მანონ ლესკო და „ღმერთები“ მეტროპოლიტენ ოპერაში

პირველად “მანონ ლესკო” ნიუ იორკში, “მეტროპოლიტენ ოპერაში” 1907 წელს აჟღერდა. მღეროდნენ ლინა კავალიერი და ენრიკო კარუზო. პუჩინი კი აუდიტორიაში იჯდა. შეიძლება სულაც იქ, სადაც იმ დღეს მე ვიჯექი. ალბათ,  არც ისე მშვიდად, როგორც  “გაჯეტების” თაობა, როცა საყვარელი არიები და სრულად მთელი ოპერაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში აიფონის პატარა ეკრანზე შეიძლება ნახო და მოისმინო. ეს იყო ჯაკომოს პირველი ამერიკული მოგზაურობა. ოპერამ, რომლის პრემიერა 1893 წელს ტურინში,  Teatro Regino – ში შედგა, მოგზაურობა ევროპაში დაიწყო და 1910 – ში პარიზშიც აღმოჩნდა. ორკესტრს არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა, ლესკოს როლს კი ლეგენდარული სოპრანო ლუკრეცია ბორი ასრულებდა; მას მერე – ფრანცის ალდა და ბენიამინო ჯილი. შემდგომ კი რატომღაც “მანონ ლესკო” “მეტოპერის” რეპერტუარიდან ამოვარდა და  მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ (1949 წელს) მისი დადგმა ისევ განახლდა – მთავარ პარტიებში დოროთი კირსტენისა და ჯუსი ბიორლინგით. ლიცია ალბანისი მანონის როლს თითქმის ოცი წელი ასრულებდა, რენატა ტიბალდი – ათი წელი, მილენა ფრენი – თხუთმეტი. ამ ლეგენდარული ვარსკვლავების სიას, რომელთა სახელ–გვარების მოხსენიება კომპიუტერის კლავიატურის ღილაკებზე რუტინული დაწკაპებითაც მოწიწების ტაქიკარდია გეუფლება, კიდევ ორის გვარ-სახელი – ქრისტინე ოპოლაისი და  რობერტო ალანია – აუცილებლად უნდა შეემატოს. ვერ დავიკვეხნი, რომ ამ ოპერის ყველა თანამედროვე ვერსია  მომისმენია და არც მანონლესკოლოგი ვარ, მაგრამ ის ვიცი, რომ ჩემ თვალწინ  იმ საღამოს ჩემი და, ალბათ,  აბატ პრევოსიც,  აუდიოვიზულური ხატები სცენაზე გათამაშებულის სრულიად კონგრუენტული იყო. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ არც პუჩინი იქნებოდა უკმაყოფილო.

იშვიათად მინახავს სასიყვარულო დრამა ამგვარი ვნებითა და ტრაგიზმით შესრულებული და, გარდა ამისა, სრულყოფილებამდე მიყვანილი ჟღერადობა არიებისა, რომლებიც ხმის იოგებისთვის ყველაზე დისკომფორტული “პოზიციებიდან” იმღერებოდა. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, იშვიათი ვირტუოზობის მოწმე ვიყავით, როცა მანონ ლესკო და დე გრიე ბეტონის ნანგრევებზე იწვნენ და თავიანთ გამოსამშვიდობებელ არიას – “უკიდეგანოა ჩემი ნეტარება” (Immensa Delizia Mia) მღეროდნენ. მანონი შეყვარებულის მკლავებში მიიცვალა.

იმ დროს, როცა პუჩინი თავის “მანონ ლესკოს” ქმნიდა, უკვე არსებობდა ჟიულ მასნეს ამავე სახელწოდების ოპერა, რომელიც 1884 წელს დაიწერა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. პუჩინი იმ დროს, ფაქტობრივად, უცნობი კომპოზიტორი იყო, ხოლო მასნესთან წამოწყებული კონკურენცია – ნამდვილი სიგიჟე. რეალურად ორი “მანონი” ტონალობა–ტემპერამენტით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. პუჩინის ოპერა თხემით ტერფამდე სასიყვარულო ვნებებითა და მელოდიური მუსიკითაა გაჯერებული. კომპოზიტორმა თავისი ქალი–გმირების  გალერეას კიდევ ერთი არქეტიპული ხატი შემატა, რომელმაც პუჩინის პირველი დიდი წარმატება მოუტანა. ბერნარდ შოუმ ჯაკომის “ვერდის მემკვიდრე” უწოდა. ლიბრეტო, რომელიც აბატი პრევოს ნოველის საფუძველზე შეიქმნა, რამდენიმე იტალიელის ერთობლივი პროდუქტია – ჟურნალისტისა და პუბლიცისტის დომენიკო ოლივასი, ნოველისტის ჯუზეპე ჯიაკოსასა და პოეტის ლუიჯი ილიკასის (ლიბრეტოს გადახალისება). ამ სიას დაემატნენ კომპოზიტორი რუჯერო ლეონკავალო და პუჩინის გამომცემელი  ჯულიო რიკარდიც.

“მეტოპერაში” ცნობილი ტენორის რობერტო ალანიას (1963) დებიუტი სწორედ  პუჩინის ოპერაში შედგა. მაშინ 1996 წელს მან “ბოჰემაში” იმღერა და  მას მერე ნიუ იორკის მთავარ საოპერო თეატრში კიდევ თორმეტი წამყვანი როლი შეასრულა, მათ შორის, დონ ხოსე “კარმენში”, რადამესი “აიდაში”,  კავარადოსი “ტოსკაში” და რომეო “რომეო და ჯულიეტაში”.

რობერტო ალანია პარიზთან ახლოს სიცილიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მოზარდობისას ქუჩის მუსიკოსებთან ერთად მღეროდა, ძირითადად – სონეტებს. ერთხელაც მარიო ლანცას მონაწილეობით ფილმები ნახა, ის ფილმები, საბჭოურ ბავშვობაში “ილუზიონი” რომ გვაცნობდა და მისი მომავალიც სწორედ მაშინ განისაზღვრა. როგორც “ტრივიალური” რამ მსახიობის ცხოვრებაში, ალანიას კარიერაშიც  მანონის საყვარლობა შემთხვევითობას დაბრალდა. საქმე იმაშია, რომ იმ სეზონში დე გრიეს როლი გერმანელ ვარსკვლავს იონას კაუფმანს უნდა ემღერა, მაგრამ იგი უეცრად სპექტაკლიდან წავიდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ მისი შემცვლელი, რომელიც მოკლე დროში პარტიას მოამზადებდა. რობერტოს  “ჯამბაზების” წარმოდგენის მეორე დილას ტკბილად ეძინა, როცა “მეტოპერის” მთავარმა მენეჯერმა დაურეკა და შველა სთხოვა. “მანონ ლესკომდე” (დირიჟორი ფაბიო ლუისი) თექვსმეტი დღე რჩებოდა.

„მანონ ლესკო“, მეტროპოლიტენ ოპერა

სპექტაკლის შემდეგ “მეტოპერის” საგრიმიოროში გიორგი გაგნიძის მეშვეობით მოვხვდი. ქართველი ბარიტონი და ფრანგი ტენორი მეგობრობენ. ოთახში მხოლოდ ალანიას ახლობლები იყვნენ, მათი იტალიური კი პუჩინის ოპერის რეჩიტატიულ გაგრძელებად მომეჩვენა… რობერტომ იმაზე დაიწყო საუბარი, რომ ტემპერამენტით ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ძალიან ვგავართ, გვიხარია კარგი რაღაცების ერთმანეთისთვის გაზიარება; ერთნაირად გვიყვარს სიცოცხლე, კარგი კერძები, მზე, სითბო და კოსმოსი; რომ საქართველო მშვენიერი ქვეყანაა…

“გიორგი, უფრო სწორედ, ჯორჯიო, ჩემი მეგობარია, მიყვარს. ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე კოლეგიალობა, კარიერა და საქმე,” – მითხრა რობერტო ალანიამ.

“– ჯორჯიო ჩემთვის კარგი მეგობარია, ძმასავითაა. მისი კეთილგანწყობა და იშვიათი ხმა გულიდან მოდის. ყოველ ჯერზე ჯორჯიო ქართულ რესტორანში მეპატიჟება,  მივდივართ კიდეც და ქართულ კერძებს ვაგემოვნებთ. იგი საქართველოშიც მეპატიჟება. ჯორჯიო ძალიან თბილი ადამიანია, მშვენიერი მომღერალი. მას მართლაც კეთილშობილი ხმა აქვს.

– ის არაა ერთადერთი ქართველი მომღერალი, ვისაც იცნობთ, არა?

– ქართველი პარტნიორებიც მყოლია – მიმუშავია ნინო მაჩაიძესთან და ანიტა რაჭველიშვილთან “მეტოპრაშიც”, “კოვენტგარდენშიც”. ფანტასტიკური ხმები აქვთ.

ქრისტინე ოპოლაისი ლატვიელია. როგორ ფიქრობთ, რატომაა ე.წ. პატარა ქვეყნიდან ამდენი კარგი საოპერო მომღერალი?

სასწაული, ალბათ, ენაში იმალება. სიმღერა ხომ სასწაულია. თუმცა ამის ახსნა ძნელია. ეს, უბრალოდ, სასწაულია. აგერ ლატვია პატარა ქვეყანაა და ამდენი კარგი მომღერალი ჰყავს. რატომ? არ ვიცი. საფრანგეთი დიდი ქვეყანაა, მაგრამ მასაც კი არა ჰყავს ამდენი შესანიშნავი საოპერო არტისტი და დღეს იტალიაშიც კი ჭირს  ძალიან კარგის პოვნა. ალბათ, ახლა საქართველოსთვის კარგი დროა.

–  თვითირონიულად: ქართველები სადღეგრძელოებსაც კარგად  ვამბობთ და, ალბათ, ამიტომაც გვაქვს კარგი ხმა …

– როცა სიცოცხლე გიყვარს, ხმაც კარგი გაქვს და შესანიშნავი მომღერლებიც ბევრნი. იმისთვის, რომ კარგი მომღერალი იყო, ცხოვრება უნდა გიხაროდეს. უნდა იყო გენიალური და შეგეძლოს შესაძლებლობები გამოიყენო. თუ შენ შენს გარშემო ყველაფერს ძალიან აკონტროლებ, მაშინ რეალურად კარგი მომღერალი ვერ გახდები. ნამდვილი კარგი მომღერალი ცოტა გიჟი უნდა იყოს,

– მაინც როგორი სიმძაფრის გიჟი?

– თუ გინდა  ნამდვილი მომღერალი იყო, გიჟი უნდა იყო … სცენაზე უნდა მოკვდე.

– ეს არ უნდა იყოს თქვენი ოცნება …

– რატომაც არა? თუ შეგიძლია მოკვდე, რატომაც არა სცენაზე და არა – ქუჩაში.

– ჰო, მაგრამ  სცენაზე ისედაც იმდენჯერ ვკვდებით. რა საჭიროა ერთ – ერთი უკანასკნელი იყოს?

– ჩვენ სცენაზე იმდენჯერ ვკვდებით, რომ იყოს ერთი სიკვდილი მთლად უკანასკნელი… რატომაც არა? ჯადოსნური მუსიკის, პარტნიორისა და მშვენიერი აუდიტორიის წინაშე, რატომაც არა? ულამაზესი დასასრულია. და ვფიქრობ, რომ ყველაზე ლამაზი დასასრული სწორედ ასეთი დასასრული იქნებოდა.

შევეშვათ სიკვდილს და დავუბრუნდეთ მუსიკას. თქვენ და გიორგი გაგნიძემ ერთად საფრანგეთის ტელევიზიაში France 2 – ზე “და მე მთვარის შუქზე” იმღერეთ…

– ეს ფანტასტიკა იყო. მე CD ჩემ ცოლთან, სოპრანო ალექსანდრა კურზაკთან ერთად ჩავწერე. სხვათა შორის, ამ დუეტს – “და მე მთვარის შუქზე” მღეროდნენ ლეგენდარული მომღერლები: ენრიკო კარუზო და ემილიო დე გოგორზა, ტიტო სკიპა და გოგორზა. ჩემი ცოლი იმ დღეებში არ იყო თავისუფალი და ჯორჯიოს ვთხოვე, რომ ჩემთან დუეტში ემღერა. მან,  ფაქტობრივად, სიმღერა ერთ ღამეში ისწავლა. ეს გადაცემა მილიონობით ადამიანმა ნახა.

– საოპერო არტისტს დღეს კინომსახიობის უნარ–ჩვევები უნდა ჰქონდეს. ცოცხალი მოწმე ვარ. თქვენ გაქვთ ეს ნიჭი.

– დღეს ადამიანებს უნდათ, რომ სცენაზე ლამაზი მსახიობები ლამაზად მღეროდნენ და მოქმედება კინოს მსგავსად მიმდინარეობდეს. ადამიანებს უნდათ, რომ სცენაზე ოცნება და სანახაობა ნახონ. იხილონ მსახიობი, რომელიც არა მარტო მღერის, არამედ კარგ კინოსაც სთავაზობს. ოპერა უნდა იყოს კინო, რომელიც DVD –ზე გადაიტანება.

– ასეთ გარემოებათა გამო ოპერა თავის კუთვნილ ნიშას არ კარგავს?

– სულაც არა. ძველ ოპერასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, წინა თაობის ადამიანების ნოსტალგია მშვენიერია. დღეს ძალიან მამაცი უნდა იყო, რომ საოპერო კარიერაზე იფიქრო.

 შოუსთან კონკურენციის გამო?

– ამის გამოც. იმიტომაც, რომ, ცხადია, უნდა იყო პოპულარული, არადა ის სახელოვნებო გარემო ისეთი ვეღარაა, როგორიც ერთი საუკუნის წინათ. პოპმუსიკის, მადონასა თუ ჯექსონის, საპნის ოპერის პოპულარობის დროს ოპერა ვერ დარჩებოდა ისეთად, როგორიც – ადრე. მომღერლისთვის ამგვარი ტრანსფორმაცია რთული პროცესია. ოპერის მომღერალი ცოტა არანორმალური უნდა იყოს. ჰოდა, ვიტყვი. არ ვართ ჩვენ ნორმალურები. მით უმეტეს, როცა ორკესტრში ახალ ტექნოლოგიებზეა ორიენტაცია და ისედაც ყველა დისციპლინაში ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ, მომღერალს კი მხოლოდ ერთადერთი ინსტრუმენტი – ხმა აქვს. ეს რთული გარემოებები, ცხადია, არ გვიადვილებს ცხოვრებას. ოპერამ ამავე დროს არ უნდა დაკარგოს თავისი დონე.  მუშა ცხენივით უნდა იყო… ვერ იტყვი უბრალოდ – დაიღალე… ჰო, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები არა ვართ, ადვილად მსხვრევადები ვართ.

– “მანონის” ფინალურ სცენაში თქვენ და თქვენი პარტნიორი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მღეროდით. როგორ?

–  დღეს ხალხი ამ პროფესიას სათანადოდ პატივს არ სცემს. დიდი ამბავი, იმღერაო, იტყვიან…

ანუ კონკურენცია არათანასწორი პირობებით მიმდინარეობს…

– ძნელია ყოველთვის ძალიან კარგ ფორმაში იყო, როცა მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა გიწევს. უნდა იყო ლამაზი და ხმაც – მაქსიმალური ჟღერადობით. ამ ორის მართვა უნდა შეგეძლოს – სხეულისა და ხმის.

– მონსერატ კაბელიეს „კარმენში” სტატიურობის გამო ერთხელ დაუსტვინეს კიდეც…

–  კარგი რეჟისორი შეუძლებელს შეძლებს და თუ მართლაც კარგი რეჟისორია, კარგ მომღერალს კარგ მსახიობადაც გადააქცევს.

– როგორ უნაწილებთ დროს ოპერასა და პოპს?

99 პროცენტი ოპერას, დანარჩენი – პოპს. საფრანგეთში უკვე ხუთი CD გამოვუშვი არასაოპერო სიმღერებით. პოპს ჩემი დროის მცირედი ნაწილი მიაქვს, მაგრამ იგი უფრო რთულია, ვიდრე ოპერა.

– ხუმრობთ?

არა.  სამი საათი სცენაზე მარტო დგახარ, უნდა იმღერო, ილაპარაკო და შოუ შექმნა. ეს უფრო რთულია, ვიდრე ოცდაათ საოპერო დადგმაში არიები შეასრულო. ოპერა ხომ პატარა მონაკვეთებისგან შედგება.

– ცხადია, თქვენთან მარიო ლანცა უნდა ვახსენო. გეტყვით, რომ თქვენც გაქვთ ლანცას ქარიზმატულობა და ემოციის გადმოცემის “ილეთი”. მარიო ცოცხალი რომ იყოს, რას ეტყოდით?

– ვერაფერს. იგი დიდებული იყო, მას სასწაული ქარიზმა ჰქონდა და როცა მას უყურებ, ყველა მის განცდას ეკრანზევე გრძნობ. არ ვიცი მაქვს თუ არა ამგვარი ქარიზმატულობა. მე ხომ ჰოლივუდელი არა ვარ.

– გაქვთ.

– მარიო ლანცა რომ მენახა, მართლაც ვერაფერს ვეტყოდი. ისევე, როგორც ღმერთს. როცა პავაროტის შევხვდი, მე მისთვის არაფერი მიკითხავს. არასოდეს.

უბრალოდ, ჩუმად იყავით?

– კი. ვდუმდი. ვუყურებდი მას და მის თვალებს ველაპარაკებოდი. შენ არ შეგიძლია ღმერთის მსგავსს ელაპარაკო ისე, როგორც სხვა ადამიანს ელაპარაკები.  მაშინ ის ღმერთი არაა…

– აბა, ამ ორთაგან რომელია ნომერ პირველი და ნომერ მეორე ღმერთი?

–  ღმერთების  ასეთ შედარებას ვერ დავიწყებ. მითოლოგიაში არის სიყვარულისა და ომის ღმერთი. პავაროტი სიმღერის ღმერთი იყო.

– როგორ აღწერდით გზას “პიცა ბოიდან” დიდ სცენამდე? ეს ნახტომი იყო თუ “ნელ – ნელა” გზა?

– შენ ვერ გახდები მომღერალი. შენ უბრალოდ ხარ დაბადებული მომღერლად და მორჩა. ასე, ბუნებრივად. კომპიუტერში თავიდანვე ჩატვირთული პროგრამა ხარ…

პიცერიაშიც მომღერალი ხარ?

– კი, ყველგან. გაირბინო ათასი მეტრი ათ წამზე ნაკლებ დროში, ეს ბუნების ფენომენია, ანუ ბუნება თავიდანვე გიდებს ამ პროგრამას. შენ მომღერალი ვერ გახდები, თუ იმთავითვე მომღერალი არა ხარ. შეიძლება იმიტაცია შეძლო, მაგრამ ეს არ იქნება ჭეშმარიტი ნიჭი.

– თქვენი ოცნებები ახდა?

–  უმეტესი კი. არადა  ძალიან მორცხვი  ვიყავი და  უამბიციო.

– ნანობთ?

– კი, ვნანობ, რომ ყოველთვის მორცხვი ვიყავი. უფრო სწორედ, ძალიან მორცხვი. არასოდეს მითხოვია ის, რაც მინდოდა, მაგალითად, თუნდაც “მეტროპოლიტენ ოპერაში” ან “კოვენტგარდენში”. თუმცა ვხედავდი, რომ ეს სხვებს შეეძლოთ…

“რატომღაც” ეს თქვენი “განსაკუთრებული სიმორცხვე” თქვენს საკონცერტო გრაფიკზე არასოდეს ასახულა …

– ჰო ასეა. მართლა მინდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ჩემი გრაფიკი უკვე რამდენიმე წლით ადრე დიდი ხნითაა  გაწერილი. “რიგოლეტო”, “ტოსკა”, “კარმენი”, “ჯამბაზები”… ახლა გავიაზრე, რომ ჩემ გრაფიკს სათანადოდ არც კი ვიცნობ. თან ჩემი  უმცროსი შვილი პატარაა, უფროსს კი თავად ჰყავს შვილი და ბაბუა ვარ. ერთი სიტყვით, ბევრი საზრუნავი მაქვს.

აი, ქართველებს კი ერთ რამეს გეტყვით: იყავით საქართველო, დიდი გულის ადამიანები ქვეყანა; ისეთები, როგორი სიყვარულითაც ცხოვრება გიყვართ.  დაე, გიხაროდეთ ყველაფერი! მშვენიერი ხალხი ხართ, ჰოდა, არასოდეს დაგეკარგოთ თქვენი შარმი და ლამაზი ხმა.

„მანონ ლესკო“

***

როგორც კი ოპერის შენობიდან, თბილი საგრიმიოროდან ნიუ იორკის ზამთრის ცივი ღამის ქუჩაში გამოვედი და თან თავში რობერტოს საქართველოზე გაზვიადებული წარმოდგენების დეკონსტრუქციის პუნქტები ამეტყველდნენ,  მანონ ლესკოს, ქრისტინე ოპოლასის ლამის შევეჩეხე და გზად გასაუბრებაც მოვასწარით… ისიც აღმოვაჩინე, რომ რობერტოს და ქრისტინეს აზრები მომღერლის სამსახიობო ნიჭთან დაკავშირებით ოდნავ განსხავდებოდა ერთმანეთისგან. ლატვიელი სოპრანო თვლიდა, რომ მომღერლად და მსახიობად უბრალოდ იბადებიან, რომ ვერც გაკვეთილები, ვერც წვრთნა და ვერც კარგი რეჟისორი კარგ არტისტად ვერ გაგხდის. “ან ხარ არტისტი, ან – არა”…

„ანიტა რაჭველიშვილი ჩემთვის ყველაზე ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალია“, – დასძინა ოპოლაისმა. „ – პირადად ვიცნობ. იმედი მაქვს, რომ ოდესმე სცენაზეც შევხვდებით. ნინო მაჩაიძესთვის კი მომისმენია, თუმცა პირადად არ ვიცნობ.“

დღეს მანონს თქვენგან რა დაამატეთ?

– არაფერი. პუჩინიმ თავის მუსიკაში ყევლაფერი ჩაატია, მე უბრალოდ მას მივყვებოდი. მიყვარს თავისუფლება და ის სიყვარული, რომელიც კომპოზიტორმა ნაწარმოების შექმნისას გვაგრძნობინა. ეს არა მარტო მის ნოტებშია, არამედ ნოტებს შორისაც. ფაქტობრივად, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, რადგანაც ჩემს სისხლში ისედაცაა პუჩინი და ის სიყვარული, რომელიც მან ამ ოპერაში ჩააქსოვა. სიმღერასა და არტისტიზმს ვერ სწავლობ, უბრალოდ ნიჭს იყენებ. აი, ამ ყველაფრის გადმოცემის უნარი კი ღმერთისგან მივიღე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი