ნესტან თათარაშვილის ბლოგი

არქიტექტურული მემკვიდრეობის ქართული რეაბილიტაცია

20.05.2011 | 1768 |
არქიტექტურული მემკვიდრეობის  ქართული რეაბილიტაცია

21-ე საუკუნის პირველი ათწლეული უკვე მოვილიეთ, თითქოს საბოლოოდ დავემშვიდობეთ საბჭოეთს, მაგრამ   მაშინდელი პრობლემებიდან ზოგი თავად არ გვანებებს თავს, ზოგს კი ჩვენ ვერ ველევით.  როგორები ვიყავით გასაბჭოებამდე და რა ვართ ახლა – ამის გაგება ყველაზე უკეთ და თან სწრაფად  – თბილისის ისტორიულ უბნებში ხანმოკლე გასეირნებით შეიძლება, რაც  კარგად დაგვანახებს რას ვირჩევთ და საით მივდივართ, ვვითარდებით თუ ვკნინდებით.     

ალბათ, არ არსებობს ორგანიზაცია და მითუმეტეს სახელმწიფო დაწესებულება თბილისში, კედლები ძველი თბილისის ისტორიული ფოტოებით რომ არ  ჰქონდეს დამშვენებული, მაგრამ რა ემართება დღეს ძველ თბილისს, მის ქუჩებს და სახლებს – ამას  ბევრი ვერ ამჩნევს და შესაბამისად, არც განიცდის.

საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი  არქიტექტურული მემკვიდრეობა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის მოსაწონებელი განძი ჰგონია  და უსწრაფესი ტემპით აგრძელებს არქიტექტურული მემკვიდრეობის საკუთარი გემოვნებით „გაპრიალებას“, ისტორიულ უბნებსა და ქალაქებში სრულიად ახალი შენობების „ქართულ სტილში“ შენებას, თუ უცხოელი სპეციალისტების მიერ დაპროექტებულ „უთანამედროვესი“ პროექტების სწრაფ განხორციელებას.
ცხადია, ბუნებრივ განვითარებას დიდი ხნით ჩამოშორებულებს და თავისუფლება დანატრებულებს, უზომოდ გვსურს რაღაც  ნამდვილის, დავიწყებულის, მაგრამ ჩვენი საკუთარის აღდგენა და გახსენება არქიტეტურაში, მაგრამ ამისთვის  წარსულში ნაშენს კი არ ვსწავლობთ, ვაანალიზებთ ან გონივრულად ვიაზრებთ  – მისგან მხოლოდ ფრაგმენტულ „სამაგალითო ხატებს“ ვქმნით და  მერე უხვად ვამრავლებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

2010 წლის 9 იანვარს, აღმაშენებლის რებილიტაციის პროექტის საზეიმო გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტის თქმით,  „ეს არის თბილისის ის უბანი, რომელიც ჰგავს ყველაზე მეტად  პარიზს და მას დავამსგავსებთ პარიზს და დავამსგავსებთ ახალი დროის საუკეთესო თბილისს თავის ისტორიის განმავლობაში“ .  (04:10). 

დავით აღმაშენებლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სახლების, ქუჩებისა და ტროტურების დაზიანების მთავარ მიზეზად პირველ რიგში იქ გაშენებული საუკუნეზე მეტი ხნის ჭადრები მიიჩნიეს და მათი სრული ლიკვიდაცია უკვე სისრულეშია მოყვანილი.  მთლიანად დაინგრა რამდენიმე შენობაც, რომელთა შორის არის დავით  აღმაშენებლის 150, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აშენებული ორსართულიანი სახლი,  კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი ადრეული ნიმუში, რომელსაც არქიტექტურული ძეგლის ნიშნის ოფიციალური სტატუსი გააჩნდა. მის ადგილას უკვე მიმდინარეობს ახლის მშენებლობა, მაგრამ რა აშენდება – ჩვენთვის უცნობია. 

სამუშაოები გამზირის  გარკვეულ მონაკვეთზე თითქმის უკვე დასრულებულია.  განსაკუთრებით აღსანიშნავია აქ  სამი  – ქართული გაგებით რეაბილიტირებული – ნაგებობა. ესენია: ე. წ. „ლომებიანი ჭიშკარი“, N 149,  1932 წელს ე. წ. “იმელი“-სთვის აშენებული  ყოფილი  საერთო საცხოვრებლი  N95ა , რომლის  კონსტრუქტივისტული ფასადის მთლიანი ცვლილება განხორციელდა აივნებისა და პარაპეტის ჩათვლით და უხვად „შეიმკო“ მოდერნის (Art Nouveau) სტილის მოტივებით ,  და 1907  წლის საარქივო პროექტის  მიხედვით მშენებარე, ყოფილ კინოთეტრ „კომკავშირელის“   (აღმაშენებლის 93, მისი პროექტი მერიის საიტზე ვერ აღმოვაჩინეთ) ახალი, აგრეთვე  მოდერნის სტილის ფასადი, რომლის შესაბამისობაც  არსებულ ნაგებობასთან საკმაოდ საეჭვოა,  რადგან მათი განსხვავებული პროპორციები ზერელე დაკვირვებითაც შესამჩნევია.

 

შეიძლება რამე ნაგებობა, მაგალითად  „ლომებიანი ჭიშკარი“, ადრე მართლაც იდგა აქ (თუმცა, საარქივო მასალებზე მუშაობის ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე  მინდა აღვნიშნო, რომ არსებული  ძველი  პროექტებიდან ბევრი  საერთოდ არ განხორციელებულა არც თბილისში და არც სხვა ქალაქებში),   მაგრამ  დროთა განმავლობაში მომხდარმა არქიტექტურულმა ცვლილებებმა მისი თავიდან გაჩენის საჭიროება  იგივე ადგილზე  უკვე უხერხული გახადა. მიუხედავად ამისა, ისეთი მძფრი აღმოჩნდა წარსულის კვალის გაცოცხლების სურვილი, რომ ის მაინც ჩააშენეს მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ შენობასა და საბჭოთა პერიოდის დიდ საცხოვრებელ სახლს შორის, თუმცა ეს  აღდგენილი “ლომებიანი ჭიშკარი“ თავისი პროპორციით, დეკორით, ლითონის კარითა და ცხაურით საგრძნობლად  განსხვავდება საარქივო ნახაზისგან, რომელზე ვერც ახლანდელ ლომებს ნახავთ .

გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება,   ასე მოიქცნენ ქუთაისშიც: დიდი ხნის წინ დანგრეული მოდერნის სტილის კინოთეატრი „მონ პლესირ“ ძველი ფოტოს მიხედვით აღადგინეს, მაგრამ ადგილის ცვლილებების გამო  ის უკვე ვერც კინო გახდა და მითუმეტეს, ვერც  შენობა, ამიტომ დღეს მხოლოდ  ბუტაფორიული გასასვლელის როლს ასრულებს. რაც შეეხება ქუთაისის ოპერას, აქ  ფასადები  „ძველი სტილით“  გააახლეს და სახურავი და ახალი პარაპეტებიც ლომებისა და „რომაელი ჯარისკაცების“ ქანდაკებებით დახუნძლეს. მთავრობა სიხარულს ვერ მალავს საკუთარი გემოვნებით შექმნილი „შედევრის“ გამო და  ამაყობს,  რომ ახლა ქუთაისსა და ვენას  თითქმის ერთნაირი ოპერები აქვთ.

თუ  ასე გვეძვირფასება დროთა ვითარებაში  გამქრალი შენობები და თავიდან ვიწყებთ მათ გაცოცხლებას, მაშინ ამ ლოგიკით, პირველ რიგში დედაქალაქის უმნიშვნელოვანესი ადგილი, მეტეხის არეალისა და რიყის განაშენიანების სრული აღდგენაც უნდა მოვახდინოთ.  და, თუ ასე ძალიან გვიყვარს  სიძველეები, მაშინ რა დაგვიშავა  თბილისის ყველაზე უძველესმა, მირზა-შაფის ქუჩამ, რამდენიმე დღეში თავის სახლებიანად და მიმდებარე კლდის მასივიანად რომ მოვთხარეთ და გავანადგურეთ ორიოდე წლის წინ?

აღმაშენებელზე შარშან გაკეთებული რამდენიმე შენობა მართალია უხარისობის გამო ახლა თავიდან კეთდება (მათ შორის არის შარშან დასრულებული „ლომებიანი ჭიშკარიც“), მაგრამ ეს თემა სხვა ბევრ, არსებით პრობლემასთან შედარებით ვფიქრობთ,  მეორეხარისხოვანია.

ბევრად მნიშვნელოვანია სამშენებლო, არქიტექტურული და სარესტავრაციო სამუშაოების  პროფესიული ტერმინების ჩვენეული ინტერპრეტაცია, კანონში მათი ასახვა და რეალობაში დანერგვა. ტერმინთა ქართული ვერსიები სავსებით განსხვავდება საერთაშორისო განმარტებებისგან.   მარტივად რომ ვთქვათ ვამბობთ ერთს,  საერთაშორისოდ აღიარებული და დადგენილი ცნებების გამომხატველ სიტყვებს  – და ვგულისხმობთ და ვაკეთებთ სრულიად სხვას, ანუ უბრალოდ, ვიტყუებით,  რასაც საბოლოოდ მასშტაბურ არქიტექტურულ სიყალბემდე და გამოუსწორებელ  შედეგებამდე მივყავართ,  რაც უკვე ნათლად გამოჩნდა თბილისის ისტორიულ უბნებში, აგრეთვე სიღნაღში, ბათუმში, ქუთაისში, მცხეთაში და სხვ.                                

„ქართული რეაბილიტაცია“ ახლაც აქტიურად გრძელდება აღმაშენებლის გამზირზე და შესაბამისად, „შემოქმედებითი რესტავრაციის“ (ესეც მთლიანად ქართული ტერმინია, რადგან მსოფლიო საზოგადოებრიობა  მკაცრად ანსხვავებს ერთმანეთისგან შემოქმედებას და რესტავრაციას) უკვე უამრავი შემთხვევა დაგროვდა

სამუშაოები დაიწყო 1909 წელს აშენებულ კინოთეატრზეც. „აპოლოს“ პირველი პროექტის მიხედვით მასზე  ორსართულიანი მანსარდის დაშენება იყო განზრახული, მაგრამ 2010 წლის იანვარში დაწყებულ საზოგადოებრივ პროტესტს „ფეისბუკზე“ , ჩემ სატელევიზიო გამოსვლას, სტატიებს და წერილს უშუალოდ პრეზიდენტისადმი – თითქოს სასიკეთო შედეგი მოჰყვა, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სპეციალური სიუჟეტი მოამზადა „აპოლოს“ მფლობელების მონაწილეობით, რომლებმაც საჯაროდ აღგვითქვეს, რომ შენობა შეინარჩუნებდა როგორც ინტერიერის, ასევე ფასადების სრულ აუთენტურობას და აგრეთვე თავის თავდაპირველ ფუნქციას – ის კვლავ  კინოთეატრი იქნებოდა.

მეორე პროექტში “აპოლოს“ ორსართულიანი მანსარდა აღარ აქვს მიხატული, მაგრამ, სახურავის სიმაღლის ნიშნული კვლავ იგივეა, ანუ ის, რაც მანსარდის დროს ჰქონდა , ეს კი ეჭქვეშ აყენებს მფლობელების დაპირებას, შენობის აუთენტურობის დაცვის შესახებ. 

ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება  ძალიან კმაყოფილია ქვეყანაში უსწრაფესი ტემპით მიმდინარე მშენებლობა/რესტავრაცია/რეაბილიტაციით, მილიონობით ტურისტს ელოდება თავისი გემოვნებით შემქნილ გარემოში და ვერ ხვდება რომ თუ სიყალბის მასშტაბური დამკვიდრებით საფრთხეს შევუქმნით საკუთარ იდენტობას, თუ   „სახეს“ დავკარგავთ, მხოლოდ მმართველი პარტიის არქიტექტურული შემოქმედების სანახავად არავინ გვეწვევა და მალე ჩვენც „მასალად“ გადავიქცევით, რადგან „არის ხალხი – შემოქმედი და არის ხალხი – მასალა; და მხოლოდ ის ხალხი ასრულებს თავისს “სახეს”, რომელიც ისტორიულს გარდაქმნაში გამოდის როგორც კულტურის სუბიექტი (გრიგოლ რობაქიძე, “არჩილ ჯორჯაძეს”)“.       

მაგრამ,    ქმნის კი  ჩვენ ნამდვილ „სახეს“ ის, რაც ახლა კეთდება საქართველოში? ან, რამდენად ვართ   „კულტურის სუბიექტი“?  ამ კითხვებზე უმოკლესი და მხოლოდ ერთი, მტკივნეული პასუხი არსებობს –  ახლა ისეთები ვართ და ისეთი კულტურა გვაქვს, როგორიც ჩვენ მიერ შექმნილი დღევანდელი გარემო და არქიტექტურაა. და ასე თუ გავაგრძელეთ, მალე იმასაც ვეღარ ვიტყვით, თუ რანი ვიყავით.  არქიტექტურა ხომ წარსულისა და აწმყოს ყველაზე კარგი  გამომხატველი, და  მომავლის საუკეთესო მაუწყებელიცაა.  გარდა ამისა,      ყველაზე ზუსტი დიაგნოზია ქვეყნისა და მისი მაცხოვრებლების სულიერი თუ ფიზიკური ყოფის თითქმის ყველა კუნჭულის შესახებ.

შესაბამისად,  გასაკვირი არ არის, რომ  დავით აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლების უმეტესობა  ძალიან ნასიამოვნებია მიმდინარე  “რეაბილიტაციით“, სამსახურსაც ბევრი  ადამიანი შოულობს. თუმცა  ამ დასაქმებული და კმაყოფილი საზოგადოებიდან იმაზე არავინ ფიქრობს, რომ მართალია დროებით იუმჯობესებენ  სოციალურ და ყოფით პრობლემებს, მაგრამ სამაგიეროდ,  სამუდამოდ კარგავენ საკუთარი წინაპრების მიერ დატოვებულ ძველ,  აუთენტურ შენობებს. არავინ ჩივის, რომ  საქართველოს  მომავალ თაობას  ახლანდელი ხელისუფლება ნამდვილ არქიტექტურულ მემკვიდრეობას ყალბით უცვლის.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ  ამის გაგება და მითუმეტეს ცოდნა  არც  მათ და არც ხელისუფლებას ნამდვილად არ მოეთხოვება. დარგობრივი საბიუჯეტო ორგანიზაციები, ანუ ჩვენი ფულით დაფინანსებული ინსტიტუციები, ისინი, ვისაც კანონით ევალება ძველ შენობებზე ზრუნვა – ხმას არ იღებენ. საქართველოში  კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ამდენი ფული ალბათ აქამდე არც დახარჯულა,  მათ კი ისე უჭირავთ თავი, თითქოს არაფერი ხდება. 

ცხადია, თავის დროზე სპეციალისტების    მთელი „კოჰორტის“ მონურმა მორჩილებამ, მათ მიერ საკუთარი პროფესიული პრინციპების სრულმა და ერთსულოვანმა უგულებელყოფამ,   პროფესიონალებისა და საზოგადოების მხრიდან საერთაშორისო პროფესიული ტერმინების ქართული ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვებამ   მიგვიყვანა ასეთ შედეგებამდე.   ჩვენი დუმილით წაქეზებული ხელისუფლება კი აქტიურად განაგრძობს  „აღმშენებლობას“, ანუ  „რეაბილიტაციას  ქართულად“, რომლის ერთ ნაწილს სწორედ დავით აღმაშენებლის გამზირი წარმოადგენს.

მიხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში კულტურული მემკვიდრეობის პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს  და ექსპერტებს ჯიუტად არ ვუსმენთ, აგრეთვე  მისაბაძი ევროპა-ამერიკელების დაცინვას ჩვენ რესტავრაციებსა თუ თანამედროვე მშენებლობებზე ცალ ყურში ვატარებთ,  არქიტექტურა ფურცელი არ არის, რომ დიდხანს ვმალოთ, ის შეიძლება ჩვენი სიამაყიდან მალე ჩვენ ტოტალურ და გამოუსწორებელ სირცხვილად იქცეს.  ამიტომ,   დროა  პრეზიდენტმა, მთავრობამ და ხელისუფლებამ  კარგად გაიაზრონ რას გვამსგავსებენ თავისი  გემოვნებით მოწყობილი გარემოთი და ურბანული და სამშენებლო/სარესტავრაციო დარგები დროულად  გაანთავისუფლონ მავნე პოლიტიკური ხუნდებისაგან.

(სტატიის შემოკლებული ვერსია სათაურით „დავით აღმაშენებლის
გამზირის რეაბილიტაცია“ გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა“, N54, 2-8 მაისი,  2011წ.)

ნესტან თათარაშვილი
19 მაისი 2010