ლაშარელას ბლოგი

როგორ გავხდე ბლოგოპატი

22.01.2011 | 1498 |
როგორ გავხდე ბლოგოპატი

ალბათ გახსოვთ ჰოლივუდურ ფულმებში წარწერა “2000 წელი” და მფრინავი მანქანები, გამჭვირვალე ადამიანები და სხვა. თუმცა ყველაზე დიდი ფანტასტიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ 2010 წელს მფრინავი მანქანა კი არა ნოუთბუქს შეზრდილი ადამიანი “ულაიკებს”  სტატუსს: “ქმარი მომენატრა” გვერდით მწოლ მეუღლეს.

ჩემს სოფელში ადრე რომ ინტერნეტი ჰქონოდათ, წარმომიდგენია, როგორ გადააქნევდნენ სინანულით თავებს უბანში შეკრებილი ქალები და იტყოდნენ _ ეს რა დრო დაგვიდგა, ფეისბიანკები და ტვიტარასტები ერთმანეთს ეფლიკრავებიანო.

ლაიკომანებს, სტატუსოფილებს და თანამედროვე სამყაროს სხვა სოციოპატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ “ბლოგოპატებს”.

მოკლედ, გვეყოფა ენამახვილობა და ისედაც დაბნეული ატექნიკური მომხარებლების კიდევ უფრო დაბნევა და საქმეზე გადავიდეთ.

თანამედროვე სამყაროში არ გქონდეს ბლოგი, იგივეა, ცოტახნის წინ “მადონას სერვისი” რომ არ გქონოდა. ბლოგი, ეს არის ვებსაიტი, სადაც შეგიძლიათ მარტივად განათავსოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია:  ტექსტი, ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალა, მოკლედ ყველაფერი, რაც კი მოგესურვებათ _ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამასთან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მილიონობით ინტერნეტ მომხარებლისთვის (თუ დავაკონკრეტებთ, ქართველი ინტერნეტ მომხარებელი ერთ მილიონსაც კი ვერ უახლოვდება) და რა გასაკვირია, რომ ინფორმაციის გაცვლის ასეთი თავისუფალი და მოსახერხებელი საშუალება დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე სამყაროში.

მსოფლიოში რამდენიმე პოპულარული ბლოგ სისტემაა გავრცელებული, თუმცა ქართველებმა, როგორც გვჩვევია, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები შევარჩიეთ და მსწრაფლ გავიყავით “ვორდპრესისტებად” და “ბლოგსპოტისტებად”.

იმისათვის, რათა გქონდეთ საკუთარი ბლოგი ვორდპრესის სისტემაზე, საკმარისია, გაიაროთ უმარტივესი რეგისტრაციის პროცედურა: http://wordpress.com

ბლოგსპოტზე კიდევ უფრო მარტივად არის საქმე: საკმარისია, გქონდეს გუგლის მეილი და რეგისტრაციაც კი არ არის საჭირო: http://blogger.com (იმისათვის, რომ იხილოთ სისტემის განახლებული ვერსია, შეგიძლიათ ისარგებლოთ მისამართით: http://draft.blogger.com )

ზემოთხსენებული ორი სისტემის შედარებით ანალიზს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დღეს კი გეტყვით: აუცილებლად გახსენით ბლოგი _ ნუ დარჩებით 21-ე საუკუნეში “სტენკისა” და “მადონას სერვისის” გარეშე.