33908

უფულოები და უოთახოები

სიცოცხლე

მზია ნიუ იორკის შტატში დაკრძალეს. ძალიან შორეულ, მივარდნილ სასაფლაოზე. მისი დანაბარები არ შეასრულეს, საქართველოში გადამასვენეთო, უთხოვია…

არ გადაასვენეს. მეგობრებისთვის უთქვამს: იქ უფრო მოუვლიან ჩემს საფლავს, მონატრებულები ყვავილებს დამადებენ, აღდგომას მაინც მომაკითხავენ, ჩემს ქვაზე წითელ კვერცხს გადააგორებენ და ის ქვა მხოლოდ ჩემი იქნებაო. ამერიკაში რომ ვარ, საქართველოში მყოფებს ხომ უფრო მოვენატრები და ჩემს “საკუთარ ოთახთან” მოვლენ, ჩემს სანახავადო. გთხოვთ, აქ არ დამტოვოთო… ძალიან გთხოვთო…

ანდერძი არ დაუტოვებია. ქართველები არა ვართ ანდერძისა და საქორწინო კონტრაქტების ქვეყანა. ზეპირი სიტყვისა და ცრემლებისა კი არც ამერიკას სჯერა და არც საქართველოს…

ისევე როგორც სიცოცხლეში, სიკვდილშიც მზიას თავისი კუთვნილი არც “ოთახი” არგუნეს და არც თავისი კუთვნილი ფული. იქ უნდოდა, სადაც თავისიანები ცხოვრობდნენ. იქ, სადაც მას ვერდასრულებული ბავშვობა ეგულებოდა.
სიკვდილის მერე მაინც ღირსებოდა ოთახი – მისი ზომის “მიწური”. მზიას გარდაცვალების შემდეგ მეგობრებმა, უცნობებმა და ნაცნობებმა დიდი თანხა შეაგროვეს, მის ქმარს, ანუ “ოჯახის თავს”, იგივე მზიას “პატრონს” მისცეს. იფიქრეს, ახლა საიქიოს წასულს მაინც მოახმარსო… ახლა მაინცო. კაცია მაინცო. კაცია ბოლოს და ბოლოსო. არ გადაასვენა. შვილის დასაფლავებაზე კი დედ–მამაც ვერ ჩამოვიდა.

ქმარი მზიას საქართველოშიც არაფრად აგდებდა, ურტყამდა. ამერიკაშიც იგივე… მის თვალწინ ღალატობდა… 13 წლის გაათხოვეს. ჯერ მენსტურაციაც არ ჰქონდა, დედამთილი თავისთან იწვენდა, მასზე უფროსი ქმარი კი “გულაობდა”. აბა რა ექნა. ის ქართველი გოგო იყო, ეს – ქართველი კაცი …

12 წლის ასაკში იყო, დედამთილს რომ მოეწონა. სიდედრის მოწონების პატივის სასიძოსაც ხვდა წილად და ოჯახური “კონტრაქტიც” შედგა. არავინ მოგვტაცოს, ვიღაც “უჯიშო და `ჯიბეგაფხეკილ” შეყვარებულთან ერთად არ გაიპაროსო, აგერ ჩვენ ვართ, მისი კეთილისმსურველები, მისი მომავლის დამგეგმავები; სჯობს დავიბევოთ, ჩვენს ჭკუაზე გავზრდით, ბარემ ქმრის სახლს შეეგუოს. მაინც მის სახლში უნდა გაატაროს მთელი ცხოვრება. რა მნიშვნელობა აქვს, რა ასაკში გადასახლდება ქმართანო. ამიტომაც 13 წლის შესრულდა თუ არა, უფროსებმა განაცხადეს: მზია ფიზიოლოგიური მონაცემებით ქალის მისიას უკვე აკმაყოფილებსო…

ქორწილი “გააჩაღეს”. სამი შვილი. უფულობა. უოთახობა. უსიყვარულობა. “ოჯახური სიმყუდროვე” სადღეგრძელოებით, ნაწყვეტ–ნაწყვეტ ლექსებით, მერე ოთხშაბათ–პარასკევის მარხვებით, თავში წათაქებით, გაუთავებელი მრავალსართულიანი გინებითა და “ქათმის ჭკუის” დაყვედრებით.

ამერიკაში სამსახურში მაღალსიცხიანი დადიოდა. მიზერული ანაზღაურებისთვის. საწოლში ჩავარდნილ ორ მოხუცს უვლიდა, სიმძიმეებს წევდა სულ მარტო… მუშაობდა შაბათ–კვირას. მადლიერების დღესა და შობას, აშშ–ის დამოუკიდებლების დღესა და თავისივე დაბადების დღეზე. თავად კი ექიმთან წასვლის დრო და ფული არ ჰქონდა… იცოდა, რომ უფულობა აქ ჯოჯოხეთია. უფრო მძიმე ხვედრი, ვიდრე– სამშობლოში. უოთახობაც… ვერ გადაიხდი ქირას – ქუჩაში გამოგაგდებენ, დენს– გაზს გიგითიშავენ. მთავარია სამსახური გქონდეს და ოჯახიც, რომელიც დიდი ხანია, იმ გაუსაძლის სამსახურზე უფრო მეტი ჯოჯოხეთად გადაქცეულა, მაგრამ განა ასეთი არ უნდა იყოს ოჯახი? განა ეს არაა ქალის ჯვარი? განა დასაბამიდან ქალები ასე არ ცხოვრობენ? განა ყველა არ თვალთმაქცობს, იღმება და დუმს თავის უბედურებაზე? განა ჩუმი, უჩინარი, უტყვი, მორჩილი და სწორედ აქედან გამომდინარე, წესიერ–პატიოსანი არ უნდა იყო? განა ჩურჩულით არ უნდა ილაპარაკო ანდა ქალს რა სათქმელი უნდა ჰქონდეს საერთოდ? სუფთა სამზარეულო, დარეცხილი სარეცხი, დანაყრებული ოჯახის წევრები. მეტი რაღა რჩება? არც არაფერი. ქალის მაგივრად ხომ ოჯახის უფროსი უნდა ლაპარაკობდეს,- ასე ამბობდა მზია.

მზიამ იცოდა, გინდ სამშობლოში, გინდ ამერიკაში სამსახურს დროზე თუ ვერ იშოვი, ოჯახის წევრებიც ცოცხლად შეგჭამენ. დიდი ბინის დაქირავებაც არ შეგიძლია, ძალინ ძვირია, მით უმეტეს, როცა სამი თაობა ერთად ცხოვრობს, ხარჯი დიდია. ოცნებობდა ოთახზე, სადაც მარტო იქნებოდა და დახატავდა იმას, რისი ხატვაც უნდოდა. ჩუმად ხატავდა. თავისთვის.მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ… ხატავდა და მერე ან ხევდა ან ასაჩუქრებდა. სახლში ნახატი არ უნდა ყოფილიყო. უსაქმურობის მტკიცებულება იქნებოდა. უსაქმურობისა და უსარგებლობის. ხანდახან სამსახურში მიჰქონდა და იქ ხატავდა. ღამით. როცა ავადმყოფებს ეძინათ. მზიამ იცოდა, რომ საფლავის ქვა ძვირია ამერიკაში და ზედ

სახელისა და გვარის ამოტვიფრვაც ხომ უფრო ძვირი. ესეც იცოდა. იცოდა თავისი ქმრის ამბავიც, დანაბარებს რომ არ შეუსრულებდა, ამიტომ ბოლოს უთხოვია – დამწვით და ისე გამაგზავნეთო…. არც ეს შეუსრულეს.

ოჯახმა კარგად იცოდა “რძლის ფუნქცია”, ქმარმა კარგად იცოდა “ცოლის ფუნქცია”, შვილებმა კარგად იცოდნენ “დედის ფუნქცია”, სამშობლომ კარგად იცოდა “ჭანჭიკის ფუნქცია”… ხმას არ იღებდა. სათქმელსაც თითქოს ჩურჩულით ამბობდა. დათრგუნული, სევდიანი და რაღაცნაირად … უკვე მკვდარი იყო. სიკვდილს ნატრობდა. ჰოდა, ეწვია კიდეც. ძალიან მალე. უფრო მალე, ვიდრე თავად ეგონა. მზიამ იცოდა: დედამიწის ზურგზე ვერავინ დაეხმარებოდა, საშველი არსაიდან იყო და თუ ეს იყო მისი “ქალური ბედნიერება”, ერჩივნასიცოცხლის ოდნავ გამგრძელებელი და ტკვივილის ოდნავ შემამსუბუქებელი წამლები სანაგვეში გადაეგდო, ვიდრე ასე გაეხანგრძლივებინა ის, რაც უკვე დიდი ხანი, ლამის იმ შორეული ბავშობიდან, მობეზრებული ჰქონდა და რომლის გემოც ვერასოდეს, ვერაფრით გაიგო და ვერასოდეს გაიგებს. სიცოცხლის…

***

სიყვარული

– არ ვიცოდი ნამდვილი სიყვარული რა იყო და არც ახლა ვიცი.– მიყვება მანანა. – არ ვიცი, ამ დროს რას გრძნობენ. სკოლაში პარალელური კლასიდან ერთი ბიჭი მომწონდა. მაშინ, მგონი, მეშვიდე კლასში ვიყავი. აი, იმას ჰგავდა, რა ჰქვია იმ ფილმს… ვაჰ, აღარ მახსოვს. ნუ, მოკლედ რა მნიშვნლეობა აქვს…. მგონი, მასაც მოვწონდი.

ჩემი მომავალი ქმარი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. მერე სკოლასთან სამჯერ დავინახე. სიტყვაც არ უთქვამს. მახსოვს წინა ღამეს ფიზიკა ვიმეცადინე, პარასკევობით ფიზიკა ბოლო გაკვეთილი იყო. გული მიგრძნობდა, რომ გამომიძახებდა… ეგრეც მოხდა. გამომიძახა. არ მიყვარდა ეგ საგანი, ამიტომ განსაკუთრებით ბეჯითად იმას ვსწავლობდი, რაც არ მიყვარდა. ხუთი მივიღე…. მაგრამ სულ სხვა რამ მაინტერესებდა – სპორტსმენობა მინდოდა. ჩოგბურთელობა.

“ფიზიკის” ხსენებაზე ჩემი “ბედნიერება” მახსენდებ და ამიტომ მოზრდილობისას კიდევ უფრო შემძულდა ეს კანონებსა და ციფრებზე აწყობილი საგანი. მახსოვს ბოლო გაკვეთილის მერე თქეში წვიმა წამოვიდა, სახლისკენ მოვრბოდი. არ შემინიშნავს ჩემი სახლის ასახვევთან შავი მანქანა რომ იდგა…. ერთი, რაც მახსოვს, მანქანაში რომ აღმოვჩნდი, რომელშიც მთელი ძალით მტენიდნენ და ვუძალიანდებოდი, ერთ ბიჭს ჩემს “პლისებიან იუბკაზე” ფეხი ისე გამოედო, რომ ქვედაწელი ჩამხადა. თავიდან ვერაფერი გავიგე რა ხდებოდა ჩემს თავს. ჯერ მეგონა, რომ ჩემი დახრჩობა, მოკვლა უნდოდათ, რადგანაც ერთმა კისერში წამავლო ხელი. “არ მომკლათ!”, “არაფერი დამიშავებია!” ხმამაღლა დამიყვირია. რატომღაც ხარხარი ატეხეს. როცა აზრზე მოვედი, გაბმული კივილი დავიწყე. მერე წინ მსხდომმა მითხრა – მე ვარ შენი ქმარიო. ნუ, მე ვარ კი არა, მე ვიქნებიო. ისევ ახარხარდნენ. ტყუილად ნუ გადაირევიო, ისტერიკები არ გინდა, აზრი არა აქვსო… გეფიცებით, ის ჩემი პარალელურ კლასელ ბიჭად მომეჩვენა. ალბათ, შიშისგან. ნეტავი ის ყოფილიყო… მისი სახელი დავუძახე… იმ ჩემი პარალელკლასელის… არაო, მე თამაზი კი არა, გეგა მქვიაო. რომ გავაცნობიერე, ვინც იყო, ანუ იმ ჩემი ნაცნობის ნაცნობი, დაბადების დღეზე ნანახი, ისევ მოვრთე საშინელი კივილი. ხმის სრულ ჩახლეჩამდე. ერთი–ორჯერ მთხოვეს გაჩერდი, რა გაყვირებსო, უკვე გათხოვილი ქალი ხარო….

და მართლაც, უცებ ენა ჩამივარდა. მინდა ვიკივლო, საშველად ვინმეს დავუძახო და ვერ ვკივი…წინ მსხდომებმა შემომხედეს და ისიც კი მკითხეს, რატომ გაჩერდიო… მერე ჩემმა “ქმარმა” დაამატა “ახლა კაი გოგო ხარ. ასე არ ჯობსო? ჩემი დამჯერე ცოლუკავო.”… ეს იყო 1994 წლის 15 აპრილი. აღდგომა მოდიოდა…

მესამე დღეს ამოვიდნენ ჩემები. უფრო სწორედ, მამიდა და ვიღაცეები. მოვიდა და მკითხა, თქვენს შორის მოხდა რამეო? რა რამე, აქედან წამიყვანეთ – მეთქი! “ის” თუ მოხდაო? მე ვუთხარი, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, მამიდა! ახლავე აქედან წამიყვანე – მეთქი! არა, მამაშენი გადარეულია, დედაშენი ცუდათაა, ტირისო. ისე, გავიკითხეთ, პატიოსანი ხალხის სახელი აქვს გეგას ოჯახს. კაი ხალხიაო. შენმა დედ–მამამ დამაბარა, სჯობს შეეგუოსო. ისევ შენთვისაა უკეთესი, შვილოო. შენმა ძმამაც ასე თქვაო. იმას რა ეკითხება, ჩემზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია – მეთქი, დავიყვირე. მამიდამ, ასე აჯობებსო. კვლავ გაიმეორა, მე ისედაც წართმეული ხმით ისევ ხავილი დამიწყია. მამიდაჩემს შეეშინდა, თვითონ დაუწყია “მიშველეთ”–ის ძახება… ეზოში გავვარდნილვარ, იმ მანქანაში მინდოდა ჩახტომა, რომლითაც მამიდა და ვიღაც უცნობ–ნაცნობები მოვიდნენ. ვიღაცეებმა გამაკავეს. მერე არაფერი მახსოვს.

მაინც არ წამიყვანა სახლში. დამტოვა. მიმატოვა. მერე ჩემს ქორწილში მითხრა: ისეთ გიჟს ჰგავდი, მეშინოდაო, ამ შენს ქმარს მართლა თავისი ხელით არ გამოეგდეო… მერეღა რას აპირებდი, ისედაც სახელგატეხილიო…

საწოლში უცხოებივით ვიწექით. ორი შვილი მყავს. ვერაფრით შევიყვარე ეს ჩემი ქმარი. შვილები უკვე მყვავდა, როცა დიდი სისულელე ჩავიდინე – თვითმკვლელობის მცდელობა. ერთხელ ვკითხე რატომ დამადგი თვალი, რა დაგიშავე, რატომ მაინც და მიანც მე, 12 წლით უმცროსი სკოლის მოსწავლე რად გინდოდი – მეთქი? პირდაპირ მითხრა, კაი ფეხები გაქვს, სხვა ბიჭებს მოსწონდიო და თანაც ამ ასაკში ქალიშვილი იქნებოდი და კაი ტიპი ჩანდიო… ცხვირის ფორმაც არ გქონდა სომხურად კეხიანი, ჰოდა, ეგეც მომეწონაო. კეხიანცხვირიან გოგოებს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, ჩემი თავი მეზარება ასეთი დიდი კეხითო, ცოლი ასეთი არ მინდოდა და არც შვილებიო. იმედია, შვილები შენ დაგემსგავსებაო. და, აბა, სიყვარულისთვის კიდე მეტი რაღა იყო საჭიროო… ცოლად მოგიყვანეო, მეტი რაღა გინდა ჩემგანო…მეტს ნუ მომთხოვო.

შვილების გამო არ გავშორდი. პირველი შვილი სამი წლის მერე შეგვეძინა. თითქოს ორივე ჯანმრთელები ვიყავით. მაგრამ, გულის სიღრმეში არც მინდოდა მისგან შვილი… თან მთელი ოჯახი ჩემს “ქალის დღეებს” საჯაროდ განიხილავდა და ვაი–ვაის იძახდა… როცა პირველი ვაჟი მეყოლა, სწავლა მინდა – მეთქი, ქმარს ვუთხარი და კაიო, დამთანხმდა. საექთნოზე ისწავლეო. არ მინდა, ფიზკულტურულზე მინდა, სპორტი მიყვარს – მეთქი. არაო. რაც გითხარი, იმაზე ისწავლიო. ეგ არ მინდა – მეთქი. სპორტზე ნული კლასიდან დავდიოდი, სპორტი მინდა – მეთქი. ქართული ენა ხომ გესმისო?– დამიღრიალა. დედაჩემიც ექთანია და ასე უფრო გიშოვის სამსახურსო. აბა, შენით რა სამსახურის მშოვნელი ხარო? და ვერც შენები ვერ გიპატრონებენო. არც ერთ შენს მშობელს უმაღლესი არა აქვს დამთავრებულიო. აი, ჩემები სულ უმაღლესდამთავრებულები არიანო.

დედაჩემი ადრე გათხოვდა და იმიტომ ვეღარ მოიცალა სამედიცინო ინსტიტუტისთვის, თორემ ისე ბევრ ექიმს სჯობსო. ექთანი სახლშიცა და სამეზობლოშიც გამოგვადგები. შვილებსაცა და შვილიშვილებსაცო. სპორტსმენი ცოლი კი რა გამოსადეგიაო… ჩოგნით ვის უნდა ემსახურო და ვის უნდა მოუაროო.

საექთნოც სულ ძალით დავამთავრე. ისევე მეზიზღებოდა მედდის საგნების სწავლა, როგორც – ფიზიკა. ამიტომ უფრო გამეტებით ვმეცადინეობდი. მერე სამსახური დედამთილმა მიშოვა და ბავშვთა პოლიკლინიკაში დავიწყე მუშაობა.

როგორც კი სამსახურში გავედი, ჩემმა ქმარმა სახლში წამლის ხარშვა დაიწყო. ხუთჯერ პოლიცია–მილიციაში აღმოვჩნდი… შეიძლება მეტჯერაც. ერთხელ მახსოვს, გზა საშინელად მოყინული იყო… მანქანაში ვისხედით ქმრის ძმაკაცებთან ერთად, მილიციამ გაგვაჩერა… დიდი ხანი გვმწყევსავდნენ თურმე….ჩემმა ქმარმა უცებ მომაწოდა რაღაც პატარა პარკი და გადაყლაპეო… რა უნდა გადამეყლაპა?! მეორეზე ფეხმძიმედ ვიყავი…. მილიცია მანქანის კარის გაღების საშუალებას არ გვაძლევდა…. მანქანაში კაცები პანიკაში ჩავარდნენ, იგინებოდნენ… საზამთრო გრძელი, ბევრნაკეცებიანი ნაქსოვი ქუდი მეხურა და უცებ არ მახსოვს რანაირად ის პატარა პარკი, ერთი ნაკეცის შიგნით ამოვდე… და,, როცა მანქანიდან ყველა გადმოგვყარეს, მერე მივხვდი მხოლოდ — ქუდი რომ შეემოწმებინათ, ციხეში მეც გამიშვებდნენ… ყველა გაჩხრიკეს, მათ შორის მეც. მხოლოდ ჩანთა გამიხსნეს და პალტოსა და კაბის ჯიბეები ამომიტრიალეს.

მუცელზე დამხედეს, მაგრამ არ შემხებიან. ძალიან ეჩქარებოდათ. ერთმა მილიციელმა ჩემი ქმრის ძმაკაცს რაღაც გადაულაპარაკა, ცოტა ხანს ისაუბრეს… მგონი, იცნობდნენ ერთმანეთს. გაგვიშვეს. აზრზე არა ვარ, იმ დღეს რამ გადამარჩინა. მანქანში რომ ჩავსხედით, ზუსტად ის დამემართა, რაც იმ დღეს, როცა მომიტაცა. ყვირილი, ტირილი მინდოდა. ვიკავებდი, მაგრამ ვერ შევიკავე.კივილი დავიწყე, მაგრამ ხავილიღა ამომხდა. ხმა არ მემორჩილებოდა. ქმარმა გინება დამიწყო, მაფურთხებდა, ძმაკაცებთან მარცხვენო მიყვიროდა. მანქანიდან ლამის წიხლით გადმომაგდო, დამტოვა სახლთან, ქუდი მომგლიჯა და სამი დღე დაიკარგა.

მერე დაიწყო ასე დაკარგვა–გადაკარგვები. ამასობაში ჩემს ძმასა და მის ცოლს ტყუპები შეეძინათ. პატარა სამოთახიანში ჩემს დედ–მამასა და მამიდასთან ჩემი ადგილი არ იყო. სად უნდა წავსულიყავი? ქუჩაში? იმოდენა ხელფასიც არ მქონდა, რომ ბინა ანდა ერთი ოთახი ცალკე მექირავებინა, მდგმურად მეცხოვრა მე რომ წამოვსულიყავი, ეს ისეთი გიჟი იყო, იმ უძრავი ქონებიდან თავის შვილებს არაფერს დაუტოვებდა და თან უკვე ძალიან მეშინოდა მისი… და არც იმის თავი და ძალა მქონდა, რომ გაყრის პროცესი წამომეწყო. შეჩვეული ჭირის ამბავი ხომ გაგიგიათ?….

ამერიკაში წამოვედი. უყოყმანოდ გამიშვა. ადრე სამსახურიდან დაგვიანებაზე ერთ ამბავს ტეხდა, ახლა იცოდა, რომ როგორც მინიმუმი, ათი წლით მაინც მივდიოდი. ფულს ვუგზავნიდი, მეგონა ყელაფრს შვილებს ახმარდა… მერე გავიგე, რომ საყვარელი ჰყავდა. ჩემი ფულით ორი მანქანა იყიდა და ორივე დაამტვრია…

ვეხვეწებოდი, ბავშვს ნუ დასვამ საჭესთან, ჯერ ადრეა – მეთქი. უფროსი ვაჟს მაინც მისცა გასღები და დამღუპა. დათვრა ჩემი უფროსი, ადამიანი გაიტანა. კიდევ კარგი, არ მოკლა… გავიყიდე ადვოკატებში და დაზარალებულის მკურნალობის ფულსაც, რასაკვირველია, მე ვიხდი… თავი მაქვს მოსაკლავი…

იმ დროს ნიუ ჯერსიში ღმრად მოხუცებულ ავადმყოფ, ალცჰეიმერიან ქალს ვუვლიდი. რომლის ვაჟი ჩემზე ოდნავ უფროსი იყო… ქვრივი იყო. სამ შვილს მარტო ზრდიდა. ცოლი ავტოავარიაში დაეღუპა. ჩემს გაჭირვებას ხედავდა… მოდი, ხელს მოგიწერ, მწვანე ბარათს მიიღებო. ჩემი ცოლი გახდიო… ჩემს ქმარსაც ვუთხარი, უნდა გაგეყარო – მეთქი. კი ბატონოო. სიამოვნებითო. ვიღაც ქალი ჩემი წასვლისთანავე მუდმივად ჰყავდა. შვილიც ჰყავს იმ ქალთან. ისე გამოდის, რომ მე მარჩენინებდა იმ ბავშვსაც. ეს ამერიკელი ქმარი კი მპირდებოდა, რომ ჩემს შვილებსაც მიხედავდა, დამეხმარებოდა. ჰოდა, მწვანე ბარათი მაქვს, მაგრამ მაინც ვერ მოვაგროვე ფული, რომ სახლში წავიდე, ის მაინც ვნახო, რაა ჩემი იქ, ჩემიანები მოვინახულო… ახლა მეთორმეტე წელია აქა ვარ. ქმრის შვილებს ვუვლი. ქმარს რთული ხასიათი აქვს. ეგეც ჩემი პირველი ქმარივით ეჭვიანია. მაგრამ ძალიან არა. სახლში ვზივარ. ორი შვილი მყავდა და ახლა ხუთი მყავს. ამ ჩემმა მეორე ქმარმა გამომიცხადა, რომ საერთო შვილი არ მინდაო. მაგრამ ჩემი ოთახი არა მაქვს. სტუმრად ვგრძნობ თავს. ჩემი დედამთილი ანუ ის, ვისაც ვუვლიდი, გარდაიცვალა, ახლა ჩემი ქმრის მამასაც ვუვლი, უფასოდ. ქმარს ვეუბნები, ჩემი შვილების ჩამოყვანა მინდა… ჯერ არა, დიდ სახლში ხომ გადავალთ მერეო, ჯერ მაგის დრო არ დამდგარა, ამდენი აქ ვერ დავეტევით, ჯერ ფული დავაგროვოთ, მოითმინეო. ვითმენ. კი, ვითმენ. მთელი ცხოვრება ვითმენ და ამასაც მოვითმენ. სხვა რა გზა მაქვს. სულ ასე არ ვითმენ? ცუდი კაცი არაა. არ მაგინებს. ხანდახან რესტორანში დავყავარ. ბევრს მუშაობს. არ ვიცი ჩემი შვილები როგორ აღიქვამენ, რომ მამინაცვალი ჰყავთ… ჯერ არ ვეუბნები. არადა უკვე დროა… ჩავალთ ერთად… და მაშინ გაიგებენ. ჰგონიათ, რომ უმუშევარი ვარ და იმიტომ ჩვეული ოდენობის ფულს ვერ ვაგზავნი. სამსახური მინდა ვნახო, ღამის საათების. დღისით ჩემს ამერიკულ ოჯახს მოვუვლი. ღამე ცოტა ფულს გავაკეთებ, რომ ჩემებს დავეხმარო, ჩემს ქართულ ოჯახს, მათთვის ვუმუშაო…

მწარედ მეცინება, როცა კითხვა “რაზე ოცნებობთ?” მესმის. მე ფულზე ვოცნებობ, ჩემს საკუთარ ფულსა და ჩემს პატარა ოთახზე, განა სახლზე. სადმე უკაცრიელ კუნძულზე, სადაც არავის გავახსენდები და არავინ გამახსენებს ჩემს წინა ცხოვრებას. არც ახლანდელს, არც მომავალს. თუნდაც დროებით.

***

თავისუფლება

– ჩემი თავი ჩემს ქმარს ჩემმა მულმა გააცნო. დამცინოდნენ – შენ რა გაგათხვებსო. 25 წელს გადაცილებულსო… მალე 30–ს მიუკაკუნებ და რაღა გეშველებაო… არც კი ვიცი, რატომ გავყევი. უბრალოდ, ვიცოდი, რომ უკვე გათხოვების დრო იყო. ყველანი დათხოვდნენ ჩემ გარშემო. ზოგი სიყვარულით, ზოგი – უსიყვარულოდ, ზოგი – იმიტომ, რომ მეზობელი ან თანაკურსელი დაოჯახდა. მათ დიდ ბედნიერებასა და სიხარულს ვერ ვამჩნევდი, მაგრამ კაცები ჰყავდათ, პატრონები იშოვეს. გავთხოვდი, რადგანაც ტვინი გამიბურღეს – შინაბერა ყველას დასაცინი და უნაყოფო ხეაო. პირველი კითხვა, სადაც კი მივდიოდი, ასეთი იყო:, როდის თხოვდები, ნინო, დროა, უკვე დროა, ცოდოები არიან შენი მშობლები, სადამდე უნდა გარჩინონო. არადა საიდან მოიტანეს, რომ მარჩენდნენ, მეც ხომ ვმუშაობდი?!

მეორე შეხვედრაზე ჩემმა “შეყვარებულმა” ნუგზარმა ასე მითხრა: მე სერიოზული კაცი ვარ, ჰოდა, ამხელა კაცს შენი კუდში დევნის თავი არა მაქვს. შემდეგ თვეში ქორწილი დავნიშნოთ. ნიშნობის გარეშეო. არც კი აუხსნია სიყვარული. გამიკვირდა… ოჯახშიც ისეთი სიტუაცია მქონდა, ჩემი ოთახი არ გამაჩნდა, ოროთახანში რვა სული ვცხოვრობდით… აქედან სამი მამაჩემის შორებელი ნათესავები იყვნენ-ვითომ დროებით შეკედლებულნი, არადა მგონი, სამუდამოდ აპირებდნენ ჩვენთან დარჩენას. მომავალმა მულმა მიამბო, როგორი სახლი ჰქონდა თავის ძმას… ვიფიქრე, ნუგზარს კერძო სახლი აქვს, ეზოიანი და იქ მაინც მოვისვენებ, სიყვარულს კი ,ალბათ, ქორწილის მერე ამიხსნის, მეც მას მერე შემიყვარდება –მეთქი. ასე მეგონა მაშინ. ჩემს მეგობრებს ეს არ მოეწონათ, მაგრამ მერე მითხრეს – რას დაეძებ.. შეეგუებით ერთმანეთს და განა არ იცი, რომ ოჯახში მთავარია კაცი ასატანი იყოს. სიყვარულს მაინც არ მოაქვს ბედნიერებაო…

კერძო სახლი ჰქონდათ, დიდი ეზოთი, ხეხილით, ბოსტნით, ღორებითა და ქათმებით… ღორებისთვის ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც პურ–პროდუქტეულობაში მუშაობდა, გაფუჭებულ–დაობებულ პურს დამპირდა… გამოდი და წაიღეო. ჰოდა, თაფლობის თვის მესამე კვირას პლასტმასის დიდ სათლებში ღორებისთვის ჩაწყობილი პურებით ქუჩაში ქმრის სახლში მივდივარ…. და უცებ ნუგზარმა, ჩემმა ქმარმა თავისი მანქანით დიდი სისწრაფით არ ჩამიქროლა?! სალონში თავისი ძმაკაცები და ვიღაც გოგონები დავინახე, მუსიკა ბოლომდე ჰქონდათ აწეული, რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ…. ვერც კი შემამჩნია.

ეს სათლები თავისი პურებით ძირს დამივარდა და კარგად ხანს გაშეშებული ვიდექი. დავუძახე კიდეც სახელი “ნუგო, ნუგო, ნუგო!”… არ გაიგონა. თუ ვერ გაიგონა… დღემდე არ ვიცი… იმ დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე, ვიყავი. რასაკვირველია, ვკითხე: ვერ შემამჩნიე –მეთქი?მიპასუხა: ქუჩაში ხალხის აქეთ–იქით თვალიერებას ხომ არ დავიწყებო, გზას ვუყურებდიო. თვლიდა, რომ ჩემი მოვალეობა იყო ამოდენა სახლისთვის მომევლო, ღორები – ქათმები მეზარდა; სტუმრები, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იმატებდა, დამეპურებინა; მემუშავა და შვილი გამეზარდა. სხვა არაფერი მოგეთხოვებაო. თავიდანვე ასე მითხრა. თავად კი არც ერთი წუთი არ უმუშავია. ხუთი დის ნაბოლარა ძმა იყო… ანებივრებდნენ. რაღაც სვირინგი გაიკეთა და საქმეებს არჩევდა. მასთან მოდიოდნენ, თუ რაიმე საქმე იყო გასარკვევი. სახლი ჩემთვის უცნობი ადამიანების სადგურად გადაიქცა, ვერასოდეს ვგებულობდი რა თემებზე საუბრობდნენ. შეიკრიბებოდნენ თუ არა, ქმარი მანიშნებდა, რომ ოთახიდან უნდა გავსულიყავი. ჭირის დღესავით მეზარებოდა იქ მისვლა…

ახალი ნამშობიარები ვიყავი, როცა ჩვენი სახლი, რომელზეც მე ასე ვოცნებობდი, ნარკომანებისა და ბირჟავიკების მუდმივმოქმედ “სხოდკას” დაემსგავსა… მანქანა დაამტვრია, ასე, რომ ღორებისთვის ისევ ფეხით მიმქონდა და მომქონდა საკვები.

ისევე, როგორც ადრე. თუმცა ის მანქანა მაინც არ იყო ჩემთვის. სამჯერ კლინიკური სიკვდილი ჰქონდა… გავწამდი, ოჯახი აუტანელ ტვირთად გადამექცა და ამას ჩემი შვილი ხედავდა. გავშორდი… ოფიციალურად. დიდად არც გაუპტოტესტებია. მაინც არაფერი ვიყავი მისთვის. და არც ის – ჩემთვის.

ცოტა ხნით მეგობართან გადავედი… ჩემებთან ადგილი არ იყო… ორ თვეში დედას უცებ პანკრესასის სიმსივნე აღმოაჩნდა. სახლში წამლებისა და მომაკვდავის სუნი დადგა. ექიმებმა ორი თვის სიცოცხლეც არ დაუტოევს. ამ დიაგნოზამდე დრო და დრო, როცა შეუძლოდ იყო, ექიმთან დადიოდა, მაგრამ ეგონათ გულის ბრალი იყო და გულის წამლებს უწერდენენ. ვერ გაიგეს, რეალურად რა აწუხებდა… იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა. ერთხელ დამიბარა და მითხრა: მე ვკვდები და შენი დარდი საფლავში მიმყვება. ცოდო ხარ უპატრონოდ. ამიტომ ისევ უნდა შეურიგდე ქმარს. ვკვდები და ეს თხოვნა უნდა შემისრულოო. განათხოვარი ქალი, თან ბავშვით, დაიჩაგრები, პატრონი მაინც გინდაო. დაიბარა ჩემი ყოფილი ქმარი და ჩვენი შერიგება – ერთად ცხოვრება გვთხოვა.

ანდერძი შევუსრულე. დედის ანდერძი იყო. დავბრუნდი იმ სახლში, სადაც ჩემი არაფერი არ იყო… უცხო ხალხი, წამლის ხარშვა, სმა, გინება… ძალიან გამიჭირდა ეკონომიკურად… ჯერ საბერძნეთში წავედი… შვილი დას დავუტოვე. იქ სრული ჯოჯოხეთი გავიარე… ოჯახში ვმუშაობდი. მონა ვიყავი რვასულიანი ოჯახისა, ტელეფონზე დალაპარაკების საშუალებაც კი არ მქონდა…. როგორც იქნა, ბერძნული საბუთები გავიკეთე და ამერიკაში წამოვედი… ამასობაში ჩემი ქმარი მოკვდა. ჩემმა შვილმა ცოლი ძალიან ადრე ითხოვა და ახლა მის ოჯახს ვარჩენ…

უკვე მესამე შვილიშვილი მყავს. მათაც ხომ უნდათ რჩენა. ჭამა,სმა, ექიმი, სწავლა, დასვენება. უკვე მეხუთე ამერიკელი მოხუცი დავასაფლავე. ჩემს ხელში დალიეს სული. ვმუშობ 24 საათი. დღე და ღამე… მაცვია “ჩემი ბებიების” ნაჩუქარი ტანსაცმელი… ოთახი არა მაქვს. მოკვდება ბებია, გადავბარგდები ერთ პატარა “სტუდიოში”, რომელიც ექვს ქართველ ქალს ერთად გვაქვს აღებული, რათა ფული დავზოგოთ… ასე ვსხედვართ საწოლებსა და ჩვენს ჩანთებზე… ზედმეტი რამის ყიდვისაც მეშინია, რადაგანაც ბარგი მომემატება. ვაგზავნი და ვაგზავნი თანხას. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველამ ერთბაშად დავკარგოთ სამსახური და ერთ ოთახში ჩამოვსხდეთ. ერთი აბაზანა– ტუალეტია. დავიხუთებით…. და არც ამდენი საწოლია…

2

***

სიკვდილი

საავადმყოფოში მოხვედრილ ნათიას უხაროდა, რომ მას ახლა, როგორც იქნა, ის ადგილი ჰქონდა, სადაც არავინ უთვლიდა შეჭმულ ვაშლებს, ოთახში ანთებულ სინათლეს, უნიტაზში ჩაშვებულ წყალს, არავინ აგინებდა და ნარკომანები და ლოთები არავის მოჰყავდა. აქ, მისი მეგობრები მოდიოდნენ. საძულველ სამსახურშიც წასავლელი არ იყო… დილის ხუთ საათზე ასადგომი და სხვა შტატში ზანტი ავტობუსით არ უნდა ემგზავრა და მისულიყო იქ, სადაც უკვე მასზე უკეთ მყოფებისთვის უნდა მოევლო. ავად იყო, მაგრამ არ იცოდა… ანდა იცოდა… და ქვეცნობიერად წასვლა უნდოდა. ოჯახში უკვე დიდი ხანია, რაც
ფულის მბეჭდავ მანქანად აღიქვამდნენ. მოტყდა, გახდა, მადა დაკარგა… ვეღარც იღიმოდა. ჩაქრა… ქმარმა მისი ამერიკაში წასვლისთანავე ლექსების წერა დაიწყო… შეუთვალა – წიგნი დამიფინანსეო. დაუფინანსა. მაგრამ ნათია ისე წავიდა ამქვეყნიდან, ის წიგნი თვალითაც არ უნახავს… შვილებმა აიჩემეს ცალ–ცალკე გვინდა ბინაო და ახლა იმათი ბინების შავი და თეთრი კარკასების–რემონტების ფულის შეგროვებას მიჰყო ხელი… მერე “ცენტრ–პოინტის” მიერ გადაგდებულთა სიაში აღმოჩნდა… მერე ოთხი წელი “ცენტრ–პოინტთან” ბრძოლაში დაქირავებული ადვოკატების ანაზღაურების გადახდას მოუნდა… იხსენებდა, რომ პირველად, რადგან ნათიამ ინგლისური არ იცოდა, აგენტმა ძალიან დაბალანაზღაურებად სამსახურში გაუშვა და თან “სერვისში” ორი კვირის სამუშაოს ფული მოსთხოვა. ნათიას კი დღესაც ერიდება იმის თქმისა, თუ სად ცხოვრობდა ორი წელი. საკუჭნაოში, უმზეო მიწურში, ყუთებში ჩალაგებულ ჩაქუჩებსა და ლურსმებთან ერთად… იმ სახლში ძაღლს გაცილებით უკეთესი საძილე პირობები ჰქონდა…

როგორც კი ის ავადმყოფი, რომელსაც უვლიდა, გარდაიცვალა, მოხუცის დამ ნათია ღამის პირველ საათზე თავისი ჩემოდნებით გარეთ გააგდო… ბარგის ნორმალურადჩალაგების საშუალებაც კი არ მისცა. ნათიამ თავისი ავლადიდება ნაგვის შავ პარკებში ჩაყარა. არ იცოდა, სად წასულიყო…გარშემო – ნიუ ჯერსის ტყე. ოთახი არ ჰქონდა… საოცრად ციოდა…… დეკემბერი იწურებოდა… შობა დგებოდა… კიდევ კარგი, ერთი ძალიან ძველი ნაცნობის ტელეფონი ჰქონდა… ის ქართველი სხვა შტატში მუშაობდა… და ვერაფრით დაეხმარებოდა… თუმცაღა ურჩია, რომ 911– ზე პოლიციაში დაერეკა და იქნებ ღამე პოლიციის განყოფილებაში გაეთენებინა. პოლიციამ ნათია ერთ იაფიან გზის სასტუმროში წაიყვანა… ნათია სიკვდილის წინ სწორედ იმ სასტუმროს იხსენებდა. საშუალო კომფორტის საგზაო “მოტელი” იყო. მაგრამ მაინც იხსენებდა, თუ როგორი ბედნიერი იყო იმ სითბოში, მზიან და შხაპიან ოთახში… და რომ სწორედ მაშინ იგრძნო, რომ არაფერი უნდა… რომ სწორედ ესაა ბედნიერება, როცა თბილად და მშვიდად ხარ: როცა ბალიშთან ნათურა დგას და ღამე არ გაღვიძებს ავადმყოფის სუნთქვა, რომლის ხვრინვას, ყვირილსა და ბოდვას სპეციალური “ბავშვის რადიოთი” “თავის ოთახში” ორი წლის განმავლობაში ყოველღამ ისმენდა… ბედნიერება ისაა, როცა არაფერი გინდა, ამბობდა ნათია…

ოთხი წლის შემდეგ ნათიამ ის ქმარი აშშ–ში ჩამოიყვანა… ის, ვისაც მთელი ცხოვრება ფიზიკურად და აზრობრივად გაურბოდა… ჩამოიყვანა (იგულისხმება ვიზის, მგზავორბისა და “სხვა” ხარჯების დაფარვა), რადგან ეგონა, რომ ამერიკა გამოასწორებდა. ისიც იქიდან ჰპირდებოდა… ოღონდ ჩამომიყვანე, ნახავ, როგორ შევიცვლებიო… კიდევ ერთი შანსი მომეციო, მაგრამ ნათია მალევე მიხვდა, რომ პირველ დიდ შეცდომას მეორე, უფრო დიდი შეცდომა დაამატა. ისევ ნარკომანია, ისევ “აგრესიული დერპესია”, რომლის გაგებაც და შემწყნარებლობაც თურმე “ნორმალური ცოლის” მოვალეობაში შედის; ისევ და ისევ ქართულ რესტორანში “ნისიად ჭამა” და მერე ცოლის ჯიბიდან გადასახდელი ხინკლების, საცივისა და ღვინო–კონიაკის საფასური… მერე კაცის თვეობით უმუშევრობა, “არარეალიზებისთვისა” და “სამყაროს უსამართლო მოწყობის” გამო ცოლზე ჯავრის ყრა, ძმაკაცების ძვირიან რესტორანში ვერდაპატიჟების უუნარობის გამოც. დაბალი ღობის პოვნის ასეთი აუტანელი სიმარტივე…..

ჰოდა, ერთხელაც ნათიას მობეზრდა ეს ყველაფერი და ერთ ისეთსავე წვიამიან და ცივ ღამეს, როგორიც 12 წლის წინათ ღამის პირველ საათზე იდგა, როცა მხარზე შავცელოფნებგადაკიდებული ქუჩაში გამოაგდეს, მიიცვალა. ღამე, ერთ მართლმადიდებლურ დღესასწაულს, როცა მის სამშობლოში ცეცხლისმფრქვევლი დრაკონის განგმირვას აღნიშნავდნენ და “კეთილმან სძლია ბოროტსას” და “ჯოს, ჯოს, ჯოს!” ხმამაღლა გაიძახოდნენ …

მედიკოსებმა სიკვდილი ღამის 11:28 –ზე დააფიქსირეს. ჩუმად, მშვიდად, მარტო მიიცვალა. იმ დროს, როცა მისი ქმარი ნათიას მიერ დაქირავებულ ბინაში ძმაკაცებთან ერთად გიორგობას აღნიშნავდა და, ალბათ, ტრადიციულად ქალის ხმამაღალი სადღეგრძელოს სმითაც იყო გართული; ნათიას მეგობარი ქალები კი, რომელთაც თავიანთი მკვდრები, მომაკვდავები, ცოცხლები და ჯერარდაბადებულები ჰყავთ, მისგან შორს იყვნენ, მუშაობდნენ, რათა თავინთი ფულისა და ოთახის “ამერიკული ოცნება” აეხდინათ; ნათიასგან შორს იყვნენ ისინი, ვინც მას ასე ჰგვანდნენ და იმ წუთებში ისევე შორს იყვნენ მათი სულგაცლილი ანარეკლისგან, როგორადაც ნათიასგან – საკუთარი ოთახის აუხდენელი ზმანება. ხუთი დღე მორგში ესვენა. იმ ნანატრი სასტუმრო ოთახისგან არც ისე შორს…

***

ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი თავის ესეიში “საკუთარი ოთახი” (1928) წერდა, რომ “ყოველ ქალს, თუ იგი აპირებს წეროს, უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი”. ვულფის აზრით, სწორედ ესაა ლიტერატურაში ქალების პრობლემა და ისიც, რომ XX საუკუნემდე ქალს არ ჰქონდა არც თავისი ფინანსები, არც განათლების მიღების საშუალება, არც “საკუთარი ოთახი”, სადაც თავისი შემოქმედებით დაკავდებოდა. ამიტომაც, როცა საუბარია მოვლენაზე “ქალი ლიტერატურაში” საუბარი უპირველესად უნდა მიმდინარეობდეს “კაცურ საზოგადოებაში” ქალის სოციალურ მდგომარეობაზე . “ჩვენს დედებს თავის დროზე ფულის კეთების დიდი ხელოვნება რომ შეესწავლათ და ეს ფული თავიანთი ქალიშვილებისთვის დაეტოვებინათ წოდებებითა თუ სტიპენდიებით, ისევე როგორც ამას მამები აკეთებდნენ თავიანთი ვაჟებისთვის, რომელიმე უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის საშუალებით ჩვენი მომავალი უფრო საიმედო და უღრუბლო იქნებოდა. ჩვენ გამოვიკვლევდით, დავწერდით, ვიბორიალებდით დედამიწის ძველ კუთხეებში, ჩამოვჯდებოდით პარფენონის ძირთან ანდა წავიდოდით სამსახურში ათისთვის და ლექსების დასაწერად ხუთის ნახევრაზე დავბრუნდებოდით… აქვს თუ არა ქალს სული? არიან ველურები, რომლებიც ამბობენ, რომ: არა. სხვები, პირიქით, ქალებს ლამის წმინდანებად თვლიან და ეთაყვანებიან მათ.

ზოგი ბრძენი აცხადებს, რომ ქალები კაცებზე უჭკუობი არიან, სხვები –პირიქით, მათი აზრით, ისინი უფრო სიღრმისეულნი არიან. გოეთე პატივს სცემდა მათ, მუსოლინის – ეზიზღებოდა.” – წერდა ვირჯინია ვულფი.

3

დამოუკიდებელი საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო ლიდერი, მაღალი ანდა სხვა რანგის ჩინოვნიკი, რომელიც რაიმე სახით თავის წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო სიტყვაში, თუნდაც ფორმალურად მზიას, მანანას, ნინოს, ნათიას მოიხსენიებდა… მით უმეტეს მათ საპროგრამო თუ რუტინულ სიტყვებში ვერასოდეს გაიგონებთ საუბარს იმ ადამიანებზე, რომელთა მუდმივ ჩრდილში ყოფნა ლავიაფანს ისევე აწყობს, როგორც ამ ჩრდილის მუდმივი სიბნელე– მზიას ქმარს. არადა ეს უჩინარები წელიწადში ქვეყნაში უცხოურ ბიზნესინვეტიციბზე ორჯერ– სამჯერ მეტ თანხას აგზავნიან.

დიდად არც მედია იწუხებს თავს იმ ადამიანების არსებობის შეხსენებით, რომლებსაც მასპინძელ სახლმწიფოთა საელჩოები გულუხვიად აძლევენ ვიზებს, მაგრამ თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ ღაირიბი ქვეყნის მოქალაქეები ყოველგვარი საემიგრაციო – იურიდიული სტატუსის თუ სხვა რამ საბუთის გარეშე მხოლოდ ბედს არიან მინდობილნი (ხშირად ტრეფიკინგის თუ შრომითი უფლებების უხეში დარღვევის მსხვერპლნი ხდებიან) და ამიტომაც არ არსებობს არც მათი იურიდიული, თუ სამოქალაქო უფლებების ადვოკატირების თუ იმ ყველა უფლება–თავისუფლების დაცვის სტანდარტის სრულფასოვნად კი არა, მინიმალურად აღსრულების შესაძლებლობა, რომლებსაც პიროვნებას მისი წარმოშობის ქვვეყნის, გაეროს თუ ევროსაბჭო–ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა ანდა ზოგადად ადამიანად დაბადების ფაქტი ანიჭებს. მით უფრო, რა მოსატანია ვირჯინია ვულფის “პრეტენზიები” – ოცნება საკუთარ ფულსა და საკუთარ ოთახზე. მარგინალები თავის ქვეყანაში, უცხოეთში კიდევ უფრო მარგინალიზირებულნი არიან თუნდაც იმის გამო, რომ მათ ხსენებაზე იმ ქვეყანაში, სადაც ისინი თანხას აგზავნიან (ეს თანხა სხვადასხვა მონაცემებით საშუალოდ წელიწადში ერთ მილიარდს შეადგენს) ტაბუა დადებული და ისინი მხოლოდ საზღვარგარეთიდან საქართველოს ბანკებში ჩარიცხულ ფულად გზავნილებში არსებობენ; მედია კი მხოლოდ მაშინ საუბრობს უცხოეთში მყოფ ქართველებზე თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართველი კრიმინალი ანდა კრიმინალური დაჯგუფება მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს და ეს ამბავი უცხოური მედიის “ჰედლაინებში” მოხვდება.

რეალური სურათი ასეთია: ქალთა ხატები ხელოვნებაში, პოპკულტურასა და პოპმედიაში გვაქვს; გვაქვს ამ ხატებთან დაკავშირებული კვლავ წარმოებული სტერეოტიპები, თუმცა სინამდვილეში კი ქალი ისტორიიდან, ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური, შესაბამისად პოლიტიკური ნარატივიდან ამოშლილია და ამგვარი “ამოშლა” უპირველესად, ემიგრანტ ქალებს ეხებათ. საქართველოში ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის თემის გააქტუალურება 2014 წელს 24 ქალის მკვლელობით იყო განპირობებული და ეს, ერთი შეხედვით, ბუნებრივია, რადგანაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ძალიან მძიმე დანაშაულია, რომელიც “ცხოვრებისეულ “რეალითი შოუს” მეტ სასპენსსა და ადრენალინს სძენს. მეორე მხრივ, რეალური პრობლემა ისაა, რომ ის, ვინც წლების განმავლობაში ქალის სექსისტურ იმიჯებს წარმატებით ტირაჟირებს და ახლაც ამით არის დაკავებული,
(მაგალითად, გადაცემა “პროფილი”), აბსურდის თეატრის კანონის შესაბამისად ხანდახან ცრემლმორეული მოკლულ ქალებზე საჯაროდ ტირის; გაიძახის “მე ფემინისტი არა ვარ, მაგრამ…” და “ბაზარ–კონიუნქტურის დამრეგულირებელი” თუ “ხალხის დაკვეთის” დაკმაყოფილების აუცილებლობის უნივერსალური მოსაზრებით სწორედ რომ მას სთავაზობენ საქართველოში ანტიძალადობრივსპექტაკლ–პროექტში “სასიკვდილოდ დაჭრილი ქალების” მონაწილეობას და ერთ–ერთი მოკლული ქალის ისტორიის მოთხრობას.

ასევე არავის გამოუკვლევია, თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი ოჯახში ძალადობის ციკლის და თუნდაც ლეტალური გამოსავლით დასრულების შემთხვევების მინიმალიზაცია, თუ ქალებს ექნებოდათ იმის ეკონომიკური “ფუფუნება”, რომ “ოჯახის უფროსზე” ფსიქიკურ–ფსიქოლოგური დამოკიდებულების დაძლევის გარდა, ფინანსური ამოუკიდებლობისთვისაც მიეღწიათ თავიანთი ღირსეული შემოსავლისა და უძრავი ქონების ფლობის უფლების ჩათვლით. ეს უკანასაკნელი ქალის უფლებების უმნიშვნელოვანესი მდგენელია და ამის ყოველდღიური დაჟინებით აღნიშვნა სწორედ ღვთისმშობლის წილხვედრ, წმინდა ნინოთი, თამარ მეფითა და ფრაზით “ლეკვი ლომისა სწორია” მოამაყე ქვეყანაშია საჭირო. იმიტომ, რომ, როგორც წესი, საქართველოში უძრავი ქონება, სახლი, ბინა–აგარაკი ანდა ავტომანქანა ვაჟის საკუთრებად ითვლება და ფორმდება. მშობლების მხრიდან შვილების მიმართ ამგვარი არათანაბარი, წმინდა წყლის პატრიარქალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება მიჩნეულია ერთგვარ “ქართულ ძირძველ ტრადიციად”, “კონვენციურ” დაუწერელ კანონად, რომელიც, ფაქტობრივად, “მეორე სქესს” შესაბამისი გადაწყვეტილების (მაგალითად, მოძალადისგან განშორების) მიღებისას აბრკოლებს და “ოჯახის დანგრევით” (რომელსაც, ფაქტობრივად,ისედაც დანგრეულია) ანამუსებს. თუ დავუმატებთ იმ ფაქტობრივ-სტატისტიკურ მოცემულობასაც, რომ ერთი და იმავე განათლებისა და, ასე ვთქვთ, სოციალური მდგომარეობის მქონე ქალს ნაკლები შანსი აქვს მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, ვიდრე ასეთივე სასტარტო რესურსის კაცს, ეკონომიკური დისკრიმინაციის რეალური სურათი კიდევ უფრო ცხადი ხდება. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასები–სახელფასო დანამატები თუ პრემიები სრულიად აცდენილია ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ფონს, რაც ბიუჯეტს აცარიელებს და კიდევ უფრო მეტად იწვევს მოწყვლადი ფენების რეპრესირებასა და ეკონომიკურად გაჭირვებულ მიგრანტთა რიცხვის ზრდას, რომელთა უდიდეს ნაწილს სწორედ ქალები შეადგენენ. ეკონომიკურად შეძლებულ ქვეყნებში და არა მარტო იქ “ქალის მისიაზე” (როგორც წესი, ისინი იაფ და იოლ მუშახელს წარმოადგენენ) მოთხოვნა კი განპირობებულია ე.წ. ქალის ფუნქციისა და ადამიანის/ავადმყოფის სამედიცინო თუ ყოველდღიური მოვლის/ზრუნვის ინსტიტუტის მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციული ერთიანობით.

ქალები, რომლებიც უცხოეთში დაბალ/არაკვალიფიციურ სამუშაოზე მუშაობენ და, ბუნებრივია, დეპრესირებულები, ტრავმირებულები თვითრეალიზაციის პრობლემას მუდმივად აწყდებიან, გლობალიზაციისა და ადამიანის უფლებების დეკლარირებული პრიორიტეტობის ერაშიც კი “კლოზეტიდან” ვერასოდეს გამოვლენ და ერთგვარი “ქამინგ აუთის” მცდელობაც არა აქვთ, რადგანაცარასოლიდარულ, არაემპათიურ, ძალადობრივ, “დაჯგუფებებ–სასტავების” რეიტინგ–ინტერესებით მყვირალა საზოგადოებაში თანასწორობის, სამართლიანობის თემაზე სერიოზული, საქმეზე, პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული საუბარი – ქმედება და თანაგრძნობის მოპოვება იმთავითვე შეუძლებელია. შეუძლებელია მსმენელი იპოვო იქ, სადაც ჰუმანიზმი, მგრძნობელობა დაუშრეტელი ცინიზმისა და იგნორირების საგანია. ხოლო თავად მსხვერპლი და მისი მხარე სისუსტის, ქრონიკული გაწბილებისა თუ ბრუტალური კულტურული კოდების სიმყარის გამო არსებულ ჯოჯოხეთს ეგუება და ურჩევნია ვირჯინია ვულფის პალტოს ჯიბეებში ქვები ჩაიწყოს, ვიდრე იმ ბრძოლის ველზე გამოვიდეს, რომელზეც გამარჯვებულნი დიდი ხანია ცნობილნი არიან.

ზესტაფონში 19 წლის სალომე ჯორბენაძის ყოფილი ქმრის, უბნის ინსპექტორის მიერ ჩადენილი მკვლელობა სახელმწიფოს უმოქმედობისა და არაკომპეტენტურობის ბრალიცაა (მოკლულმა პოლიციასა და პროკურატურას დაცვის თხოვნით არაერთხელ მიმართა), თუმცა შვილის სიკვდილის მერე მისმა მამამ მედიით განაცხადა, რომ იგი არ აპირებს უჩივლოს სახელმწიფოს, რადგანაც “შეცდომები ყოველთვის იქნება”, ხოლო პრობლემის გადაწყვეტა იმაში დაინახა, რომ პოლიციელებმა ქუჩაში, დასაფლავებაზე და ქორწილებში იარაღი არ უნდა ატარონ… თითქოს მანამდე მის შვილზე დღიდან მისი “გაბედნიერებისა” უტაბელოიარაღიანი ძალადობა არ ხორციელდებოდა. ქალიშვილის მკვლელობა მისივე მშობელმა “სახელმწიფო შეცდომების” ნუსხაში გაატარა და, როგორც თავად ამბობს, სალომეს მკვლელობა ახალგაზრდა სახელმწიფოს, როგორც მოქალაქემ იმ იმედით აპატია, რომ მისი შვილის სიკვდილი სამაგალითო გაკვეთილი გახდებოდა. თუმცა მალევე “ილიაუნში” ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ქალი, რომელსაც ყოფილი ქმრისგან დაცვის მოთხოვნით სამართლადამცავებისათვის არაერთხელ მიუმართავს.

2009 წელს სახელმწიფო ჩინოვნიკები და “მიგრაციის საერთაშორიო ორგანიზაცია” თბილისში გამართულ დიდ კონფერენციაზე შეიკრიბნენ და “თავიანთ სადარდებელზე” ბევრი ისაუბრეს. კერძოდ კი, განსახილველი თემა გახლდათ” მიგრანტთა ფულადი გზავნილები, ახალი გზებისა და საშუალებების გამოცდა რეგიონების ღარიბი მოსახლეობის მიერ ფულადი გზავნილების ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობის მიზნით‘‘. საუბარი “საკუთარ ოთახს”, ბუნებრივია, არ შეხებია, არამედ “საერთაშორისო ფულადი გზავნილების განხორციელებაში მობილური ტელეფონების გამოყენებისა და საქართველოში მანამდე არარსებული ანალოგიური სატრანსფერო სისტემის შექმნის პერსპექტივებს”. ლოკალურმა და საერთაშორისო ექსპერტებმა განაცხადეს, რომ “მობილური ტელეფონებით “ბანკინგი” არალეგალურად მცხოვრებ თანამემამულეებს წაახალისებს თანხების შეუფერხებლად გადმოგზავნაში და სოფლად მცხოვრებ პირებს საშუალებას მისცემს, მობილური ტელეფონების გამოყენებით მათ სახელზე გამოგზავნილი ფულადი სახსრები აიღონ”. ერთ–ერთმა სოლიდურმა ქართულმა ბანკმა კი თავის “პრომოში” დიდი ხნით უცხოეთში გადახვეწილი დედისგან შვილისთვის გამოგზავნილი ფულადი გადარიცხვების სწორედ მათი ბანკით განხორციელების უპირატესობაზე ისაუბრა, გამგზავნის “სამუდამო ჩრდილში” ყოფნის საკითხისადმი ყოველგვარი ეთიკური სენტიმენტების გარეშე.

თავის ესეიში “საკუთარი ოთახი” ვირჯინია ვულფი შექსპირის დის გამოგონილ ამბავს გვიყვება, რომელიც არანაკლებ ნიჭიერი იყო, ვიდრე მისი ძმა, მაგრამ იგი ზუსტად ისევე გახლდათ შეურაცხყოფილი და “წაშლილი”, როგორც ქართველი მიგრანტები ნინო და ნათია.” საუკუნეების განმავლობაში ქალებს ჯადოსნური და ყალბი სარკის როლი ჰქონდათ: მათში არეკლილი კაცის ფიგურა ნატურალურ სიდიდეზე ორჯერ მეტი იყო”… ვულფი თავის თანამედროვე ქალებს მოუწოდებდა არ დაკმაყოფილებულიყვნენ “საერთო ოთახში საკუთარი კუთხით” და “ეცხოვრათ თავიანთ ოთახებში, განევითარებინათ თავიანთი აზრების ღიად გამოხატვის ჩვევა და, ბოლოს და ბოლოს ეღიარებინათ ის ფაქტი, რომ დასაყრდენი არ არსებობს და ჩვენ მარტო მივდივართ”…

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ