გინდოდათ თოვლი? მიიღეთ თოვლი! მოგვაძახა ამინდმა და დაგვაყარა. დიდი პრობლემა და საწუწუნო არაფერი იქნებოდა თოვლი მშრალი, ქუჩები მოასფალტებული და სანიაღვრე არხები მწყობრში რომ ყოფილოყო. მაგრამ მასე სად არის.
ბათუმში „სველთოვლობისას“ ერთადერთი, შედარებით მშრალი ქუჩა რუსთაველია, ისიც გზაგამყოფ თეთრ ხაზს თუ გაყვები, ფეხით. მაგრამ ამ შემთხვევაში ანდერძი დაწერილი და ჯიბეში ჩადებული უნდა გქონდეს, იმიტომ, რომ შენს გარდა იქ ყველა არსებული და არ არსებული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს. თუმცა არც სახლში მშრალად მისვლის მსურველი „კამიკაძეები“ აკლია იქაურობას. გუბეების და დატბორილი ქუჩების გამო აქ კარგად აითვისებ ისეთ უნარჩვევებს როგორიცაა: ჭაბუკიანივით გუბეებზე ლამაზად ხტომა, სპაიდერმენივით სახლის კედლიდან კედელზე ძრომა და კუსტოსავით წყალში ყვინთვა. ჩამოთვლილთაგან ვერც ერთს ვერ მივაკუთნე თავი, რის გამოც ისევ თავისუფალი ცურვით გავიკვლიე გზა დასახული მიზნისკენ. მიზანი ნათელი არა მაგრამ მშრალი და თბილი ნამდვილად იყო (წარმოსახვაში) მანამდე კი გზა მქონდა დიდი და სველი.
როცა ტელევიზორში ციმბირელ, ყინულის ჭრილში მყვინთავ ბიძებს მიკვირდა, აჩვენებდნენ, რა ჯანმრთელობა აქვთ ასეთი მეთქი. თურმე სულ ტყუილად მიკვირდა. არანაკლებ ყინულოვან წყალში მომიწია ამ დღეებში სელაპივით ყვინთაობა. ბათუმში ასეთი ტბორი არასდროს მდგარა. უკვე აზრი არ ქონდა ტროტუარზე მშრალი კუნძულების ძებნას. „წინ მშრალი მომავლისკენ” გავიფიქრე მე და სამარშრუტო ტაქსთან მივცურე.
სამარშრუტო ტაქსში საპატიო, მძღოლის გვერდითა სავარძელი და სიმბოლურად გადასადები ღვედი მერგო. მერგო ამასთანავე ორი გოგოს ყოვლის მომცვლელი, საკმაოდ ხმამაღალი და შეუჩერებელი საუბრის მოსმენის პატივი. იქედან გამომდინარე რომ მძღოლი ლამის იყო ტროტუარზე ადიოდა და სადარბაზოებიდან ხვეწნით აგროვებდა მგზავრებს, გზა საკმაოდ გამიგრძელდა. სამაიეროდ გოგონების წყალობით მგზავრებმა გავიგეთ: `რა ეცვა ნათიას სიდედრს. სად იყო წასული კახა როცა ანას ატყუებდა, რატომ იყიდა ნაზიმ მაინც და მაინც ის ყვითელი სტოლსაფარი, როცა მზიამ ისტამბულ-ბაზრიდან უკეთესი იისფერი ჩამოუტანა; აჭართაიგულში რომ კაი თაიგულებს აკეთებდნენ მაგრამ ახლა გააფუჭეს. ანზორს რომ გელამ ფული ასესხა და სტამბულში რომ წამოვიდა და ლენასთან რომ შეუსწრო… “ სწორედ მაშინ ჩამოვედი ჩემს გაჩერებაზე და ყურებზე თოვლი მივიდე… ზოგჯერ რა კარგია სიჩუმე!!!
ხოფა- 90 იანების მექა, იერუსალიმი და რომი. ყველა გზა და სამარშრუტო ტაქსი ასე თუ ისე აქ მოდიოდა. თოვლიან ამინდებში ცოტათი მოაკლდა „მლოცველები” მაგრამ ისეთი ნივთისთვის, როგორიც რეზინის ჩექმაა, აქ უნდა მოხვიდე. ხოდა მოვედი მეც. ჩავდექი როგში და მედგრად ვუძლებდი ფეხქვეშ კოჭებამდე ცივ წყალს. „აი რა ღირს!? -20ლარი. მომე 43,42 და 41 ზომა. ქალბატონო აი ორივე მარცხენაა.. დეექცა დაბადება ჩინელებს. პაპიი, მე ყვითელს მიყოდი? ყვითელი იქნება რომ ჩაგაბარებ. რას იძრობდი ფისკულტურაზე ვალინკას, ვენაცვალე ვინც მოგპარა! მაი ქალისა ბატონო დაანებეთ თავი! რაზე ხდებით? ამხელა გვირილა რომ ახატია საკმარისი არაა!?” მოკლედ დიდად მეწუნიობის თავი აღარ მქონდა, ზომა მოვიკითხე და ეგრევე წამოვედი (გამოვცურე) სახლამდე კბილების კაწკაწით მოვედი. შხაპი, ჩაი, და ყველაფერი რაც სითბოსთან ასოცირდებოდა… სამაგიეროდ!?
სამაგიეროდ საღამოს სამსახურისკენ გზას კარგად ეკიპირებული გავუყევი. ჩემი რეზინის ჩექმები შეუპოვრად მიაპობდნენ თოვლს, წყალს და მიიკვლევდნენ გზას სამსახურისკენ. ბავშვობის მივიწყებული გრძნობა გამახსენდა. აი ის, ღრმა გუბეებს რომ ეძებ და გემოზე გადი გამოდიხარ. თან გსიამოვნებს, როცა ფეხი არ გისველდება. ეჰ არ ვიცოდი ეს, საკმაოდ არასაიამოვნო მოგზაურობა ასე თუ დამამახსოვრდებოდა. არა რა, აი ამ გუბებში ტყაპუნის, მაღალ-ბათუმურ თოვლში გემოზე სიარულის და ბავშვობის მივიწყებული ანცობის გახსენებისთვის, სახლში ერთი რეზინის ჩექამა უნდა ეგდოს ნაღდად ღირს. დრომ მოიტანა, ინგლისურის და „ვალინკების” გარეშე დღეს ვეღარსად წახვალ. მითუმეტეს ბათუმში!