ალბათ ბევრ თქვენგანს არ უნახავს ფილმი “სილიკონის ველის მეკობრეები”, რომელიც ორი უდიდესი კომპანიის – ”მაიკროსოფტისა” და “ეფლის” დამფუძნებლებლის, ბილ გეითსისა და სტივ ჯობსის ისტორიას მოგვითხრობს.
დიახ, იყო დრო, ეს ორი ადამიანი ერთად სწავლობდა. დღესაც კი ხშირია ამ ორ კომპანიას შორის გავლებული პარალელები.
ფილმის სიუჟეტის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ფილმში არის ნიშანდობლივი ეპიზოდი, რომელშიც კარგად არის ნაჩვენები ორი გენიოსის განსხვავებული მიდგომა საქმისადმი, რამაც, ჩემი აზრით, აღნიშნული კომპანიების პროდუქციაშიც ჰპოვა ასახვა.
ერთერთ შეკრებაზე, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ფონზე, სტივ ჯობსი შეკრებას ატარებს, სადაც კომპანია Apple-ს სამომავლო სტრატეგიას განიხილავს (ეფლმა ხომ გენიალური გამოგონება – მაუსი და ვიზუალური ინტერფეისი ქსეროქსის ბიჭებს “აახია”). ის ამბობს: “კარგი მხატვრები აკოპირებენ, გენიალური მხატვრები კი იპარავენო (Good artists copy, great artists steal)” და იქვე ავტორსაც მიაყოლებს – პიკასო!
ვინაიდან ეფლმა მაიკროსოფტს დაასწრო “ქურდობა”, გეითსს ისღა დარჩენოდა, “ქურდის ქურდი ცხონდაო” პრინციპით, ჯობსისთვის მოეპარა იდეები. კომპანია ეფლის მისადგომებთან, ის თავის პარტნიორებს იმავე ფრაზას გაუმეორებს, ხოლო როდესაც ჩაეკითხებიან, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები, ზერელედ უპასუხებს – რა ვიცი, მგონი რომელიღაც მოქანდაკესო.
ჩემი აზრით, ფილმის ამ ეპიზოდში კარგად არის ნაჩვენები, ძირითადი განსხვავება თანამედროვე სამყაროს ორ გენიოსს – ბილ გეითსსა და სტივ ჯობსს შორის.
სტივი სიღრმისეულია. მისთვის მნიშვნელოვანია ყოველი ნიუანსი, ყოველი დეტალი. ის საქმეს უყურებს როგორც ხელოვნებას და არა როგორც ბიზნესს.
ბილ გეითსი კი შედეგზე ორიენტირებული მძიმე ტექნიკაა. ის უხეშად გადაუვლის ყველაფერს, ოღონდ იყოს შედეგი – დღეს და ახლა.
ნამდვილად არ ვიცი “ლონდონ ბიზნეს სქულ”-ში ნასწავლნი, რას იტყოდნენ მაღლივში გამობრძმედილ ეკონომისტ-კიბერნეტიკოსის თამამ განცხადებაზე, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ კომპანია, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ის, დროთა განმავლობაში იმეორებს იმ პიროვნების ხასიათს, რომელიც მის სათავეში დგას. ეს აისახება შემდეგ სერვისზე, წარმოებულ პროდუქციაზე და მთლიანობაში კომპანიის იმიჯზე.
რა ამის პასუხია და რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ სტივ ჯობსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რასაც ეფლის აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა.
როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვიმარჯვოთ მაუსი და კლავიატურა, სკამზე კარგად მოვკალათდეთ და დაველოდოთ – რას შემოგთავაზებენ ახალს თანამედროვე სამყაროს გენიალური მხატვრები, “სილიკონის ველის მეკობრეები”.