დავით გაბუნიას ბლოგი

რა სიბნელეა… არაფერი ჩანს…

05.05.2010 | 1241 |
რა სიბნელეა… არაფერი ჩანს…

გახსოვთ, ალბათ, ეს ფრაზა, რომელსაც რამაზ ჩხიკვაძის მეფე ლირი ამბობდა რობერტ სტურუას სპექტაკლში. კარგი რამეა თეატრი, აიკვიატებ რომელიმე ფრაზას და  სულ სხვა კონტექსტში, სხვა ინტონაციით, სხვაგან გამოიყენებ. თანაც, მხოლოდ „განდობილები“ მიგიხვდებიან, რას გულისხმობ სინამდვილეში.

21 წლის ვიყავი, როცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ჯოან როულინგის ცნობილი სერიის, „ჰარი პოტერის“ მე–2 ტომის თარგმანი შემიკვეთა. სრული  პასუხისმგებლობით მოვეკიდე სამუშაოს, შეიძლება ითქვას, ზედ თავი დავაკალი, რედაქტორებისგანაც ბევრი რამ მივიღე, ვისწავლე. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ  საკუთარი ნამუშევრით ძალიან ვამაყობდი. თურმე სადა ხარ, წიგნის გამოსვლისთანავე ატყდა დიდი ისტერია – სკოლებში, ე.წ. რელიგიის მასწავლებლები  (სინამდვილეში „მამაო ჩვენოს“ ხმამაღლა კითხვის და საკლასო ოთახში მანდილების დახურვის + საეკლესიო სანთლების დანთების გარდა რომ არაფერს  აკეთებინებდნენ უმცროსკლასელებს) გაავებულები მოუწოდებდნენ ყველას – არათუ არ წაიკითხოთ ეს წიგნები, არამედ მეგობრებს თუ აღმოუჩინეთ, წაართვით და  დაწვითო. ეს ყველაფერი 7 წლის წინ ხდებოდა… კარგა ხანს უფრო მონაჭორი და გაზვიადებული მეგონა, სანამ საკუთარ თავზე არ ვიწვნიე ამ ისტერიის სრული  სიმწარე.  იმ ზაფხულს ფოთში ჩავედი ჩემს მშობლებთან – ქუჩაში სეირნობისას ღრმადმორწმუნე ბიცოლაჩემი შემომხვდა, ეკლესიიდან ბრუნდებოდა თავის „სულიერ  დასთან“ ერთად (ასე გამაცნო შუა ხნის მანდილწაკრული ქალი), რომელსაც სიამაყით წარუდგინა სანაქებო მაზლისშვილი. ბიცოლამ არ იცოდა, რა შარში იგდებდა თავს  – ქალს თვალები არაბუნებრივად გაუდიდდა, როცა გაიგო, რომ ამ გამხდარმა ყმაწვილმა თურმე, არც მეტი, არც ნაკლები, „ჰარი პოტერი“ თარგმნა ქართულ ენაზე.  გაბმული, თითქმის დაუნაწევრებელი მეტყველებით ცდილობდა, ჩემს მოქცევას, რომ თურმე, საშინელი ცოდვა ჩამიდენია, ასეთ ახალგაზრდას ასეთი საშინელება  როგორ დამემართა, იმედია, მივხვდები ჩემს დანაშაულს და სასწრაფოდ მოვინანიებ, თორემ ღმერთი დამსჯის ამ სატანური წიგნის თარგმნისთვის… და ასე შემდეგ.  კიდევ მრავალი საოცრება მოვისმინე. როცა დავინტერესდი, წაკითხული ჰქონდა თუ არა ქალბატონს ეს წიგნი, არამიწიერი ხმით შეიცხადა, რას ლაპარაკობ, მაგას ხელს  როგორ მოვკიდებდი, მაგ წიგნს როგორც კი შეეხები, სატანა ეგრევე შენში დაისადგურებსო. ლოგიკურმა არგუმენტებმა მასთან არ გაჭრა, ამაოდ დავიღალე ენა და  ნერვები. ასე გაღიზიანებულმა, უზრდელურად მივაძახე, თქვენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, მაინც ვერაფერს გაიგებთ–მეთქი და გაბრაზებული გავეცალე.

ის ქალი ერთი იყო. ამის შემდეგ ასეთები სულ უფრო მრავლად მხვდებოდნენ. იმდენად მრავლად, რომ ბოლოს კამათს საერთოდ შევეშვი და მოურიდებლად  დავცინოდი ყველას, ვინც მიმტკიცებდა, რომ ჯოან როულინგი პირადად იცნობს სატანას, მეგობრობს ჭინკებთან, ყავას სვამს ალქაჯებთან, ინტიმურ ურთიერთობაშია  ტროლებთან და ა.შ. თავიდანვე რა მაღელვებდა, ნეტავ, გამაგებინა, მაგრამ 21 წლისას ჯერ კიდევ გულწრფელად მჯეროდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება რაღაც  შეაგნებინო, თუკი მოინდომებ, თუკი დაელაპარაკები. ახლა 28 წლის ვარ და ამის ნაკლებად მჯერა.

გავიდა კიდევ ერთი წელი და ახლა „პოტერის“ მე–3 ნაწილი ვთარგმნე. ჩემი თანამშრომლის პატარა გოგონას ვაჩუქე წიგნი, ზედ ავტოგრაფიც წავუწერე – „ჭკვიან და  ნიჭიერ მარიამს მთარგმნელისაგან“. თუმცა, მართლა ნიჭიერი და ჭკვიანი მარიამი, თურმე, მე–3 წიგნს დიდხანს არ ეკარებოდა. დედამისს, ჩემს თანამშრომელს  ვერაფრით აეხსნა, რატომ შეიძულა ბავშვმა აქამდე მისი საყვარელი წიგნების სერია. ბოლოს გაარკვია და მეც მითხრა: თურმე, სკოლაში რელიგიის მასწავლებელს  უქადაგია ბავშვებთან, ეგ წიგნი სახლში არ გააჩეროთო. არადა, გოგონას ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა მე–3 ტომში, მაგრამ თან მასწავლებლის, მისთვის ასეთი  დიდი ავტორიტეტის, ეშინოდა.  გოგონა ახლა უკვე გაიზარდა და საბედნიეროდ, „ჰარი პოტერის“ შვიდივე ტომი ისე წაიკითხა (მერე კი ამათ უამრავი სხვა, ბევრად  უკეთესი წიგნიც მიაყოლა), ამისთვის ნებართვა არავისგან აუღია. გაუმართლა მარიამს, დედა არ ჰყავს ბნელი.
მაგრამ წარმომიდგენია, რამდენი ბავშვი ჩამოშორდა ამ გასართობ წიგნებს მსგავსი მიზეზით.

მგონი, ეს ბავშვები უკვე გაიზარდნენ, წვერიც ამოუვიდათ, მანდილებიც დაიხურეს და ახლა სწორედ ისინი შეადგენენ ილიას უნივერსიტეტის კიბესთან მდგარ  ხმალამოღებულ არმიას, თავგამოდებით რომ იცავენ იმას, რასაც დაცვა არ სჭირდება (მით უმეტეს, ასეთი!). მათ რომ ვუთხრა მეფე ლირის ეს ცნობილი ფრაზა,  პირდაპირ გაიგებენ – სიბნელე და ხედვა მათთვის, ალბათ, მხოლოდ ფიზიკური პროცესებია. სხვა ვერაფრით ამიხსნია, რატომ უნდა გააცოფოს მხატვრულმა  ნაწარმოებმა (თუნდაც, უხარისხომ ან ნაკლებხარისხიანმა) ახალგაზრდა კაცი/ქალი იმდენად, რომ მისგან ვინმეს ან რაიმეს (თუნდაც, სამშობლოს) დაცვა მოუნდეს.  უფროსი თაობის წვეროსან–მანდილოსნების გაცოფება კიდევ იმდენად არ მაღელვებს, აი, ახალგაზრდებს რა უბიძგებს მსგავსი ექსტრემიზმისკენ, ეგ ვერ გამიგია.

2008 წელს, სამეფო უბნის თეატრში დაიდგა ჩემი პიესა, „სხვისი შვილები“ სადაც მოქმედება გამოგონილ რეალობაში ხდება, ნაყოფიერების ქალღმერთის ტაძარში.  ერთ–ერთი პერსონაჟი აჯანყებას იწყებს, დანარჩენებს უმტკიცებს, ეს ქალღმერთი სისულელეებს გვაკეთებინებს და  ბავშვის გაჩენა მისი ნების გარეშეც შეიძლებაო.  სხვები არ უჯერებენ. მაშინ გოგონა ხმამაღლა ამბობს: „ადრე ქალღმერთი საერთოდ არ არსებობდა!“ – შეშინებული ხალხი მიწაზე მოწყვეტით ეყრება და ერთ–ერთი  ქალი სასოწარკვეთილი ხმით პასუხობს: „ნუ მკრეხელობთ, გთხოვთ!“ . ამ მიზანსცენაზე დარბაზში არცერთ მაყურებელს არასოდეს არ გასცინებია. არადა, მე მეჩვენება,  რომ სპექტაკლში ეს ყველაზე სასაცილო სცენაა. ნეტავ რატომ არ ეცინება მაყურებელს?