ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან |

ჰომოპრეზიდენტიკუსი, ჰომოოპოზიციონერიკუსი , ჰომოსასტავიკუსი და ჭიაყელა

14.03.2011 | 1031 | ია მერკვილაძე
ჰომოპრეზიდენტიკუსი, ჰომოოპოზიციონერიკუსი ,  ჰომოსასტავიკუსი   და ჭიაყელა

ფეისბუკზე ერთი ჩემი მოსაზრების გამო ატეხილმა, როგორც ბოლოს გაირკვა, არაჯანსაღმა აჟიოტაჟმა, რომელიც პირადი შეურაცხყოფითა და ცილისწამებით დასრულდა, ერთი სრულიად არაპათეტიკური კითხვა კვლავ განმიახლა: არსებობს კი მსოფლიოში რაიმე სახის რეალური ტექნოლოგია, საშუალება, გნებავთ, პროექტი, რომელიც რეალურ დროში რეალური პრობლემის რეალურად მოგვარებას რეალურ მიზნად რეალურად დაისახავს და რეალურად გადაწყვეტს? საუბარი აქ არაა მხოლოდ ოპონენტის პირადი შეურაცხყოფის, როგორც ადამიანის დადუმების მრავალფეროვან ილეთთა შორის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურზე. ბუნებრივია, ე.წ. პიროვნულზე გადასვლა იმთავითვე ახშობს კონსტრუქციული დიალოგის ნებისმიერ მცდელობას. არახალია, როცა არგუმენტთა გაცვლა–გამოცვლაში შეურაცხყოფის მიყენების უნარ–ჩვევა საქართველოში ლამის ისეთივე ტრადიციად გადაიქცა, როგორც –  დაუღალავი საუბარი ჩვენს წილხვედრობაზე. პრობლემა ისაა, რომ საქართველო  შეიძლება ფორმით არა, მაგრამ  შინაარსით კვლავ საბჭოურ რესპუბლიკად დარჩა და, ჩემი აზრით, მასთან მიმართებაში ტერმინი „პოსტსაბჭოთა“ მხოლოდ დროის კონტექსტში თუა მოსახსენიებელი. პრეჰომოსოვეტიკუსების, ზეზვასა და მზიას „პრომოუშენის“ მიუხედავად, ჯერჯერობით საქართველოს, ფიგურალურად რომ ვთქვათ, პარაპრეევროპულ და მითუმეტეს პარაპრეამერიკულ კონდიციაში მყოფ ქვეყნად მოხსენიება მხოლოდ მგზნებარე ოპტიმისტსაც გაუჭირდება. თუნდაც, პარაპრეიტალიურ ქვეყნად. და, აი, ერთ–ერთი მიზეზთაგანი: იტალიამ ბერლუსკონის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი გოგონების ვნებები დიდხანს ითმინა. იტალიასთან ერთად ლამის მთელმა მსოფლიომაც იხალისა, იცინა და ითმინა. რახან „სასაცილოა“, თანაც  მამაკაცისა და ქალის ჯანსაღ ზურგის ტვინზე მიუთითებს, ამიტომ მოთმენაც შეიძლება. რატომაც არა? თუ ამას „პოლიტკლუბნიკაც“ დაემატება, ამაზე საადრენალინო და საინტერესო რა უნდა იყოს ცხოვრებაში? აშშ–ში კი ცოლიანმა კონგრესმენმა კრისტოფერ ლიმ  წელზევით შიშველ ფორმაში თავისი სურათი ინტერნეტით არასრულწლოვან გოგონას გაუგზავნა, იმანაც მედიას შეატყობინა და ერთ წუთში  ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი დემოკრატიის წარმომადგენელი აღარ იყო ამ წარმომადგენლობითი დემოკრატიის წარმომადგენელი ისევ ამ წარმომადგენლობითი დემოკრატიის წარმომადგენლის ამომრჩეველთა წარმომადგენლობითი დემოკრატიის  „ავტომატური რეაქციის“ გამო. თავდაცვითი რეაქციის გამო.  ამ კაცის „ხალხთა რჩეულთა“ რიგებიდან დათხოვნის ერთ–ერთ არგუმენტად დასახელდა ის, რომ კრისტოფერ ლიმ გოგონას ტყუილი განუცხადა საკუთარი ოჯახური სტატუსის შესახებ – უცოლო ვარო. თან, რაც მთავრია, ეს გოგონა არასრულწლოვანი აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, დემოკრატიამ  თავად წარმოაჩინა თავისი თავი. ყოველგვარი  სიცილ – ქირქილის, მოთმენისა და საპროტესტო, მათ შორის, ფემინისტთა აქციების გარეშე. სხვათა შორის, სწორედ იტალიელი ქალთა უფლებების დამცველთა დამსახურებაა ის, რომ ეს „ანცი იტალიელი ბებერი“ მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება. იტალიაში ამას ქუჩის აქციები დასჭირდა, ამერიკაში ამ და კიდევ სხვა მსგავს „ხულიგნობებზე“ – საქმე, როგორც წესი, „ავტოპილოტზეა“ ჩართული . . .

ზოგადად, „სასაცილოს“ სოციალიაზაცია სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის ქვეყნებში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. საჯარო მოხელე – დამშავებელმა ზემოდან ბრძანების გარეშეც იცის (თუმცა არც უმისობაა ანუ უბრძანებლობაა), რომ უნდა წავიდეს. ეს სულაც არ ნიშნავს მის სრულ მარგინალიზაციას, რადგან მეოთხე ხელისუფლება მუდამჟამ აქვეა და მის უკიდეგანო წიაღში პოლიტგემრიელი ლუკმისთვის ვაკანტური ადგილი ყოველთვის მოიძებნება. მედია არ თვლემს. მისი ფუნქცია ხომ სწორედ ესაა. მუდამ  სადარაჯოზე იდგეს. 24 საათი, 7 დღე. იგი სწორედ ასეთ „ტალანტებს ეძებს“ და მათით საზრდოობს. რასაკვირველია, პოულობს კიდეც. მედიას სჭირდება  ადამიანი – სკანდალი. მასაც (მედიას) ხომ  უნდა ჭამა? ასევე სმა – ჩაცმა – დახურვა და კიდევ რაღაცეები. ამერიკულ მედიას უყვარს, მაგალითად, ნიუ–იორკის შტატის ექსგუბერნატორი ელიოტ სპიცერი (იგი პროსტიტუციას ებრძოდა, არადა, თურმე ელიტარულ მეძავეებთან თავადაც „ბერლუსკონობდა“. ოღონდ სრულწლოვანებთან. სხვაგვარად სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ ასცდებოდა) და ილინოისის შტატის ექსგუბერნატორი როი ბლაგოევიჩი (იგი სენატში ბარაკ ობამას ადგილს ჰყიდდა, მაგრამ არ დასცალდა). სპიცერის საოპერო მომღერლის კარიერაზე მეოცნებე „რჩეული გოგონა“ გარდა იმისა, რომ ტრადიციულად „ფლეიბოის“ „ქავერი“ გახდა, მას გაზეთ NYPost –ის კოლუმნისტობაც შესათავაზეს. ერთ მშვენიერ დღეს ელიოტიცა და როიც ტელე–შოუს წამყვანებადაც მოგვევლინენ. თუ გეოგრაფიულად უფრო „ჩვენსკენ“ გადმოვინაცვლებთ, ვნახავთ, რომ ამერიკაში რუს „ჯაშუშ“ ანა ჩაპმანსაც მიჰყავს  რაღაც ტელეპროექტი. რასაკვირველია, ისიც „ფლეიბოის“ გმირია. თუ სვლას საქართველოსკენ გავაგრძელებთ, „ქალთა დამსაქმებელ“ ეკა ხოფერიასაც წავაწყდებით, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინათ მცირემასშტაბიანი  სკანდალი მოაწყო. სამსახურიდან პირდაპირ ეთერში წავიდა – დემონსტრატიულად  კარი გაიჯახუნა. ცოტა ადრე კი მისი გამოისობით რუსთავი2 – დან მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი რუსუდან ნიკურაძე ყველა კანონისა და ნორმის უხეში დარღვევით გააგდეს და კარიც მიუჯახუნეს. მრავალშვილიანი დედა, ქვრივი. იმ დროს ჩვენი მედია „რატომღაც“ კოლექტიურად დადუმდა (ერთი–ორი გამონაკლისის გარდა). მაშინაც კი, როცა „ნიკურაძის ქეისზე“ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ჰო, თუმცა მაშინ რუსთავი2 „გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზია იყო და იმიტომ. ხმის ამოღება არავის აწყობდა. იგივე მიზეზისა გამო. თუმცა აქ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან ერთად „ახალი“ ტერმინი „კორპორატიული ინტერესი“ ან „კორპორატიული სოლიდარობა“ შეიძლება გაგვახსენდეს, ჩვენებურ ენაზე და ქართულ კონტექსტში კი უფრო უპრიანად ტერმინი „სასტავი“ ჟღერს, რომელსაც, მე მგონი, ბრჭყალებში ჩასმა სულაც აღარ სჭირდება. იგი არც მაფიაა და არც კლანი, არც კორპორაცია და არც გუნდი. იგი სასტავია. ახლა კი ტელეგადაცემა „აუდიტორიის“ წამყვანი და ჟურნალის „სითი“ მთავარი რედაქტორი   ძალადობის მსხვერპლ ქალს დემონსტრატიულად თავის ჟურნალში სამსახურს სთავაზობს. სიმბოლური ანაზღაურებით. თუმცა არ აკონკრეტებს, რა ვალუტაა ეს ქართული ფულადი სიმბოლიზმი. ქართველებს გვიყვარს თეატრი და სიმბოლიზმ–სიმბოლოები, როგორც ცხოვრების ხელოვნების თუ ხელობის მიმდინარეობა. თუმცა ეს სიმბოლიზმი, მაგალითად, ფრანგული სიმბოლიზმისგან საკმაოდ შორს დგას, რადგანაც ფრანგული ნოვატორული იდეების მაძიებელი იყო. ჩვენი ენერგია და ინტუიცია კი კვლავ პირველ წრეზე დადის და არც იღლება.  ირონია იქით იყოს და ფაქტია, რომ ზემოხსენებულ ორ ამერიკელს საჯარო მოხელის სარბიელის კარი  სამუდამოდ დაკეტილი აქვთ. ბუნებრივია, არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა არასაჯარო, ასე ვთქვათ, „სახალხო პირიც“ თუ გმირიც გაუგდიათ სამსახურიდან. დეზინფორმაციის, ცილისწამების გავრცელებისთვის, ან არაკორექტული გამონათქვამისთვის. 2007 წელს კომპანია CBS –is  რადიოწამყვანმა დონ აიმასმა, რომელიც ამერიკის 25 ყველაზე ცნობილ წამყვანთა სიაში ბრძანდებოდა და კომპანიისთვის ყოველწლიურად 15 მლნ. დოლარის მოგება შემოჰქონდა, აფრო–ამერიკელი გოგონების საკალთბურთო გუნდს რასისტულ–სექსისტური რეპლიკა – „ხუჭუჭთმიანი მეძავეები“ – ესროლა. მალევე შეხვდა მათ, ბოდიშიც მოუხადა, მაგრამ, როგორც ცნობილია, „სიტყვა ბეღურა არაა“ . . . ამ კაცის სამსახურიდან გათავისუფლებაში დიდი წვლილი ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამაც შეიტანეს.  წამყვანმა ამერიკულმა კომპანიებმა დონ აიმასის შოუში რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს. კონტრაქტი გაწყვეტილ იქნა. თუმცა აიმასი უმუშევარი მხოლოდ 9 თვე გახლდათ, რადგან სხვა არანაკლებ რეიტინგულმა მედიაკომპანია Citadel Broadcasting–მა მას სამსახური შესთავაზა. ოღონდ კორექტულობის დაცვის სპეციალური ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ანუ პირდაპირ ეთერში სტანდარტული 40–წამიანი დაგვიანების გასვლით, რათა პროდიუსერებს ვერბალური „ხარვეზების“ ცენზურისთვის დრო და საშუალება ჰქონოდათ. ახლა დონ აიმასის ენა „მსუბუქი“ კონტროლის ქვეშაა. თუმცა მედიაში და არა მარტო იქ, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. CNN – მა მოლაყბე წამყვანი რიკ სანჩესი, რომელიც თავისი უკიდეგანო სატელევიზიო ფამილიარობის გამო საშინლად დამღლელი იყო, არაკორექტული გამონათვქვამების საბაბით გააგდო და მის ადგილზე პოლიტიკურად არაკორექტული, მაგრამ „მედიურად“ ჯერჯერობით კორექტული ელიოტ სპიცერი მიიღო. ახლა ველოდები ცნობას, რომელი მედია „აიტაცებს“ რიკ სანჩესს. მან სხვა ტელეარხზე დილის გადაცემაში ლამის თვალცრემლიანმა ბოდიშიც მოუხადა თავის ალმა– მატერ CNN–ს, მაგრამ იგი უკან მაინც არ დააბრუნეს; არ შეისმინეს მისი მონანიება. აქვე აღარ შეგახსენებთ მთვრალი გალიანოს ანტისემიტურ ბოდვაზე კრისტიან დიორის სახლის რეაქციას. ეს ისე, სხვათა შორის, ასე ვთქვათ, სიტყვასა და ფეისბუკს მოჰყვა.

რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტა – არგადაწყვეტის საკითხს: ამასთან დაკავშირებით  ისრაელი და მისი შექმნის მიზეზ–შედეგობრივი კავშირი გამახსენდა. 1948 წელს, როცა გაერომ ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, დააფუძნა, ეს ნაბიჯი არ ემსახურებოდა მხოლოდ პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატის გაუქმებას, ანტისემიტიზმის ტალღის შემცირებასა და მითუმეტეს არაბებისა და ებრაელების კონფლიქტის იზოლირებას. გაეროს წევრ ქვეყნებს „ეგოისტურად“ უნდოდათ, რომ თავის ტკივილი შეემცირებინათ და ებრაელების ლეგიტიმური უფლება – ჰქონოდათ საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორია –  დაეფიქსირებინათ.  მათ მხოლოდ კეთილი ნება ამოძრავებდათ. გადაწყდა თუ არა ეს პრობლემა? ვფიქრობ, რომ – არა. მაგრამ მცდელობა ნამდვილად დასაფასებალია. მე თავად ვსწავლობდი ისრაელში და ჩემი დაკვირვებით, ქვეყანა, სადაც წყლის რესურსების მწვავე დეფიციტია, მაგრამ იგი (არც ცივი და არც ცხელი) არასოდეს წყდება, ხოლო ისრაელური ყვავილები მსოფლიოში ჰოლანდიური ყვავილების შემდეგ პოპულარობით მეორე ადგილზე დგას, პატივისცემასა და სამაგალითოდ გახდომას უდაოდ იმსახურებს. არის დემოკრატია ისრაელში? ამბობენ, რომ არის.  მაგრამ, საკითხი სულ სხვაგვარად დგას. ფაქტია, რომ ისრაელის შექმნამ პრობლემები გაამრავლა (ბუნებრივია, ამ თეზით არანაირად არ და ვერ ვუარყოფ ამ ქვეყნის არსებობის აუცილებლობას) და არა მარტო ირანისა და მისდაგვარების, ალ –ქაიდასა ანდა მთვრალი ჯონ გალიანოს ბოდვის გამო. პრობლემა იმაშია, რომ ისრაელის შემქმნელი გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი ერთ–ერთი ყველაზე ანტისემიტური სასტავია მთელ მსოფლიოში. ანუ ის, ვისაც/ რასაც ანტისემიტიზმის დამარცხება უნდოდა და ევალებოდა, თავად გახდა ანტისემიტი, ანუ ანტისემიტური სასტავი შექმნა.  თუმცა ამბობენ, რომ ამ კომიტეტს ადამიანის უფლებების დამცველის სტატუსი მხოლოდ სიმბოლურად აქვს. ამის დამამატკიცებლად მასში ლიბიის წევრობაც გამოდგება. თუმცა მარტო ქართველებს კი არ გვიყვარს სიმბოლოები. ფაქტია, რომ დღეს ანტისემიტიზმთან შეჭიდებული ჰოლოკოსტი ვისაც როგორ უნდა, ისე ახსენდება. როცა უნდათ, მაშინ. ესეც ისე, სხვათა შორის, ასე ვთქვათ, სიტყვასა და პრობლემის მოგვარების საკითხს  მოჰყვა.
***
მე, ბუნებრივია, არ მოვსწრებივარ წითელი ტერორის წლებს, მაგრამ XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ქართული ტერორის, ნეობოლშევიზმისა და ხილული მიზანტროპიის ხანა ჩემ თვალწინ გათამაშდა. ამიტომ მინდა, რომ იგი არასოდეს და არსად განმეორდეს. არც წითელი და არც მოწითალო. 20 წლის წინათ შევარდნაძისტებად და ზვიადისტებად დაყოფილი საზოგადოება, „საფეხბურთო“ ტერმინებით თუ ვისაუბრებთ, თავდამსხმელებად და თავდამცველებად გადაიქცნენ, გამარჯვებულებად და დამარცხებულებად. გააჩნია, ვინ ვის ველ–მინდორზე (სახლში, სამსახურში, ახლა ფეისბუკის ვოლზე) „თამაშობდა“. მახსოვს ახალი ადამიანის გაცნობის დროს ჩემთვის არაერთხელ გადაულაპარაკებიათ, ან სხეულის ენით უნიშნებიათ (მაგალითად, ხელის თითებით რევოლვერიდან გასროლის იმიტაცია, რაც „პუტჩისტს“ ნიშნავდა) „ვისისტი“ იყო,  „ჩვენებური“ თუ „სხვისებური“, რათა ამისდა მიხედვით ჩამომეყალიბებინა და შემერჩია მასთან ურთიერთობის ფორმა და სასაუბრო თემებიც. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ამ ცხარე კამათში  უფრო ბევრს ვკარგავდით, ვიდრე  ვიძენდით. ხმის იოგებს რომ თავი დავანებოთ, მოგვიანებით სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამ „დიალოგში“, სადაც ერთმანეთის არავის ესმოდა, სიმართლე კი არ იბადებოდა, არამედ სადღაც ორთქლდებოდა და სად კონდენსირდებოდა, ღმერთიც კი არ უწყოდა. და მერე რაღაცნაირად თავად ადამიანებიც ორთქლდებოდნენ, ქრებოდნენ, ფერმკრთალდებოდნენ.  ჩემს გამფრთხილებლებსაც, გაეროსი არ იყოს, მხოლოდ კეთილი ნება ამოძრავებდათ, რადგან საკუთარი „ეგოისტური“ მოსაზრებების გამო მათ სულაც არ უნდოდათ კიდევ ერთ ზვიადისტ – შევარდნაძისტის გლადიატორულ ბრძოლას შესწრებოდნენ. იმ პერიოდში სხვა საზოგადოებრივი დისკურსი, უბრალოდ, არ არსებობდა. ალბათ, ჩემზეც იგივეს ამბობდნენ, თუმცა არასოდეს არც ზვიადისტი ვყოფილვარ/ვარ და არც შევარდნაძისტი, არც მიშისტი და არც ანტიმიშისტი. მაგრამ  ამის მტკიცებას არანაირი აზრი ჰქონდა/აქვს. იმ დროს/ახლა იყავი/ხარ ან – ან. ან არაფერი. ან ბარიკადებზე ან ბუნკერში. ან ჩემსკენ/ჩვენსკენ, ან – იმისკენ/იმათკენ. ან ჰომოპრეზიდენტიკუსი ან ჰომოოპოზიციონერიკუსი. ერთმანეთისთვის იარლიყების მიწებების გამალებულ პროცესს ვერაფერი შეაჩერებდა. ზვიადისტი – გოიმი, შევარდნაძისტი – სვეტი ან პირიქით. გააჩნია, ტრიბუნი „ვისისტი“ იყო.  მოსაუბრეთა ტვინში ერთმანეთის გამალებული მარგინალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა და მერე, როცა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევდა, სტოპ–კადრივით შეშდებოდა.  „საფეხბურთო“ ველ – მინდვრებზე პაექრობა XXI საუკუნის მოახლოებასთან ერთად თანდათან შესუსტდა. ერი გამოიფიტა. სიბნელემ, სიღარიბემ, შიმშილმა, სიცივემ, უბადრუკობამ თავისი გაიტანა. ტვინი გამოირეცხა, გული დაიღალა, სხეული დაძაბუნდა, ხოლო დისკომფორტულად მჩხვლეტავმა ტკივილმა ყელში გადაინაცვლა. იქ, სადაც ხმის იოგებია, სადაც ამ „საფეხბურთო“ ველ–მინდორზე ათასჯერ დაკემსილი, მილიონჯერ ფეხნაკრავი, ჭუჭყიანი და სიმრგვალედაკარგული ბურთი გაეჩხირა. ხალხი კი ამ ბურთის „უკან დაბრუნებას“ ყოველთვის ხმამაღლა მოითხოვს. ერთ დიდ სტადიონზე შეკრებილი გუნდის გულშემატკივრების ერთად ყოფნა ხომ დემოკრატიული ცხოვრების საწყისი ფორმაა. ხალხი ერთად ყვირის, იცინის, მოითხოვს, ერთობა, იგინება, დახტის, სტვენს, ჭამს–სვამს, იფურთხება, ტაშს უკრავს, ერთმნეთს ეხება, კოცნის, ზურგზე ურტყამს, აღიგზნება . . . მერე რა მოხდა, თუ ხანდახან ერთურთს ან სატდიონზევე, ან მის გარეთ დაერევიან და დაალილავებენ ხოლმე. კარგია, თუ არ მოკლავენ. ესეც, რასაკვირველია, თავისიანების სიყვარულით მოსდით. თავისი სასტავის ერთგულებით. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ფეხბურთი, კრივისგან და, როგორც ჩანს, არც ისე არქაული გლადიატორულ შერკინებასთან შედარებით აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ იმ დაუსრულებელი „გარდამავალი პერიოდის“  საფინალო რაუნდში გლადიატორული შეჯახების ენერგია აღარავის ჰქონდა. გამონაკლისების გარდა. დადგა „ლაითი“ 1937 წლის შემდეგი, საქართველოს „ისტორილი განვითარების“ ახალი ფაზა სახელწოდებით „ეკლესიურობა/არაეკლესიურობა“, რადგანაც კარს ახალი ქართული სასტავობანას თამაშის დრო მოგვადგა, როცა ზვიადისტობა/შევარდნაძისტობამ აქტუალობა დაკარგა და ადამიანები  რელიგიური „ვისისტობის“ ასპარეზზე გამოვიდნენ. ილიამეორისტები და ანტილიამეორისტები;  გოიმები და ანტიგოიმები; ფეისბუკზე ცნობადი „ფეისისტები“  და „არაფეისისტები“ და  ა.შ. უსასრულობამდე. ამგვარ ბანაკებად დაყოფა, როგორც საზოგადოების შიგნით ჩამოყალიბებული კავშირ–უკუკავშირის სიმპტომიცა და, ამავდროულად, დიაგნოზიც ხშირად ერთ მოთხრობას „ჭიაყელა ორკესტრში“ მახსენებს. ორკესტრის დირიჟორს რატომღაც დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელი მუსიკოსი ათვალწუნებული ჰყავდა და ერთხელაც მას კოლეგების თანდასწრებით „ჭიაყელაც“ კი უწოდა. მისი უმნიშვნელობისა და მეორეხარისხოვნების ხაზგასასმელად. დადგა გალა – კონცერტის დრო. დარბაზი გადავსებული იყო, ორკესტრი შთაგონებით უკრავდა, დირიჟორი დირიჟორობდა. ჰოდა, მუსიკალური ტექსტის მიხედვით, ერთ მომენტში ყველა ინსტრუმენტი წამით დადუმდა, რათა ამ „უხერხემლოთა“ წარმომადგენელს თეფშები შემოეკრა, „ჭიაყელამ“ კი პაუზა დაიჭირა, მერე თეფშები სკამზე აუღელვებლად დადო  და   სცენიდან გავიდა. . . .

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ქართული „დიალოგი“  კარიკატურულ და აბსურდულ სახეს იძენდა/იძენს სწორედ იმის მგზნებარე გარკვევით, თუ ვინ ვის სასტავშია, ანუ რომელი „სასტავური ორიენტაციისა“ და ამის „გარკვევა“ ამა თუ იმ კატეგორიის მაღალ, ელიტურ სასტავში  მოხვედრის ფარული თუ ღია მოტივაცია–მცდელობით მიმდინარეობს. და თუ ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძოდით და თუ ეს სნობური სასტავობანა, რომელსაც, ბუნებრივია, არაფერი აქვს საერთო სოლიდარობასთან, თავისუფლების იდეასთან, კრიტიკულ აზოვნებასთან, სამართლიანობის განცდასთან,  ჩვენი სამოქმედო ინსტრუმენტია და იგი  ლამის უკვე იმ მიზნად ტრანსფორმირდა, რომელიც „სიცოცხლეზე მეტია“, მაშინ რატომ მაქვს მე და არა მარტო მე ამ ყველაფრის რეტრო თუ პერსპექტიულად დამზერისას ყელში მუდმივად  გაჩხერილი ეს აშკარად არასაფეხბურთო, სპაზმური „გლობუს ისტერიკუს“? . . .  და წარმოსახვაში რატომ ვხედავ ხოლმე ისევ და ისევ, თუ როგორ  იჩრდილავს ხელს და წაიმღერებს  მერლინ მონრო თავისი ბარბი – ინფანტილური  ხმით:
Happy Birth Day, Mister Sastavikus
Happy Birth Day to You …