კახა იმნაძე, გაეროს გენერალურ ასამბლეა. ია მერკვილაძის ფოტო

კახა იმნაძე: რუსეთისთვის მიუღებელია, რომ ბევრი ქვეყანა დევნილთა არსებობის მიზეზით ინტერესდება

გაეროს 69–ე გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, როცა კენჭისყრაზე საქართველოსთვის უაღრესად აქტუალური რეზოლუცია “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და დევნილების მდგომარეობის შესახებ” (A/69/L.69) გაჰქონდათ, გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა კახა იმნაძემ  აღნიშნა “დევნილთა დაბრუნების რეზოლუციის” მიღების მნიშვნელობა, მხარდამჭერთა მზარდი ტენდენცია, საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავინთი სახლებიდან განდევნეს.

ხაზი გაუსვა რეზოლუციის არსს, როგორც საერთაშორისო ინსტრუმენტს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზებისთვის, მის წმინდა ჰუმანიტარულ ასპექტს, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური სპეკულაციებისგან. “საოკუპაციო ხაზის გასწვრივ  მავთულხლართებისა და ღობეების ფართომასშტაბიანი  აღმართვა ინტენსიურად გრძელდება და უკვე 60 კილომეტრს გადააჭარბა. ეს ხელოვნური ბარიერები ყოფს ოჯახებსა და თემს, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე და ადამიანებს ურთიერთობის საშუალებას არ აძლევს.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობას იმის უფლებაც არა აქვს, რომ რელიგიური დღესასწაულების დროს თავიანთი ახლობლების საფლავები მოინახულონ. მაშინ, როცა არსებობს რაღაც პროგრესი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაში, კვლავ  ხდება არაერთი ტრაგიკული შემთხვევა, როცა ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, გზად საავადმყოფოსკენ იღუპებიან, რადგანაც შეუძლებელია საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა. ჩვენი მხრიდან, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ უფასო სამედიცინო, ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა სახის მომსახურეობას იმათთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები არაა დაშვებული. შარშან ოკუპირებულ ტერიტორიებზე  გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი და სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებებსა და იძულებით ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებით, არ დაუშვეს. წელს კი გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის თემაზე,  ასევე, არ  დაუშვეს. ჩვენ ამ რეზოლუციას ყოველ წელს პოლიტიკის გვერდის ავლით წარვადგენთ და ექსკლუზიურად აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ პრობლემის ჰუმანიტარულ განზომილებაზე,” – თქვა გაეროში საქართველოს  ელჩმა.

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა იმავე სხდომაზე სხვა ქვეყნების მიერ ოფიციალურად გაცხადებულ პოზიციასთან სრულ დისონანსსა და საკუთარი სახლებიდან გამოგდებულ საქართველოს მოქალაქეებზე “ზრუნვით” შემდეგი განაცხადა:

“იძულებით ადგილნაცვალი პირების დასაბრუნებლად უსაფრთხოება საკვანძო მნიშვნელობის საკითხია. საქართველოს ჯიუტი პოზიცია არ დადოს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება აფხაზურ და სამხრეთოსურ მხარესთან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე არ ქმნის იმ პირობების ჩამოყალიბების საშუალებას, რომლის დროსაც შესაძლებელია დევნილების უსაფრთხო დაბრუნება. 2008 წლის კონფლიქტი სწორედ თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა იერიშმა გამოიწვია. ამის ფონზე  ქართული მხრის მოწოდება ჟენევის დისკუსიის მონაწილეეებისადმი მშვიდობის  დამყარების ძალისხმევის აქტივიზირებისთვის და ნდობის უფრო ეფექტიანი ზომების გასამტკიცებლად არაგულწრფელია” და ა.შ. მან დაამატა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარემ განაცხადა, რომ მათ ჟენევის ფორმატში დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება მანამ არ უნდათ, სანამ საქართველო გაეროში ამ  ჰუმანიტარული თემის პოლიტიზებას არ შეწყვეტს. “ჩვენთვის ცხადია, რომ ამ თემის განხილვა ნიუ იორკში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარის მონაწილეობის გარეშე უაზრობაა”, – დასძინა რუსმა დიპლომატმა და გაეროში სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ამ რეზოლუციის ჩაგდებისკენ მოუწოდა. 

გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა, ასევე “გუამის” სხვა ქვეყნების (აზერბაიჯანი, მოლდოვა) სახელით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დევნილთა დაბრუნებას მხარი დაუჭირა და ხაზი გაუსვა მისსავე ქვეყანაში გაჩაღებული ომის შედეგად 1,2 მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირის არსებობის პრობლემას. ლიტვის წარმომადგენელმა, რომელმაც ისაუბრა ბალტიისპირეთის, სკანდინავიის ქვეყნებისა და პოლონეთის წარმომადგენლობის სახელით, ხაზგასმით დააფიქსირა ამ სახელმწიფოთა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის. ასევე ცალსახა იყო მხარდაჭერა გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და სიერა-ლეონეს წარმომადგენლების მხრიდან. კენჭისყრის შედეგებით 75 ქვეყანა მომხრე გახლდათ, 16 – წინააღმდეგი, ხოლო 78–მა თავი შეიკავა. შარშანდელთან შედარებით მომხრეთა რაოდენობამ ექვსი ქვეყნით მოიმატა, თუმცა წინა წელთან  შედარებით ორი მომხრე (ბურუნდი და მალდივები) გამოგვაკლდა, ხოლო ავსტრიამ, რომელიც ტრადიციულად ევროკავშირის ქვეყნების რიცხვში ამ რეზოლუციის მუდმივი მხარდამჭერია, ტექნიკური შეცდომის გამო ხმა ვერ მოგვცა. 

კენჭისყრის შემდეგ ბრაზილიის წარმომადგენელმა განმარტა, თუ რატომ შეიკავა თავი – დევნილების დაბრუნება ერთმანეთთან თანამშრომლობის სულისკვეთებით უნდა ხდებოდესო; ურუგვაის წარმომადგენელმა თავი შეიკავა და მოგვიწოდა, რომ ჟენევის პროცესში უფრო მეტ პროგრესს მივაღწიოთ; ისრაელის წარმომადგენელმა კი, რომელმაც კენჭისყრისას ასევე თავი შეიკავა, დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სტრატეგია და დაამატა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. წელს მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეზობლის, სტრატეგიული პარტნიორისა და ნატოს წევრი ქვეყნის – თურქეთის მხარდაჭერა. ტრადიციულად მხარს არ გვიჭერს ბელორუსი, სომხეთი, კონგო, ზიმბაბვე, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, სირია, ვიეტნამი, მიანმარი… ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ საქართველოს მუდმივ წამომადგენელს გაეროში, კახა იმნაძეს:

ბოლო  წლების განმავლობაში  გაეროში დევნილთა დაბრუნების  რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის დინამიკას როგორ შეაფასებდით? 

ბოლო რვა წლის განმავლობაში მხარდაჭერა იზდება და ეს მზარდი დინამიკა, რასაკვირველია, ძალიან კარგია. 2008 წელს მხოლოდ 14 ქვეყანამ მისცა ხმა გაეროს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, რეზოლუცია, როგორც ასეთი, არაა თვითმიზანი, არამედ იგი არის ნაწილი იმ აქტივობისა, რომელსაც საქართველო დიპლომატიურ ფრონტზე ახორციელებს. გაეროში ეს გახლავთ რეზოლუცია, ევროკავშირში – ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება და მესამე – მუშაობა ნატოს მიმართულებით, რაც ერთობლივად გულისხმობს იმ სამყაროში ინტეგრაციას, რასაც  დასავლეთის ღირებულებები ჰქვია. გაეროს ეს რეზოლუციაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თავისთავად მნიშვნელოვანია ის, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ქვეყანა იგებს და ითავისებს იმას, რომ სიმართლე საქართველოს მხარესაა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში რამდენიმე ქვეყნის ჩვენს გვერდით ყოფნა: ევროკავშირი საქართველოს უპირობო მხარდამჭერია და ამას ემატება ისეთი ჩვენი პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები, როგორიც არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია. 

ჩვენს მხარეზეა მექსიკაც, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ძალიან მკაფიოდ დგას საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. მექსიკის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ  შარშან მივიღეთ და იგი წელსაც განმეორდა, მეტად მნიშვნელოვანია. იგივე შეიძლება ითქვას საუდის არაბეთზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეა და მან წელსაც მხარი დაგვიჭირა. წელს პირველად მხარი დაგვიჭირა თურქეთმა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია.

აქამდე რატომ – არა?

ძალიან რთული თემაა. ვერ ვიტყვით, რომ ამ საკითხში არ ვხედავთ პოლიტიკურ სარჩულს, თუმცა პლატონს აქვს ნათქვამი, რომ თუ აზრი გაგიჩნდა, ეს უკვე პოლიტიკააო.

მხარდამჭერთა არსებობა–არარსებობის საკითხი მრავალწახნაგოვანი თემაა. თურქეთი რეზოლუციის მხარდაჭერიდან ყოველთვის თავს იკავებდა, თუმცა მათი მხრიდან მუდმივად იყო ცალსახა განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილების დაბრუნების მხარდაჭერისა. ამავე დროს მათ სწორედ წელს გადაწყვიტეს, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნების მხარდაჭერაც, რომელთა პოლიტიკა საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დგას და ისინი, ისევე როგორც საქართველო, ხვდებიან, რომ ერთადერთი, რამაც პატარა სახელმწიფო შეიძლება დაიცვას, ეს არის პრინციპებისა და, მოდი ასე ვთქვათ, თამაშის იმ წესების დაცვა, რომელზეც საერთაშორისო თანამეგორობა შეთანხმდა.

სხვა საკითხია, რომ არსებობს რუსეთი, რომელიც არაფრად დაგიდევს ამ წესებს და თამაშის მსვლელობის დროს წესებს ცვლის. მაგრამ დემოკრატიული თანამეგობრობა და სახელმწიფო ზოგადად გარკვეული წესების დაცვით ფუნქციონირებს და თუ ჩვენ გვინდა ამ თანამეგობრობის წევრები ვიყოთ, ეს წესები უნდა ვაღიაროთ და ამ წესებით ვიცხოვროთ.

როგორ მუშაობთ იმათთან, ვინც კენჭისყრისგან თავს იკავებს? მაგალითად, ასამბლეაზე თურქმენეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი ე.წ. პოზიტიური ნეიტრალიტეტის პოზიციას იკავებს…

თურქმენეთის წარმომადგენელმა კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა და იგი ზოგადად ასეთი ტიპის კენჭისყრებში არც მონაწილეობს. ეს არის ნეიტრალური სახელმწიფო. მე გამიჭირდება სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ უნდა აღინიშნოს: გარდა იმისა, რომ ჩვენ გვყავს ამდენი მხარდამჭერი და ეს მხარდაჭერა იზრდება, არიან ქვეყნები, რომლებმაც კენჭისყრისას მხარს არ გვიჭეერენ, თავს იკავებენ, მაგრამ არის მხოლოდ და მხოლოდ ოთხი სახელმწიფო, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ პრინციპის გამო არიან – ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ესენია რუსეთი და რუსეთის გამო – ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენს რეზოლუციას მხარს არ უჭერენ, ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. ძნელია ამის თქმა, მაგრამ სადღაც მათი გვესმის, რადგანაც მათ აქვთ თავიანთი საპრობლემო არე, რომელზეც რუსეთს გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ ეტაპზე ასეც უნდა იმოქმედონ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.

ტაბლოზე უღილაკო, მხოლოდ ვერბალური მხარდაჭერა არ აისახება.

პატარა ქვეყნები პრინციპებზე ვდგავართ, ამდაგვარად დიდი ზეწოლისთვის გაგვიძლია. ამით ჩვენმა სახელმწიფომ შეიძლება მხოლოდ იამაყოს, რადგან ამას ხანდახან დიდი ქვეყნებიც ვერ ახერხებენ.

თუმცა რუსეთმა გაეროში საქართველოს  წევრობიდან მოყოლებული,  ასე ვთქვათ, იურიდიულად მაშინდელ საზღვრებში ჩვენი სუვერენიტეტი თავად აღიარა. ეს მისი მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯი იყო, მაგრამ როცა საქმე ეხება დევნილების დაბრუნების  უფლებას, საკითხის დევალვაციისთვის იგი იმ არგუმენტს იყენებს, რომ საქართველო ამ საკითხის პოლიტიზირებას ახდენს. 

წლების მანძილზე რუსეთის არგუმენტი არ იცვლება. რუსეთი ჩვენ გვადანაშაულებს დევნილთა თემის პოლიტიზებაში,  არადა, ის, რომ საქართველოს წარმომადგენლობა გაეროში ვსხედვართ, ესეც პოლიტიკაა. ზოგადად, აბსოლუტურად ყველაფერს შეიძლება პოლიტიკური ყური გამოებას, სარჩული დაედოს. მაგრამ თუ რეზოლუციის ტექსტს გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ იქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის ჰუმანიტარულ ასპექტებზე. რუსეთი წინააღმდეგია იმისა, რომ ეს რეზოლუცია საერთოდ არსებობდეს; ეს ფაქტი მისთვის სრულიად მიუღებელია. რუსეთისთვის მიუღებელია ისიც, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო ინტერესდება დევნილთა არსებობის მიზეზით, ადამიანები ლოგიკურ დასკვნებს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გაჩნდა საქართველოში ამდენი იძულებით გადაადგილებული პირი. ყველაფერი მიდის სსრკ–ის დაშლის მტკივნეულ პერიოდამდე, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. რუსეთი არის არა მხოლოდ სსრკ–ის მემკვიდრე სახელმწიფო, არამედ მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა სსრკ–ის აღდგენაზე ოცნებობს. ამიტომაც თავად ფაქტი რეზოლუციის არსებობისა რუსეთისთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ არსად იქ კონკრეტულად რუსეთზე საუბარი არაა. მაგრამ ხალხი ქართველი დევნილების ისტორიით ისედაც ინტერესდება და უკვე იცის, თუ საიდან გაჩდნენ ისინი.

ტექსტში რუსეთის ფედერაცია არაა დასახელებული. რატომ?

გაეროს ენას თავისი სპეციფიკა და “სლენგი” აქვს. არსებობს დიპლომატიური ენა და ამ დიპლომატიურ ენაში არსებობს გაეროს ენაც. რეზოლუციას ძალიან მკაფიო არაპოლიტიკური გზავნილი აქვს და ვინაიდან ჩვენ არ ვახდენთ თემის პოლიტიზებას, ამიტომ სხვა სახელმწიფოებმაც  საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიტანეს. გაერთიანებული სამეფოსა და სიერა ლეონეს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს რეზოლუცია ჰუმანიტარულ საკითხებს ეყრდნობა და ხაზი გაუსვეს იმას, რაზეც საუბრობს გაეროს გენმდივანი, რომ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება პოლიტიკური საკითხების მოგვარებისგან დამოუკიდებლად უნდა ხდებოდეს.

ქონების რესტიტუცია, დაკარგული სახლების უკან დაბრუნება სწორედ პოლიტიკაა, რადგანაც საკუთარი მიწა–წყლიდან გამოგდებული ადამიანების დაბრუნება არჩევნებში მონაწილეობასა და შესაბამისად, პოლიტიკური მდგენელის გაჩენას მოიაზრებს. 

შეიძლება ვთქვათ, რომ გაეროში ყველაფერი პოლიტიკაა, მაგრამ რეზოლუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა პოლიტიკური, თუ იქ საუბარი იქნებოდა დეოკუპაციაზე, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე, საზღვრების ურღვევობასა და უსაფრთხოებაზე. მაგალითად, უკრაინის რეზოლუცია, რომელიც  ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით მიიღეს, ეს იყო პოლიტიკური სახის რეზოლუცია. დიახ, გაეროში რაც ხდება, პოლიტიკის გამო ხდება და იგი რეალურად პოლიტიკური ორგანიზაციაა, მაგრამ არა კლუბი, თეატრი ანდა პოლიტიკური შოუს დადგმის ადგილი. როგორც იდეალისტი, მე თქვენ გეთამხმებით, მაგრამ დიპლომატიას თავისი ისტორია და ენა აქვს.

რუსეთმა გადადგა პოლიტიკური ნაბიჯი, როცა  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკედებლობა აღიარა, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ “სთეითმენთში” ქარაგმის გაკეთების  უფლება  მაინც არა გაქვს?  დევნილებად ეს ადამიანები ომმა აქცია. სხვათაშორის, ლიტვის წარმომადგენელმა ეს ახსენა კიდეც.

ჩვენ ვახსენეთ, თუ როგორ უშლის ეს ხელს ჰუმანიტრული უფლებების განხორციელებას. ომიც პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა მეთოდებით. გაეროში არსებობს განვითარების დღის წესრიგი, რომელშიც უამრავ თემაზე მიდის საუბარი, მაგალითად, მდგრად განვითარებაზე. მაგალითად, არსებობს ასეთი ცნება – საკვები პროდუქტების მდგრადი განვითარება. ეს, ერთი შეხედვით, პოლიტიკაა. მდგრად განვითარებაზე მსჯელობისას ტერიტორიულ მთლიანობაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ამ საკითხის განხილვისას რამდენიმე ქვეყანას ერთმანეთთან შეიძლება ჰქონდეს დავა, არადა, ეს თემები ერთმანეთისგან გამიჯნულია. სანამ კონფლიქტის მოგვარება მოხდება, მანამდე უნდა მიეცეს ადამიანებს უკან, სახლში დაბრუნების საშუალება და მხოლოდ ამის შემდგომ ხალხმა რეფერენდუმით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თვითგამორკვევა  ნიშნავს იმას, როცა ერი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას თავად იღებს. ამოსავალი წერტილი კი არის ადამიანური განზომილება და არა პოლიტიკა, გეოპოლიტიკური საკითხი, ომი და სხვისი ტერიტორიის წართმევა. 

რუსეთის სახელმწიფოს მეთაური თვლის, რომ სსრკ–ის დაშლა იყო კატასტროფა, გეოპოლიტიკური ტრაგედია. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ინტერნეტის ეპოქაში ადამიანი შეიძლება იჯდე ნიუ იორკში, მაგრამ მუშაობდე სინგაპურულ კომპანიაში და შენი ხელფასი სამხრეთ აფრიკაში ირიცხებოდეს. როცა საზღვრები გამჭვირვალეა და უფრო მეტი ქვეყანა თავისუფალ მიმოსავლასა და თავისუფალ ვაჭრობაზე საუბრობს, ამ დროს ტერიტორიის მატება არ უნდა იყოს შენი იდეა ფიქსი. აი, ეს უკვე არის პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს იმაზე, რაც ამ პოლიტიკის მიღმა დგას. ეს პოლიტიკა დღეს შეიცვლება თუ არა, ამას ჩვენ წინასწარ ვერ გავთვლით, მაგრამ თუკი ყველა გაეროს წევრი სახელმწიფო, მათ შორის, რუსეთი, აღიარებს იმას, რომ არსებობს ფუძემდებლური, ძირითადი პრინციპები და უფლებები დევნილებთან და იძულებით ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებით, იგი ამით გაეროს ფუნდამენტურ პრინციპის ამღიარებელიც გახდება.

რუსეთი რაიმე პრინციპს რომ ეყრდნობოდეს, იგი ომსაც არ გააჩაღებდა და არ დაიწყებდა ქვეყნების შანტაჟს ჰუმანიტარული სახის რეზოლუციის ჩაგდებისთვის.

ძნელია ვთქვათ, თუ რა მოხდა ამ ორ ჩვენს მხარდამჭერ ქვეყანაში, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ. მხარდამჭერი ქვეყნის მხრიდან პოზიციის შეცვლა, როცა საკითხი ეხება სწორედ პრინციპებს, რომლებსაც გაეროს წასდება იზიარებს, ასე უბრალოდ და უცებ არ ხდება ხოლმე.

ამ რეზოლუციას არაღიარების პოლიტიკისთვის რა მნიშვნელობა აქვს?

როცა მსოფლიო თანამეგობრობა ხედავს, რომ შენ მართალ პრინციპზე დგახარ, რა თქმა უნდა, ეს არააღიარების პოლიტიკის გატარებასაც ეხმარება. ამავე დროს აღიარებასაც უნდა ჰქონდეს გარკვეული ლოგიკა. თუ დაიწყო თვითმიზნის რეგიონალიზაცია – აღიარებათა რიგის განხორციელება, გამოდის, რომ ყველა უბანი დამოუკიდებელი გახდება. კაცობრიობის განვითარებაში იყო ისეთი პერიოდები, როცა არსებობდა ქალაქ–სახელმწიფოები, მაგრამ დღევანდელი ეკონომიკა და გლობალიზაციის ის ტემპები, არა თუ ქალაქ–სახელმწიფოებს იდეურად თუ ფილოსოფიურად ვერ შეითავსებს, არამედ პირიქით. რეგიონალური ზე/სუპერ სახელმწიფოებიც გაერთიანებებისკენ ილტვიან და ამის მაგალითია – ევროკავშირი.

ევრაზიული კავშირიც.

თუნდაც. ევრაზიული კავშირიც მიმდინარეობაა. რაც შეეხება იმ ორ სახელმწიფოს, რომლებმაც მომხრეებიდან მოწინააღმდეგეებში გადაინაცვლეს, ცხადია, რომ მათზე რუსეთმა ზეწოლა განახორციელა. ამას “საბანკო ჩეკის დიპლომატიასაც” უწოდებენ და ამაზე აზიური პრესაც წერდა. ერთი მხრივ, რუსეთი აღირებს სეპარატისტულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაგრამ პარალელურად მათთან დებს ისეთ ხელშეკრულებებს, რომელიც, ფაქტობრივად, მათ ანექსიას ნიშნავს. თუ  მან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, ყირიმი პირდაპირ შეიერთა და ყველაფრს ამას იგი ერთი ქარგით აკეთებს: პასპორტიზაციით, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის ეგიდით და  “საიდანღაც” რუსი სამხედროების გაჩენით. შედეგად რუსეთმა უკრაინაში გუშინ დაარსებული ორი “სახელმწიფო” შექმნა, რომელსაც ისეთ ტექნიკას უგზავნის, რომლის გამოყენება ადგილზე არ იციან და ნაცვლად სამხედრო თვითმფრინავებისა, სამოქალაქო თვითმფრინავებს აგდებენ. ეს ტრაგედია იმპერიული აზროვნების შედეგია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.

ომამდე საქართველოს საკითხი უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში იდგა, საქართველოში გაეროს დამკვირვებლების მისია მუშაობდა, მაგრამ რუსეთმა უშიშროების საბჭოში ეს საკითხი დაბლოკა. ვინაიდან რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, მას ყოველთვის შეუძლია საკითხის დაბლოკვა ისე, რომ  იგი არცაა ვალდებული, რომ დაბლოკვის მოტივი ახსნას. უშიშროების საბჭოზე გატანილი უკრაინის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციამ ასევე დაბლოკა. არადა, უშიშროების საბჭო სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების დღის წესრიგი  და არსებული პრობლემები განიხილოს, მაგრამ რუსეთმა, როგორც სჩვევია, იგი ჩააგდო. მაგრამ სამაგიეროდ საკითხმა გენერალურ ასამბლეაზე გადაინაცვლა და სადაც ყველა  ქვეყანა თანასწორია და რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით (საუბარია ყირიმის ანექსიის მიუღებლობზე) ასმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა. ყველა აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ  ბევრმა სახელმწიფომ მაშინაც ვერ გაბედა რუსეთის წნეხის გამო უკრაინისთვის მხარის დაჭერა. 

კახა იმნაძე, გაეროს გენერალურ ასამბლეა. ია მერკვილაძის ფოტო

კახა იმნაძე, გაეროს გენერალურ ასამბლეა. ია მერკვილაძის ფოტო

ანუ ასი ქვეყანა უკარინას უჭერს მხარს და ჩვენი დევნილების დაბრუნებას – 75. ყირიმის ანექსია პოლიტიკური საკითხია და მხარი მეტმა დაუჭირა, დევნილების დაბრუნება არაა პოლიტიკური და ამიტომ ნაკლები უჭერს?

გენასამბლეაზე ჩვენ რომ გაგვქონდეს რეზოლუცია, რომელშიც საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე იქნებოდა, მეტი მხარდამჭერის არსებობას არ გამოვრიცხავ. საქმე იმაშია, რომ ყველა რეზოლუციას იმ პერიოდში მსოფლიო მოვლენებიდან გამომდინარე თავისი დინამიკა აქვს. სამწუხაროდ, მსოფლიო გაეროს წესდების პრინციპებით არ ცხოვრობს. ასე რომ იყოს,  ამდენი სისხლიანი კონფლიქტიც არ იქნებოდა. ჩვენი თვალსაწიერი ჩევნი რეგიონიდან, იმ სამყაროდან გამომდინარეა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სხვაგან სხვა საკითხებია აქტუალური, მაგალითად, კლიმატის ცვლილება. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვა 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანმების ფარგლებში ჟენევაში მიმდინაროებს და რუსეთ–საქართველოს დისკუსიაში  სამი სტრუქტურა მონაწილეობს, ანუ სამი თანათავმჯდომარეა – გაერო, ევროკავშირი და ეუთო. გაეროს მხრიდან ამ დისკუსიაში ჟენევაში წარდგენილია გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ფინელი ანტი ტურუნენი და მისი ოფისი. 

როგორი სიხშირით შეიძლება წარადგინოს ქვეყანამ რეზოლუცია, რატომ იყო იგი პირველი მხოლოდ 2008 წელს და  გარდა ამ რეზოლუციისა გაეროში საქართველოს საკითხი რა კონტექსტში განიხილება?

ქვეყანამ რეზოლუცია შეიძლება წარადგინოს ერთჯერადად და ყოველწლიურადაც. ზოგჯერ არის რაღაც პირველი, “დევნილების დაბრუნების რეზოლუციის” გატანა 2008–ში აგვისტოს ომამდე მოხდა. მანამდე კი არსებობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია, ამ მიმართულებით მიმდნარეობდა მუშაობა, იყო გარკვეული პროგრესი, იმედებიც…  საქართველო გაეროს დღის წესრიგშია და განიხილება თემა “სიტუაცია საქართველოში”. 

კენჭისყრაზე საქართველოს ანექსიის საკითხის შემცველი რეზოლუცია დამდგარა?

არ ყოფილა. უკრაინის შემთხვევაში პირდაპირ ანექსიას ჰქონდა ადგილი.

საქართველოს ნაწილიც პირდაპირ ანექსირებულია.

რასაკვირველია, რუსეთი ანექსიას ახორციელებს, ამაზე გაეროში საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს გარკვეული წესები საერთაშორისო  ურთიერთობებში. ჩვენ რომ ვქვათ,  რომ რუსეთმა პირდაპირი ანექსია მოახდინა, რუსეთი იტყვის რომ, არა.. იგი ამბობს, რომ მან ეს ქვეყნების სცნო და მათთან ხელშეკრულება დადო. მაგრამ ამავე დროს გავიმეორებ, რომ უზარმაზარი ნაწილი გაეროს წევრი ქვეყნებისა (გარდა ოთხი სახელმწიფოსი) ამბობს, რომ რუსეთის ქმედება არასწორია, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლინობას აღიარებენ და არ სცნობენ რუსეთის ფედერაციის მიერ ნაღიარებ წარმონაქმნებს. ასეთი ვითარებაა გაეროში და ამიტომაც გვაქვს რეზოლუცია  საქართველოში არსებულ დევნილებთან და იძულებით ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებით, რაც იმასაც გულისმობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ირიბად აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე. ნიუ იორკი. აშშ