ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

გოგონა, სახელად ნინო, სვინგის ქუჩაზე

გოგონა, სახელად ნინო, სვინგის ქუჩაზე

ნიუ იორკის მანჰეტენის ორმოცდამეთორმეტე ქუჩას “სვინგის ქუჩას” უწოდებენ, რადგანაც იქ ჯაზ კლუბების გრძელი წყებაა განლაგებული, ხოლო მის ლეგენდარულობას თუნდაც ის ქმნის, რომ ამ ტერიტორიას ბილი ჰოლიდეი, ელა ფიცჯერალდი, თელონიუს მონკი, მაილს დეივისი, ფატს უალერი, დიზი გილესპი, ლუის პრიმა სტუმრობდნენ, ჩარლი პარკერი კი აქაურ სცენაზე ლამის ყოველ საღამოს უკრავდა.

ასეთი ტრადიციის მქონე ერთ-ერთი ადგილი კლუბი Bonafide-ია, რომელიც კამერუნელი ემიგრანტი მუსიკოსის, რიჩარდ ბონას საკუთრებაა და რომელიც მან მუსიკოსების მხარდასაჭერად 2015 წელს  შეიქმნა.

სწორედ ამ კლუბში ერთ საღამოს მუსიკის მოყვარულების წინაშე ქართველი მომღერალი ნინო არობელიძე ბენდთან სახელწოდებით Girl Named Nino (გოგონა, სახელად ნინო) ერთად წარსდგა. მომღერალი თავის მუსიკას ახასიათებს, როგორც  მსოფლიო რიტმებში და ურბანულ ესთეტიკაში გაჯერებულ ინდი სოულისა და ჯაზის ფიუჟანს. კონცერტი გაიხსნა მისი Meet Me at The Blue Note–ით (შემხვდი “ცისფერ ნოტში”), რომელიც არობელიძის ალბომის – “გოგონა სახელად ნინო” – პირველი კომპოზიციაა, ბოლო ნომრად კი  ენერგიული “ახალი გოგონა”  შესრულდა.

ჩიკაგოელი ბენდი “სვინგის ქუჩას” დიუკ ელინგტონის გერეშე არ გამოემშვიდობა, ჰოდა, შესრულდა კიდეც დიუკის “ქარავანი”. იყო აგრეთვე რუსული რომანსი “შავი თვალები”, რომელიც “ჯაზ მანუშის”, ფრანგული ჯაზ-ესთეტიკით –  ბოშური ინტონაციებით შესრულდა და მას ქართული სტროფები დაერთო; ქართული “სანთელივით დავდნების” ჩიკაგოური ბლიუზის ლაივ რე-ინტერპრეტაციამაც გაიჟღერა. რაც შეეხება ალბომის სახელწოდებას, ავტორი ამბობს, რომ  “ნინო” მხოლოდ საქართველოშია ქალის სახელი“ „რომელსაც, ასე ვთქვათ, კაბადოკიური ეტიმოლოგია აქვს. უცხოელებისთვის კი ეს სახელი  ქალთან არაა ასოცირებული, ჰოდა, ვიფიქრე, რომ ეს ნიუნსი საინტერესო იქნებოდა“ – ამბობს ნინო.

ნინო არობელიძე

ნინო არობელიძე

შარშან ივნისში “ჩიკაგოს სამუსიკო აკადემიაში” გამართულ ნინო არობელიძის ერთ – ერთ კონცერტს ესწრებოდა ჩიკაგოს რადიოს The Jazz Supreme Show–ს წამყვანი ვაუნ უილსონი, რომელიც მას მერე ნინოსა და მის ბენდს რადიოში ხშირად იწვევს. “ნინო რობელიძე. დაიმახსოვრეთ ეს სახელი!” – წამოუძახია მას ერთ-ერთი გადაცემისას.

“ნინო არობელიძე – სასწაულია” – ეს სიტყვები ბლუზის მუსიკოსსა და მწერალს ენდი უილისს  ეკუთვნის.

“მის თითოეულ  სიმღერაში თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ ჯაზის საფუძველი, რომელიც გრილი და ნატიფი პერკუსიის მიღმა მოგზაურობს”  – ეს სიტყვები კი ჩიკაგოს გაზეთ The Chronicle–ის არტკრიტიკოსს ეკუთვნის.

თბილისელი ნინო ამერიკაში თოთხმეტი წლისა აღმოჩნდა, ჩიკაგოდან სამოცდაათი კილომეტრის მოშორებით მდებარე გარეუბანში. დედა, რომელიც ბიო-ქიმიკოსი და მიკრო-ბიოლოგია, როზალინ ფრანკლინის სახელობის უნივერსიტეტში სამუშაოდ მიიწვიეს და ამიტომ მთელი ოჯახი საცხოვრებლად ილინოისში გადავიდა. ნინო ამბობს, რომ პირველი წელიწადი მისთვის ურთულესი იყო. უცხო ენა და ახალი გარემო ბავშვისთვის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. სიმღერა ნინომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. მღეროდა სკოლის გუნდში. ახლა ჩიკაგოში  თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ნინოს მეუღლე, პაბლო გორდი მუსიკოსი, პროდიუსერი და მწერალია. მათი მეგობრობა 2012  წელს სწორედ მუსიკალური თანამშრომლობით დაიწყო.

„მუსიკის სახით სულიერი თავშესაფარი ვიპოვე,“ – მიყვება ნინო, „სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ჯაზი და ჯაზის ზეგავლენით დაწერილი როკი და ფოლკი. უზომოდ შემიყვარდა უნიკალური ხმები: ბილი ჰოლიდეი, ბეტი კარტერი, ნინა სიმონი, ჯეფ ბაკლი, ბიორკი, ტომ ვეიტსი, სეზარია ივორა, ჯიმი სკოტი, ჯოუნი მიტჩელი და ანი დიფრანკო … მუსიკა ჩემს გულშია, თუმცა არ ვიცოდი როგორ გავმხდარიყავი მუსიკოსი. საქართველოდან  ის წარმოდგენები წამომყვა, თუ როგორი უნდა იყოს მუსიკოსი, მომღერალი, ბენდ–ლიდერი და ხელოვანი შოუ ბიზნესში.  “მუსიკოსის” იმიჯი მოცული იყო იმ კულტურული “იზმ”-ების ნისლით, რომელიც ხელოვანის როლსა და ფუნქციას სრულიად ზღუდავს. დამოუკიდებელი ხელოვანის როლის შინაარსი მხოლოდ დროთა განმავლობაში აღვიქვი და მივხვდი, რომ ჩემი მუსიკალური რეალობა შესაძლებელი იყო სრულიად ჩემებური ყოფილიყო თუ ამას მიზნად დავისახავდი. თბილისში ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი მარჯანიშვილის თეატრის შესასვლელი იყო, რადგანაც იქ ყოველთვის საინტერესო და სიახლეს მოწყურებული სახეების დანახვა შემეძლო. თეატრი ერთგვარი ტრანსფორმაციის პორტალივით აღვიქვი. ბავშვობიდანვე სცენასთან განსაკუთრებული რომანი მქონდა. უბრალოდ არ ვიცოდი როგორი სახით მოხდებოდა ამ სენტიმენტების კულტივაცია, ჰოდა, მხოლოდ ამერიკაში მივხვდი, თუ რისი გაკეთება მინდოდა. ამავე დროს გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყველაფერს იუმორით უნდა შეხედო და ცხოვრება უფრო  ადვილად აღსაქმელი გახდება.

ფორმალური განათლება კლასიკური ვოკალის მიმართულებით მივიღე. დავამთავრე  ჩიკაგოს DePaul University Music School -ის საოპერო ფაკულტეტი. სწორედ მაშინ, 2009 – ში  ჩამოვაყალიბე ჩემი პირველი ჯგუფი The CrossRoads Project, 2010 – ში ჩემი პირველი ალბომი –  “უცნაური ნახარში”  გამოვიდა; 2016-ის აპრილში კი ჩემი  მორიგი, მეოთხე ალბომი “გოგონა სახელად ნინო”, დამოუკიდებელი სამუსიკო სტუდიოს Ni Fu Ni Fa Record- ის ლეიბლით. 

თქვენ ემიგრაციას სერიოზულ გამოცდას უწოდებთ…

ეს თვითშემეცნების მართლაც სერიოზული გამოცდა იყო. სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანი თავისი ხალხის ერთგვარი კულტურული ელჩი ხდება. გათვითცნობიერებული უნდა გქონდეს ვინ ხარ, ვინ არიან შენი წინაპრები, გონება და გული საით მიგიწევს. ჩემი აზრით, ემიგრანტი ადამიანი მრავალრაკურსიანი მსოფლმხედველობის პატრონი უნდა იყოს, თუმცა ამგვარი რამ ძალიან იშვიათად მხვდება. ემიგრაციაში მყოფ ადამიანს ახალ გარემოცვაში ასიმილიაცია უნდა უნდოდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა შეძლოს პიროვნული და სწორედ მისთვის სახასიათო ელემენტების შენარჩუნება. ემიგრაცია ევოლუციაა. ბევრი ემიგრანტისთვისთვის ემიგრაცია ურთულესი პიროვნული გამოცდა გახდა.

როგორ აღმოჩნდით “სვინგის ქუჩაზე”?

ამ კლუბს, როგორც მუსიკოსების აქტიურად მხარდამჭერ ადგილს, ყურადღება დაარსებისთანავე მივაქციე. კლუბს ჩემი მენეჯერის საშუალებით დავუკავშირდი და მოპატიჟებაც მალე მივიღე. Club Bonafide ისეთი ტიპის ჯაზკლუბია, სადაც  ჩემი მუსიკის ოპტიმალურად  აღქმა შეიძლება. მყუდრო ინტერიერი, მსოფლიო კლასის ხმოვანება და პროფესიონალი შემადგენლობა იდეალურ პირობებს მიქმნიდა იმისთვის, რომ მსმენელს ჩვენი  მუსიკა დინამიურად და ნიუანსებით აღსავსედ აღექვა.

საბედნიეროდ, ჩვენმა კონცერტმა, სადაც მე ვმღეროდი, ვუკრავდი აკუსტიკურ გიტარასა და ფორტეპიანოზე (პაბლო გორდი –  ელეკტროგიტარა, სასცენო  ეფექტები) სრული ანშლაგით ჩაიარა. პროგრამა კონცენტრირებული იყო ჩემს ბოლო ალბომის გარშემო და აგრეთვე მოიცავდა წინა სამი ალბომიდან  მუსიკასაც და ჯაზ-ფოლკლორულ სტანდარტებსაც.

ნინო არობელიძე

ნინო არობელიძე

15 ოქტომბერს ისევ ვესტუმრებით ნიუ იორკს, კვლავაც Club Bonafide-ში კონცერტით, ამჯერად ან დუო ან ტრიოს შემადგენლობით და ახალი პროგრამით. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ  მუსიკალურ სამყაროში ჩემი წვლილი გულწრფელი, ეფექტურად გადმოცემული და ემოციურად უნივერსალური იყოს. იმისთვის, რომ ეს ოპტიმალურად მოხდეს, გარეგნული მხარე უნდა იყოს გამორჩეული და შთამბეჭდავი, თუნდაც უბრალო განათების გამოყენებით ან კარგად გააზრებული პლასტიკითა და შემსრულებელთა სამოსით. ჩემთვის  ყველაზე მთავარი მუსიკის ეფექტური წარდგენაა.

საქართველოში საგასტროლო ტურს ხომ არ გეგმავთ?

ჩემი ოცნებაა ვიყო მაქსიმალურად დამოუკიდებელი, მუსიკალური შემოქმედებითი ცხოვრება გავაგრძელო და ჩემი შესაძლებლობები განვავითარო. ჩემი გეგმაა, რომ ბენდი ევროპაში ჩავიყვანო, ახალი ტერიტორიები ავითვისო და ჩემი მუსიკა გავაცნო ახალ მსმენელს, როგორც  აშშ-ში, ასევე მის საზღვრების გარეთ.  ვოცნებობ იმაზე, რომ თბილისი და საქართველო ხშირად დაემატოს ჩემს საკონცერტო განრიგს; მინდა, რომ გასაზიარებელი და შთამაგონებელი ჩემს შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში არ ილეოდეს; რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩემთან იყოს…