ნესტან თათარაშვილის ბლოგი

ზუბალაშვილების მიერ ხალხისთვის ნაჩუქარი შენობები კვლავ ხალხს უნდა დაუბრუნდეს

04.04.2010 | 2271 |
ზუბალაშვილების მიერ ხალხისთვის ნაჩუქარი  შენობები კვლავ ხალხს უნდა დაუბრუნდეს

ზუბალაშვილები, საქართველოს ერთ-ერთი პირველი კაპიტალისტები, სამაგალითო ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ.  მათ  შეუფასებელი საქმეები განახორციელეს არა მარტო თავიანთ სამშობლოში, არამედ  ქვეყნებში, სადაც ცხოვრობდნენ, თუ მუშაობდნენ  ხანგრძლივი დროის განმავლობაში. რუსეთში მათი ხატები, ფაიფური და ნახატები დღეს სახელმწიფო ისტორიული, კრემლის,  კუსკოვოსა და პუშკინის მუზეუმებში და “ვასილი ბლაჟენნის” ეკლესიაშია დაცული. პარიზის ლუვრს კი ზუბალაშვილების ნაჩუქარი  581 ხელოვნების ნიმუში ამშვენებს, რომელთა შორისაა დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, პიკასოს, როდენისა და სხვა შედევრები.  
 
ზუბალაშვილების წინაპარმა 1830-იან წლებში თბილისის ცენტრში სასახლე აიშენა (ახლანდელი საქართველოს ხელოვნების  სახელმწიფო მუზეუმი), რომელიც 1837 წელს სიმბოლურ ფასად, თითქმის საჩუქრად გადასცა სასულიერო სემინარიას. მათ  საქართველოში ააგეს 5 კათოლიკური ეკლესია,  სერიოზული თანხებით ეხმარებოდნენ თბილისის თვითმმართველობას, წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, დიდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის მშენებლობაში; ნიჭიერ  ახალგაზრდებს სასწავლებლად აგზავნიდნენ ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებში. ზუბალაშვილების  გახსნილია პირველი უფასო  სასადილო (საბჭოთა დროს რესტორანი ‘’სამადლო’’ – აღარ არსებობს) და ‘’უპოვართა თავშესაფარი’’ (ახლა ბავშვთა საავადმყოფო  ზუბალაშვილების ქუჩაზე) თბილისში. აგრეთვე ააშენეს და თბილისისს აჩუქეს ,,სახალხო სახლი,, (ახლა კ. მარჯანიშვილის  სახელობის თეატრი) – იაფფასიანი თეატრი უფასო ბიბლიოთეკითა და სასაუზმით. იმ დროისათვის საუკეთესო, ევროპული  სტანდარტებით აღჭურვეს ბავშვთა საავადმყოფო ავლაბარში, ახლანდელ I საავადმყოფოს ტერიტორიაზე,  მუდმივად  აფინანსებდნენ ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გამოცემას.
 
ზუბალაშვილებს სამშობლოს ყველა პრობლება ძირისძირობით ამომწურავად ჰქონდათ გათავისებული. მათ მიერ ბევრი ისეთი  შენობა აშენდა, რომლებსაც  დღემდე წარმატებით ვიყენებთ. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება ძმების – ლევან, სტეფანე, პეტრე და იაკობ   ზუბალაშვილების მიერ მამის, კონსტანტინეს, ხსოვნის უკვდავსაყოფად 1907 წელს თბილისში აშენებული  ‘’სახალხო სახლი”,  რომლის იდეაც ევროპული ქვეყნებიდან იყო ნაკარნახები და რომლის შექმნასაც თავდაპირველად ,,ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება,, ჩაუდგა სათავეში.

იმდროინდელ რუსეთის იმპერიაში თბილისის ,,სახალხო სახლი,,  თავისი პროფესიული გამართულობით სამაგალითო იყო, ხოლო  ინტერნაციონალური ხასიათით  – სრულიად ერთადერთი.  აქ  ქართულ, რუსულ, სომხურ, უკრაინულ, თათრულ, პოლონურ,  ებრაულ, ოსურ, ასირიულ, ლიტვურ, გერმანულ და ბერძნულ ენებზე იმართებოდა კონცერტები და სპექტაკლები. თვეების  მიხედვით იყო შემუშავებული  12 ენოვანი დასების საღამოების განრიგი. მუშაობდა სათანადო კულტურული სექციები. არსებობდა  განსაკუთრებული მუსიკალური ჯგუფიც, რომელიც ოპერებს დგამდა.  აქ მართავდა ლექციებს ,,სახალხო უნივესიტეტების  საზოგადოება,,. ფუნქციონირებდა აგრეთვე ,,ტფილისის საბავშვო კლუბი,,.     

 ,,სახალხო სახლი,, ჩვენი დედაქალაქის მულტიკულტურულობის შესანიშნავი დადასტურება და იმ დროისთვის საერთაშორისო  მნიშვნელობის კულტურული ცენტრი იყო, რომელიც ქალაქის ღარიბი მოსახლებისთვის განათლებისა და კულტურული  ინტეგრაციისთვის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა     
 
თუ ძმებმა ზუბალაშვილებმა ,,სახალხო სახლის,, ასაშენებლად კონკურსი ჩაატარეს, რომელშიც რუსეთის იმპერიის 32 არქიტექტორმა  მიიღო მონაწილეობა, (გამარჯვებული 1902 წლის 28 თებერვალს გამოვლინდა – პეტერბურგელი სამოქალაქო ინჟინერი ს. კრიჩინსკი.  მშენებლობის წარმოება დაევალა თბილისელ არქიტექტორ ალ. როგოისკის),  2003-2006 წლებში სარესტავრაციო სამუშაოების  დამფინანსებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, ამ შენობის აღდგენა თავის არაკომპეტენტურ სამშენებლო ორგანიზაციას დაავალა.  მოგვიანებით, სამუშაოებში ჩართეს რესტავრაციის სპეციალისტებიც, თუმცა მათი უპრინციპობისა და არასათანადო პროფესიული  მომზადების გამო, ძეგლზე  სწორი რესტავრაცია არ განხორციელდა.     
 
შემორჩენილი ისტორიული და ფოტო მასალებით ვრწმუნდებით, რომ სათანადო სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, ამ  შენობის სრული და წარმატებული რესტავრაცია დაუბრკოლებლად განხორციელდებოდა იმის მიუხედავად, რომ მან დღემდე დიდი  გადაკეთებებით მოაღწია ჩვენამდე. გაუგებარია, რატომ არ განხორციელდა ცენტრალური ფასადის, მისი კარისა და ლითონის  ნიმუშების სრული რესტავრაცია, რომლის შედეგად  აღდგა მთავარი ფასადის ცენტრალური კარი, მაგრამ არ გაუქმდა საბჭოთა დროს  გაკეთებული 2 კარი გვერდითა რიზალიტებში; შენობის გარშემო ძველის მსგავსი მესერი გაკეთდა, მაგრამ არა ზუსტად  თანადროული ფორმის; სამწუხაროდ, რესტავრაციის დადგენილი წესების მიხედვით არ აღდგა ფასადების შელესილობის მასალა  თუ ფერი, ლითონის ნაჭედი დეტალები, კარ-სარკმლები. გაჩნდა მანამდე არარსებული ფორმებიც. მაგალითად, ლითონის  დეკორაციული ცხაური ცენტრალური ფასადის პარაპეტზე. ინტერიერში მიმდინარე  სამუშაოების დროს I სართულზე  შელესილობით დაფარული ლადო გუდიაშვილის ორი ნახატი აღმოჩნდა, რომლებიც საბოლოოდ კვლავ დაფარეს და მათი ბედი  დღემდე გაურკვევლია. მიუხედავად იმისა, რომ ,,სახალხო სახლს,, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში (1986 წლის 14 ნოემბერს) აქვს  მინიჭებული ეროვნული ძეგლის სტატუსი, მისი დაცვა სახელმწიფოს მიერ დღემდე არ ხორციელდება.
 
2008 წელს ‘’სახალხო სახლს’’ მთავარ ფასადზე, მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების გადაკვეთასთან, კაფე – ‘’მარჯანოვ-ექსპრესი’’  მიაშენეს. გარდა იმისა, რომ კაფე არქიტექტორ ჰექტორ გიმარის პარიზის მეტროს მსოფლიოში კარგად ცნობილი ფორმების უბადრუკ  მიბაძვას წარმოდგენს  და მნახველს შეუსაბამო ასოციაციებს უჩენს, ყურადღებას იქცევს მისი სახელიც, რომლის იდეაც  კოტე  მარჯანიშვილის თეატრის მმართველის, ეკა მაზმიშვილის თქმით პირადად მას ეკუთვნის. კითხვაზე – ‘’ რატომ მარჯანოვი’’? ეკამ  გვიპასუხა – ‘’იმიტომ რომ, სწორედ ასეთი გვარით იყო ცნობილი კოტე მარჯანიშვილი რუსეთში’’ (?!).

 სამწუხაროდ,  ამ ყველაფერზე დღემდე ჯიუტად დუმს როგორც საზოგადოება და ზოგადად, ქართული თეატრის  წარმომადგენლები, ასევე ძეგლთა დაცვისა და სხვა  შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები. აღნიშნული კაფეს ადგილ- მდებარეობა, გარეგნობა და სახელი ჩვენთვის ნამდვილად აღმაშფოთებელია, მაგრამ, ეკა მაზმიშვილის თქმით, ასე მხოლოდ ჩვენ  ვფიქრობთ და ამის შესახებ პირველი პროტესტიც მან მხოლოდ ჩვენგან მოისმინა.  
 
კომუნისტებმა არც ზუბალაშვილები დაინდეს და არც მათი დანატოვარი არქიტექტურული მემკვიდრეობა. ხალხისთვის,  კონკრეტულად ღარიბი მოსახლეობისთვის განკუთვნილ სხვადასხვა დანიშნულების შენობებს ფუნქცია შეუცვალეს. ჩვენდა  საუბედუროდ, ეს დანაშაული არც ახლანდელმა, ამჯერად უკვე დამოუკიდებელმა საქართველომ  გამოასწორა.  

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ‘’სახალხო სახლში’’ უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს და თავის მხრივ ის ყოველივე  საუკეთესოს იმსახურებს,  მაგრამ სამართლიანობა  მოითხოვს, რომ ამ შენობას (და არა მარტო ამ, ან ზუბალაშვილების სხვა შენობებს,  არამედ ქართველი მეცენატების მიერ ხალხისთვის ნაბოძვარ ყველა ნაგებობას) დაუბრუნდეს პირვანდელი ფუნქცია.  გარდა ამისა,   უმნიშვნელოვანესია მათი სწორი და დეტალური რესტავრაციაც.

ვფიქრობ, ძველ ქველმოქმედთა მოღვაწეობა სამაგალითოდ უნდა იქცეს პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს მათი  ტრადიციების გამგრძელებლად მიიჩნევს თავს, საზოგადოებას კი სიფხიზლე მართებს, რათა არაფერი და არავინ იქნეს  დავიწყებული.