31205

ქმედუუნარობის უუნარობა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო .

კონსტიტუციური მართლმსაჯულების ორგანომ საიას მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე წერტილი დაუსვა ქმედუუნარობის ზომაზე მეტად შემზღუდველი მოდელის არსებობას, რაც საქართველომ 1997 წელს (ამ პერიოდში მიიღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი) მემკვიდრეობით საბჭოთა კანონმდებლობისაგან მიიღო. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმყარა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამცველი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის რეპუტაცია.

 

მრავალი თაობის იურისტისათვის დღემდე თითქმის დოგმატურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის, რომ გონებრივი ჩამორჩენილობისა (1997 წლის სამოქალაქო კოდექსი ამ კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს დამაკნინებელი ტერმინით – ,,ჭკუასუსტით“ მოიხსენიებს) და ფსიქიკური აშლილობის (სამოქალაქო კოდექსის მამებმა ამას ,,სულით ავადმყოფობა“ უწოდებს) საფუძველზე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი კარგავს თავისი ყველა უფლების (საკუთრება, მემკვიდრეობა და სხვა) დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას. ასეთი ადამიანის ყველა უფლებას მისი მეურვე ახორციელებს. ქართული მოდელის აბსურდულობა იმაშიც მდგომარეობდა, რომ ქმედუუნარო ადამიანს ეკრძალებოდა მაგალითად, მაღაზიაში შეეძინა 50 თეთრად ღირებული პური, ეყიდა 1 ლარის ღირებულების შოკოლადი ან მონაწილეობა მიიღო ამგვარ წვრილმან საყოფაცხოვრებო გარიგებებში. მეურვე წყვეტდა საკითხს იმის თაობაზე, ქმედუუნაროდ აღიარებული პირი იქნებოდა სახლში ჩაკეტილი თუ ექნებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. მეურვე და მკურნალი ექიმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არაფერს კითხავდნენ, ისე გადაწყვეტდდნენ მის ფსიქიატრიულ ან სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებას.

 

იყო შემთხვევები, როდესაც მეურვეები არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ მათ უფლებამოსილებას და ქმედუუნარო ადამიანების ქონებას ფლანგავდნენ პირადი საჭიროებისათვის. ქართული სასამართლო ისე შორსაც წავიდა, რომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ ქმედუუნარო პირი ვერ დაიცავს საკუთარ ღირსებას, ვინაიდან არ შეუძლია, აღიქვას ცილისწამების და შეურაცხყოფის მნიშვნელობაო.

 

ასეთ დამოკიდებულებას სინამდვილეში არავითარი კავშირი არა აქვს რეალობასთან. მენატლურ შესაძლებლობებში შეზღუდული ადამიანები ქმედუნარიანობის დაკარგვის მიუხედავად ინარჩუნებენ ადამიანურ გრძნობებს და ნამდვილად შეუძლიათ იმის აღქმა, გარშემო მყოფი პირები კეთილგანწყობილნი არიან თუ არა მათ მიმართ. მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არ კარგავენ ყველა უნარებს. ბევრ მათგანს, თუ ისინი საკუთარ თავში ჩაკეტილნი არ არიან, ნამდვილად შეუძლია, მაღაზიაში შეიძინოს საჭირო პროდუქტები და აფთიაქში ექიმის მიერ მათთვის გამოწერილი წამალიც კი. შეიძლება ასეთ ადამიანს არ შეძლოს, შპს მართვა, მრავალმილიონიანი გარიგების დადებაში დამოუკიდებლად მონაწილეობა, მაგრამ მას ნამდვილად სტკივა, როცა ვინმე შეურაცხყოფას აყენებს და უნდა ჰქონდეს პოლიციასთან ან სასამართლოსთან უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა მეურვესთან ერთად ან თუნდაც მის გარეშეც.

 

საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებდა იმას, რომ ქმედუუნარო ადამიანს გარკვეული უნარები მაინც ჰქონდა შენარჩუნებული. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიერ არ ხდებოდა იმის შეფასება თუ საზოგადოებრივი ცხოვრების რა სფეროში აქვს ადამიანს დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა, სად საჭიროებს ის სხვა ადამიანის რჩევის მიხედვით საქმიანობას და სად უნდა მომხდარიყო ქმედუუნარო ადამიანის მეურვით ჩანაცვლება. თუკი დადგინდებოდა, რომ ადამიანს მაგალითად, არ ჰქონდა შპს-ს დირექტორობის უნარი, ის კარგავდა მაღაზიაში პურის ყიდვის უფლებასაც.

 

ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გარესამყაროსთან კონტაქტი სრულად აქვთ შეწყვეტილი და ნამდვილად აუცილებელია ასეთი ადამიანების ბედს მესამე პირები, მეურვეები განსაზღვრავდნენ, მაგრამ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების უმრავლესობა განსაზღვრულ დონეზე ინარჩუნებენ ადეკვატური სოციალური კავშირების დამყარების შესაძლებლობას და რაც სასამართლოს მოეთხოვება, არის ის, რომ ექსპერტიზის მეშვეობით ყველა ადამიანის მიმართ ინდივიდუალურად დაადგინოს, რა უნარები აქვთ შენარჩუნებული ასეთ პირებს და რაში საჭიროებენ ისინი სხვების დახმარებას. ამის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტს და საერთო სასამართლოებს ევალებათ, ყველა შემთხვევაში, არა სრულად ქმედუუნაროდ გამოაცხადონ ადამიანები, არამედ მხოლოდ ცალკეული უფლების დამოუკიდებლად, მეურვის გარეშე, განხორციელება აუკრძალონ.

 

ამავე დროს უნდა მოხდეს მეურვის ინსტიტუტის ხელახალი გააზრება. შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ კონვენციის თანახმად , მეურვე უნდა იყოს ქმედუუნარო ადამიანის დამხმარე და არა მისი სუროგატი. თუკი მაგალითად, მენტალური პრობლემების მქონე პირის პატივს და ღირსებას შელახავენ, მეურვემ კი არ უნდა გადაწყვიტოს, უჩივლებს თუ არა ცილსმწამებელს სასამართლოში, არამედ თავად ქმედუუნარო ადამიანიც უნდა წყვეტდეს ამას, ხოლო მეურვე საჭირო რჩევებს უნდა აძლევდეს და ეხმარებოდეს სამეურვეო პირს ადვოკატთან თუ სასამართლოსთან კომუნიკაციისას.

 

წარმოვიდგინოთ შემთხვევა, ქმედუუნარო ადამიანმა დაძლია მენტალური პრობლემები, როგორ უნდა მოხდეს მისი ქმედუუნარობის აღდგენა? საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმა მეურვეს და არა თავად ქმედუუნარო ადამიანს ანიჭებდა სასამართლოსათვის მიმართვის და ქმედუნარიანობის აღდგენის უფლებას. ახლა მეორე შემთხვევა წარმოვიდგინოთ, მეურვე, ხშირად საკუთარი და არა სამეურვეო პირის ინტერესების გათვალისწინებით სარგებლობს მდიდარი ქმედუუნარო პირის სახლით, ფულადი ანგარიშებით, გაუჩნდება კი ასეთ მეურვეს სამეურვეო პირის ქმედუნარიანობაში აღდგენის და პირადი კეთილდღეობის დაკარგვის სურვილი? რა თქმა უნდა არა. მეურვის სურვილის გარეშე გამოჯანმრთელებული ადამიანი სამუდამოდ რჩება ქმედუუნარო. სწორედ ეს ნორმა სცნო არაკონსტიტუციურად გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქორწინების უფლება. ქართული კანონმდებლობით ქმედუუნარო ადამიანს დაქორწინების უფლება მეურვის თანხმობითაც კი არ ჰქონდა. ქორწინების უფლების აკრძალვა იმდენად აბსურდულია, რომ ფაქტობრივად უთანაბრდება სახელმწიფოს მიერ ადამიანის სექსუალური ქცევის რეგულირებას. ისტორიული მაგალითებიც ადასტურებს იმას, რომ მენტალური პრობლემები გავლენას არ ახდენენ ადამიანის სექსუალურ და პროკრეაციულ აქტივობაზე. ამიტომ ქორწინების უფლებასთან დაკავშირებული ამ ასპექტის შეზღუდვა საკმაოდ შორსმიმავალია.

 

ქორწინების უფლებას გააჩნია სხვა ასპექტიც,  ეს არის შვილის აღზრდის და საოჯახო ქონების მართვა-განკარგვის ასპექტები. ფსიქიკური პრობლემების მქონე მშობელი შესაძლოა ბავშვისათვის საშიში იყოს და ამიტომ აუცილებელიც გახდეს ასეთი მშობლის უფლების შეზღუდვა. მიუხედავად ამისა, ფსიქიკური აშლილობა არ უნდა იყოს საბოლოო განაჩენი ყველა მშობლისათვის. სასამართლომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ყველა ადამიანთან მიმართებაში ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად უნდა დაადგინოს, ხომ არ უქმნის საფრთხეს ადამიანი საკუთარ არასრულწლოვან შვილებს და მშობლის უფლებაც მხოლოდ ამგვარი საფრთხის არსებობის შემთხვევაში შეზღუდოს. მენტალური პრობლემების მქონე ადამიანი, რომელიც არის კარგი მშობელი, არ უნდა იყოს ამ მნიშვნელოვან უფლებას მოკლებული მხოლოდ და მხოლოდ მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტის ვალდებულია, 2015 წლის აპრილამდე სათანადო ცვლილებები განახორციელოს ქმედუნარიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში. რეფორმების გზაზე სასარგებლო იქნება არა მხოლოდ წამყვანი დასავლური სახელმწიფოების (მაგალითად აშშ-ს სხვადასხვა შტატი და გერმანია)  კანონმდებლობის გამოცდილება, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის შესაბამისად, მეურვის მოდელიდან დამხმარის მოადელზე გადასვლა.

გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი