ლაშარელას ბლოგი

if i Die ანუ ამბავი მწუხარე ლაიკებისა

16.05.2011 |
if i Die ანუ ამბავი მწუხარე ლაიკებისა

დასტატუსება თუ არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას!

დიახ, დიახ – ასეთი დრო მოვიდა. ფეისბუქზე აქტივობას თუ ვწყვეტ, მეგობრები მირეკავენ და პირდაპირ მეკითხებიან _ “ცოცხალი თუ ხარო”. ცოცხალი ვარ ბატონო, ცოცხალი! თანაც როგორი _ გადავწყვიტე ამ საშინელ ელექტრო-მანქანას მოვშორდე, ბუნებაში გავისეირნო, საგაზაფხულოდ აღგზნებული ჩიტების ჭიკჭიკით დავტკბე, მაგრამ ვინ გაცლის?

მობილურიც რომ გავთიშო ხომ წარმოგიდგენიათ? _ გამოდის მკვდარი ვარ პრაქტიკულად.

წუხელ ინტერნეტში ძალზე საინტერესო საიტს გადავეყარე. ეს არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფეისბუქზე, სწორედ გარდაცვალების შემდეგ დაასტატუსოთ და დადოთ ლინკები. შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, საიქიოსთან ოპტიკა ჯერ არ გაუყვანიათ _ უბრალოდ თქვენ წინასწარ უთითებთ აპლიკაციას, რა გამოქვეყნდეს ფეისბუქზე თქვენი გარდაცვალების შემდეგ.

ეს საიტი ვნახე თუ არა, მაშინვე გამიჩნდა ბუნებრივი შეკითხვა – როგორ ხვდება აპლიკაცია, რომ ფეხი გაჭიმე?

იმისათვის, რომ აპლიკაციამ დაადგინოს, მართლა გახვედი მარილზე თუ არა, უნდა აირჩიო 5 ადამიანი. როდესაც ციფრული სამარის მცველებს აირჩევ აპლიკაციაში, მათ მისდით მეილი, სადაც მითითებული არის ლინკი რომლითაც შეძლებენ შენი სიკვდილი, ასე ვთქვათ, “დააკონფირმონ”.

მეორეს მხრივ ანალოგიური მეილი გაეგზავნებათ მაშინაც, რომელიმე მეგობარი მოცემულ აპლიკაციაში თქვენს ნაანდერძევის წაკითხვას თუ შეეცდება.

ისე ხომ შეიძლება, “ფეისბუქ-სამარის მცველებს” ღრმა მწუხარებისას დაავიწყდეთ ლინკის მოძებნა და გადასვლა? _ სულ თავისუფლად. ამიტომაც აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, თქვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული პერიდში, მეგობრებს ავტომატური მეილები დაუგზავნოთ და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის შეახსენოთ _ “თუ მე ცოცხალი აღარ ვარ, გთხოვ დააჭირე აქ”.

სხვათა შორის, არანაკლებ საინტერესო აპლიკაცია შექმნა რუსულმა არყის კომპანიამ “რუსკი სტანდარტ”-მა.

ეს არის “რუსული რულეტკის”  ციფრული ვერსია, სადაც წაგების შემთხვევაში ნამდვილს არა, მაგრამ ვირტულურ ცხოვრებას კი ემშვიდობები _ აპლიკაცია, შენს მიერვე დაშვებული უფლების საფუძველზე, ფეისბუქ ანგარიშს წაგიშლის.

ფეისბუქ-პარანოიის რა მოგახსენოთ და მე უკვე დავრეგისტრირდი აღნიშნულ საიტზე _ ამბობენ ბოლო სტატუსზე 500-ზე მეტ ლაიკს თუ ვერ დააგროვებ, ჯოჯოხეთი არ აგცდებაო.