“ჭკვიანები” მაგრამ “ნიგერები”

” ქალი სამყაროს ნიგერია …

და ჩემი თუ არ გჯერა, შეხედე შენ გვერდით მყოფ ქალს…

და თუ ის ნამდვილია,

ჩვენ ვამბობთ, რომ კაცად ყოფნას ცდილობს.

ქალი მონების მონაა.”

ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სიმღერა “ქალი სამყაროს ნიგერია” (1972)

როცა 2015 წლის ზამთრის მიწურულს რუსეთში პუტინის მაშინდელი მთავარი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს, მეგობრები მედიის საშუალებით მის აღმატებულ ხარისხში დასახასიათებლად ასე საუბრობდნენ: “უყვარდა ლამაზი ცხოვრება, ლამაზი ქალები და ის, რომ მკვლელობის დროს მასთან მისი შეყვარებული, მასზე გაცილებით ახალგაზრდა მოდელი იყო, ამას მოწმობსო”.

2014 წლის ზაფხულში მოსკოვში ცნობილი დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია გარდაიცვალა. მეგობრები მისი დახასიათებისას არც ლამაზ ცხოვრებას ახსენებდნენ, არც ლამაზ კაცებს და მისი სიკვდილიც “ტრივიალური” იყო… “მოდელი კაცის” გარეშე. მისი მოღვაწეობის ხარისხის დამხასიათებლად  კაცები  (თუნდაც მხოლოდ ამგვარი ეპითეტით – “ჭკვიანები”) არ და ვერ მოიხსენიებოდნენ. ამგვარი “ლამაზი დეტალი”  მხოლოდ ნოვოდვორსკაიას პუტინისტი ოპონენტების პირიდან ამოვიდოდა  და მხოლოდ ერთი მიზნით – პოლიტიკოსი ქალის დასაკნინებლად და რეპუტაციის შესალახად.

ნიუ იორკში 2018 წლის სექტემბერში გაეროს 73–ე გენასამბლეის გახსნამ, ფაქტობრივად, დაჩრდილა ზუსტად იმ დღეს “ამერიკის მთავარ მამად” წოდებული, 80 წელს გადაცილებული, დაბრმავებული მსახიობის ბილ კოსბის სასამართლო განაჩენის გამოცხადება. პოპულარული “კოსბი შოუს” მთავარ გმირს ორმოცამდე ქალი სექსუალურ ძალადობაში/სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. სასამართლო სიძველის გამო ზოგ “ქეისს” არ განიხილავდა, ზოგიერთი მტკიცებულება კი რეალურად არსებობდა. წლების განმავლობაში ეს კაცი არა მარტო პოპულარული მსახიობი, არამედ ქვეყნის მორალური ავტორიტეტი იყო, რომელმაც თავისი რენომე მოძალადის ამპლუაში დაასრულა.

გაეროს ასამბლეებზე, რომელიც მსოფლიო ლიდერების ყველაზე დიდი ფორუმია, ყოველი ქვეყნის ხელმძღვანელი კანადა – ავსტრალიიდან ვიდრე ეგვიპტე – ზამბიამდე, თავს “პროტოკოლურად” მოვალედ თვლის ახსენოს, რომ მისი ქვეყანა გენდერულ თანასწორობას ამკვიდრებს. მაგალითად, ზამბიის პრეზიდენტი ამბობს, რომ გოგონებისთვის აბაზანის პირსახოცების დარიგება /აბაზანის მიღება სკოლაში წასვლის პირობააო; ეგვიპტის წარმომადგენელი კი არც ახსენებს, რომ მისი ქვეყანა გაუპატიურების სტატისტიკით გამოირჩევა; კანადის ლიდერი არ აღნიშნავს იმ კატასტროფულ რიცხვებს, რომლის მიხედვითაც კანადა უგზო–უკვლოდ დაკარგული ქალების რაოდენობით მოწინავე ქვეყანაა; ავსტრალიის მთავრობა კი დუმს იმის შესახებ, რომ მას ძალიან ხისტი პოლიტიკა აქვს ლტოლვილებთან დაკავშირებით, ხოლო ისინი, ვინც დროებით თავშესაფრებში/ბანაკებში განათავსა, განსაკუთრებით ქალები, ცივილიზირებული სამყაროსთვის შეუსაბამო პირობებში იმყოფებიან.  წელს ამ პოლიტიკური ტრიბუნიდან არავის აღუნიშნავს,  მათ შორის, არც ქალებს, მოძრაობა #MeToo (#მეც) და მისი მიზეზ – შედეგობრივი კავშირები. თუ არ ჩავთვლით ამა წლის მარტის იგივე “ქალთა თვეში”  CEDAW  კონვენციის ( ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენცია) სხდომების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სექსუალურ ძალადობა/შევიწროებაზე გამართულ დისკუსიებს, ეს თემა გენასამბლეის პოლიტიკური ტრიბუნიდან არ გაჟღერებულა.

როგორც ჩანს, მშვიდობის დამკვიდრებისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის ეს სივრცე ასეთი “წვრილმანებისთვის” ზედმეტად მონუმენტურია. გამომსვლელები შიგა და შიგ ამა წლის გენასამბლეის თავმჯდომარეს, გაეროს არსებობის მანძილზე მეოთხედ არჩეულ ქალს პოსტის დაკავებას ულოცავდნენ. რეალობა კი ასეთია – ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ავტორ ორგანიზაციას გაეროს დაარსების(1945) წლიდან ვიდრე დღემდე არც ერთი ქალი – გენმდივანი არ ჰყოლია.

სამაგიეროდ, სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა ყველაზე აქტიური, საჯარო, გნებავთ, კერძო ადვოკატი/სახალხო დამცველი ტრადიციული და სოციალური მედია გახდა, არა მხოლოდ თემის “პიკანტურობის”, არამედ მედიის ღიაობისა და მისაწვდომობის გამო.

საერთაშორისო მოძრაობამ #MeToo (2007) , რომლის ავტორი ამერიკელი აქტივისტი თარნა ბურკია, ხოლო მსახიობმა ალისა მილანომ მას ათი წლის შემდეგ ახალი სუნთქვა შესძინა და რომელმაც შარშან აგორებული კაპმანიის პირველ თვეს 85 ქვეყანა მოიცვა, საქართველოშიც და მის გარეთ მცხოვრებ ქართველებშიც ჰპოვა გამოძახილი. მამაკაცების #MeToo არ შემხვედრია  ცხადზე ცხადი მიზეზების გამო, არ ვგულისხმობ დასავლურ მედიაში ცნობილ გეი არტისტების დადანაშაულებასა და ამის შედეგებს.  ჟურნალ “ტაბულას” საიტზე გაჩნდა სექსუალურ შევიწროებაში ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ტელეეთერში დემოკრატიული ღირებულებების აუცილებლობაზე მოსაუბრე ზვიად დევდარიანის ეროტიული ფანტაზიების რეალიზების მცდელობის მსხვერპლი ქალების ისტორიები; “გამოჩნდა” ტელეფიგურა შალვა რამიშვილიც, რომელსაც 12 წლის წინათ ფარული ჩანაწერის საფუძველზე  ბრალი წაუყენეს. ამ მტკიცებულებაში იგივე “კაცურკაცების ბაზარის” დროს იგი ჩინოვნიკს “რემონტის ფულს” სთხოვდა და თან სთავაზობდა მისივე ტელეგადაცემის გუნდის წევრი, აბეზარი ჟურნალისტი მიეჟ@მა.  პატიმრობის მოხდის შემდეგ იგი ისევ დაუბრუნდა მედიას და ისევ “შარში გაეხვია” –  სასამართლომ დაადასტურა, რომ რამიშვილი თავის თანამშრომელს სექსუალურად ავიწროებდა. იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ჯარიმა გადაახდევინეს, თუმცა საჯარო–მედიურ სივრცეს იგი მალევე დაუბრუნდა. ამგვარი სასამართლოს დარბაზამდე მისული საქმეები საქართველოში უფრო გამონაკლისია, ვიდრე – ნორმა.

დუხჭირ ქვეყანაში სამსახურის დაკარგვის შიში; ნარატივი – “კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს”; როცა ძალადობისა და სექსუალური შანტაჟის სამიზნედ ქალის არჩევა ხდება მოკლე/ გრძელი კაბის, ღამით/დღისით სიარულის, ტაქსიში/საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომის, ფხიზლად/მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის; სამსახურში დაწინაურების/ხელფასის მომატების სურვილის ან არასურვილის მიზეზით და ა.შ. უფრო სწორედ, იმიტომ, რომ იგი ფიზიკური კონსტიტუციით – ქალია, რაც  „ძალიან მარტივად” ასახსნელია ადამისა და ევას არსებობის არგუმენტაციით. ორმაგად სამწუხაროა ის, რომ ამას ქალების ქალთა მიმართ არასოლიდარულობა, არაჰუმანური დამოკიდებულება ემატება. პირადად მე არაერთხელ შემხვედრია ზღვრულად უხამსი შინაარსის კომენტარები: “ისეთი დროა და ისეთი ნაზიკო და ჩმორი კაცები წამოვიდნენ, რომ, ახლა ვინმემ ძალით თუ გაკოცა და მითუმეტეს მიგაიმასქნა, კი უნდა იყო ბედნიერი. თან თუ სექსბომბი არა ხარ, მადლობელიც უნდა იყო თუ კაცს შენზე აუდგა”. აი, ზუსტად ასეთი ფორმულირებით. გარდა ამისა, მთელი ეს პატრიარქალური კულტურა და პოლიტიკა ქალს შთააგონებს, რომ მისი ჯანსაღი ფერტილობისა და იდეალური დიასახლისობის გარდა, იგი უწყვეტად, 24/7 სექსუალურად მიმზიდველი ობიექტი უნდა იყოს. ამიტომ სექსუალური შევიწროების “ატანა” ან “გასაიდუმლოება” ჩვეულებრივ ამბად ანუ ქალის მეობის მთავარ შემადგენლად, გნებავთ, თავმოყვარეობის საგნად დამკვიდრდა, რადგანაც თუ ბოსი ან მაგარი/არამაგარი კაცი  შენთან არ “ჩალიჩობს” , მაშინ რა ქალი ხარ საერთოდ და შესაბამისად არავინ გიმღერებს “პატარა, ჩემო პატარა გოგონას“…

ჟურნალ The Time-ის გარეკანი, 2017 წელი

2017 წელს ამერიკულმა ჟურნალმა The Time წლის ადამიანად დაასახელა სიჩუმის გამტეხი ქალები, რომლებმაც “მანდილოსნის მორალი” დაარღვიეს და სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და მათ ჯანმრთელობაზე თუ კარიერაზე ამ ტრავმის გავლენის თაობაზე არა მარტო  საჯაროდ ალაპარაკდნენ, არამედ “ქამინგაუთისკენ” სხვებსაც მოუწოდეს. მეორე წელია ფლეშმობებით, ჰეშთეგებით თუ ვებსაიტებით, სოციალური კლიპებით, სხვადასხვა ფორმის ტექსტებით, სექსუალური შევიწროების ცხელი ხაზების/ადვოკატების პრომოთი და სხვა მედია თუ მხატვრული საშუალებებით მსხვერპლებმა, არამსხვერპლებმა, ცნობადებმა და არაცნობადებმა, აქტივისტებმა, ფემინისტებმა და უბრალოდ, ადამიანის უფლებების პრიმატის ამღიარებლებმა ბიძგი ახალ სამოქალაქო მოძრაობას მისცეს. მოძრაობას, რომელსაც არა ჰყავს ლიდერი ან ლიდერები, არამედ აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზი და მიზანი. ბეტი ფრიდანი თავის “ქალურობის გამოცანაში” ( 1963) წერდა “პრობლემაზე, რომელსაც სახელი არა აქვს”, ოღონდ იგი განათლებამიღებული ქალების დაუსაქმებლობის თემას ეხებოდა. წლების წინ, როცა აშშ–ში სამუშაო ადგილზე ქალთა სექსუალური შევიწროების საქმეების განხილვა დაიწყო, ამ “უსახელო პრობლემამ” კიდევ ერთი განსაზღვრება,  ფორმა–შინაარსი შეიძინა და ამ აკრძალულ თემას, რომელიც ავგიას თავლაც და პანდორას ყუთიც აღმოჩნდა, როგორც იქნა  ტაბუ მოეხსნა. მაგრამ XXI საუკუნეში აკრძალვის მოხსნა ეგზოტიკურ “ივენთად” რომ არ დარჩეს, მოქმედება გაგრძელებას მოითხოვს. საკმარისი არაა სოციალურად მწვავე თემებმა სახელოვნებო თუ აკადემიურ სფეროში გადაინაცვლოს – იგი სამართლებრივი რეაგირების ქოლგის ქვეშ უნდა მოექცეს.

ბრიტანელი მწერალისა და სუფრაჟისტის, მილისენტ ფაუსეტის ძეგლი ლონდონში, პარლამენტის სკევრში, 2018

#MeToo–ს კამპანიის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომელთა რეპრესირებული ტკივილი შორეულ, ბნელ კლოზეტში იმალებოდა/იმარხებოდა, მიეცათ საშუალება ამოეთქვათ, ამოიყვირათ ის, რის თქმასაც ვერასოდეს ბედავდნენ… ეს, ფაქტობრივად, რევოლუციის ტოლფასი, პოლიტიკური – სოციალური –  კულტურული კოდების რეფორმირების ლეგიტიმურ აქტად გადაიქცა, როცა საჯარო თუ არასაჯარო სივრცეში ქალების “დაპყრობის” შესახებ კაცების (სქესს ამ შემთხვევაში, პრინციპული მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს) ბაქიაობა ფხიზელ თუ არაფხიზელ მდგომარეობაში არა მხოლოდ საზოგადოების აზრის რისხვით, არამედ სოლიდური ჯარიმით, კარიერის ნგრევით ან საბრალდებო სკამზე მოხვედრით შეიძლება დასრულდეს. საუბარი არაა მხოლოდ გაუპატიურებაზე, როგორც დასჯად კრიმინალურ ქმედებაზე. საუბარია ვერბალური თუ ქმედითი შანტაჟით (სამსახურიდან გათავისუფლება, ბინიდან გაგდება, ფარული ჩანაწერები, ინტიმური ფოტოები და მისთანანი), მანიპულირებითა და ძალაუფლებრივი დისბალანსის გამოყენებით  მიზნის მიღწევაზე, რომელიც “სიცოცხლეზე მეტია” და რომელიც  სინამდვილეში იძულებისა და “რომანტიკული რეპრესიის” სინონიმს წარმოადგენს.

მსახიობი ეშლი ჯადი ჯერ კიდევ 1997 წელს ჰოლივუდის “მთავარი მამაკაცის”, ყოვლისშემძლე პროდიუსერის, ჰარვი ვაინსტინის, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურობის მოწმე გახდა, მაგრამ მისი აღშფოთება “ბევერლი ჰილზის” მდიდრული სასახლეების კედლებს ვერ გასცდა. ამასობაში ვაინსტინის პილიშინელმა მითოლოგიურ მასშტაბებს მიაღწია.  “შეთანხმებული ნორმა”, რომელიც ერთი შეხედვით, გლამურული იყო, რეალურად კი – ბრუტალური, წარმატებისა და “ოსკარების” სხეულებრივ, დამსახურებულ ხარკად აღიქმებოდა. აბა, სად ჟურნალის გარეკანზე მოხვედრის პერსპექტივა და სად ერთი “მცირედი დათმობა”, თუნდაც – საკუთარ სინდისთან.

#MeToo–მ,  ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ აჩვენა ქალისადმი, როგორც მეორე სქესისადმი მიმართების მუდმივობა; მეორეხარისხოვნისადმი, რომელიც ყოველთვის დამოკიდებულია პირველხარისხოვნის კეთილ ნებაზე და, მეორე მხრივ, იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენა, რომ მხოლოდ სოციალური კლასის გარკვეული ფენის ინტერესების თანმხვედრა და ავტორიტეტული მედიით რეზონირებულ ხმას აქვს ჩვენს ყურთასმენამდე მოღწევის შანსი. თუნდაც, “მდიდრებიც და ცნობილებიც ტირიან” კონტექსტში.

#MeToo–ს დაწყებამდე ტელეკომპანია Foxnews-ში სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებათა კასკადი აგორდა, მაგრამ ამას ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობა არ მოჰყოლია, თუმცა ცხადია, სასამართლო დარბაზებში მათი განხილვა მიმდინარეობდა და დაზარალებულებმა სოლიდური თანხებიც მიიღეს. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჰარვი ვაინსტინი ერთგვარ რიტუალურ საფრთხობელად გადაიქცა და თავადაც დაემსგავსა მემოს, თან – კინემატოგრაფიულს. უბრალოდ მას, როგორც უამრავი წარმატებული მხატვრული პროექტის (მადენის “შეყვარებული შექსპირი” (1998), ტორნატორეს “მალენა,” (2000), სკორსეზეს “ნიუ იორკის ბანდები” (2002) და სხვა) ავტორს უფრო დიდი შანსი ჰქონდა მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო, ვიდრე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, “ფოქსნიუსის” გადაცემის, “ბილ ო რალი ფაქტორი” წამყვანს, რომლის მიმართაც პრეტენზიები ათზე მეტმა ქალმა, ძირითადად, თანამშრომლებმა გამოთქვეს.

ზოგადად ითვლება, რომ “ხელოვან ხალხს” ეპატიება “ჰიპერსექსუალობა”, რადგანაც ისინი ხომ სხვანაირები არიან და სხვანაირი “ძირითადი ინსტინქტი” აქვთ; მათ ხომ სხვანაირი შთაგონება და განტვირთვა სჭირდებათ. შესაბამისად ისინი სხვანაირად “კარგავენ კონტროლს” და ამიტომაც ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა, მათ სხვანაირობას პატივი უნდა ვცეთ თუ გვინდა, რომ ამ სხვანაირებმა თავისი სხვანაირობის შედეგით აპოლონიცა და ჩვენც  გაგვახარონ. ამგვარი ტექსტები სხვა არაფერია თუ არა სექსუალური შევიწროების, ძალადობის რომანტიზირება და ნორმალიზება.

პირადად მე კინოკომპანია “მირამაქსისა” და სხვათა პროდუქციის ყურებისას უკვე მეორე წელია უნებლიედ მიჩნდება, როგორც ამბობენ, ლეგიტიმური ეჭვი: ამა და ამ ფილმის (ვაინსტინი ზოგადად ლამის სამი ასეული ფილმის პროდიუსერი, რეჟისორია, სცენარის ავტორი და მსახიობიცაა) არტისტების “კასტინგი” ავადსახსენებელ უფროსთან “ჩაწყობით” მიმდინარეობდა თუ – არა…

დისკრიმინაციული სახის სექსუალურ მაძიებლობას, ავადმყოფურ გამოვლინებებს თუ სექსუალურ შევიწროებას, ისევე როგორც სხვა სახის დისკრიმინაციას, თავისი შიდა სტრუქტურა/იერარქია აქვს. მაგალითად, მსახიობ დეივიდ დუჰოვნის შემთხვევაში, რომელმაც აღიარა, რომ სექსზე დამოკიდებული იყო, მკურნალობის კურსიც გაიარა… დუჰოვნი ვაინსტინის გავლენის მასშტაბებს ვერაფრით შეედრებოდა, ამიტომ ამ უკანასკნელის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ფაქტობრივად, გაცილებით “მშვიდად” ჩაჯდა “გაუპატიურების კულტურის” გაბატონებულ “ნორმაში”, ვიდრე –  “X ფაილების” ჩვეულებრივი მსახიობის, რომელიც თავად იყო დამოკიდებული სხვათა ნებაზე.

დომინანტ თანამდებობაზე მყოფს წითელი ხაზების გადაკვეთა უფრო “ენორმალურება”, ვიდრე – არადომინანტურზე მყოფს. ასევე გონივრულ ეჭვს ბადებს ერთი რამ – ფილმების პროდიუსირებისას ვაინსტინს რეჟისორებთან, ოპერატორებთან და გადამღები გუნდის სხვა წევრებთან, ცხადია, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა. დაუჯერებელია, რომ ამ ხნის განმავლობაში არც ერთ რეჟისორს, მაგალითად, ტარანტინოს ან კურტისს არ სცოდნოდა ცნობილი პროდიუსერის ფსიქოპათიის, გნებავთ, სოციოპათიის, გნებავთ, სექსოპათიის თაობაზე… ფაქტია, რომ არაერთი ლოკალური თუ საერთაშორისო პრიზის თუ წოდების, ფაქტობრივად, 75 ოსკარის მფლობელი ჰარვის საშუალებით კინოსამყაროს შეემატა ფილმები ქალებზე, კაცებზე, უსამართლობაზე, ძალადობაზე და ადამიანურ ტრაგედიებზე. რეალურ ცხოვრებაში კი მან თავისი ფილმების მოძალადე პერსონაჟებს რეიტინგით გაუსწრო… იგი 60 – ზე მეტი ქალის ტრავმის ავტორი და პროდიუსერი აღმოჩნდა.

ჰოლივუდის ყოვლისშემძლე ოსტატს ოდესღაც მერილ სტრიპმა “ღმერთი” უწოდა. ახლა იგი, ცხადია,  ასე არ ფიქრობს, მაგრამ გამოჩდნენ მსახიობი ქალები (კეტრინ დენევი და სხვები), რომლებმაც #MeToo –ს არა მხოლოდ სოლიდარობა არ გამოუცხადეს, არამედ გააკრიტიკეს კიდეც და პურიტანიზმში დასდეს ბრალი. მოგვიანებით კი ბოდიში მოიხადეს.  ერთადერთი ვინც ვაინსტინთან ღია კონფრონტაცია ჯერ კიდევ 1990 – იანებში  გაბედა, ბრიტანელი მსახიობი რობერტ ლინდსეი იყო, რომელმაც მას “ეშმა” უწოდა…

 

* * *

– „შენ ჭკვიანი ხარ?“ – ეკითხება წამყვანი სტუმარ ქალს მას მერე, როცა იმის გარკვევას ცდილობს, საყვარლად ცოლ–შვილიანი კაცი ჰყავდა თუ არა და ამიტომ არის თუ არა მეძავი. ამ დროს ოპერატორის კამერა დროს არ კარგავს და ფართე ხედით ქალის მკერდსა და ფეხებს ათვალიერებს.

– „ჭკვიანი რომ არ ვიყო, “პროფილში” რამდენჯერმე არ მომიწვევდით.”

გადაცემა “პროფილი”, ტელეკომპანია “რუსთავი 2”, (2018 წ.)

 მსახიობ ეშლი ჯადის ხმამდე იყო ოკლაჰომის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის, ანიტა ჰილის “ქეისი” (1991), რომელიც დეჟავიუს მსგავსად, 2018-ში პალო ალტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა კრისტინ ბლასი ფორდმა “გაიმეორა”. ორივეგან ქალები უხამს ქმედებაში ადანაშაულებენ იურისპრუდენციის მაღალი ეშელონის წარმომადგენელ კაცებს და ორივე “პირველი სქესი” რესპუბლიკელი პრეზიდენტების, “პირველი კაცების” მიერ წარდგენილი ფავორიტები იყვნენ.

კრისტინ ბლასი ფორდი და ბრეტ კავანა

ბრეტ კავანას (კრისტინ ბლასი ფორდის ვიზავი) წარმდგენი სილამაზის კონკურსის ყოფილი მფლობელი და რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო პრაიმერისის ქალი კანდიდატის გარეგნობაზე მოქილიკე, დღევანდელი აშშ–ის 45–ე პრეზიდენტია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ დროს თომას კლარენსი (ანიტა ჰილის ვიზავი) ჯერ განათლების დეპარტამენტში, შემდეგ კი იმ უწყების ხელმძღვანელ პოსტზე მუშაობდა, რომელსაც ქალების მიმართ სამსახურში განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლა ევალებოდა. ბრეტ კავანა სენატის კომიტეტმა ერთი ხმის უპირატესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ (ეს პოსტი სამუდამოა) მაინც დაამტკიცა. ამ ორ “ქეისს” საუკუნეების გასაყარი და 27 წელი აშორებს. სოცმედიაში გაჩნდა კავანას 17 წლისა და ფორდის 15 წლის ასაკის ფოტოების “შედარებითი დახასიათება”, სადაც “ანალიტიკოსები” მათი ფიზიკური მონაცემების მეტ–ნაკლებობის გარჩევისას ასკვნიდნენ, რომ კავანა ასეთ მახინჯზე “ხელს” არ გაისვრიდა, შესაბამისად ქალი დემოკრატიული პარტიის მიერ მოსყიდული ცილისმწამებელია.

ანიტა ჰილის, კრისტინ ბლასი ფორდის და უზენაესი სასამართლოს კაცი -კანდიდატების მოსამართლეების დებატების (რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავდა)   ამსახველი ვიდეო  ჩანაწერი ორმაგი დოკუმენტია – ქალისა (და კაცისაც, ცხადია)  პირადი და განზოგადებული ისტორია . ეს ერთგვარი დოკუმენტური კინოა სოციალურ–პოლიტიკურ, გენდერულ სტატუსებზე  და “ქეის სტადიც” სამყაროს ცვლილებაზე. ცხადია, პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ შეუძლებელია რეალისტური პესიმიზმი არ დაგეუფლოს ამ ისტორიების სატელევიზიო შოუს ფორმატში მოსმენისას. და მეორე – ეს ერთგვარი გაფრთხილება და ძალიან სევდიანი ამბავია იმის თაობაზე, რომ თუ ძალადობის მსხვერპლმა ვიდეოფირი ან სამედიცინო ექსპერტიზის ცნობა არ წარადგინა ანდა პოლიციაში ადვოკატთან ერთად მაშინვე არ გამოცხადდა, ფაქტობრივად, შეუძლებელია დამცირება – შეურაცხყოფის ფაქტი აღიარებულ იქნას.

კრისტინ ბლასი ფორდის სამსახურის მისამართზე გაგზავნილი მადლობის ერთ–ერთი წერილი.

ეს იგივეა მეორე მსოფლიო ომის დროს გაუპატიურებულ ქალებს მხოლოდ ნიურბერგის პროცესის შემდეგ რომ ამოეღოთ ხმა, მაგრამ არავის დაეჯერებინა, რადგანაც ამის მატერიალური მტკიცებულება, მით უმეტეს, ფოტო/ვიდეოჩანაწერი, არ მოიძიებოდა. თუ არ ჩავთვლით სომერსეტ მოემის მოთხრობის “დაუმორჩილებელი” ( 1943) მსგავს სიუჟეტებს, რომელშიც გერმანელი ფაშისტის ჰანსის (იგი ამბობს, რომ ომი საფრანგეთმა დაიწყო) მიერ, ფაქტობრივად, მშობლების თვალწინ გაუპატიურებული ფრანგი მასწავლებელი ანეტი ფეხმძიმდება. იგი ბავშვს აჩენს, ჰანსი მზრუნველობას იწყებს და სწორედ მაშინ ანეტი ახალშობილ შვილს მდინარეში ახრჩობს… არასოდეს დამავიწყდება მოთხრობის ფინალი და შეურაცხყოფისგან შეშლილი ქალის სიტყვები: “მე ეს სასწრაფოდ უნდა გამეკეთებინა. მეშინოდა, რომ მოგვიანებით გამბედაობა არ მეყოფოდა” და არც ის, რომ “ბავშვის მამა” გაუპატიურების შემდეგ ქალს გახეული კაბის ფულს უტოვებს…

1970 წელს აშშ–ში პენიტენციალური სისტემის თანამშრომელი სანდრა ბუნდი იყო პირველი ქალი, რომელმაც თანამშრომელი კაცები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საქმის აღძვრას კი საფუძვლად დაედო აშშ–ის 1964 წლის “სამოქალაქო უფლებების აქტი”. ცნობილია ისიც, რომ როცა სანდრამ ამ კაცებზე სუპერვაიზორთან იჩივლა, ეს უკანასკნელი გამოძიების ჩატარებას შეჰპირდა, მაგრამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ჯანსაღი აზროვნების კაცს სანდრას გაუპატიურება უნდა სდომოდა.

სანდრა ბუნდის სასამართლო საქმემ ბიძგი მისცა უამრავ ადამიანს, რათა მათ სამართალდამცავებისთვის სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გამო მიემართათ. მას მერე არა ერთი სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა იმაზე, თუ როგორ ვნებს ადამიანის მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულება ბიზნესს, აკადემიურ მოსწრებას, კარიერულ ზრდასა და შრომის ნაყოფიერებას. ცხადია, ამგვარი კვლევები ფემინისტური დღის წესრიგისაა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექსუალური შევიწროება უპირველესად მიუღებელია ადამიანის უფლებების კუთხით. ამიტომ აშშ, ევროპა და ზოგადად, განვითარებული ქვეყნები იღებენ რეგულაციებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროვებას კანონგარეშე აყენებს. მაგრამ რადგანაც კანონის ეფექტიანობას მისი საზოგადოებრივი აზრთან კავშირიც ამყარებს, წლების წინ სწორედ ამგვარი კავშირის პლატფორმა გახდა #MeToo, რომელმაც “თავდაყირა” დააყენა ზეზვასა და მზიას ურთიერთობა. განა იმიტომ, რომ ზეზვა იგივე დარჩა, ხოლო მზია  შეიცვალა. იმანენტური, ერთი შეხედვით, სამუდამო მოცემულობითი ღირებულებები, რომელიც, ფაშიზმის მსგავსად, ერთის მეორეზე დომინირების იდეოლოგიას ეყრდნობა, ადრე თუ თუ გვიან თიხისფეხება ხდება და ინგრევა, რადგანაც არქაიკა ყოველთვის თვითგანადგურების ტენდენციისა, დეკონსტრუქციის დროს კი მის ავტორებსა და ადეპტებს ნანგრევებში მოიყოლებს.

საპროტესტო აქცია

ბრეტ კავანას უზენაეს მოსამართლედ დამტკიცების დღეს აშშ–ის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა; ნიუ იორკის ქუჩებში ბოძებსა და ღობეებზე, მეტროსთან და კაფეტერიებთან გაჩნდა ფურცლები ჰეშთეგით #WhyIDidntReport (#რატომარდავარეპორტე), სადაც ქალებს შეეძლოთ ჩამოეწერათ ის მიზეზები, რატომაც ოფიციალურ უწყებებში მათი შეურაცხყოფის შესახებ არ განაცხადეს. მიზეზებს შორის ჩამოთვლილი იყო ასაკი, გამოუცდელობა, შიში, შოკი, რეტრავმატიზაციის არსურვილი, რეპუტაციის შელახვის, სამსახურის დაკარგვის საფრთხე, ადვოკატის აყვანისთვის საჭირო თანხის არქონა, საკუთარი ოჯახის წინაშე უხერხულობის განცდა, მალე დავიწყების სურვილი, დაუცველობის, სრული მარტოობის, უმწეობის გრძნობა, ფიქრები თვითმკვლელობაზე და სხვა. ადამიანები ყველაზე ხშირად ახსნებდნენ იმას, რომ “არავინ დაუჯერებდათ” და შესაბამისად, მოძალადეს არავინ შეეხებოდა. ფორდი VS კავანას “ქეისის” ფინალის მიხედვით ქვეყნის სამართალი სწორედ ასეთი, ამჯერად უკვე სამუდამოდ ხელშეუხებელი ადამიანის ხელში აღმოჩდა. არაა მტკიცებულება, არაა დანაშაული, არაა პრობლემა (თუ მონიკა ლევინსკივით  კაბაზე დატოვებულ კვალს არ ინახავ). ანიტა და კრისტინი ლევიათანთან ბრძოლაში დამარცხდნენ, ბრძოლაში, რომელიც იმთავითვე წამგებიანად არ მოიაზრებოდა. მაგრამ შეუძლებელია დაძლიო და გაიმარჯვო იმაზე, ვინც/რაც შენს ადამიანურ ძალებს ასობით აღემატება. მეორე დღეს  კი სხვა რეალობაში იღვიძებ – ან იწყებ შეგუებას, ან თავს იტანჯავ/ იკლავ ან მოძალადეს ჰიპოთეტურად თუ რეალურად  ტერაქტს უწყობ, შურს იძიებ. მერე, ალბათ, ტრადიციისამებრ ვიკიპედიაში გაჩნდება ცნობა, რომ პირველი ქალი პროფესორი ხარ, რომელმაც… ისტორია ხომ თავის თავზე ასე გვიყვება: პირველი ქალი, რომელიც ექთანი გახდა; პირველი ქალი, რომელიც მფრინავი გახდა; პირველი ქალი, რომელიც პროფესორი გახდა; პირველი ქალი, რომელმაც ოკეანე გადაცურა; პირველი ქალი, რომელიც ასტრონავტი გახდა; პირველი ქალი, რომელმაც ფეხბურთი ითამაშა და ა.შ.

არაერთხელ მომისმენია გოგონებისგან, ქალებისგან კლასიკური თუ ფლირტით შენიღბული ბულინგისა და ვერბალური თუ ფიზიკური ძალადობის მცდელობის თაობაზე, თუმცა ეს საუბრები საჯარო სივრცემდე არასოდეს მისულა. ისტორიები მეტ–ნაკლებად განსხავვებულია, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ. ის, რომ  პირველი რეაქცია არის შოკი და იმის შიშის – შფოთის შეტევები, რომ ისევ მსხვერპლს დაადანაშაულებდნენ, რადგანაც, აბა, კაცი ხომ იმისაა, რომ კაცური იყოს; ძალა /ძალაუფლება ჰქონდეს და ამას “კაცურად” არ იყენებდეს, ეგეთი კაცი რა კაცია…

არც ისე დიდი ხნის წინათ საქართველოში არასრულწლოვანმა გოგონამ საკუთარი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი? ინტრენეტ–შანტაჟი კაცისგან, რომელიც, ალბათ, გოგონასთვის ჯერ თეთრ რაშზე ამხედრებულ რაინდს ჰგავდა, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი ნაძირალა აღმოჩნდა. სწორედ ამიტომაც ძალადობის მსხვერპლნი დუმან, რადგანაც რეტრავმატიზაციას, თან საჯაროდ და ცილისმწამებლის იარლიყს, ისევ ჯობს “ჰარმონიულად” იცხოვრო, იქორწინო, ჯვარი დაიწერო შენს ტვირთთან, ვიდრე სიკვდილი არ დაგაშორებთ. თანამედროვე ტერმინოლოგიით, “ტოქსიკური ძალადობისადმი პოზიტიური დამოკიდებულება” ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილებიდან იღებს სათავეს, როცა კუნთმაგარი ძუძუმწოვრების სრული ბატონობისას ქალების, როგორც მომსახურების სფეროს მუშაკების “მითვისება”, რესურსების გადასანაწილებელ  ისეთივე ბრძოლად განიხილებოდა, როგორიცაა  ომი  გამოქვაბულში უფრო მეტი ფართობისთვის  ანდა  უფრო მეტი გატყავებული ნადირის დასაკუთრება. რაც მეტი, მით უკეთესი.

სექსუალური ძალადობის/შევიწროების თუ სხვა სახის დისკრიმინაციის პრობლემის ამოუთქმელობას კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ემატება. მსხვერპლთა არმიას ქვეყნის გარეთ მყოფი არალეგალი ემიგრანტების მდუმარებაც შეიძლება შეემატოს, რადგანაც თუ  შესაბამისმა უწყებამ საემიგრაციო ინსტიტუციას აცნობა, არაა გამორიცხული მსხვერპლს დეპორტაცია დაემუქროს, მას აქეთ დასდონ ბრალი შანტაჟ–მუქარაში და გისოსებს მიღმა არა მოძალადე, არამედ მსხვერპლი აღმოჩნდეს, რადგანაც აშშ–ის დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში არალეგალის გადეპორტების  საფუძველი  სამედიცინო დაწესებულებამაც შეიძლება წარადგინოს.

უცხოეთში “არალეგალურად”, კანონიერი საბუთების გარეშე მყოფი, შინ, უცხო ოჯახებში  ანუ დახურულ სივრცეში, თვეობით, წლობით, 24 საათის განმავლობაში მომვლელებად/დამლაგებლად/ძიძად/მზარეულად მომუშავე, ინგლისურის არმცოდნე ქალები ემიგრაციის ყველაზე მოწყვლადი,  დაუცველი, აღურიცხავი, უტყვი და უჩინარი ფენაა. განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ვერ შეძლო ან არ მოინდომა ბინის/ოთახის დაქირავება. მათ წასასვლელი არსად აქვთ (თუ არ ჩავთვლით უკვე მითოლოგიური მასშტაბების ანტისანიტარიისა და დისკომფორტის ტერიტორიებს ე.წ. სასტუმროებს) და ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად სამუშაო ადგილს არიან მიჯაჭვულნი. შესაბამისად, სექსუალური შევიწროების, ძალადობის საქმეების სამართალდამცავ ორგანოებში “დაფაილების” შანსი კიდევ უფრო მცირდება. რამდენიმე თვის განმავლობაში მეგობარ–ნაცნობებში ძიება – გაკითხვების შედეგად, როგორც იქნა სამუშაო ადგილზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ორ მსხვერპლს მივაგენი. თუმცა მათ არა მხოლოდ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს, არამედ უარყვეს კიდეც, რომ ოდესმე ოჯახში მომვლელად, ძიძად ან დამლაგებლად უმუშავიათ. ამ ადამიანების ამგვარმა მწვავე რეაქციებმა ჩემი საფუძვლიანი ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა.

მეც მაქვს ჩემი #MeToo. თითქმის ორი ათეული წლის წინათ, ჩემს საყვარელ პრაღაში, სადაც რამდენჯერმე ჩემი მასპინძელი ჩეხეთის “პირველ ფემინისტად” წოდებული, დისიდენტი იყო, მანვე ინტერვიუსთვის გამაცნო ცნობილი უფლებადაცვითი ორგანიზაციის “ქარტია 77” – ის დამფუძნებელი, ჩემზე გაცილებით უფროსი მეცნიერი კაცი. “ჰეპი ენდით” დასრულდა ჩემი ამბავი,  ერთი წამითაც არ დავბნეულვარ და თუ ეს ამბავი მახსენდება, ისიც მხოლოდ ირონიით. მაშინ ჩავთვალე, რომ მისი ქცევა ამ ადამიანის ტვინში დაწყებული მარაზმის გამოვლინება იყო და ამისთვის, როგორც ფსიქიატრს, ისე უნდა შემეხედა. თან ოდნავ მეამაყებოდა კიდეც, რომ პრობლემას თავად გავართვი თავი. გოგონა –სკაუტებთან მუშაობის დროს ნასწავლი ილეთი გამომადგა, მაგრამ ჩემს მასპინძელს ეს ამბავი ვერ და არ გავუმხილე რამდენიმე წონიანი მიზეზის გამო. განა ჩათვლიდა, რომ ფანტაზიის ნაყოფი იყო, არა. უბრალოდ, არ მიღირდა აურზაური,  მასპლინძლის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება და თან გამგზავრებამდე ძალიან ბევრი საქმე უნდა მომელია. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ მე და ჩემ მასპინძელს ის კაცი თავის ცოლთან ერთად ქუჩაში შეგვხვდა. და ვითომც არაფერი, ისე გაგვიბა საუბარი… თუმცა რამდენჯერ ავტორტეტიანი მედიის ფურცლებზე მის სახელ–გვარს წავაწყდები, ცხადია, ყველაფერი მახსენდება.

სოციალური ქსელების ბუმის დროს, როცა შენთვის აბსოლუტურად უცნობ ადამიანს “იფრენდებ”, ეს ნაბიჯი დიდი რისკის შემცველია, რადგანაც, შენი აზრით, უწყინარი პოსტის გამო შეიძლება ბულინგის მსხვერპლი და ბულინგის ავტორის ფანებისგან კიდევ უფრო მეტად აბუჩად აგდების ობიექტი ძალიან ადვილად აღმოჩნდე. მეტადრე თეოკრატიული, გივი სიხარულიძისთვის აზრის მკითხველთა “საზოგადოებიდან”. განსაკუთრებით თუ შენი ვიზავი სასიქადულო პუტინისტი და ე.წ. ეკლესიურია, თან პოეტური სულის ადამიანის იმიჯი აქვს და ლექსებსაც კი თარგმნის. ჩემ ცხოვრებაში პირველად და, ალბათ, უკანასკნელად გავასაჯაროვე  ფეისბუკ “მეგობრის” უხამსი გზავნილის ამონარიდი. თან –ყველაზე “ზომიერი”.  მივიღე სოციალური ქსელში როგორც ნაცნობ–უცნობების მხარდაჭერა, ასევე ცხენსა და მათრახზე ცნობილი ანდაზის ციტირება, თან – ქალებისგან. წლების შემდეგ ეს “ყმაწვილი” ნიუ იორკის საქართველოს საკონსულოში, არჩევნებზე დამკვირვებლად შემხვდა. მე იგი ვერ ვიცანი, რადგანაც ფეისბუკის ფოტოთი ნამდვილად ვერ მივამსგავსებდი და თან მას მერე იმდენი ადამიანი იმავე მიზეზით “დავბლოკე”, ეს კაცი ვისღა ახსოვდა. მოგვიანებით სხვებმა მიმითითეს თუ ვინ იყო. ასე აღმოჩნდა ჩემი საპასპორტო მონაცემები და საარჩევნო ბიულეტენი “კაი ყმის” ხელში; კიდევ უფრო ადრე კი “ქარტია 77”-ზე გამოშვებული წიგნი (რომელიც იმ მეცნიერმა შეხვედრისას ავტოგრაფით მისახსოვრა) პრაღა 1 –ის რომელიღაც ქუჩის სანაგვეში იმ კასეტასთან ერთად, რომელზეც ინტერვიუს ვიწერდი.

***

“ცოტაოდენი გაუპატიურება კარგია კაცის სულისთვის”

ნორმან მეილერი (1970 –იანები)

 

მსოფლიო ხელოვნება ადამიანის გაუპატიურებისა და შეურაცხყოფის ამსახველი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებისა და ეპიზოდების დიდი კოლექციის მფლობელია. კინემატოგრაფში ესაა წუწუნავას “ქრისტინედან” (1919) და ნეგულსეკოს “ჯონი ბელინდადან” (1948) დაწყებული ვიდრე ტარანტინოს “კრიმინალური საკითხავითა” (1994) და ნოეს “შეუქცევადით” (2002) დამთავრებული. ამ უკანასკნელში, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელში ქალის ცხაწუთიანი გაუპატიურების სცენაა, ძალადობა ისეთი ნატურალიზმითაა ნაჩვენები, რომ ძნელია გულისრევის შეგრძნება არ მოგეძალოს, თან არ გეგონოს, რომ რეჟისორი ლამის ტკბება ამ ბრუტალურობით ანდა ფირზე მოძალადისთვის სამოქმედო “ინსტრუქციას” იღებს. ათასგვარი სერიალები, მოკლე თუ სრულმეტრაჟიანი დრამები თუ საშინელებათა ფილმები ერთი და იგივე პროგნოზირებად ნარატივს იმეორებს: ალა ფაულზის “კოლექციონერსა” (1963) და დემის “კრავთა დუმილს” (1991) მეტ–ნაკლები სახეცვლილი ფორმითა და შინაარსით. მოტაცებული თეთრი ბავშვი – გოგონა, თინეიჯერი, ქალი, რომლებსაც სიბნელეში ფროიდისეული ქვეცნობიერის იგივე “მიწისქვეშეთში” – თხრილებში, სარდაფებში, ღრმა ორმოებში, ბნელ ლაბირინთებში ან ჯაჭვით, ან ბაწრით აბამენ; აუპატიურებენ, აწამებენ, ცდებს ატარებენ და კლავენ…  გარყვნილი სულისა და სხეულის მიერ დეჰუმანიზირებული სხეულები, სამუდამოდ გამქრალები, რომელთა არც ხმა ისმის და არც – “ლოლიტობა”…

ერნანდესის “ანა ფრიცის გვამი” (2015) სიმბოლურად მნიშვნელოვანი ფილმია. მორგში, რომელიც, როგორც წესი, სამედიცინო დაწესებულების ფუნდამენტთან ანუ მიწაშია, მაგიდაზე ცნობილი ახალგაზრდა მსახიობის უსულო სხეულია, რომელზეც “მთელი ესპანეთი ოცნებობს”. მორგის ახალგაზრდა თანამშრომელი, რომელიც ვერც მთლად ალფა – ხვადია (ძალიან კი ცდილობს) ორ ამხანაგთან ერთად გვამს აუპატიურებს. უცებ აღმოჩნდება, რომ ეს სამი, ერთი შეხედვით, ნორმალური “ჰომოსაპიენსი”, ნატურალური ნეკროფილია. “ცხადია”, ამაში ისევ ქალია დამნაშავე. აბა, გაშიშვლებული გვამი ასე უპატრონოდ რომ არ გდებულიყო, კაცებს ლიბიდო ხომ არ გაახსენდებოდათ. გვამს ისიც არ აკმარეს, რომ იგი სამყაროში ყველაზე უსუსური და დაუცველია, გაცოცხლებულს მოსაკლავად დასდევენ… და ისევ, რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ რეჟისორმა გადააბიჯა კინოენის დირეს და ნატურალიზმით დაკავდა. არადა ქალთა მიმართ ძალადობაზე, მკვლელობებზე  გადაღებული დოკუმენტური ფილმები, რომელიც უამრავ ამერიკულ სატელევიზიო არხზე გადის, თავისუფალია ამ ვიზუალური “სპეცეფექტებისგან” და უფრო დამაჯერებელ – შოკისმომგვრელია, ვიდრე წმინდა წყლის ფიზიოლოგიზმი.

კრიმინალური დეტექტივების შემქნელები თითქოს თავს ვალდებულად თვლიან, რომ წარმატებული ადრენალინისთვის აუცილებელია კადრში ქალის დანაწევრებული სხეული ფიგურირებდეს: ან მეძავის (მეძავების, რომელსაც მანიაკი იტაცებს/კლავს), ან მშვიდი დიასახლისის ან რომელიმე ბიზნეს – ორგანიზაციის აღმსარულებელი დირექტორის… შეიძლება დიდ წიაღსვლებს არც იწყებენ სხეულის ფრაგმენტირების ჰერმენევტიკისთვის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – ქალის სხეულის ნაჭრები აუცილებელი არტეფაქტებია. ქალის ხელი, რომელზეც იაფფასიანი ტყავის სამაჯური ქანაობს ანდა მოჭრილი ტერფი “ლაბუტინის” წითელძირიანი ფეხსაცმლით: მცირეწლოვანთა თემაში კი – ბალახებში ან  ბეტონის ნანგრევზე დაგდებული ნაჭრის თოჯინა. თითქოს იმის საჩვენებლად, რომ ასაკობრივი ჯგუფის თუ სოციალური/კლასობრივი/ წარმომავლობის მიუხედავად, ყასაბი ყველა ევას სხეულს მაინც ერთნაირი პროფესიონალიზმით დაანაკუწებს და ადამიანსა და კუნთების ნაჭრებს შორის ტოლობას დამაჯერებლად დასვამს.

კადრი პაულ ვერჰოვენის ფილმიდან „ის ქალი“

ვერჰოვენის “ის ქალიც” (2016) გაუპატიურებული მიშელის ცხოვრების თრილერია. ეს კინოსურათი The Hollywood Reporter–მა ყველაზე “შთამაგონებელ გაუპატიურების ფილმად” მოიხსენია. ქალი სულაც არაა უსუსური, პრობლემებს მარტო უმკლავდება, თავადაა რაღაც ნახევრად პორნო–მონსტრული ვიდეოთამაშების კომპანიის ბოსი, სადაც მხოლოდ კაცები მუშაობენ, დირექტორი ეზიზღებათ, მაგრამ მასზე არიან დამოკიდებული და, შესაბამისად, იძულებული არიან “უყვარდეთ”. მიშელი ბავშვობიდან ტრავმირებული ადამიანია, რომელიც თავის გაუპატიურებაზე მეგობრებთან სადილის დროს, სხვათა შორის ყვება, პოლიციას არ ატყობინებს და მოძალადესთან “მეგობრულ” ურთიერთობას აბამს, თითქოსდა უნდა, რომ რეალობა ამოატრიალოს, მოძალადე მსხვერპლის მძევალი გახადოს, “მოათვინიეროს”, მაგრამ არ გამოსდის. ძლიერი ქალი როგორადაც არ უნდა ეცადოს,  მაინც მსხვერპლია, არადა დარწმუნებული ვარ მიშელი #MeToo – ში არ ჩაებმებოდა. თვითკმარია, რომელიც უგრძნობ, სიყალბეებით გაჯერებულ სამყაროში ისეთივე ტურისტივით “მოგზაურობს”, როგორც კეროლის ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ოღონდ განცვიფრებების გარეშე. თავდამსხმელ შავნიღბიან კაცს, რომელიც მეზობელი აღმოჩნდება, მიშელის ინფანტილური ვაჟი კლავს, რომლის ძილის დროსაც დედამისს აუპატიურებენ. ქალზე ხან მინის კედლებიან დიდ სასტუმრო ოთახში, მისსავე სახლში ძალადობენ, თან ისე, რომ გაუპატიურება მეზობელმაც შეიძლება დაინახოს და ხან – მოძალადის ღვინის სარდაფში.

გენდერული როლები კინემატოგრაფში “დელეგირებულია” – გლეხის ქალები, რომლებსაც აუპატიურებენ; უსიყვარულად გათხოვილი,  ბაბუა–ბებიის, დედ–მამის ნებას დამორჩილებულები ან ობოლი გოგონები, რომელის პატრონი ქმარი/საყვარელი უნდა გახდეს ; დეპრესიული ცოლები და საყვარლები ნამტირალები თვალებით, გადღაბნილი ტუჩსაცხით, ჩანასახის პოზაში ან “ქვის კედელს”, მამაკაცის სიძლიერეს მიყრდნობილნი. ფემინისტური გამოძახილი If She Can See It, She Can Be It (თუ მას შეუძლია ეს დაინახოს, მას (გოგონას/ქალს) შეუძლია იყოს ეს)  სულაც არაა მოყირჭებული პროპაგანდისტული ანდა “სოცრეალიზმის” სურათ–ხატების ტირაჟირებისკენ მოწოდება. უბრალოდ, ძალიან დროული “მეინსტრიმია”, რადგანაც ამ სხვადასხვა ჯურისა და ყალიბის რეპრესირების ვიზუალური თუ აუდალური ტექნიკების ( მათ შორის, ინტრენეტულის) მომძლავრების პირობებში თუ გოგონა ეკრანიდან ხედავს ლაბორატორიაში ღეროვან უჯრედებზე მომუშავე მეცნიერ ქალს, უფრო მეტი შანსი აქვს თავადაც მოინდომოს გახდეს ასეთი. თუ გამუდმებით ხედავს თვალჩალურჯებულ ქალს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მოძალადე კაცთან განშორება–შერიგებაში გაატარა, ხოლო თვალსაწიერი “სტოკჰოლმის სინდრომს” ვერ გასცდა  და  თან დღე და ღამ ბრიტნი სპირსის სიმღერის რეფრენს “შენ გინდა ჩემი ნაჭერი” იმეორებს, მეტი შანსია ეს მის იდენტობად გარდაიქმნას.

ქართული კინო, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის, ქალი რეჟისორების სიმრავლით გამოირჩევა, რომელთა თემა ისევ 1990 – იანების აჩრდილს უტრიალებს და არცაა გასაკვირი, რადგანაც იმ წლების სიბნელე–სიცივე ჩვენი, “დაკარგული თაობის” ორგანული ნაწილია და მისი “შემოქმედებით ორთქლად” გარდაქმნა ისევ იმ ავბედით წლებში დაქვრივებულების თანაკლასელმა, მეზობელმა და ნაცნობმა ქალმა რეჟისორებმა აიღეს თავის თავზე.

2009 წელს ეკრანებზე გამოსული ამენაბარას “აგორა”, ჩემი აზრით, ერთ–ერთი უმნიშვნლოვანესი  ფემინისტური ფილმია და არა მარტო ფემინისტური. კინოსურათმა მის შემქმნელებს ფინანსური წარმატება ვერ მოუტანა,  თუმცა მნიშვნელოვანი აქ სულ სხვა რამაა. “აგორა”  ერთგვარი ქრესტომატიული კინოტექსტია ქალის (ზოგადად  პიროვნების) და თეოკრატიული იმპერიის/ლევიათანის, გნებავთ, თემის ურთიერთმიმართების შესახებ.  ეს ფილმი , რომელიც XXI საუკუნეში იტალიაში ანტიქრისტიანულად მონათლეს და ლამის აკრძალეს, მოგვითხრობს ანტიკური სამყაროს ყველაზე გამორჩეულ ქალ–მეცნიერზე, ფილოსოფოსზე და ნეოპლატონური სკოლის წინამძღვარზე, მათემატიკოსსა და ასტრონომზე – ჰიპათია ალექსანდრიელზე, რომელსაც ქვეყნის მმართველები აზრს ეკითხებოდნენ და რომელმაც სიკვდილის საფრთხის წინაშეც კი არ თქვა უარი მეცნიერებებზე. და ისიც… მსხვერპლად იქცა. მას “ჯადოქარი” და “მეძავი” უწოდეს და კაცებმა ქრისტიანობის სახელითა და ქვებით შეიარაღებულებმა ეკლესიაში ჩაქოლეს. წამებით მოკლეს ქალი, რომელმაც დროს გაუსწრო.  რეალობისგან განსხვავებით ფილმი ჰიპათიასაც და მაყურებლის თვალსაც დაინდობს. მეცნიერ ქალს მასზე შეყვარებული მოსწავლე გაგუდავს, რათა  მასწავლებელი  ჩაქოლვით წამებისგან იხსნას. ჰიპათიას  კი ისე უმიზნებენ ქვებს, როგორც  XX , XXI –ის თუ წინა საუკუნეების ავღანეთში  “არასანქცირებულ სექსში”  ეჭვმიტანილ ქალს…

ბერძნული ისტორიული წყარო ჰიპათიას ტრაგიკულ აღსასრულს ასე გვიყვება:

“ამიტომაც ცხელთავიანი ხალხი, ვინმე პეტრეს მეთაურობით ერთხელ შეითქვნენ და თავს დაესხნენ ამ ქალს, როცა იგი საიდანღაც სახლში ბრუნდებოდა. მათ იგი ძალით წაათრიეს კესარიად წოდებულ ეკლესიაში, გააშიშვლეს და თავის ქალა გაუხეთქეს, დაჯიჯგნეს, სხეულის ნაწილები დაყარეს ადგილზე, რომელსაც კინარონი ეწოდება და დაწვეს. ეს მოხდა ეპისკოპოს კირილეს მეოთხე წელს, კონულ ჰონორიას მეათე და კონსულ თეოდოსის მეექვსე წელს. მარტის თვეში, მარხვის დროს.“

კავანას დანიშვნის საპროტესტო აქცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი