მსოფლიო ჩემპიონატი 2010

მსოფლიო ფეხბურთის დეგრა(ნ)დაცია

20.06.2010 | 1264 |
მსოფლიო ფეხბურთის დეგრა(ნ)დაცია

სანდრო ლორთქიფანიძე (ხვიარა)

 

ღმერთო, რამდენი ხანი ველოდით ამ მომენტს და აი ისიც, ასრულდა ოცნება, დამარცხდა მოწყენილობა და შეისხა ფრთები ჩვენმა ოთხწლიანმა მოლოდინმა. შეისხა ფრთები და ვუვუზელები და რაც მთავარია ჰაერში ააფრიალა ტოტალიზატორების ფერად–ფერადი ბილეთები. სამხრეთ აფრიკა 2010 დაიწყო! ვაშა! ნამდვილი ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი ნამდვილი გულშემატკივრებისათვის! ეს ხომ ხელოვნებაა, ეს ხომ სილამაზეა, ეს ხომ..

და ასე დაუსრულებლად..

ასეთი დაუსრულებელი ქება–დიდებით დაიწყებოდა ჩემი ჩანაწერი, ახლა ან 1986, 1982, 1978 და ა.შ წელი რომ იყოს, ან კი მართლაც ლამაზ ფეხბურთს რომ ვუყურებდეთ, თუმცა ახლა საქმე სხვაგვარადაა, როგორც ერთმა ჩემმა ფეხბურთის უცოდინარმა მეზობელმა იკითხა ტელევიზორისთვის თვალის შევლებისას: „აი ლურჯები რო აცვიენ დინამოა ჭო“? „არა, ზაური, იტალიაა ეგ, იტალია“ – ვუპასუხე მე.. თუმცა ზაურის ადგილას არ ვიცი დავიჯერებდი თუ არა ასეთ პასუხს.. ჰოდა მართლაცდა „აი რომ დარბიენ, საქართველოს ჩემპიონატია ჭო“? ალბათ ასეთ განწყობას ბევრი პესიმიზმში ჩამითვლის, თუმცა ფაქტი ერთია, აგერ უკვე ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდი მიუახლოვდა დასასრულს და მსოფლიო საფეხბურთო დღესასწაულის სასწაული ვერსად ვიხილეთ, დღე კი იცოცხლე ბევრია, მაგრამ რად გინდა, ვუვუზელების ჭყვიტინში გადის და ბარე ორმა გულშემატკივარმა დაიჩივლა უკვე დღის ბოლოს თავის ტკივილი.

მე მაინც ტოტალიზატორების თემას მინდა შევეხო. ალბათ ეს ერთადერთი დაწესებულებებია, რომლის მფლობელებიც ბედნიერები არიან სამხრეთ აფრიკა 2010–ით. ჯერ იყო და საფრანგეთმა გაუცრუა გულშემატკივარს იმედი, შემდეგ ინგლისის ნაქებმა გუნდმა, მწვანე მოედანზე მწვანე ფორმაში გამოწყობილი რობერტ გრინით, თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს მხოლოდ უვერტურა იყო იმ დიდი სასწაულებისა, რომლებიც თავის მხრივ იტალიამ და პორტუგალიამ შემოგვთავაზეს. აი რაც შეეხება ესპანეთს, „უბრალოდ არ გაგვიმართლა“–ო დელ ბოსკემ თქვა და დავუჯეროთ, სხვა რა გზა გვაქვს. ვიფიქრეთ გულშემატკივრებმა, ვიმსჯელეთ, ვიორჭოფეთ და ბოლოს მივედით დასკვნამდე, რომ „ნუუ ყოველთვის რთულია პირველ რაუნდში თამაში რა“ და გადავწყვიტეთ უფრო გულდასმით მეორე რაუნდისთვის მიგვედევნებინა თვალი, მეც საფეხბურთო თეორიის პროფესორივით ვიძახდი: „პირველ რაუნდზე დადება როგორ შეიძლება, ჯერ ვნახოთ ვის რა შეუძლია, მეორე რაუნდზე დავდოთ.. საფრანგეთი ამჯერად მაინც მოიგებს, გერმანია.. ნუ გერმანია მაგარი გუნდია.. ინგლისიც მოიგებს უეჭველი, დევიდ ჯეიმსი დგას კარში“ და ა.შ. თუმცა.. მეორე რაუნდის მატჩების ანგარიშები ნიუტონის ვაშლივით დამეცა თავში და მართალია მსოფლიო მიზიდულობის კანონი ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ ტოტალიზატორების მიზიდულობის კანონზე კი ჩამომიყალიბდა წარმოდგენა.

საქმე იმაშია, რომ გალები (ვაი, რომ გალი საფრანგეთის ნაკრებში დიდი–დიდი 10 პროცენტი იყოს) ვეტერან ბლანკოსა და მექსიკის ნაკრებს დაუწვნენ ფერხთით, გოთები (ვაი, რომ გოთი გერმანიის ნაკრებში დიდი–დიდი 20 პროცენტი იყოს) სერბთა ბატონობის ქვეშ აღმოჩნდნენ და როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა აღნიშნა ენამოსწრებულად, ვერც ლუკაშ „პოდლოვსკის“ მიერ გაცუდებულმა თერთმეტმეტრიანმა გაამართლა მათი წაგება და ინგლისელები კი (ვაი, რომ ინგლისის ნაკრებში ყველა ინგლისელია, მაგრამ რა ხეირი ამით) არც მეტი არც ნაკლები, ალჟირის ეროვნულ გუნდთან უგოლო ფრეს დასჯერდნენ. ახლა ინგლისის ერთი გულშემატკივარი გამახსენდა, რომელიც თამაშის შემდეგ თავს ინუგეშებდა, „ნიჭიერი თაობა ჰყავს ალჟირს, ზიდანიც ხომ ალჟირელია“–ო.. არ ვიცი, რომელ ფილმს უყურა იმ ადამიანმა
“ინგლისი – ალჟირი“–ს შეხვედრამდე, „უკან მომავალში“–ს თუ „ემიგრანტს“, მაგრამ ფაქტი ერთია, სულაც რომ პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულიყო ძია ზიზუ და ალჟირის ნაკრებში ეთამაშა, დღესდღეობით მაინც უადგილოა მისი ხსენება, რამეთუ მარკო მატერაცი ყველას მწარედ გვახსოვს. ინგლისს კი ზიდანი არა მაგრამ, კარიმ ზიანი კი უტევდა და საგრძნობი ზიანიც მიაყენა ინგლისის ნაკრების გულშემატკივართა განწყობას. ასეა, თუ ისეა, საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება და ტოტალიზატორებიც ყოველდღიურად მასპინძლობენ ათას ენასა და დიალექტზე მგინებელ ფეხბურთის გულშემატკივართა არმიას. მასპინძლობენ და კიდევაც ამართლებენ აფორიზმს „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“, ოღონდ ოდნავი სახეცვლილებით. ფაქტია, რომ ტოტალიზატორების მოგება ამ საფეხბურთო ორომტრიალში ერთიათად გაიზარდა და რაც გასცეს, ხომ მათია და რაც არ გასცეს არც ის დაუკარგავთ „სპორტული სამორინე“–ს მეპატრონეებს. აქვე მცირე ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან:

დრო: 18 ივნისი, 11:30 AM
მოქმედების ადგილი: ერთ–ერთი ტოტალიზატორი თბილისში
მოქმედი პირნი: მე და ტოტალიზატორში პირველად მყოფი კაცი.

ტპმ–კაცი იწყებს.

– ისა, ძმობილო, პროგრამაა ესა? აბა სად უნდა ვნახო, ისა, თამაშები და რაღაცა..
– კი, პროგრამაა. აი ჩაიხედეთ, არაა პრობლემა.
– ჰოო.. და ისა.. რა უნდა ვქნა..
– ბატონო?
– აი რო ფული შევიტანო და რო მოვიგო რა უნდა ვქნა..
– ნუუ.. რომელიმე გუნდის მოგებაზე უნდა გააკეთოთ ფსონი და თუ მოიგებს ის გუნდი, თქვენც მოიგებთ თანხას..
– და რამდენს მოვიგებ?
– გააჩნია, რამდენიც ექნება კუში, იმის ნამრავლი თქვენ რამდენსაც დადებთ, იმაზე..
– ვაა.. გერმანია მოიგებს.. ერთი 30 ლარი უნდა დავდო რა.
– ჰო, შეიძლება..
– კი კაცო, მაგარი გუნდია.. ისეთი ტოჩნები არიან ეგენი..
– კი, ტოჩნები არიან..
– ჰოო, აბა რა.. დავდებ.. და როგორ?
– აი კოდს დაწერთ ფურცელზე, მერე გუნდების სახელებს, მერე კუშს და მოლარე აგიხსნით დანარჩენს.
– ვა, გაიხარე, ჯიგარო..

ცოტა ხანში ტპმ–კაცი მოლარისგან ბრუნდება.

– აი დავდე რა.
– აუ, 2 რატომ? სერბეთის მოგებაზე დაგიდიათ!
– რანაირად კაცო, გერმანიაზე რა, ვაჩვენე თითით..
– არა, ბატონო, სერბეთის მოგებაზე დაგიდიათ 30 ლარი..
– ვა ამის … …

მოლარესთან მიდის. იგინება. ბრუნდება.

– მატყუარები არიან ამათი … … ხო ვუთხარი ნემცები მეთქი და სერბეთი გავიგეო, რანაირად გაიგო მე მაგის … …
– ჰო, ეხლა ფაქტობრივად ძაან ცოტა შანსია რო სერბეთმა მოიგოს..
– მაგის … …, რაც არი ეგ არი.. გაიხარე ჯიგარო აბა, შენ იცი, შენ მაინც დადე გერმანიაზე.
– კარგად კარგად.

„საწყალი ტპმ–კაცი“ – ვფიქრობ ჩემთვის. გერმანიაზე ამაყად ვდებ და ტოტალიზატორიდან გამოვდივარ. იმავე დღის საღამოთი – „ეს ღორები ესენი“ – ვფიქრობ ჩემთვის, გერმანიაზე დადებულ ბილეთს ნაკუწებად ვაქცევ და.. ვაა.. სერბეთს 7,25 ჰქონდა კუში.. ტპმ–კაცმა 220 ლარამდე მოიგო.

მოკლედ, თუ მაინცადამაინც ტოტალიზატორში ფსონის გაკეთება გადაგიწყვეტიათ, მემგონი აჯობებს ლოგიკური აზროვნება გამოთიშოთ და მხოლოდ იღბლიან შემთხვევას მიენდოთ. სხვა შემთხვევაში თითქმის წარმოუდგენელი ხდება მომგებიანი ფსონის არჩევა და ვინ იცის, კიდევ რა გველოდება, ჰონდურასელთა ტრიუმფი თუ ჩრდილოეთ კორეელების თითის ანაბეჭდები მსოფლიო თასზე. ჰო, რა თქმა უნდა, გადავამლაშე, თუმცა სიტკბოებით არც სამხრეთ აფრიკა 2010 დაიკვეხნის. ჩემპიონატის დაწყებისას გავიხუმრე, რა მაგარი იქნება ყველა გრანდი, რომ ჯგუფში ჩარჩეს, სასწაულების რეალურობას დავიჯერებ–თქო. ჰოდა მეგობრებმა „შენს პირს შაქარი“–ს ნაცვლად სულ „შენ პირს მარილი“ მეძახეს. შეფასებებში გადამლაშებაც ალბათ ამითაა გამოწვეული, ყოველ შემთხვევაში ათასგზის გაკრიტიკებული დიეგო მარადონას არგენტინა იმის იმედს იძლევა, რომ ჯგუფური ეტაპიდან სულ ცოტა ერთი გრანდი მაინც გააღწევს. სხვათა შორის სულ რამოდენიმე დღის წინ დიეგო არმანდო ფოტოგრაფებმა ფოტოზე მაშინ აღბეჭდეს, როცა „ღმერთის ხელს“ არასაკადრისი ადგილი მიუჩინა, http://s60.radikal.ru/i169/1006/9a/f6c6d830befe.jpg  თუმცა დაე ყველა ნაკრების მწვრთნელმა მარადონას მიბაძოს, ოღონდაც ლამაზი ფეხბურთი გვაჩვენონ დარჩენილ თამაშებში მაინც. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო და იმედიც ბოლოს კვდებაო, ასე რომ შევხედოთ როდამდე გაგრძელდება მსოფლიო ფეხბურთის დეგრა(ნ)დაცია და როდამდე გაუძლებს ჩვენი ფსიქიკა ვუვუზელების „ტკბილხმოვანებას“, ხოლო თუ ვინმეს ნერვები გიმტყუნებთ, გირჩევთ იუმორი მოიშველიოთ, ჯერ ხომ ყველაფერი წინაა..