ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან |

„მწერალთა კავშირი“, როგორც ქართული კომუნალკა

26.01.2011 | 1254 | ია მერკვილაძე
„მწერალთა კავშირი“,  როგორც  ქართული კომუნალკა
ჩემმა ტვინმა, ქართულ ტელევიზიასა და ზოგადად ქართულ მედიას სტაბილურად გადაჩვეული ადამიანის სააზროვნო ორგანომ, რომელმაც „მწერალთა კავშირის“ ვნებებზე გადაღებული „სპეციალური რეპორტაჟი“ შემთხვევით იხილა, ამ საკითხთან დაკავშირებით  რატომღაც უნებლიედ და ლაკონურად მხოლოდ პროფესორ პრეობრაჟენსკისა და რევოლუციონერი  შვონდერის ფრიად დასამახსოვრებელი საუბარი გაიხსენა. ამხანაგი შვონდერი ცნობილ ქირურგს დაახლოებით ასე ეუბნება: პროფესორო, რად გინდათ ამხელა ბინა? აისიდორა დუნკანი რომ დუნკანია, ისიც კი საძინებელში იღებს საკვებსო. რაზეც, როგორც მახსოვს, პრეობრაჟენსკი აღშფოთებისგან თანდათან წითლდება და მისი სახე შვონდერის თეორიების მოსმენის პირდაპირპროპორციულად ჭარხლდება.  ბუნებრივია, ქირურგის საოპერაციოს მწერლის პროფესიულ „ტერიტორიას“ არ ვადარებ. მაგრამ ისევ ბულგაკოვის არ იყოს, ამ „კვარწირნი ვოპროსმა“ ეს  ხალხი მართლა და მთლად  გააფუჭა – გადარია.  საქართველოში  „დეველოპინგის“ დაუსრულებელი  ბუმია. ქართული საშუალო კლასი  სწორედ ამ ბეტონის ფუნდამენტზე იბადება თუ დაიბადა უკვე. „სპეციალურ რეპორტაჟში“ კი საქმე სწორედაც რომ შესადარებლადაა. მოსაუბრეთა ფონის „ბანაკები“ ძალიან კონკრეტულია: ნათელ ვარდისფერ–მოწითალო წიგნების კაბინეტური „სწენკა“, ლაჟვარდოვანი ფერიც საიდანღაც უკნიდან მოდის თუ ამოდის (კონტრაპუნქტი – როგორც წესი, გვირაბის ბოლოს სინათლე წინაა) და ამით სტუდიას (კაბინეტს) ცივილიზებურად სოციალურ –ოპტიმისტურ სახეს აძლევს. თავად „მწერალთა კავშირის“ დარბაზი კი დიდია, მაგრამ „სერი“, დეპრესიული; არაპროფესიონალის მიერ გადაღებული ვიდეომასალა კი კატაკომბების სურათ–ხატებს ჰგავს. უფრო სწორედ, შავ–თეთრი კინოა. აი, როგორც ბულგაკოვის „ძაღლის გულის“ ეკრანიზაცია. დანამდვილებით არ მახსოვს, კარგ ქირურგსა და შავი ტყავის ქურთუკში გამოწყობილ, „დომკომის“ კარგ მმართველ  შვონდერს შორის საუბარი როდის მიმდინარეობს:  „ლუმპერ–პროლეტარიატი“ პოლიგრაფ პოლიგრაფის ძე შარიკოვის წინაპარი ოთხფეხას ვივისექციის ანუ  სამედიცინო „პერესტროიკამდე“ თუ „პერესტროიკის“  შემდგომ. ყოველ შემთხვევაში, ჰაერში ახალი ადამიანის ჯიშის გამოყვანის ექსპერიმენტის სუნი ტრიალებს. თუმცა დანამდვილებით ის მაინც მახსოვს, რომ ამ საუბრის  დროს ძაღლის ყეფა არ ისმოდა. ცხოველი კი, როგორც კი „გაპერესტროიკდება“, მაშინვე თვალს მისი შემქმნელ – მწყალობლის ქონებას დაადგამს, ქურდავს; ხოლო გულშემატკივარი კი შვონდერის გამოისობით მაწანწალა ცხოველების განადგურების „მენეჯერად“  მოეწყობა. არადა, თავადვე „წინა“ ცხოვრებაში უპატრონი ძაღლი გახლდათ. წინის წინაში კი – მარგინალი, ლოთი. ქართული „რეპორტაჟის“ აზრიც ესაა. კონტრასტის ინსტინქტური თუ გაანალიზებული შეგრძნება. ერთის მხრივ, ჩვენი შავი წარსული და მეორეს მხრივ: ნათელი მომავლის რეალიზებადი მირაჟი ლამაზ არილებად, კარგად ჩაწიკწიკებული წიგნებისა და რუსთაველ – ბარათაშვილ – ჭავჭავაძე – ტაბიძის შავ–თეთრი სურათების ფონზე. ამ უკანაკსნელთა რიგი კი პანაშვიდის დროს გარდაცვლილის ბავშვობა – ყრმობა – ახალგაზრდობა – მოზრდილობა – მოხუცებულობის ქრონოლოგიითაა დაწყობილი. ქელეხი, როგორც წესი, გასვენების შემდეგაა. ჰოდა, კუბოსთან ატუზულნი, გაცვეთილ ლაბადებში შეტუზულნი და მხრებაჩეჩილ–ჩამოჩეჩილნი ახლო და შორებელი ჭირისუფლები ერთმანეთში ჩურჩულით ავრცელებენ ინფორმაციას, თუ სად იქნება „პურის ჭამა“. საფინალო – ფუნდამენტალურ – სადღეგრძელური. . . და იქნება კი საერთოდ? ფულის შესატანის პროცედურისთვის განკუთვნილი ოთახის მდებარეობით კი გაცილებით ნაკლები ადამიანია დაინტერესებული, ვიდრე  – ქელეხის ჩატარების მისამართით. რადგანაც ადრე, ახლაც და მომავალშიც სტატისტიკურად, ყოველგვარი ფიზიკის კანონების უგულვებელყოფით, ფულის შემტანთა რაოდენობა გამომტანებზე რატომღაც გაცილებით ნაკლებია. გარდაცვლილი კი, არც მეტი არც ნაკლები, – არც კომუნა, არც კოლმეურნეობა, არც კიბუცი და არც რომელიმე რელიგიური,  სახელოვნებო ან ექსტრემისტული სექტაა. მიცვალებული – ქართული კომუნაკლაა.

კომუნალკა, რომელსაც სერგეი ხრუშჩოვის დროს ასე თუ ისე  „ხრუშჩოვკების“ მასობრივი მშენებლობით (ახლა გარეთ მოდერნიზაციის ეპოქაა. „ხრუშოვკებმა“ ამოწურეს თავისი თავი) მოეღო ბოლო,  სსრკ–ში ყველაზე „სექსუალური“, ასე ვთქვათ, ნუდისტური ველი იყო. ვინა თქვა, რომ სსრკ–ში სექსი არ იყო? ეს ტელეეკრანებზე არ იყო, თორემ  კომუნალკაში ვუაერისტების თანდასწრებით – იყო. პატარა ბავშვებიცა და პუბერტატის ასაკისანიც ამის მოწმენი იყვნენ. ერთგვარი ორგია თამაშდებოდა. პორნო – რეალითი – შოუ. ვერავინ დამაჯერობს, რომ – არა. ერთი ტუალეტი, ერთი აბაზანა, ერთი სამზარეულო, ერთი საშრობი ბაწარი და ა.შ. იმდენი ნახევრადჩაცმული თუ შიშველი სხეული დაბოროალობდა „უცხო სხეულების“ თვალწინ, რომ კოლონტაისა და ცეტკინის „ერთი ჭიქის თეორიის“ პრინციპი, იქ, ალბათ, წარმატებითაც რეალიზდებოდა. ნახევრად ხუმრობით, მაშინდელი კომუნალკა „ვუდსტოკის“ პრეისტორიულ, უხამს ქარაგმად შეიძლება მივიჩნიოთ. „მწერალთა კავშირი“ კი სხვაგვარი კომუნალკაა: ყველა ჩაცმულ – დახურულია, საკუთარ „წელოგრეიკაში“ შეფუთული. რაღაც მომენტში „სპეციალური რეპორტაჟი“ ჩაიციკლა: კავშირის თავმჯდომარის პალტოს გახდის პროცესის დასაწისი რამდენჯერმე აჩვენა. დაბოლოს, როგორც იქნა, დაინტერესებული მაყურებელის ლეგიტიმური ინტერესი დაკმაყოფილდა. გახდის პროცესი პალტოს იქით არ წასულა.
საქართველოში სივრცის პრობლემა (მუზის – არა) ვითომ არსებობდა და არც არსებობდა. ე.წ. იტალიური ეზოს შვილები და შვილიშვილები ამ კოლექტიური ქვე,ზე და მათ შორის  მომწყვდეული ცნობიერებით ამაყობდნენ. აი, როგორც იმით, დავით აღმაშენებელი მეჩეთშიც და სინაგოგაშიც რომ შედიოდა. ანუ შემწყნარებლობით, იგივე ტოლერანტობით. იმ ნახევრადფაბრიკატი თავისუფალი სივრცის მემკვიდრეებმა, სადაც ოჯახური გარჩევები და ორგზამული ოხვრები დაუფარავად ტრანსლირდებოდა და კედლებში ისე ისმოდა, როგორც 15 წლის წინ „ენიგმას“ მუსიკა ყველა სახლის ღია ფანჯრიდან, „პერესტროიკა“ განიცადეს. მტკივნეულად და დამანგრევლად. ეკონომიკის განჯადოების პროცესში – ინდივიდუალურ მაღალჭერიანებში, ხვეულკიბეებიანებსა და ევრორემონტიანებში – გადაინაცვლეს. საქართველოს კაპიტალიზაციის რელსებზე გადასვლას მეორე უკიდურესობა მოჰყვა. გარემონტებული ბინა, როგორც სტაბილურობის ქიმერა, ემიგრაციისა და ლოტოს გათამაშების მოგების მიზანი გახდა (პირადად მე დიდი ინტერესით ვადევნებ თვლა–ყურს, თუ როდის შეიძენს მარკ ზუკერბერგი თავის კერძო სახლს ანუ ბოლო–ბოლო დაქირავებულ ფართს „შეეშვება“).

ნიუ–იორკში ერთ ქართველ ქალს ვიცნობ. სამწელიწადნახევარი ამერიკელი მილიონერის სასახლის ცალკე, დამხმარე შენობაში, ძაღლის დიდ ხუხულაში ცხოვრობდა. თვეში ერთი დასვენების დღე ჰქონდა და იმ დღესაც კანკალებდა, რადგან ეშინოდ,ა მის შემცვლელ პოლონელს ცუდად არ მოევლო ცხოველისთვის, რაიმე ზიანი არ მიეყენებინა. ანდა ოთხფეხასთან მასზე უკეთესად არ ეთამაშა  და ამის გამო პატრონებს ის პოლონელი მუდმივ სამუშაოზე  არ დაეტოვებინათ, ქართველი კი გაეგდოთ. არადა, ჩვენებური „თავის“  ძაღლს ძალიან კარგად უვლიდა. ცხოველის გულითადი კომპანიონი იყო. მასთან ერთად ეძინა, ართობდა, ბანდა, ვარცხნიდა, აჭმევდა. საწყალს (ძაღლს) დიაბეტი ჰქონდა, მკურნალობაცა და საკვებიც  შესაბამისი სჭირდებოდა; ქალს კი ქრონიკული დეპრესია, ხოლო ღია სივრცეში გასვლისას–აგარაფობია თავისი ლამის კრუნჩხვებამდე მისული პანიკური შეტევებით დაემართა. გარეთ გასვლაც დიდად აღარ უნდოდა. არ მკურნალობდა, რადგან მკურნალობის აზრს ვერ ხედავდა. ექიმი, ალბათ, საარსებო ტერიტორიის შეცვლას მოსთხოვდა. ერთ ცუდ დღეს ძაღლი მოკვდა. მისი ქართველი კომპანიონი კი ოთხფეხას ისეთი კივილითა და თმების გლეჯვით გლოვობდა, რომ ქალი ძაღლის ნამდვილმა პატორნებმა თავისი ხარჯებით ფსიქიატრს აჩვენეს. იმკურნალა. მას მერე ორი წელი გავიდა. ქალი ხუმრობს, ძაღლის ენა ვისწავლეო, ახლა თარჯიმნად შემიძლია მუშაობაო. ასე გამომუშავებული თანხით მან თბილისში სამი ოროთახიანი ბინა იყიდა. ოღონდ, ძალიან არაპრესტიჟულ და ისე – რა არაპრესტიჟულ რაიონში. ახლა ძალიან და ისე – რა ძალინ პრესტიჟულზე (დღეისათვის მის ინტერესთა სფეროს ბათუმიც დაემატა)  ოცნებობს. ყველა შვილი ამერიკაში ჩამოიყვანა. საქართველოში მხოლოდ სიკვდილის წინ აპირებს დაბრუნებას. იქ უნდა, რომ დასაფლავდეს და აქედან თბილისში პრესტიჟული სასაფლაოს მიწის ნაკვეთზეც ზრუნავს უკვე. მანამდე კი კვლავ ძაღლის კომპანიონის ვაკანსიას ეძებს იმ არგუმენტით, რომ ცხოველები ადამიანებთან შედარებით ნაკლებად პრეტენზიულები და უფრო მეგობრულებიც არიანო. ალბათ, თავადაც რომ ეყოლება ძაღლი, მას ცალკე სამოთახიანს თუ არა, ოთახნახევრიანს მაინც შეუძენს. თავისი კომპანიონით. „რაზგონი“ აღებული აქვს. ბინა, ბინა და ბინა. საქართველოში „კვარწირნი ვოპროსი“ ხუთწლედის გადაჭარბებით სრულდება. სტახანოვურად.

ქართული კომუნალკა, ეს ერთგვარი „ღია საზოგადოება“ და მისი ანალოგი – არაპროფკავშირული „მწერალთა კავშირი“ თავის სიკვდილს განწირულად და ჯიუტად ეწინააღმდეგება. უბრალოდ, იმიტომ, რომ ბოლო დროის თუ დიდი ხნის სტაჟის მქონე სადო–მაზოხისტური ორგაზმი, რაც არ უნდა იყოს, „შემოქმედებითი ორგაზმია“. ლანძღვა–გინების მიუხედავად, კომუნალკის „კომუნალშჩიკებს“ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ. მაგრამ არსებობს ერთი, გადაუწყვეტავ – მომაკვდინებელი პრობლემა. კომუნალური გადასახადებია გადასახდელი. ვიღაცამ უფრო დიდხანს მოუშვა წყალი და ვიღაცამ დაბანილი თმა გაზქურასთან დიდხანს იშრო. ერთიანი კომუნალური მრიცხველის არსებობის გამო გაწეული ხარჯების გადახდა კი არავის  უნდა, ვერ გაუნაწილებიათ ერთმანეთში ან, უბრალოდ, ვერ გადაუხდიათ. არადა, გასაწევი (ხარჯები) კიდევ ბევრი იგეგმებოდა.  საკან –კომუნალკაში  დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ კი მათგან არავინ იცის და არც არავის უსწავლებია, როგორ იცხოვრონ ინდივიდუალურად, „ობშიაგის“ გარეშე, ძველ თუ ახალ „ხრუშჩოვკებში“, კომუნალკის გარეთ. თავისუფლებაზე. ისინი ხომ ერთმანეთის ჟანგბადი და სისხლი არიან. ერთმანეთის ჭიპლარი. არადა, საერთო „კოლბასა“  დიდი ხანია შეიჭამა; ბორჯომისა და ბაკურიანის საგზურების მარაგიც ამოიწურა. თანაც საქართველოს უკვე დიდად არც უკრაინელი, რუსი და სხვა ძველი, მოძმე პოეტ– მწერლები ეტანებიან თავისი მუზის გადასახალისებლად. არც აღთქმული დასავლეთიდან ჩანს ვინმე კოლეგა. პერსპექტივა ნულია, რადგან აღარაა ერთი ყოფა, ერთი სული, ერთი „კუხნა“, ერთი ჯამი, ერთი ჯიგარი. ამიტომ შველა ზებუნებრივშია – პატრიარქში. იქ, სადაც მრევლი და „სობორნოსწია“. იქნებ ლოცვებით (გინების კონტრაპუნქტი) შერიგდნენ, გაძლიერდნენ, იქნებ ის რომატიკული კომუნალკა აღდგეს, იქნებ სარაჯიშვილის ლამის უკვე „გოდების კედლებად“ ქცეულმა შენობამ ახალი გალაკტიონი შვას  . . . ლოცვით ან თუნდაც შელოცვით. „ტვინის თამაშების“ გარეშე. თუნდაც იმით, რომ ამ კედლის რომელიმე ბზარში სურვილებით სავსე ქაღალდი შეაკვეხონ. იქნებ „ეშმები“ შენობას დაეხსნენ. იქნებ, იქნებ. იქნებ. . .  შვონდერი კი არ ითმენს. საქმეს კი არც სტრასბურგი შველის და არც  შარიკოვისგან გამოვიდა რაიმე წესიერი და გულისგასახარელი. არისტოკტარულ–კრიმინალური რუსული რულეტკა კი აქ არ თამაშდება. მეჩვენება, რომ მანდაური მუზაც გაკომუნალკდა. აი, ის, რომელიც 1937–ს და კიდევ ულევ წვრილ და მსხვილ „უსიამოვნებას“ გადაურჩა.

1939 წელს ამერიკის ეკრანებზე ერნსტ ლუბიჩის ოსკაროსანი კომედია „ნინოჩკა“ გამოდის. ამერიკელებმა  არა მარტო მომცინარი გრეტა გარბო, არამედ პირველად ნახეს, თუ რაა ნამდვილი, მსუყე, საბჭოური კომუნალკა. თუ რა ელოდებათ მათ გაკომუნალკების შემთხვევაში. მსოფლიოს ეკრანებზე კანტიკუნტად კომუნალკების ეთნიკური ფენომენი – ამერიკაში იტალიელებისა და სხვათა ცხოვრებაზე გადაღებული ფილმები გაჩნდა. გაფენილი საცვლებით, ხმამაღალი გადაძახილ –გადმოძახილებით, საერთო ცოლ–ქმარ–საყვარლებითა და შვილებით. ქართულ – ამერიკული ნეორეალიზმით თითქმის ამგვარია. ბრუკლინში, ერთ ოთახში  ცხოვრებისეული ინტერესებით ერთმანეთისაგნ აბსოლუტურად განსახვავებული 4–6–10 უცხო ადამიანი ცხოვრობს, პირში თუ ზურგს უკან ქება – ლანძღვა – გინებით, მაგრამ ერთი მიზნით: ნაკლები გადაიხადონ, რათა ოჯახს მეტი გაუგზავნონ. მათ ერთი რამ აერთიანებთ: უნდა გადარჩნენ, ახლობლები დააპურონ და  ინდივიდუალური შავ – თეთრი კარკასი, უკვე გარემონტებული ან სურამის ციხის მსგავსი რამ დაისაკუთრონ. ზურაბივით შიგნით ჩაყოლებული სიცოცხლის დედისერთა მუზით. თუმცა ეს უკვე სხვა ოსტორიაა.
იტყვით, რომ კლასიკური კომუნალკა მხოლოდ საბჭოურ – რუსული ფენომენია და რუსულადვე დარჩა?  ისევე როგორც „ივანუშკა დურაჩოკი“, რომელიც, რატომღაც ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა? სრულიად შესაძლებლია. არ ვიცი, ვისოცკი მხოლოდ რუსული ფენომენი იყო თუ არა (ესეც სრული შესაძლებელია. ფაქტია, ჩვენ არ გყოლია). ჰოდა,  ამ მწერალთა კავშირის „შვონდერიანას“ ყურების დროს სწორედ ვლადიმირ სემიონოვის ძე გამახსენდა (ბობ დილანი, ჯოან ბაეზი, პეტი სმითი და მათი კოლეგები აქ, ვფიქრობ, უადგილონი იქნებოდნენ). უბრალოდ, წარმოვიდგინე ქართული კომუნალკის შესახებ გადაღებულ „სპეციალურ რეპორტაჟში“ გია ყანჩელის სვედიან–ირონიულ–მშვიდ მუსიკას კი არა ემოძრავა, რომელიც უნებლიედ კლდიაშვილისეულ შემოდგომის ინტონაციას ქმნის; არამედ ამტყდარიყო ტვინის, გულისა და სხეულის შემანჯღრეველი ანტიკონონადა. როგორ შეიბღვირ–ამოიმღერებდა კისერსა და შუბლზე გახეთქვამდე დაბერილძარღვებიანი ბარდი თავის მუდმივად აუწყობელ ორაკორდიან, ლოთ გიტარაზე და ქრონიკულად ჩახრინწული ხმით,  ყურის წამღებად ხმოვნად გადაქცეულ თანხმოვნების მიჯრილ რიგს ამოიღრიალებდა:

В церкви смрад и полумрак,
Дьяки курят ладан…
Вдоль дороги все не так,
А в конце – подавно.
И ни церковь, ни кабак  –
Ничего не свято!
Нет, ребята, все не так,
Все не так, ребята!

 

ავტორის შესახებ: ია მერკვილაძე სწავლობს  და მუშაობს  ნიუ იორკში. მანამდე მუშაობდა “კავკასიურ სახლში” უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, ასევე გენდერული მიმართულების კოორდინატორად. 2003 წელს კავკასიურ სახლში გამოსცა  ორენოვანი “გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი” და კვლევები ქალთა საკითხებზე .

არის ბავშვთა ფსიქიატრი. ფემინისტი.  მუშაობდა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია “სათნოების” ხელმძღვანელად.