ლონდონი სტერეოტიპებს ამართლებს და თან, პირიქით. აბა, წვიმა ან ნისლი, დამანახეთ, სადაა? ისეთი შესანიშნავი ამინდი დამხვდა, მზის და ვარდების მხარეს რომ შეშურდება. სულ ტყუილად მითრევია ამდენი თბილი ტანსაცმელი. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, 7 საათიანი ფრენის, (ერევნის გავლით) თუ ჰისროუდან ნორტუმბერლენდ ავენიუმდე ტაქსში გაწელილი თითქმის ერთი საათის, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ცოტა დამთრგუნველი იყო. აი, ისეთი, ყველაფრისკენ რომ თვალი გაგირბის და ბოლოს უკვე გულისრევის მსუბუქი შეგრძნება რომ გიჩნდება. ერთი სიტყვით, ლონდონს ყველაზე ზუსტად უხდება სიტყვა ‘ბევრი’. ლონდონი ბევრია. ამიტომაც ნაწილ-ნაწილ ჯობია მიღება, ზედმეტი დოზა რომ არ მომივიდეს და არ გავიპარო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირველი საღამო მაინც თეატრში გავატარე. ნაციონალური თეატრის სტუდიაში ერთი ყმაწვილია, სახელად მეთიუ, ფრიად მხიარული და გულიანი. საათნახევრიანი გაცნობის შემდეგ საღამოს წარმოდგენაზე ბილეთი დამაკავა ხელში. ტემსინ ოგლსბის ‘ძაან მოხუცი, დაახლოებით ორმოცდახუთის’
მსუბუქი და სრულიად უმისამართო ბოდიალის შემდეგ ნაციონალური თეატრის სამი სცენიდან ერთ-ერთზე, Cottelsoe-ზე აღმოვჩნდი. ამფითეატრი, ოთხკუთხა აივნებით, საკმაოდ მარტივი სცენოგრაფია და გადავსებული დარბაზი. სპექტაკლი რომც არ მენახა, ისედაც კმაყოფილი ვიქნებოდი. თეატრალური სივრცის ქართული გაგებისგან განსხვავებით, ჩუქურთმების და მოოქროვილი სისულელეების გარეშეც მშვენივრად ახერხებს ეს სცენა, განსაკუთრებული განწყობა შეგიქმნას. სპექტაკლიც ასეთი იყო: დაღლილ, ნამგზავრ ადამიანს რომ ცოტას გააცინებს და მძიმე პრობლემას ‘მსუბუქად’ მიაწდის. სამი ასაკოვანი ადამიანი, 2 და და მათი ერთი ძმა, სიბერეს ებრძვის, ვერასოდეს წარმოუდგენიათ, რომ ერთ დღესაც, შეიძლება მძიმედ დაავადდნენ ან სულაც, დაიხოცონ. თუმცა, ერთ-ერთ მათგანს ალცჰაიმერის დაავადება ემართება, მეორე ფეხს ისე მძიმედ დაიშავებს, რომ ამპუტაციას გაუკეთებენ, მესამე კი სრულიად მოულოდნელად მოკვდება. ამ ყველაფრის პარალელურად, ოგლსბი და სპექტაკლის რეჟისორი, ანა მაკმინი, მოგვითხრობენ სამი ‘მეცნიერის’ ისტორიას, რომლებიც გამწარებით ცდილობენ, მოხუცების პრობლემა არცთუ ჰუმანური გზებით გადაჭრან. ჟანრის კანონების სრული დაცვით, მთავარ მეცნიერს თავად ემართება ალცჰაიმერის დაავადება და იძულებული ხდება, საკუთარი მავნე წამლის გამოცდაში საცდელ ვირთხად იქცეს. ეს ტრაგიკული ამბავი 2 საათის მანძილზე ახარხარებდა ბოლომდე სავსე დარბაზს და მათ შორის, თქვენს მონა-მორჩილსაც. რაც, სიმართლე უნდა ითქვას, ორი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის, ჯუდი პარფიტისა და მარშია უორენის დამსახურება იყო.
‘ბოროტი მეცნიერი@ იმასაც კი ამბობდა სპექტაკლში, მოხუცების იზოლაციაა საჭირო, ამით საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ბევრ ფულს დაზოგავსო. ინგლისელი მაყურებელი ამ ყველაფერზე იცინის, შიგადაშიგ გულიანადაც, საინტერესოა, ქართველი მაყურებლის რექცია როგორი იქნებოდა. ალბათ, ჩვენთანაც გაიცინებდნენ, თუმცა, არა მგონია, ასე პრობლემურად აღგვექვა ეს თემა. მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში მოხუცებს პატივს სცემენ, დამპალი და უგულო დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც თურმე თავშესაფრებში აბარებენ, ჯერ კდიევ ცოცხალია. ოგლსბი მეცნიერების უკიდურესად გორტესკული ტექსტების ფონზე ცდილობს, იშაყიროს თემაზე, რომელიც სულაც არ არის სასაცილო. ამით თავს იზღვევს სწორხაზოვნებისგან, თუმცა, ბოლომდე მაინც ვერა. მაყურებელი კმაყოფილია, თეატრის ფოიეში მშვიდად მიირთმევს ლუდს და სენდვიჩებს და გაბრწყინებული სახით ბრუნდება შინ. სათქმელი ითქვა, მაგრამ არა ისე, რომ ვინმეს ეს გულზე მოხვედროდა.
მეც სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი შინ და დილით ისე ადრე გამეღვიძა, რომ სხვა რა საქმე მქონდა, ტრაფალგარის მოედანზე ჩავისეირნე და მზის ამოსვლას ვუყურე. ყურადღება ერთმა აბრამ მიიქცია: ‘ნუ აჭმევთ მტრედებს’ – დაყწდნენ ლონდონელი მეეზოვეები წელში მტრედებსი სკლინტის წმენდით და 500 ფუნტიანი ჯარიმაც კი დაუწესეს ყველას, ვინც მაინც გაბედავს საწყალი ფრინველების გამოკვებას. დიდი ვერაფერი, კამერამ მიღალატა, მაგრამ, აი, ასე თენდებოდა ტრაფალგარის მოედანზე. მტრედები არ იყვნენ, მაგრამ ადამიანები უკვე საქმიანად გარბოდნენ სადღაც. მათ შორის, მოხუცებიც.
ამაღამ ისევ ნაციონალური თეატრი მელის, ამჯერად ალან ბენეტის ახალი პიესის გახმაურებული დადგმა, შთაბეჭდილებები ჩემზე იყოს.
Theatre Partenrship Project between the National Theatre and the Rustaveli Theatre managed by the British Council and funded by BP and HSBC Bank Georgia.