მსოფლიო ჩემპიონატი 2010

ჩემპიონატის გახსნა

11.06.2010 | 1201 |
ჩემპიონატის გახსნა

ჩემპიონატის გახსნას ფრაგმენტულად ვუყურე. სტუმრად ვიყავი და მალე მომბეზრდა. თან არ ვიცი, დაემთხვა თუ მთელი კონცერტი ასე იყო – შემსრულებლები ძირითადად აფრიკას უმღეროდნენ. ესეც მომაბეზრებელი იყო. ერთი წუთით წარმოვიდგინე, რომ ჩემპიონატი საქართველოში ტარდება და გამხსნელ კონცერტზე მღერიან სიმღერებს მხოლოდ საქართველოზე: „საქართველოო, ლამაზო“, ფრთები მასხია მხოლოდ შენგნით, შენგნით რამეთუ“, „ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“…   ვერ ივარგებდა.

თუ სწორად მახსოვს, გახსნის ცერემონია ადრე ცალკე არ ტარდებოდა – გახსნას პირველი მატჩი მოჰყვებოდა ხოლმე. საერთოდ არ მაგონდება არც ერთი ჩემპიონატის გახსნა გარდა 1990 წელს იტალიაში ჩატარებული ჩემპიონატისა, რომლის შემდეგაც სტადიონზე ნამღერი სიმღერა ერთხანს გააჰიტეს. არცთუ დაუმსახურებლად.

ფეხბურთის ვნება, კარგა ხანია, გამინელდა და ის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფაზას, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს წვდება. ხანდახან – „გრანდების“ თამაშს ინგლისის ან ესპანეთის ჩემპიონატიდან. ახლაც ზუსტად ვიცი, ყველა თამაშს ვერ ვუყურებ. თუმცა, მინდა, მერვედფინალები რომ დაიწყება, არც ერთი თამაში არ გამომრჩეს. ალბათ, მოვახერხებ.

ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა არგენტინაში, 1978 წელს. 10 წლის ვიყავი. რაღაც ნაკუწები მახსოვს თვალნათლივ: რევოლუციამდელი ირანის ნაკრებში მოთამაშე ესკანდარიანი, შოტლანდია–ჰოლანდიის ძალიან დინამიური მატჩი, პაოლო როსის თითო–ოროლა გაელვება, რობერტო ბეტეგას დახვეწილად შევერცხლილი თმები (ჩემს ირგვლივ ყველა მოზრდილი ქალი ბეტეგაზე ლაპარაკობდა), ბრაზილიელი დირსეუს ჩახვეული გოლი, პერუს მეკარე რამონ კიროგა, რომელიც მოედნის ცენტრამდე გამოვიდა რამდენჯერმე – ეს განსაკუთრებით მკვეთრი შთაბეჭდილება იყო, რადგან სსრკ–ში თუ მეკარედ მუშაობდი, დედიშენის შვილი იყავი და გაბედავდი ძალიან გაცდენოდი საჯარიმოს. პერუელივე ვეტერანის თეოფილო კუბილასის სახელი  და პერუს წაგება არგენტინასთან იმ ანგარიშით, რაც აწყობდა არგენტინას და ფინალის მიღმა ტოვებდა ბრაზილიას – 0:6. მახსოვს რენსენბრინკის ძელი ფინალში, ბოლო წუთზე და იმ ჩემპიონატზე დაუკმაყოფილებელი ინტერესი, თუ რატომ იყო ბერტონი ნომერი ოთხი. 4 ჩვენთან მცველების ნომერი იყო – თბილისის დინამოში ეს ციფრი ჩემთვის დღემდე შოთა ხინჩაგაშვილსა და ნოდარ ხიზანიშვილთან არის მიბმული. ბერტონი კი დაცვაში ნამდვილად არ თამაშობდა. მერე გავიგე, რომ არგენტინის ნაკრებში ნომრებს ანბანის მიხედვით ანაწილებდნენ – გააჩნია, მოთამაშის გვარი რა ასოზე იწყებოდა.

არ ღირს თავზე ძალდატანება და ყველა ფრაგმენტისა თუ შთაბეჭდილების მოჩხრეკა. ისედაც, წერის დროს, გაცოცხლდება ხოლმე ესა თუ ის შემთხვევითი ფურცელი მსოფლიო ჩემპიონატებიდან. ვინც მათ უყურებს, თითოეული ჩემპიონატის საკუთარი, ზეპირი ისტორია აქვს შემონახული. მეხსიერება ხანდახან უნდა გაწმინდო, წაშალო უსარგებლო ფაილები, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის.

ახლა კი  გავაკეთებ პროგნოზს – ვინ გავა მერვედფინალში და აღმოვჩნდები სოლიდარული ბევრ ჩემს თანამოქალაქესთან:
·    ჯგუფი A: საფრანგეთი და მექსიკა
·    ჯგუფი B: არგენტინა და სამხრეთ კორეა
·    ჯგუფი C: ინგლისი და სლოვენია (სლოვენია უფრო მინდა, რომ გავიდეს შარშან მონიჭებული სიხარულის გამო)
·    ჯგუფი D: გერმანია და განა
·    ჯგუფი E: ჰოლანდია და დანია
·    ჯგუფი F: იტალია და სლოვაკეთი
·    ჯგუფი G: ბრაზილია და პორტუგალია
·    ჯგუფი H: ესპანეთი და ჩილე
ვუშვებ, რომ ცდომილება არ აღემატება 3 გუნდს.
პროგნოზში აფრიკელები დამეჩაგრნენ.
მოკლედ, ვუყუროთ და ვნახოთ.