მსოფლიო ჩემპიონატი 2010

გერმანიის ნაკრები ყოველთვის თამაშობს ახლა და აქ

13.06.2010 | 1181 |
გერმანიის ნაკრები ყოველთვის თამაშობს ახლა და აქ

1974 წლის ჩემპიონატი არასდროს დამავიწყდება, რადგან ეს პირველი ჩემპიონატი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლის ფინალსაც ვუყურე. ფინალი კარგად მახსოვს. ორივე დიდი კაპიტანი კარგად მახსოვს. გაკვირვებული შეძახილებიც მახსოვს, ეს რა მაგარი გუნდი ყოფილა ჰოლანდიაო. მანამდე ჩვენში “აიაქსის” ტრიუმფის შესახებ სმენოდათ. კარგად მახოვს ორივე მწვრთნელი: ერთზე ამბობდნენ, ფეხბურთის აკადემიკოსიაო, მაგრამ მეორე თავისი უცნაური “კეპკით” უფრო შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. ჰელმუტ შიონსა და ჩემს სურვილზე, ფეხბურთის მწვრთნელი გავმხდარიყავი შემდეგ ბლოგში მოგიყვებით.

1974 წლის ჩემპიონატის სხვა თამაშები არ მახსოვს, მაგრამ სტატისტიკა კი არ მავიწყდება. ეს ის დრო იყო, როდესაც ორი გერმანული სახელმწიფო არსებობდა. შესაბამისად, საფეხბურთო ნაკრებიც ორი ჰყავდათ. ერთს გერმანელებს ვეძახდით, მეორეს – “გე-დე-ერს”. ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში გაიმართა, ორივე ნაკრები მოხვდა და ბედის ირონია ის იყო, რომ ორივე ნაკრები ერთ ქვეჯგუფში მოხვდა. გერმანელებისა და “გე-დე-ერის” შეხვედრა კი უფრო ღმერთის ხუმრობა იყო, ვიდრე სხვა რამ: “გე-დე-ერმა” მოიგო 1:0. ასეთებიც ხდებოდა.

იმავე ქვეჯგუფში კიდევ ერთი უცნაურობა მოხდა, რომელზეც მაშინ “მოამბეც” საუბრობდა და, ამბობდნენ, “ვრემიაც”: “გე-დე-ერმა” არ გააპროტესტა და სათამაშოდ გავიდა პინოჩეტის ჩილეს ნაკრებთან. მართალია, ვერ მოიგო, თამაში ფრედ დამთავრდა, მაგრამ უკადრებელი ანტისოციალისტური ნაბიჯი გადადგა “გე-დე-ერმა”.

ახლა კი იმასაც გეტყვით, რატომაც გამახსენდა ეს ყველაფერი დღეს: მეოთხე გუნდი ამ გერმანულ ქვეჯგუფში ავსტრალიის ნაკრები იყო. ჯერ “გე-დე-ერმა” მოუგო “მწვანე ნაკრებს” – 2:0, მერე კი გერმანელებმა გაანადგურეს – 3:0, თანაც ოდნავ ეოხუნჯნენ – მწვანე მაისურებით ეთამაშნენ ავსტრალიელებს. გერმანელების საჩემპიონო სვლა მაშინ თვით ჰოლანდიელებმაც ვერ შეაჩერეს  და ავსტრალიელები რას გახდებოდნენ. ეს სასიამოვნო პარალელი მახსენდება დღევანდელი თამაშის წინ. 2010 წლის ჩემპიონატს გერმანია და ავსტრალია ერთმანეთთან შეხვედრით ხსნიან.

გერმანელები დღეს ერთი გუნდით გამოდიან. მართალია, ამ გუნდში არ არის 5 ნომრად დიდი კაპიტანი ფრანც ბეკენბაუერი; არც გერდ მიულერის დარი გოლეადორი ჰყავს ამ გუნდს; არც კარის ისეთი საიმედო დაცვა ჰყავს, როგორიც ზეპ მაიერი იყო და სათადარიგოთა სკამზეც არ უზით “კეპკიანი” ჰელმუტ შიონი, მაგრამ ეს ხომ არ არის გუნდი, რომელიც მხოლოდ თავისი წარსულით ცხოვრობს და იქ რჩება: გერმანიის ნაკრები ყოველთვის თამაშობს ახლა და აქ.

ავსტრალიაც შეიცვალა, ალბათ. ალბათ, იქაც ისწავლეს ფეხბურთი, როგორც ბევრგან. ალბათ, მათაც სურთ მოგება. ამდენი “ალბათ” მხოლოდ აჩენს მცირეოდენ ალბათობას, რომ დღეს საღამოს მოხდება სასწაული და ვერ გაიმარჯვებს გერმანიის ნაკრები. ეს ლოგიკა ავსტრალიელთა ერთადერთი შვებაა.

გერმანია იწყებს და იმედი მაქვს, რომ იგი არა მარტო მოიგებს, არამედ სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთს მოიტანს: მესამე დღეა ვუყურებთ მსოფლიო ჩემპიონატს და ვიტანჯებით. ალჟირი-სლოვენიის თამაშის ყურებისას მიმეძინა. მეტი ტანჯვა რაღა გინდა.