კახა იმნაძე

საქართველო გაეროში – ინტერვიუ კახა იმნაძესთან

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიები მიიწურა და დასრულდა  ქართული მისიის მიერ ორგანიზებული ე.წ. პარალელური ღონისძიებების ბოლო შეხვედრაც.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის შემდეგ გაერთიანებული ერების ტრიბუნა დაეთმო ნიუ იორკში ბაზირებული ქართული კომპანია “მალატის” წარმომადგენელ ანი ფურცელაძეს, რომელმაც საქართველოსა და ავსტრალიის ახალგაზრდა დელეგატების მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში “ახალგაზრდა მეწარმეები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის” მიიღო მონაწილეობა.

გაეროში მიმდინარე ცვლილებებზე, საქართველოს წარმომადგენლობის ბოლოდროინდელი საქმიანობისა და სხვა საკითხებზე გაეროს ინფორმაციის კომიტეტის თავჯმდომარეს,  გაეროში საქართველოს ელჩს კახა იმნაძეს ვესაუბრე.

ბატონო კახა, გაეროში პრემიერის გამოსვლას რომ დავუბრუნდეთ,  თქვენ მის სიტყვას როგორ შეაფასებდით?  პირადად მე მან ბრეჟნევის საუბარი მომაგონა.

ვფიქრობ, რომ პრემიერს ძალიან კარგი, თემატური გამოსვლა ჰქონდა. გაეროს როგორც გასული, ასევე მიმდინარე წელი და შემდგომი წლებიც, ფაქტობრივად, არის და იქნება კონცენტრირებული მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე (2030 წლამდე) და, ბუნებრივია, შემდგომი თხუთმეტწლიანი გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს  არაა უბრალო სიტყვები. როცა  ადამიანს ესმის სიტყვა “გაერო”, მას მაშინვე მსოფლიოს  სხვადასხვა კუთხეში არსებული გადაუწყვეტელი კონფლიქტები წარმოუდგება და, აქედან გამომდინარე, ცხადია, – უსაფრთხოების პრობლემატიკაც. გაეროს საქმიანობის დიდი ნაწილი განვითარებაზეა ორიენტირებული და მიზნების განხორციელება ვერ მიიღწევა იმ პრობლემების დაძლევის გარეშე, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, კლიმატის ცვლილებებსა და ადამიანის უფლებებს, ადამიანის ყოფას უკავშირდება. თუ ადამიანმა ეს უკეთესად ვერ შეძლო, კონფლიქტების რაოდენობა პოტენციურად გაიზრდება.  სხვა საკითხია ის, რომ თავისთავად კონფლიქტი განვითარებას ხელს უშლის და ძნელია თქვა, რაა უფრო მნიშვნელოვანი.

პრემიერი თავის სიტყვაში შეეხო საქართველოსთან მიმართებაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგს, ეროვნული გეგმის შესრულების თვალსაზრისით იმ მიზნებს, რომელიც მდგრადი განვითარების გეგმაში ჩამოყალიბდა. ყველა ქვეყანამ  განხილვების დროს ამაში თავისი წვლილი შეიტანა. მაგრამ მას მერე, რაც მიღებულ იქნა ზოგადი მიმართულება, თითოეულმა ქვეყანამ თავისთვის უნდა განსაზღვროს გეგმის ჩვიდმეტი პუნქტიდან რაა მისთვის მთავარი და რითი დაიწყებს იგი მის რეალიზებას. ქვეყანა ერთბაშად ყველა მიზანს ვერ მიაღწევს, ამიტომ უნდა განისაზღვროს ეროვნული პრიორიტეტი,  რის გაკეთებას ვაპირებთ და პრემიერის გამოსვლაც ამ საკითხებზე იყო კონცენტრირებული. მიღწევები, მართლაც არის, მაგალითად,  ჯანდაცვის სფეროში,  C ჰეპატიტის  პროგრამასთან დაკავშირებით.

ეს პროგრამა აშშ–ის დამსახურებაა.

რასაკვირველია, ამ პროექტის განხორციელებაში აშშ – ის უზარმაზარი როლი მიუძღვის, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ჩვენი  ქვეყნის  სურვილი და მზაობა, პროგრამა  ვერ იმუშავებდა. ცხადია, მუშაობა ამერიკის მხარესთანაც   იყო საჭირო.

პრემიერმა თქვა, რომ  საყოვლთაო ჯანდაცვის პროგრამა მუშაობს და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ისიც ვიცით, რომ სიმსივნით დაავადებული ადამიანის მკურნალობა ოჯახს სახლის გაყიდვად უჯდება. მისი სიტყვა რეალობას იყო მოწყვეტილი.

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ პრემიერის სიტყვები რეალობას არ შეესაბამებოდა. ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამუშავდა, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ სიმსივნის მკურნალობა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროგრამაა. მოდით ასე ვთქვათ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ბევრ სახელმწიფოს არა აქვს. საქართველომ კი იმას მიაღწია, რომ  იგი  ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მე არა ვარ კომპეტენტური პირი, რომ ჯანდაცვის საკითხებზე ვისაუბრო, თუმცა რასაც ჩემი გადასახედიდან ვხედავ, ცხადია ეს მიღწევები არსებობს.

ფორმალურად არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ მომსახურეობის ხარისხი დაბალია და ადამიანები მკურნალობას საზღვარგარეთ  ცდილობენ.

საქართველოში არსებობს ეს პროგრამა, ბევრი სარგებლობს კიდეც  და, სხვათა შორის, ერთ – ერთი ღონისძიება, რომელიც  საქართველომ გაეროში პარალელური ღონისძიების სახით UN Women – თან ერთად  ჩაატარა, ეხებოდა ინოვაციურ დაფინანსებას, “სოლიდარობის ფონდის”  გამოცდილებიდან გამომდინარე. “სოლიდარობის ფონდის” საშუალებით დახმარება ბევრმა მიიღო და მის გარეშე ბევრს გაუჭირდებოდა. ერთი თვალის დახამხამებაში საქართველოში ვერ შექმნი ჯანდაცვის ისეთ სისტემას, როგორიც  აშშ–შია.

ამერიკის ზოგ ქალაქში და, რამდენადაც ვიცი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ჯანდაცვა და ბევრი ადამიანი მკურნალობის მიზნით სწორედ იქ ჩადის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული შესაძლებლობების მქონე თირკმლის ან გულის კლინიკებია. პრემიერმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სერიოზული წინგადადგმული  ნაბიჯია.  ეს მდგრადი განვითარების სისტემაში სრულად ჯდება  და ცხადია დახვეწასა და განვითარებას მოითხოვს.

მან თქვა, რომ საქართველოში ყველა თანასწორია, რომ ეკონომიკური  ზრდა შესამჩნევია, არადა ხალხი საქართველოდან სწორედ ეკონომიკური პრობლემების გამო გარბის. თუ აშშ–ის საელჩო ვიზას არ აძლევს, მექსიკიდან ან ფლორიდიდან შემოდიან, მაგალითად, რეზინის ნავებით. ეკონომიკურ სიდუხჭირეს გაურბიან და ასევე ბევრი აშშ–ში შემოსვლისთანავე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

არ მსმენია, რომ ამერიკაში ქართველები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ. არა მაქვს ეს ინფორმაცია და არ ვიცი არაფერი იმის შესახებ, რომ აქ  პოლიტიკურ თავშესაფარს მასობრივად ითხოვენ.

ცხადია, თქვენ ამას ვერ გაიგებთ, რადგანაც მასპინძელი ქვეყანა ამ ინფორმაციას იმ ქვეყნის დიპმისიას არ აცნობებს, საიდანაც ადამიანი პოლიტიკურად იდევნება.

მე იმ ინფორმაციას ვეყრდნობი, რაც ოფიციალურადაა ხელმისაწვდომი. თუმცაღა 1990 -იანების დასაწყისში ასეთები ბევრნი იყვნენ. მაშინ  მე ბელგიაში ჩვენი საელჩოს ჯგუფში ვიყავი, რომელიც არაერთ ქვეყანას ფარავდა და უამრავი უცნაური რამ ხდებოდა, როცა ქართველები პოლიტთავშესაფარს ითხოვდნენ. იმ დუხჭირ პერიოდში ცდილობდნენ  გამოეყენებინათ იმ დროისთვის არსებული თემები. მათ შორის, უმცირესობის თემასაც.

პრემიერის გამოსვლა მართლაც ფოკუსირებული იყო გაეროს დღის წესრიგზე და იმაზე, თუ რას აკეთებს ქვეყანა და იმაზეც, რომ ქვეყანაში არის შესაბამისი ეროვნული განვითარების გეგმა. არ იქნება  დიდი სიახლე თუ ვიტყვით, რომ საქართველო თავისი განვითარების იმ საფეხურზეა, სადაც დღესაა და  განვითარებით არც ამერიკის დონეა და არც – ევროპის.

თუმცა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკას უსწრებს.

ეს შეკითხვა ჩემს მიმართ არა უნდა არსებობდეს.

ფაქტობრივად, პრემიერმა არ თქვა, რომ პრობლემები არსებობს ანდა მთავრობა მათზე მუშაობს. მან დააფიქსირა, რომ ყველაფერი კარგადაა.

ასე ნამდვილად არ იყო.

იგი აწმყოში საუბრობდა. თქვა, რომ საქართველოში ყველა თანასწორია.

ეს ბუნებრივია და მართალია – ყველა თანასწორია.

ზოგიერთი – უფრო.

საუბარია ხელმისაწვდომობაზე.

ცხადია, რომ არსებობენ ისინი, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მოტივის დასახელებისას, თუმცა პოლიტთავშესაფრის  მიცემის ფაქტი იმის დასტურია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა.

მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც რაღაც ფორმით ადამიანის უფლებები არ ირღვევა და ზოგადად გაერო  ყველა სახის საკითხებზე საუბრის ტრიბუნა არაა.

ჰო, მაგრამ პოლიტიკურ თავშესაფარს გერმანელები და ნორვეგიელები არ ითხოვენ.

საქართველო დემოკრატიული განვითარების ინდექსის მიხედვით მოჩანჩალე ქვეყანა არაა. აშშ-ც თავის ოფიციალურ განცხადებებში არ თვლის, რომ საქართველო განვითარების გზასაა აცდენილი. ის, რომ საქართველო თავისი სოციალურ – ეკონომიკური დონით მაღალგანვითარებულ  სკანდინავიას ვერ გაუტოლდება, ცხადია.

ჰოდა, ეს უნდა აღენიშნა პრემიერს. პრემიერი მარტო გაეროს გუნდისთვის ხომ არ საუბრობს. იგი ოფიციალური პირია, რომელსაც საქართველოშიც უსმენენ. ქართველი მსმენელს კოგნიტიური დისონანსი  შეიძლება დაემართოს…

გაეროს ტრიბუნასთან პრემიერის გამოსვლა იყო თემატური და იგი საუბრობდა იმ მიღწევებზე და გეგმებზე, რომელიც საქართველოში არსებობს.   ჩვენ პარალელურად რამდენიმე ღონისძიება მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე მიზნის, ქმედით ტრანსპარენტულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით ჩავატარეთ.  საუბარია იმაზე, რომ ძნელი იქნებოდა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ამგვარი ინსტიტუტების, მათ შორის, კარგად გამართული ბიუროკრატიის გარეშე. ეს ეხება ყველაფერს: მდგრად განვითარებას, ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას; ამ თვალსაზრისით საქართველოში, რა თქმა უნდა, არსებობს ეს მიღწევები  და ეს აღნიშნა იმ ქვეყნების (შეხვედრას 32–ზე მეტი ქვეყანა ესწრებოდა) წარმომადგენლებმაც, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა.  ჩვენ გავაგრძელებთ   მუშაობას იმისთვის, რომ ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს არც ერთ ლიდერს ქვეყნის არსებობისთვის ემიგრანტების წვლილი არასოდეს აღუნიშნავს. კვირიკაშვილის სიტყვა, ისევე როგორ მისი წინამორბედების, იყო, ასე ვთქვათ, გენდერულად უგრძნობი, თუმცა მან სიტყვა “გენდერი” გაკვრით აღნიშნა. მაგრამ არასდროს, არავის უსაუბრია იმაზე, რომ ქალები, რომლებიც თავის ოჯახებს, შვილებს წლების განმავლობაში ვერ ნახულობენ, არალეგალურად იმყოფებიან, საქართველოს ეკონომიკას აცოცხლებენ. საბერძნეთის კრიზისის დროს სწორედ კვირიკაშვილი იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. მან  დანანებით თქვა, რომ რეცესიის გამო საბერძნეთიდან გადმორიცხვები მხოლოდ 15-16 მილიონი დოლარიაო. ამგვარად მან ამ ადამიანების არსებობა დააფიქსირა მაინც; თქვა, რომ აცოცხლებენ იმ ეკონომიკას, რომლის მიღწევებითაც პრემიერმა იამაყა, მეხუთე ეკონომიკა ვართო (ფეიზერის ინსტიტუტის მიხედვით).

მე არა ვარ ეკონომისტი და არ ვიცი რაა ეკონომიკაში ემიგრანტების წვლილი.  ქართული ეკონომიკა მაინც და მაინც ემიგრანტების გამო არსებობს?

დიდი წვლილი აქვთ.

მე არა მაქვს ეგ სტატისტიკა. გაეროში გამოსვლა არაა გათვლილი მარტო შენი საკუთარი აუდიტორიისთვის. გამოსვლა გაეროს თემასთანაა დაკავშირებული.

გაეროს თემატიკაა სწორედ  UN Women. ქალთა მდგომარეობა, ქალთა სტატუსი…

ქალთა მდგომარეობითა და ქალთა სტატუსით საქართველოს  საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს.

არა მგონია. ინსტიტუციონალური დონეები, რომელიც ქალთა უფლებებს ეხება, არაა გამართული. 2014 წელს 26 ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა ქალის სიკვდილით დამთავრდა.

და ამაზე არ იყო რეაგირება?  არსებობს პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც ძალიან აქტიურადაა ამ საკითხით დაკავებული. მეტი რა უნდა გააკეთოს, მთავრობის ვალი ხომ კლიმატის შექმნაა. კლიმატი კი შესაბამისი გარემოთი და კანონმდებლობით იქმნება. ეს ინსტრუმენტები არსებობს. სამწუხაროა, როცა მკვლელობა და ძალადობა ხდება, მაგრამ მასზე სახელმწიფო რეაგირებს.

ეს მინის ჭერივითაა,როცა ხედავ თითქოს რაღაც ხდება, მაგრამ ეს შენს ცხოვრებაზე არ აისახება.

ვერ დაგეთანხმებით,  რეაგირების გარეშე არც ერთი ფაქტი არ რჩება.

ქალთა პოლიტიკური  აქტივობის მაჩვენებელი ასეთია – 157 – იდან 149 –ე ადგილზე ვართ.

ეს შიდაპარტიული საქმეა.

მე ზოგად სურათზე ვსაუბრობ. და ამგვარ ტრიბუნაზე გამომსვლელი ქვეყნის წარმომადგენელი ხომ რეალობის აკუმილირებას ახდენს. ადამიანი ამას შორიდან უყურებს და ფიქრობს, თუ როგორ აისახა ეს ყველაფერი მის ცხოვრებაზე.

ზოგადად ქალთა მონაწილეობის მზარდი სტატისტიკა არსებობს. სხვათა შორის, გაეროს “ქალთა კონვენციის” კომიტეტში ქართველი  ლიკა ნადარაია აირჩიეს საკმაოდ დიდ კონკურენციის პირობებში და ეს ჩვენი სახელმწიფოს ქმედების დამსახურებაა. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ქალთა ჩართულობის აღმნიშვნელი გაეროს 1325 რეზოლუციასაც ვასრულებთ – ჟენევის მოლაპარაკებებში ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობს.

ლოკალურად ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მინიმალურია. არადა სწორედაც რომ გაერო ცდილობდა საკანონმდებლო ორგანოში კვოტირების გატანას. არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თქვა, რომ პარტიულ სიაში 50 პროცენტი ქალები უნდა იყვნენ, მაგრამ ასე არაა…

ბუნებრივია, მე ვერ ჩავერევი პარტიის საქმეებში. რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, მე შემიძლია გაეროში ქართული მისიის შესახებ ვისაუბრო: ჩემი თერთმეტი თანამშრომლიდან შვიდი ქალია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი ქალი მუშაობს. ცხადია, კარგი იქნებოდა მეტი ქალი პოლიტიკაში თუ გაეროში. არსებობს გეგმა და ამ გეგმით მიდის ქვეყნის განვითარება და ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, თუ რა საწყისი მონაცემები გვქონდა და რას მივაღწიეთ.

ეს იყო რეალობასთან შეუსაბამო პათეტიკა.

ვერ დაგეთანხმებით.

უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა ჰქონდა, რომელიც ოცი წუთის მაგივრად, ერთი საათი გაგრძელდა. ცნობილია ისიც, რომ აშშ–მ უკრაინას ერთი მილიარდი კრედიტი პოლიტიკური მხარდაჭერის აღთქმის გარდა გამოუყო… ამ მხრივ როგორ ვითარდება საქართველო – აშშ–ის დიალოგი?

მე არა ვარ კომპეტენტური ვისაუბრო აშშ–უკრაინის ურთიერთობაზე. საქართველოს  ჰქონდა მაღალი დონის ეფექტიანი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და ამ მხრივ აქტიური  ქმედებები მიმდინარეობს. “სტრატეგიული პარტნიორიობის ქარტიის” ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ კარგად ვითარდება. აშშ–ს ჩვენდამი მხარდაჭერა არაერთხელ გამოუხატავს, მაგალითად, კონგრესის გადაწყვეტილებებით.

სწორედ აშშ–მ აღნიშნა თავისუფალი მედიის მნიშვნელობა საქართველოსთვის. პრემიერმა განაცხადა, რომ მედია სრულიად თავისუფალი არისო, თუმცა „რუსთავი 2“- ისა და ეკა მიშველაძის “ქეისი” მას არ უხსენებია.

საქართველოში მედია სრულიად თავისუფალია და რა, პრემიერი ჩაერია სასამართლოს მუშაობაში, ჰქონდა ადგილი ზეწოლას?

ის ძალები, რომელიც „რუსთავი 2“–ს უპირისპირდება, “ქართულ ოცნებასთანაა” ასოცირებული.

ზოგმა შეიძლება ასოცირებულად ჩათვალოს, ზოგმა – სხვაგვარად. ფაქტი კი ისაა, რომ არსებობს სასამართლო.

სწორედ ისაა საკვანძო, რომ სასამართლოს პრობლემა  მედიის თავისუფლების პრობლემას უკავშირდება.

ფაქტია, რომ საქართველოში თავისუფალი მედიაგარემოა.

აშშ-მ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა არსებობს და რომ სასამართლოს წარმოებაში არც ერთი ძალა უნდა ჩაერიოს და, ფაქტობრივად, ამას ვერ ვხედავთ.

გაეროში პრემიერის გამოსვლა არ ნიშნავს, რომ იგი ქვეყანაში არსებულ  აბსოლუტურად ყველა პრობლემას უნდა შეეხოს.

მაგრამ მან თავად ახსენა მედიის თავისუფლება.

სწორადაც ახსენა. მედია არის თავისუფალი. საქართველოში  მედისაშუალებებს მუშაობაში ხელი არ შეშლიათ.  გადაცემები დაიხურა?

დიახ, დაიხურა.

დაიხურა სარედაქციო პოლიტიკის გამო. ხელი არ შეშლია მედიასაშუალებას თავის ფუნქციონირებაში. თუნდაც იგივე “რუსთავი 2” –ის მაგალითი. იგი ეთერში ისევე გადის, როგორც გადიოდა და მის სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერევა.

ქონება დაყადაღებული იყო.

შეწყდა გადაცემები?

რედაქციამ განაცხადა – ჩვენ არ შევწყვიტეთო, თორემ იყო იმის  პირობები, რომ ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვეტილიყო.

საქართველოში არც ერთი ტელემაუწყებლობის ან მედიის სხვა საშუალების მუშაობა მთავრობის ძალისმიერი ჩარევით არ შეწყვეტილა, რაც სხვა ქვეყნებში ხდება ხოლმე. ზოგადად მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემები მსოფლიოში ყველგან არსებობს. საქართველოში მედიაგარემო თავისუფალია და ადამიანები თანასწორნი არიან. ყოველთვის იქნება კრიმინალი, გადაცდომები. არსებულ  საზოგადოებაში  მისი ყველა წევრი ისე არ იქცევა, როგორც – სამოთხეში.

თქვენ ამბობთ, რომ გაეროს ტრიბუნა ზოგად თემებს ეხება, თუმცა ერთადერთი თემა, რასაც პრემიერი კონკრეტულად შეეხო, წინა ხელისუფლების ცოდვათაგან იყო  “ციხის კადრები”.  ამან ოპოზიციაში გაღიზიანება გამოიწვია.

მან თქვა, რომ იყო კრიტიკა საქართველოს მიმართ, კერძოდ კი, გაეროს წამებასთან დაკავშირებული კომისიის დასკვნებში, პრემიერმა ახსენა, რომ ვითარება უკვე გამოსწორდა.

წამების მონაწილე ბედუკაძე არაა დაკავებული.

მე არა ვარ კომპეტენტური ამაზე ვისაუბრო. მე ვთვლი, რომ გამოსვლა იყო  კარგი, ადეკვატური, თემატური, გაეროს დღის წესრიგზე მორგებული. საუბარი იყო საქართველოს მიღწევებზე და გეგმებზე და, ბუნებრივია,  საუბარი იყო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებზეც.

როგორ შეაფასებდით გაეროს სხდომების დროს ქართული მისიის აქტივობას?

როცა 193 ქვეყანა  ჩამოდის  გენერალური ანსამბლეის დებატების მაღალი კვირის სეგმენტზე, ყველა ცდილობს  ერთი ან ორი ღონისძიება ჩაატაროს და მას დაუმატოს თავად გაეროში მიმდინარე არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილი პარალელური ღონისძიებები. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს წარმომადგენლები ათასზე მეტ ღონისძიებას ვესწრებით, თან  თანაორგანიზატორებიც ვართ და თავად ვწყვეტთ, თუ რა ღონისძიებებზე მივიდეთ. ზოგადად თუ შევხედავთ ჩატარებული ორმხრივი შეხვედრების სტატისტიკას, შარშანაც და შარშანწინაც და მანამდეც, აღმოჩნდება, რომ  სწორედ საქართველო ატარებს ყველაზე მეტ ღონისძიებას და ამაში აქ მომუშავე ქალების წვლილი დიდია. გაერო გვაძლევს იმის პლატფორმას, რომ ორმხრივი შეხვედრები გაიმართოს.  წელს შევხვდით აზიის, აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებს,  ხელშეკრულებები გაფორმდა, მაგალითად, პარაგვაისთან, შრი ლანკასთან. გაეროს პლატფორმის გამოყენებით გაფორმებულია ხელშეკრულებები ორმაგი დაბეგვრის გაუქმების, უვიზო მიმოსვლის,  ვაჭრობისა და სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით; მემორანდუმები კულტურულ სფეროში და პოლიტიკურ კონსულტაციებთან დაკავშირებით. ცხადია, ხელშეკრულებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს.

საერთო ჯამში პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და  მისი პირველი მოადგილის მიერ გამართული შეხვედრები სამოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებთან გაიმართა. იმისთვის, რომ აფრიკულ ან ლათინური ამერიკის სახელმწიფოების წარმომადგენლებს შეხვდე, ან ისინი უნდა ჩამოვიდნენ შენთან, ან შენ – მათთან. ჩვენ ევროპის სახელმწიფოებსა და  მეზობლებთან აქტიური ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ცხადია ამდაგვარი ყოველდღიური ურთიერთობა ვერ გვექნება წყნარი ოკეანის კუნძულთან, აფრიკის ანდა ლათინური ამერიკის  რომელიმე სახელმწიფოსთან. ჩვენ გვინდა ყველამ კარგად იცოდეს, თუ რაა საქართველო, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სატკივარი. ის, რაც ჩვენ კარგად გვესმის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელსაც თავისი დინამიკა აქვს და ჩვენ ამ რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ვართ ევროპაში, განსხვავდება ზემოჩამოთვლილ რეგიონებში საქართველოს  დეტალური აღქმისგან. ამიტომ გაეროს პლატფორმას მათთან შესახვედრად ვიყენებთ. გარდა ამისა, აქ ტრადიციულად იმართება ისეთი რეგიონალური ჯგუფების შეხვედრები, როგორიცაა “სუამის” მინისტერიალი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭო და ეუთოს ღონისძიებები.

საქართველო გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტში როგორაა წარმოდგენილი? მოვისმინე კომიტეტის სხდომა, და, ფაქტობრივად, ყველა გამომსვლელი ერთი და იგივე ლექსიკით საუბრობდა…

საქართველოს წარმომადგენელი გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტში აირჩიეს. ეს საკმაოდ კონკურენტული არჩევნებია, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ. გენასამბლეის მიმდინარეობისას იყო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვესწრებოდით, მაგრამ  ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოდან ძირითადი გამომსვლელი რამდენიმეა: დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერი, საგაერეო საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი, რომელიც ღია მმართველობის თემაზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა. საქართველოში ღია მმართველობის ინდექსი საკმაოდ მაღალია და ესეც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ერთ–ერთი საკითხია. წელს სამხრეთ აფრიკამ თავმჯდომარეობა საფრანგეთს გადააბარა, გაისად კი ეს პოსტი ჩვენზე გადმოდის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გენასამბლეაზე საქართველოს ტერიტორიული პრობლემა ახსენა ავსტრიის, ესტონეთისა და მოლდოვის წარმომადგენელმა.

საქართველო “ელექტრონული მთავრობის კონცეფციის” (E-Governance) თაობაზე გამართულ შეხვედრაშიც მონაწილეობდა ….

საქართველოს ინიციატივით ესტონეთთან (ამ ქვეყანას დიდი წვლილი აქვს ელექტრონული მთავრობის კონცეფციის შექმნაში), კორეის რესპუბლიკასა და UNDP–სთან ერთად მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე მიზნის შემადგენლის – “ელექტრონული მთავრობის” თაობაზე ღონისძიება გამართა. არსებობს პრემიერის ოთხპუნქტიანი გეგმა, არსებობს იუსტიციის სახლები და ახლა მიდის საუბარი ამგვარი მომსახურეობის ბიზნესზეც გავრცელების თაობაზე, ანუ იგივე მომსახურებით ფიზიკურის გარდა, იურიდიული პირი, ბიზნესმენი, კომპანიაც ისარგებლებს. მიდიხარ და კომპანია ერთი ფანჯრის პრინციპით სერვისს იღებს. ამ თვალსაზისით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სწრაფი პროცესი იქნება გამჭვირვალე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული. ეს სისტემა საქართველოში არსებობს, მაგრამ ბევრგან – არა  და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი გამოცდილება სხვებსაც  გავუზიაროთ.  ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებად სამყაროში ამგვარი სისტემა კარგად დანერგო. ეს ეფექტიან მმართველობას ნიშნავს; ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს  სახელმწიფოსგან მომსახურების სწრაფად მიღების საშუალება ექნება. ერთი ფანჯრის პრინციპი კორუფციას აღმოფხვრის და სწრაფ, გამჭვირვალე მმართველობას ნიშნავს. ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანას განვითარებისთვის კარგი საწყისი პირობები შეექმნას. მით უმეტეს თუ  ინვესტორმა წინასწარ იცის რა და როგორ კეთდება, ეს მისთვის მარტივი გარემოს შექმნის ტოლფასია.

საქართველოს  ინიციატივით ასევე ქიმიური/ ბირთვული მასალების უსაფრთხოებაზეც გამართა შეხვედრები. რატომაა ეს თემა აქტუალური?

ეს გახლავთ ევროკავშირთან ერთად მიმდინარე პროექტი, რომელიც უკავშირდება ქიმიური, ბაქტერიულოგიური, ბირთვული მასალების უსაფრთხოებისა და ზოგადად უსაფრთხოების არქიტექტურის არსებობას.  სხვადასხვა რეგიონში არსებობს ე.წ. Centers of Excellence, მათ შორის, საქართველოშიც და ამ სფეროში ჩვენი ქვეყანა მოწინავეა. ბირთვული გაუვრცელებლობა დღევანდელი მსოფლიოს უსაფრთხოების მთავარი შემადგენელია; მასობრივი განადგურების იარაღი რამდენიმე სახელმწიფოს აქვს და ჯობს იგი დარჩეს მხოლოდ იმათ ხელში, ვისაც იგი უკვე აქვს.

პოროშენკომ გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ ბუდაპეშტის შეთანხმებით უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, რითაც კარი გაუღო რუსულ აგრესიას და ასევე ისიც აღნიშნა,  რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს ერთადერთი წევრია, რომელიც გაეროს წესდებას არღვევს.

ეს არახალია. როცა ყირიმის ანექსია მოხდა, უშიშროების საბჭოზე ამას ხაზს  საბჭოს სხვა წევრებიც უსვამდნენ. საუბარია იმაზე, რომ ჯობს მასობრივი განადგურების იარაღი თუნდაც რუსეთის ხელში იყოს და მსოფლიოსთვის ჯობს იგი არ გავრცელდეს, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს რუსეთი. უფრო მარტივად: ჯობს ეს იარაღი ჰქონდეს ხუთ ქვეყანას, ვიდრე – ასორმოცდაათს. არც ერთი სახელმწიფოს ინტერესში არაა, რომ  ბირთვული იარაღი გავრცელდეს. იარაღის გამოყენება კი სხვა თემაა. სახელმწიფოს  ომის დაწყებას ან იარაღის გამოყენებას ვერ დაუშლი. ეს ამ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

გაერო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კუთხით საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ამის პარალელურად მესამე წელია საქართველოს ინიციატივით არაფორმალური გაერთიანება – მეგობართა ჯგუფი იკრიბება, რომელიც მზარდია და ამ ახალ იდეას რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა. საუბარია  არა მხოლოდ იმაზე, რომ ბირთვული იარაღი არ გავრცელდეს, არამედ იმაზეც, რომ არ გავრცელდეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ნივთიერებები, რომლისგანაც შემდგომში  ბინძური ბომბი შეიძლება დამზადდეს.

ჩერნობილის ტრაგედია?

სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს ავარია, გამოწვეული ტექნოლოგიური ან ადამიანური შეცდომის, საბოტაჟის ანდა ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, რამაც შეიძლება  გამოიწვიოს ამა თუ იმ ნივთიერების სხვა ხელებში მოხვედრა. ამიტომაც ეს ნივთიერებები კარგად უნდა იყოს დაცული და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა დავიწყეთ. საქართველოს თავის ტერიტორიაზე ყველაფერი საკმაოდ კარგად აქვს დაცული და შესაბამისმა სტრუქტურებმა რადიაქტიური ნივთიერებების ტრანზიტის, კონტრაბანდის მცდელობა არაერთხელ აღკვეთეს. დღეს მსოფლიო უსაფრთხოებაში ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ არსებობენ “არასახელმწიფო აქტორები”, მაგალითად ISIS -ის მსგავსი დაჯგუფება, რომლის ადგილმდებარეობაზეც სახელმწიფო კონტროლს ვერ ახორციელებს და მოსალოდნელია ტერაქტები. ასე რომ ეს თემა უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

პაკისტანი არის ამ მეგობართა ჯგუფის წევრი? ის უშიშროების არამუდმივი წევრია და მას ბირთვული  იარაღი აქვს.

ამ პროცესში მთელი გაეროა ჩართული. ჩვენი ღონისძიებაც ამას ეხებოდა. ამ მხრივ საქართველო მოწინავე სახელმწიფოა და გვინდა ჩვენი გამოცდილება  გავაზიაროთ, ზოგადსაკაცობრიო თემებზე სხვებს ვესაუბროთ და ახალი სადისკუსიო კომპონენტი – “ხელოვნური ინტელექტი” შემოვიტანოთ. ათი წლის წინ ეს თემა ფანტასტიკის სფერო იქნებოდა, დღევანდელი ცხოვრება კი ციფრულ აპარატურასაა მიჯაჭვული. ადამიანი შეიძლება სახლიდან გავიდეს, საფულე დარჩეს და უკან არ მობრუნდეს, მაგრამ, აი, მობილური ტელეფონი თუ დარჩება, იგი უკან მობრუნდება. სამყარო შეიცვალა, სოციალურმა ქსელებმა რევოლუცია მოახდინა. დღეს სათამაშოების მაღაზიაში საფრთხის შემცველი სათამაშოს ყიდვაა შესაძლებელი. ასეთია, მაგალითად, პატარა დრონები, პატარა მფრინავი აპარატები, რომელზეც  შესაძლებელია რადიაქტიური ნივთიერების განთავსება და მერე რომელიღაც სახლის სახურავზე გადაადგილება. თეორიულად საფრთხის შემცველი ბევრი რამაა, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამა. საშინელებათა, სასპენსის ჟანრის ფილმები სრულიად შესაძლებელია, რეალურია. ჯერ გაეროში ამ თემაზე რეზოლუცია არ არსებობს, თუმცა სწორედ ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი, ეს თემა სადისკუსიოდ გავხსენით და მასში მონაწილეობისთვის სხვებსაც ვიწვევთ. უსაფრთხოების თემა დღეს როგორც არასდროს, ისეა მნიშვნელოვანი. მაგალითად, ამ ქალაქში.  ნიუ იორკში ბევრი სათვალთვალო კამერაა და ერთ – ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი მანჰეტენია გამომდინარე იქიდან, თუ რა რაოდენობის სათვალთვალო კამერებია იქ დამონტაჟებული.

თუმცა ტერორისტების სამიზნე სწორედ მანჰეტენია, მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინათ – ჩელსი.

კარგია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დროზე აღმოაჩინეს. არადა ნებისმიერი სათვალთვალო კამერის დაყენება ადამიანის უფლებებთან ასოცირებული საკითხია. უსაფრთხოების მოდერნიზაციას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები, ისევე როგორც თავის დროზე – ატომის აღმოჩენას. ჩვენი ინიციატივა, რომელიც რადიაქტიურ ნივთიერებათა კონტროლს მოიცავს, ხელოვნური ინტელექტის თემას დავუკავშირეთ; ეს თემა სწორედ ჩვენ წამოვწიეთ. გვყავს ქართველი მომხსენებლები და მოწვეული სტუმრებიც. მაგალითად, შარშან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტი მოვიწვიეთ. ექსპერტების მოწვევა და ზოგადად ამ ჩანაფიქრის განხორციელება დავიწყეთ გაეროს კრიმინალისა და სამართლის კვლევის რეგიონთაშორის (UNICRI, იტალია) სააგენტოსთან ერთად. თავიდან ორგანიზატორები გაეროში ქართული მისია და UNICRI იყვნენ, მერე სხვა ქვეყნების ჩართვის იდეა გაჩნდა, რათა არაფორმალურ მეგობართა ჯგუფი შეგვექმნა: ფილიპინები, მაროკო (ამჟამად თავმჯდომარეა), აღმოსავლეთ ევროპის ბევრი სახელმწიფოსთან ერთად აზიის სახელმწიფოებმაც გამოთქვეს ჩართვის სურვილი. პარალელურად  ხდება N1540 რეზოლუციის (ბირთვული საკითხები და განიარაღება) თემის რევიუ და ეს ორი პროცესი ერთმანეთს ავსებს. საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაეროს პროცესებში და მნიშვნელოვანი დისკუსიების ინიციატორია. ეს კი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ხელს უწყობს არა მხოლოდ გაეროში, არამედ – ზოგადადაც, რაც ჩვენს პოზიციაზე დადებითად აისახება.

უშიშროების საბჭოს არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლები გენასამბლეაზე და პარალელურ შეხვედრებზე ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ სხვა ქვეყნებს ზეგავლენა უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. საბჭოს გაფართოების პროცესი რამდენად  დინამიურია და ზოგადად არსებობს ამის შანსი?

შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს. იმას ვერ ვიტყვი იგი დიდია თუ მცირე, მაგრამ მოძრაობა არის, მიდის განხილვები, შეიქმნა სამთავრობაშორისო სპეცჯგუფი და მიდის მოლაპარაკებები. ბევრ სახელმწიფოს ამ საკითხზე  თავისი წარმოდგენა აქვს. ზოგი თვლის, რომ  უშიშროების საბჭო უნდა გაიზარდოს, ზოგი – არ უნდა გაიზარდოს; ზოგი ფიქრობს, რომ  აფრიკას მუდმივი ხმის განსაზღვრული რაოდენობა უნდა ჰქონდეს; ზოგი იმას, რომ პატარა სახელმწიფოები სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი; ზოგი თვლის, რომ ვეტოს გამოყენების უფლება უნდა შეიზღუდოს; ზოგი საუბრობს არა უშიშროების საბჭოს გაფართოვებაზე,  არამედ სამუშაო მეთოდების შეცვლაზე.  საუბარია როგორც მუდმივი, ასევე არამუდმივი წევრების გაზრდაზე.  მაგრამ თუკი რომელიმე სახელმწიფოს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს, წევრების რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს?

შესაძლებელია ვეტოს დადების პროცედურა შეიცვალოს? მაგალითად, გადაწყდეს ხმათა უმრავლესობით და არა კონსენსუსით?

მსჯელობა ამ თემაზეცაა. არსებობს სხვადასხვა ფორმულირება. მაგალითად, ვეტოს უფლების არა გაუქმება, არამედ შეზღუდვა, როცა აშკარაა, რომ სახელმწიფო კონფლიქტში მხარეა და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში, გენოციდში მონაწილებს. ეს პროცესი 15–16 წელია რაც მიმდინარეობს და იგი საკმაოდ ნელია. გაეროს რეფორმირების, რევიტალიზაციის პროცესი ეხება როგორც უშიშროების საბჭოს,  ასევე გენასამბლეას. ეს ძალიან რთული, ბიუროკრატიული პროცესია. ბევრი გაეროს მოუქნელობაში ადანაშაულებს, რადგანაც შეუძლებელია გადაწვეტილება 193 ქვეყნის კონსენსუსით იქნას მიღწეული. როცა გაერო რეზოლუციას ღებულობს, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. ამ რეზოლუციას როგორ და რა ხნის მანძილზე შეასრულებ, ეს უკვე შენი ეროვნული პრეროგატივაა, რათა შენი სუვერენიტეტი დაცული იყოს. ამ შემთხვევაში ჭიდილში მოდის ერთმანეთთან საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესი და ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს პრობლემა ზოგადად დგას არა მარტო გაეროში, არამედ ნებისმიერ სხვა რეგიონალურ ორგანიზაციაში.

წელს პირველად მოხდა, როცა გაეროს გენმდივნის კანდიდატები გენასანბელის წინაშე თავისი პროგრამებით წარსდგნენ და მათთვის კითხვების დასმის საშუალებაც გაჩნდა. როგორც წესი, უშიშროების მუდმივი წევრები გენმდივნის კანდიდატებს არ წარადგენენ. არამუდმივი წევრები – წარადგენენ. ცხადია, უშიშროების საბჭოს ერთმა მუდმივმა წევრმა მეორე არ უნდა დაბლოკოს. გაეროს მართველი რგოლი გენასამბლეაა.  უშიშროების საბჭოს მტკივნეული საკითხები აბარია და იქ ვეტოს უფლების მქონე ხუთი ქვეყანაა.

საქართველომ თავისი კანდიდატი რომ წარადგინოს ამის შანსი არსებობს? 

გაეროში გენდმივანის კანდიდატის წარდგენისას ყველა კანდიდატთან დაკავშირებით არსებობს რეგიონალური როტაციის და რეგიონალური  წარმომადგენლობითობის დაცვის წესი. მაგალითად, როცა გაეროს მუდმივი კომიტეტების წარმმართველებს ირჩევენ, მას ირჩევენ არა გაეროს სამდივნოს წევრი ქვეყნიდან, არამედ რომელიმე სხვა ქვეყნიდან. როტაცია ასეთია: ერთ  წელს თუ აფრიკაა, მეორე წელს – ევროპა, მესამე წელს – აღმოსავლეთ ევროპა (ჩვენ აღმოსავლეთი ევროპაში შევდივართ), მეოთხე წელს – აზია და მეხუთე წელს – ლათინური ამერიკა.

მე ინფორმაციის კომიტეტის თავჯდომარე ვარ, ანუ აღმოსავლეთ ევროპას წარვადგენ, მანამდე ამ კომიტეტის თავმჯდომარე იყო ომანი, რომელიც აზია – აფრიკის რეგიონს წარადგენდა და იმისთვის, რომ არაბული ქვეყნები სრულად იყოს წარმოდგენილი, აზია – აფრიკის რეგიონს ორი ხმა აქვს.  ერთი ყოველთვის არაბული ხმაა.  შემდეგი თავჯდომარე იქნება დასავლეთ ევროპიდან.  გაეროს მდივნის არჩევნებისთვის, ფაქტობრივად, რიგითობა დაცული არაა. სხვა კომიტეტებში – დაცულია. რახან აღმოსავლეთ ევროპას არასოდეს ჰყოლია გაეროს გენმდივანის კანდიდატი წარდგენილი, ჩვენმა ჯგუფმა ანუ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფმა (ჯგუფის კოორდინატორი საქართველო იყო) გააკეთა განაცხადი, რომ ახლა ჩვენი ჯერია, ანუ ჩვენ გაეროს შევატყობინეთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის კანდიდატის ჯერი დადგა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა წარმოადგინეს თავიანთი კანდიდატები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ყოფილი პრეზიდენტები, გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტიც.  საქართველოს არა ჰყავს კანდიდატი და რეალისტები უნდა ვიყოთ, რადგანაც ამ პოსტზე ძლიერი კანდიდატის წარდგენა უნდა შეგეძლოს. აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფში რუსეთთან ერთად 22 ქვეყანა შედის.

შეიძლება ითქვა, რომ გენმდივნად გახდომის შანსი მხოლოდ “დავარცხნილი” ქვეყნის წარმომადგენელს აქვს? ქართველის  “ჯერი” კიდევ დიდხანს არა დადგება, არა?

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ გენმდივნის პოსტზე ქვეყანა, რომელსაც უშიშროების საბჭოში პრობლემები არა აქვს მოგვარებული? გენმდმივნის კანდიდატურა მუდმივმა წევრმა არ უნდა დაბლოკოს. არის მოსაზრებები, რომ გენმდივანის არჩევა მხოლოდ ერთი ვადით ანუ ხუთი წლით უნდა იყოს და არა ორი ვადით. პან გი მუნი ორი ვადით იყო. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვადა შვიდ წელს უნდა მოიცავდეს.

ნახევრად ხუმრობით, სამუდამოდ დანიშვნის იდეა თავში არავის მოსვლია?

მაშინ დემოკრატიაზე საუბარი ვერ იქნება.

და სანამ რუსეთი უშიშროების საბჭოს წევრი იქნება,  ჩვენნაირი ქვეყნისთვის, უკრაინისთვისაც, მინიმალური შანსიც კი არ არსებებს, რათა თავისი კანდიდატი გაიყვანოს, თუნდაც 21 ქვეყანა მხარს გვიჭერდეს?

გაეროში საერთო განწყობა ასეთია: გენდმივნის პოსტზე იმ ქვეყნის კანდიდატი, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია.

ანუ ბალტისპირეთი, აზრებაიჯანი, იაპონია თავის კანდიდატს ვერასოდეს წარადგენს.

ასეთია რეალობა. კანდიდატურის წარდგენა არის დიდი პასუხისმგებლობა და დიდ რესურსს მოითხოვს. როცა კანდიდატს წარადგენ, უნდა იცოდე, რომ მას პიროვნულადაც გამარჯვების კარგი შანსები უნდა ჰქონდეს. საქართველოს ყველა არჩევნებზე თავისი კანდიდატის წარდგენა შეუძლია, მაგრამ თუ შენ არჩევნებს მუდმივად აგებ, ეს ქვეყნის იმიჯზე კარგად არ იმოქმედებს.

ავტორი