ნესტან თათარაშვილის ბლოგი

გზების ყოფილი სამინისტროს შენობა- ამჟამად ბანკის სათაო ოფისი

26.04.2011 | 3248 |
გზების ყოფილი სამინისტროს შენობა- ამჟამად  ბანკის სათაო ოფისი

რამდენიმე თვეა მიმდინარეობს  გზების ყოფილი სამინისტროს (თბილისი, გაგარინის 29ა, საქართველოს არიქტექტურის ძეგლი),  ამჟამად „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის, განახლება, რაც  სერიოზულ საფრთხეს უქმნის  როგორც თავად შენობას,  აგრეთვე  მიმდებარე გარემოსა და ლანშაფტის აუთენტურობას.  ამ თემაზე რამდენიმე კვირის წინ არქიტექტორმა ნინო ჩაჩხიანმა სოციალურ ქსელში Facebook-ი სტატია გამოაქვეყნა, რომლის შინაარსს და პათოსს სრულიად ვეთანხმები და  მსურს ჩემი აზრიც გამოვთქვა საჯაროდ.

1
გზების ყოფილი სამინისტროს შენობა არქიტექტორმა  გოგი  ჩახავამ  დააპროექტა  არქიტექტორ ზურა ჯალაღონიასა და კონსტრუქტორ თემო თხილავას მონაწილეობით.   მშენებლობა 1975 წელს დასრულდა  .   ზოგადად, მისი  ორიგინალური დიზაინის საფუძვლები საუკუნის წინ იღებს სათავეს: მე-20 საუკუნის  20-იანი წლებიდან ჯერ კაზიმირ მალევიჩის არქიტექტურული მაკეტების, შემდეგ კი ელ ლისიცკის ჰორიზონტალურ ცათამბჯენებში გამოხატული კომპოზიციები თავის განვითარებას უკვე იონა ფრიდმანის  space city -ში პოულობს. პირდაპირი კავშირი იჩენს თავს იაპონელი მეტაბოლისტების, კერძოდ,  არატა ისოზაკის, კიშო კუროკავას და კენძო ტანგეს შემოქმედებასთანაც. აღსანიშნავია მოშე საფდისა და რიკარდო ბოფელის 1967 წლის ნამუშევრებთან  სიახლოვეც, რაც ადასტურებს არქიტექტორებისა და მშენებელ-ინჟინრების კარგ განათლებას და აგრეთვე თვალსაჩინოდ აჩვენებს ავტორის ღრმა ცოდნას საკუთარი ეროვნული არქიტექტურისა  და  ლანდშაფტის თავისებურებებისადმი.

ჩახავა წარმატებით აგრძელებს საბჭოურ ხანაში იძულებით მივიწყებულ ეროვნული ტრადიციის განვითარებას უკვე ახალი ტექნოლოგიების პირობებში და თავისი ნამუშევრით ბუნებასთან საოცარი ჰარმონიულობით მისადაგებულ,  თვისობრივად ახალ, თანამედროვე არქიტექტურას ქმნის, რომელიც დიახ, ნასაზრდოებია ძველი იდეებით, მაგრამ განუმეორებელია მთელი თავისი კომპოზიციითა და არქიტექტურული გადაწყვეტით.
2
3
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დამთავრებიდან სულ 2 წელიწადში პოპულარულმა არქიტექტურულმა ჟურნალ Domus-მა მას სპეციალური სტატია მიუძღვნა (N577). 1981 წელს კი, ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმმა გამოსცა ნაშრომი Transformation in Modern Architecture, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შედევრების გვერდით  ჩახავას შენობაც არის შეტანილი. უზარმაზარი საბჭოთა კავშირიდან  ეს პატივი მაშინ მხოლოდ ამ შენობას ერგო. ყოფილი გზების სამინისტროს  შენობა შეტანილია ბევრ წიგნში, სამეცნიერო ნაშრომში, კატალოგსა თუ პოპულარულ გამოცემებში.  უახლესი სტატია  გამოქვეყნებულია გარდიანში, (7 თებერვალი 2011)

ჩახავას შენობამ თავისი დიზაინით დიდი გავლენა მოახდინა სამწუხაროდ, არა ქართველ, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი არქიტექტორების შემოქმედებაზე. კონკრეტულად, ამ გავლენის უახლესი მაგალითებია  გამოჩენილი არქიტექტორის რემ კოლჰაასის 2009 წლის ორი პროექტი სინგაპურსა და სპარსეთის ყურეში , რაც მხოლოდ გავლენა კი არა,  პრინციპში, ჩახავას დიზაინის გამეორებაა.       

შარშან  აქ  ლაურა პალმერის ფონდმა (Laura Palmer Foundation), აზერ სპეის ფონდმა (The Other Space Foundation) და ჯეოეარ საქართველომ (GeoAIR) წარმოადგინა იონა ვარშას ხელოვნების კვლევითი და კონტექსტუალური პროექტი „გაყინული მომენტები – არიქტექტურა გვპასუხობს“ 22-25 ივლისი, 2010 (ტელეგადაცემის ფრაგმენტი რუსთავი 2-ის გადაცემაში P.S.), სადაც მონაწილეობა მივიღე და ჩემი ილუსტრირებული მოხსენებით საჯაროდ დავასაბუთე  ამ შენობის ღირებულება იმ მიზნით, რომ   ახალი მეპატრონის მავნე იდეებისგან დამეცვა ძეგლიც  და მისი გარემოც, რადგან უკვე ვიცოდი საქართველოს ბანკის ახალი გეგმების შესახებ შენობის განახლების თაობაზე.   მანამდე ტელეფონით ვესაუბრე ბანკის არქიტექტორს და შევახსენე, რომ შენობა არქიტექტურის ძეგლს წარმოადგენდა და არსებული კანონით, დაუშვებელი იყო როგორც მისი, ასევე მიმდებარე  ლანშაფტის  აუთენტურობის დაზიანება და ხელყოფა. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არავინ გაითვალისწინა, არც მეპატრონემ და შემსრულებელმა, და არც ნებართვის გამცემმა სახელმწიფო ორგანიზაციამ – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, ვისაც კანონის დაცვა და აღსრულება ევალება.  ჩასატარებელ სამუშაოებზე  ნებართვა გაიცა 2011 წლის 4 მარტს (ისტ. საბჭოს ოქმი ) და ზონალური საბჭოს ოქმი).

გზების ყოფილი სამინისტროს შენობისა  და მისი მიმდებარე ტერიტორიის პროექტის –  გეგმარებისა და დიზაინის ავტორია შპს “არქთრეიდი“, დამკვეთია „საქართველოს ბანკი“.  პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ცვლილებებია: ბანკის სახელისა და ლოგოს უზარმაზარი   წარწერების განთავსება სანაპიროსა და გაგარინის ქუჩაზე გამომავალ ფასადებზე; სანაპიროს მხრიდან მანქანების  მიწისზედა და მიწისქვესა სადგომები   და მათი შესასვლელებისმოწყობა;  გარდა ამისა,  აგრეთვე სანაპიროს მხრიდან, შენობის სიახლოვეს იდგმება მინის კუბის ფორმის  ნაგებობა – ბანკის ახალი შესასვლელი 4

5-16

რომელიც. ნიუ იორკში,  მე-5 ავენიუზე მდებარე ფირმა Apple-ის ცნობილი მაღაზიის (არქიტექტორი პიტერ ბოლინი) შესასვლელის თითქმის ზუსტი ასლია 7.  2010 წელს  Apple-ის ფირმამ  ეს შენობა ოფიციალურად დააპატენტა.

2006 წლის 27 ივნისს,  როცა შენობა ჯერ კიდევ გზების სამინისტროს ეკუთვნოდა, მისი შეკეთების თხოვნით გოგი ჩახავამ წერილი მისწერა სამინისტროს ხელმძღვანელ დალაქიშვილს და თან ჩასატარებელი სამუშაოების საკუთარი ჩამონათვალიც დაურთო, სადაც წერს, რომ: „ოცდაათი წლის განმავლობაში შენობის ფასადები არ განახლებულა. ფასადებს დაუბრუნდეს თეთრი, დეკორატიული ცემენტით შესრულებული ფერი, რადგანაც ესპანეთიდან ჩამოტანილი სუროს სახეობა, რომელიც შენობას ამშვენებს, ქიმიური საღებავით შეღებილ ფასადებზე არ იზრდება…  საჭიროა მოშლილი ლანდშაფტური დიზაინის ახლიდან დაგეგმარება, რომ ბუნება და შენობა ერთ ჰარმონიულ სივრცედ იქცეს, როგორც ეს წინა წლებში იყო…   ამ უნიკალური ადგილის რეამინაცია ძვირი არ დაჯდება – საჭიროა დაიხარჯოს ნაკლები ფული და მეტი ნიჭი“.  ახლა რამდენი იხარჯება ამ უგონო იდეაზე არ ვიცით, მაგრამ ნიჭის ნასახი რომ არ იგრძნობა დაგეგმილ სამუშაოებში – ეს უდავოა.

რაც შეეხება პრობლემის არასამართებლივ, ასე ვთქვათ სუფთა პროფესიულ მხარეს, თუ რამდენად გამართლებულია მსოფლიოში ცნობილი და უახლესი არქიტექტურის (ვგულისხმობ Apple – ს მაღაზიის ცნობილ მინის კუბს) ასეთი ბრმა მიმბაძველობა –  რა თქმა უნდა ეს  ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთ ქმედებას ყველაგან ერთი სახელი აქვს – ვულგარულობა, რაც საუბედუროდ,  ჩვენ თანამედროვე არქიტექტურასა და მშენებლობაში ლამის ტრადიციად იქცეს, და არა მხოლოდ თბილისში,  არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.    

გზების ყოფილი სამინისტროს შენობა არქიტექტურის ძეგლია 1986 წლიდან და აგრეთვე ძეგლად არის შეტანილი დამოუკიდებელი საქართველოს ძეგლთა ნუსხაშიც,  კულტურის მინისტრის 2007 წლის ბრძანებით.  ამჟამად ძეგლზე  მიმდინარე  ცვლილებებს  სრული დისონანსი შეაქვს როგორც არსებულ გარემოში, ასევე კონკრეტულად  შენობის ვიზუალურ აღქმაში. მთლიანად ირღვევა გარემოსთან ჰარმონიაში მყოფ არქიტექტურული ძეგლის მხატვრულ სახე და გამომსახველობაც. შესაბამისად, ირღვევა არსებული კანონიც, რომელიც როგორც ძეგლის, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიის ხელშეუხებლობასა და აუთენტურობას იცავს.  

სამწუხაროდ, აღნიშნული შემთხვევა მხოლოდ ერთი მაგალითი არ არის „საქართველოს ბანკის“ მიერ თავის საკუთრებაში მყოფი  არქიტექტურული ძეგლის დაზიანებისა.  გარდა  გზების სამინისტროს ყოფილი შენობისა, „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის აგრეთვე ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი თავისუფლების მოედანზე – პუშკინის 3. აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მას შემდეგ,  რაც ის ამ ბანკის საკუთრება გახდა, საბჭოთა პერიოდიდან უცვლელად შემონახული მისი ინტერიერი და ფასადები გამოუსწორებლად დაზიანდა და განადგურდა.

2000 წლიდან იწყება პუშკინის 3-ის  „განახლების“ მავნე პროცესი: „საქართველოს ბანკმა“ მას ჯერ დამატებითი სართული დააშენა და ზედ თუნუქის გუმბათები დაადგა, შემდეგ მთლიანად გადაღება როგორც ფასადები, ასევე დარბაზის კედლების ძველი მოხატულობა. მთავარი საოპერაციო დარბაზის სალაროს საათის მარმარილოზე კი ბანკისმიერ მოწვეულმა  „რესტავრატორმა“ ელდარ ციციშვილმა საკუთარი ინიციალები „ეც“ ამოკვეთა და  ოქროსფრადაც შეღება. შემდეგ წლებში,  მორიგი რემონტისას, შენობის შელესილი ფასადი ნაწილობრივ ქვის მოპირკეთებით შეცვალეს, მთავარი შესასვლელს ახალი, რკინის კარი გაუკეთეს, გამოიცვალა კიბის საფეხურების თავდაპირველი მასალა და დიზაინიც,  ხოლო ადრინდელი რემონტისაგან სასწაულით გადარჩენილი აქ არსებული შესანიშნავი კედლის მხატვრობა მთლიანად თეთრად გადაიღება.

„საქართველოს ბანკის“  ქმედებები არქიტექტურული ძეგლების მიმართ ცხადია ერთმნიშვნელოვნად კანონსაწინააღმდეგოა, თუმცა  დღემდე სათანადო სახელმწიფო ორგანოები ამაზე ყურადღებას საერთოდ არ ამახვილებენ.

ბატონი გოგი ჩახავა 2007 წელს გარდაიცვალა.   დღეს ის ცოცხალი რომ ყოფილიყო, საეჭვოა შპს „არქთრეიდს“  თავისი პროექტი სისრულეში მოეყვანა.  და ბოლოს, თხრობას ბატონი გოგის სიტყვებით ვამთავრებთ, ისე, თითქოს ამ სიტყვებით ის „არქთრეიდს“  სწერდეს წერილს: „ახლა სახელმწიფო აღარ არის დამკვეთი, ახლა არის დამკვეთი ან ფირმა ან ინდივიდუალური პირი, თუ შეგხვდა განათლებული კაცი კარგია, რადგან რაც უნდა გაკეთდეს ის მიიღებს, თუ არა შენ მაგალითებით, მსჯელობით უნდა დაუმტკიცო მას, რომ როგორც მას უნდა ისე არ გამოვა, შენ უნდა შეუქმნა მას ფიზიკური კომფორტი პროექტის კეთების დროს, ფიზიკურ კომფორტს რომ მიაღწევ, მერე უნდა იფიქრო ფსიქოლოგიურ კომფორტზე. ფსიქოლოგიურ კომფორტში შედის სწორედ ბუნებაში შერწყმა, რა არე იხსნება ამ შენობიდან, ეს შენობა როგორ მოჩანს სხვა ადგილიდან, ეს შენობა როგორ არის სხვა სახლებთან დამოკიდებულებაში. შენ რომ აშენებ სახლს, სხვა სახლი უნდა გალამაზდეს, კი არ უნდა დაიჩაგროს“ (ფრაგმენტი ინტერვიუდან).

ავტორი: ნესტან თათარაშვილი,

არქიტექტორ-რესტავრატორი