეუძლებელია. დღეს ეკლესიაში მომსახურე ჰომოსექსუალებიც (და ასეთებიც არიან) საკუთარ თავს არსად გაქცევიან, უბრალოდ, იგივეს ჩუმად აკეთებენ. იმის დაჯერება, რომ ჰომოსექსუალებს პროპაგანდის მეშვეობით თავისი რიგების გაზრდა სურთ – სრული სიგიჟეა. არავის ჰომოსექსუალობის გავრცელება არ სურს. ჰომოფობიასთან ბრძოლას მარტივი დანიშნულება აქვს: ვინც ჰომოსექსუალად დაიბადა და კიდევ დაიბადება, მათი უფლება დაცული იყოს საკუთარი სახლიდან მშობლების მიერ გამოგდების, ქუჩაში შეურაცხყოფის, მუქარის, საზოგადოებიდან გარიყვისა და ძალადობისგან. ის, რომ საქართველოში მათ საფრთხე ემუქრებათ 17 მაისს უკვე ვნახეთ. „დახოცეთ!“,  „ჩაქოლეთ!“- ამ სიტყვების ყვირილი და “ტაბურეტის” მოღერება, აბა, რა არის?!

 

რაც შეეხება ბავშვებს. ბავშვებთან არა თუ ჰომოსექსუალობის, საერთოდ სექსუალობის პროპაგანდა არ უნდა იყოს და არც არავინ აპირებს. ტელევიზიით დღის განმავლობაში ეროტიკული სცენების შემცველი ფილმების გაშვება აკრძალულია. რა ტყუილად დაობს და ოხრავს ეს ხალხი, გაუგებარია. 

 

ქართველი კაცის პრობლემა ის არის, რომ დროში გაიჭედა. არც ტრადიციული საზოგადოების ნაწილია და არც მოდერნულისა. ტრადიციული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ასკეტიზმი და თავგანწირვისთვის მზადყოფნა საქართველოში აღარ არის. ჩვენზე კომფორტის მოყვარული და კონფორმისტი ერი და ბერი ძნელი მოსაძებნია. ამ 20 წლის მანძილზე წაგებული ომები და ბრძოლის ველიდან არაერთხელ გაქცეული ჯარი კი იმაზე მეტყველებს, რომ თავის გაწირვა თითო ოროლას შეუძლია, უმრავლესობა კი ნაძრახ სიცოცხლეს არჩევს. მაგრამ ქართველი თანამედროვე ადამიანიც ვერ გახდა და შეუჩერებლად ტრადიციულის იმიტაციას ეწევა. იქ არის გამბედავი, სადაც იოლია და ვისი მორევაც ადვილია. 17 მაისის სიშლეგე და აგრესიაც მაგის გამოვლინებაა. იმ დღეს, ტელევიზიით ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით “თავგანწირვა” ვნახეთ. როდესაც დამრბევთაგან რამდენიმე ადამიანი საკუთარ თავს ყვითელ ავტობუსს ურტყამდა და ზედ ახტებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი “თავის გაწირვა” იოლია. ავტობუსი პასუხს ვერ გაგცემს. რუსის სალდათის ნასროლ ტყვიაზე წასვლა კი ძნელია, რადგან იქ სიკვდილი გარანტირებული გაქვს. 

 

ეკლესია კი ადამიანებში მოდებულ ამ და სხვა კომპლექსების თუ შიშების უმოწყალო ექსპლუატაციას ეწევა.