ექსკლუზივი ლონდონიდან

რატომ ვაჩუქე მეთიუს ფარაჯანოვი

15.03.2010 | 1267 |
რატომ ვაჩუქე მეთიუს ფარაჯანოვი

ისეთი შთაბეჭდილება რომ არ დაგრჩეთ, თითქოს ნაციონალური თეატრის გარდა არსად დავდივარ, სხვა ამბებსაც მოგიყვებით. ხუთშაბათ საღამოს, მაგალითად სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში ვიყავი, ბატერსი არტ ცენტრში, რომელიც ძალიან საინტერესო დაწესებულებაა. აქ რამდენიმე სცენა, სტუდია, ექსპერიმენტული დარბაზი და სივრცეა თავმოყრილი, ხშირად იდგმება ექსპერიმენტული სპექტაკლები, იმართება პერფომანსები, სხვადასხვა ტიპის გამოფენები და ა.შ. მოკლედ, გარემოც ასეთია – ეკლექტური. საღებავგადაცლილი ძველი იატაკი, კლასიკური, მაგრამ უკვე საკმაოდ გახუნებულ-შელახული შენობა, ხელნაკეთი სანათურები, ძველი და წარმოუდგენლად სხვადასხვანაირი რბილი ავეჯი ფოიესა და ბარში… შესანიშნავი გარემოა, შეგიძლია თავი მშვიდად ირგძნო და ნახევარ საათზე მეტს თუ გაჩერდები ამ ფოიეში, შეიძლება, სულაც ოთახის ჩუსტები და აბაზანის ხალათი მოითხოვო. ერთი სიტყვით, ამხელა გზაზე წამოსვლა ნამდვილად ღირდა ამ საინტერესო შენობის სანახავად. სპექტაკლმა კი მოლოდინი ვერ გაამართლა – თუნდაც, პროვოკაციული სათაური “ყაყა ქვემოთა სართულზე”.

ჯონ ჰეინესი სპექტაკლის შესავალში ბოდიშს გვიხდის, დანარჩენი ორი მსახიობი, ვისაც უნდა ეთამაშა სხვადასხვა მიზეზების გამო წავიდა და შევეცდები, ყველაფერი მე გავაკეთოო და იწყება… იწყება და არ მთავრდება, 70 წუთის მანძილზე ის ხან ნახევრად ავტობიოგრაფიულ ხუმრობებს გვიყვება, ხან თავისივე დაწერილი სხვადასხვა პიესებიდან ნაწყვეტებს თამაშობს, თავზე პარიკწამოცმული… საბოლოო ჯამში კი, იმის გარდა, რომ ერთობ ნიჭიერი ადამიანია და თამაშიც ისეთივე წარმატებით შეუძლია, როგორითაც – წერა, ვერაფერს ვერ ვიგებ. თუმცა, არა, კონცეფცია თითქოს გასაგებია – დასცინის თეატრს, როგორც მოვლენას, მისადმი ფანატიკურ სიყვარულს და თავდადებას; დასცინის დრამატურგებს, მსახიობებს და ყველას, ვინც დრამატურგობასა და მსახიობობაზე ოცნებობს. თუმცა, სპექტაკლის ფორმა და მეტსიმეტად ფრაგმენტული დრამატურგია ცოტა დამღლელი მომეჩვენა, კიდევ კარგი, ქრონომეტრაჟმა არ მომცა ძალიან და უკანმოუხედავად მოწყენის საშუალება. ისე, ამ წარმოდგენას სათაური ძალიან უხდება – სპექტაკლი ‘ქვედა სართულზე’, ანუ, სარდაფში თამაშდება და ის მართლაც ‘ყაყაა’. თუმცა, ისეთი ყაყა, თავად ავტორმა რომ იცის ყველაზე უკეთ მისი ყაყობა და განზრახ გვთავაზობს ასეთად. გმადლობთ, არ მინდა.

***
ისევ ნაციონალურ თეატრს დავუბრუნდები J მაპატიეთ. ალისონ ჩიტის გამოფენაზე უკვე მოგახსენეთ, მაგრამ მესამე სართულის ფოიეში კიდევ ერთი გამოფენაა – ‘სერგეი ფარაჯანოვი იური მეჩითოვის ობიექტივში’. არც მეტი, არც ნაკლები! ექსპოზიცია მეჩითოვის ჩვენთვის კარგად ცნობილ ნამუშევრებთან ერთად, ბევრ სხვა, საინტერესო ფოტოსაც მოიცავს. ამ გამოფენაზე მეთიუსთან ერთად აღმოვჩნდი და რატომღაც, ა პრიორი მეგონა, მეთიუს ეცოდინებოდა, ვინ იყო ფარაჯანოვი. არ იცოდა. ჰოდა, მაშ მე რისთვის ვიყავი მანდ, დავუწყე ახსნა-მოყოლა. ამასობაში, ერთი ჭარმაგი მამაკაცი წამოგვადგა თავზე, იმ ცნობილ ფოტოსთან ვიდექით, ფარაჯანოვი ჰაერში რომ შემხტარა და თითქოს მიფრინავს. ჰოდა, ამ ბატონმა გამოგვიცხადა, ეს თბილისია, მე აქ ნამყოფი ვარ, ეს ქუჩა ზუსტად ვიცი სად მდებარეობსო. მერე, ჩვენს რეაქციას არ დალოდებია, ისე გააგრძელა, რომ ეს არის ‘ჯორჯია’, და რომ შეერთებული შტატები არ უნდა გვეგონოს… როცა ვუთხარი, გმადლობთ, ვიცი, იქაური ვარ-მეთქი. სასწრაფოდ დაინტერესდა, ისევ ისე საშიში იყო თუ არა თბილისში ჩამოსვლა, როგორც 5 წლის წინ. გონებაში სასწრაფოდ გადავთვალე 5 წელი და განსაკუთრებით საშიში, მით უმეტეს, ბრიტანელი ტურისტისთვის, რომ ვერაფერი გავიხსენე 2005 წელს, ვუთხარი, თუ მაშინ რაც ნახეთ, ის საშიშად მიგაჩნიათ, ახლაც ისევე საშიშია-მეთქი. წელს რომ ჩამოვიდეო, არ მოისვენა ჭარმაგმა. რაზედაც მივუგე: ბატონო ჩემო, ისევ რუსეთთან ომი თუ არ იქნა ქვეყანაში, მობრძანდით, ვინ რას გიშლით-მეთქი. შეცბა და მოგვშორდა. ვიცი, უზრდელი ვარ.

მე და მეთიუმ კი მშვიდად გავაგრძელეთ ფარაჯანოვზე ჭუკჭუკი. გამოფენაზე მეჩითოვის დიდი ავტოგრაფი კიდია – სამ ენაზე: ინგლისური, ქართული, სომხური. არ ვიცი, ამით რის თქმას ვცდილობ, უბრალოდ, სიამაყის გრძნობა გამიჩნდა, რომ მეც ვუზიარებდი რაღაცას მეთიუს – ვუყვებოდი ფარაჯანოვის ცხოვრებაზე, ფილმებზე, ყბადაღებულ ეთნიკურ და სექსუალურ თემებზე, რაც ამ საოცარი კაცის ბიოგრაფიიდან მახსოვდა. ფარაჯანოვის ექსპერტად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ როცა გაზიარებაზე მიდგა საქმე, უშურველი გამოვდექი. ერთი სიტყვით, კმაყოფილმა და თან, უკმაყოფილომ დავტოვე გამოფენა. ეს უკანასკნელი გრძნობა იმან გამოიწვია, რომ მეთიუსთვის საჩვენებლად ფარაჯანოვის ფილმები არ მქონდა, მაგრამ დავპირდი, თბილისში რომ ჩავალ, ჩაგიწერ და გამოგიგზავნი-მეთქი. გადამყვა კაცი, ყურადღებას არ მაკლებს და დიდი ამბავი, მეც ‘ვიკისრო’ რამე.

სამომავლო გეგმებით დამშვიდებულმა სუფთა სინდისით გავაგრძელე უმიზნო ხეტიალი და სადაც იყო ბედი ჩემი, იქ წამიყვანა ფეხმა ჩემმა – ნაციონალური თეატრის ზუსტად გვერდით ბრიტანეთის ფილმ ინსტიტუტის შენობაა. გასაკვირია, მაგრამ აქ ყოფნის მანძილზე ისე დაიკავა ჩემი გონება თეატრმა, ბი-ეფ-აი-ში შესვლა აზრადაც არ მომსვლია. ჰოდა, ახლა შევედი – მშვენიერი, ფილმებითა და წიგნებით უსაშველოდ დახუნძლული მაღაზია აღმოვაჩინე (დაგერხა, ჩემო ბიუჯეტო, საბოლოოდ. უიქ-ენდზე შიმშილი მომიწევს, როგორც ვხვდები!) და ჰოპლა! აი, მეთიუსთვის საჩუქარიც ვიპოვე – ფარაჯანოვის ‘აშუღ-ყარიბი’, მშვენიერი, ლიცენზირებული და ხარისხიანი დისკი, თავისი დამატებითი ბონუს-მასალებიან, ინგლისურ სუბტიტრებიანად. აბა, როგორ არ გავიმეტებდი ამ საგანძურისთვის 7 ფუნტს?! გავიმეტე.
ამ დილით კი სტუდიაში მოსვლა დავასწარი მეთიუს, მის ოთახში შევედი, სამუშაო მაგიდაზე დისკი დავუდე და ზედ რაღაც დავაწერე. ხოლო რა დავაწერე, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მკითხველისთვის უინტერესო იქნება.

 

Theatre Partenrship Project between the National Theatre and the Rustaveli Theatre managed by the British Council and funded by BP and HSBC Bank Georgia.