გია მარიამიძის ბლოგი |

უპატარძლო ქორწილი

31.07.2011 | 1015 | გია მარიამიძე
უპატარძლო ქორწილი

‘’დაუკარით, უპატარძლო ქორწილია!!!’’ – ერთერთი ქართული ფილმის (რაც გინახსავს ვეღარ ნახავ) პერსონაჟის ეს შეძახილი ფრთიან ფრაზად იქცა და ზეპირსიტყვიერებაში საპატიო ადგილიც დაიმკვიდრა. ფილმის შინაარსი ალბათ, ყველას ახსოვს: ერთ სოფელში, ადგილობრივი ფეოდალის მოურავი სოფლელი გოგონების თავშეყრას (როგორც ახლა იტყვიან, ‘’ტუსოვკას’’) შენიშნავს, გლეხის მოცეკვავე გოგოს თვალს დაადგამს, ‘’შენა, რა კაი ტლინკაობა გცოდნიაო’’ – ეტყვის, სტაცებს ხელს და ბატონთან, მოსამსახურის ვაკანტურ ადგილზე წაიყვანს სამუშაოდ. გლეხის გოგო ქალაქელ მეწაღე ბიჭზე – გოგიაზეა დანიშნული. ცოტა ხანში, ბიჭი გოგია, ჰამქართან ერთად მოადგება თავისი გულისსწორის კარმიდამოს და სად არის საცოლე? თურმე ბატონს წაუყვანია. სწორედ აქ აღმოხდება სასოწარკვეთილ საქმროს ეს, აწ უკვე ისტორიული ფრაზა. ჰამქრის მოხუცი და გამოცდილი უსტაბაში საქმის სამართლებრივ ჩარჩოებში მორგებას გადაწყვეტს და დაზარალებული მხარე სასამართლოს მიაკითხავს. სიმართლის საძიებლად წასული ჰამქარი ორ მოსუქებულ მოსამართლეს მდინარის პირას, გაშლილ სუფრასთან დადგება თავს. გასაჭირის მოსმენის შემდეგ, მოსამართლე არანაკლებ ისტორიულ ფრაზას ამბობს: „ქალი გეკუთვნის, მაგრამ არც გეკუთვნის!!!“ – რაც დაახლოებით ნიშნავს, რომ კანონით კი მართალი ხარ, მაგრამ ბატონი იმას იზამს, რაც მოეპრიანებაო.

ამ ძველი ქართული ფილმის შინაარსი ძალიან ჰგავს საპატრიარქოს და პირადად ილია მეორეს ურთიერთობას რუსულ ეკლესიასთან და შესაბამისად, პატრიარქ კირილთან. მოტაცებული ქალის მდგომარეობაში აფხაზეთია. რუსეთს მოეწონა ‘’ქალი’’ თავისი მდებარეობით, ლამაზი ბუნებით და ზღვით, სტაცა ხელი და დაისაკუთრა. მოსამართლის როლში კი, რუსეთის ეკლესია გამოდის, რომელიც სინამდვილეში მოძალადე ბატონის ქვეშევრდომია, ის ქართულ მხარეს, ამ შემთხვევაში – ეკლესიას ფაქტიურაად ზემოხსენებული ფილმის სიტყვებს ეუბნება – ’’ გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნისო’’. ჩვენი ‘’გოგია’’ კი, ფილმის პერსონაჟისგან განსხვავებით, ამ ყალბი და დამამცირებელი პასუხით, ბედნიერია. წინადადების მოხლოდ პირველ ნაწილს – ‘’გეკუთვნისო’’ – იმახსოვრებს და ხშირად იმეორებს, თავის მრევლს კი ფაქტობრივად, ცინიკურად ატყუებს. თითქოს და, რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის ქართული ეკლესიის კანოიკურ ტერიტორიად და კუთვბილებად გამოცხადება, დიდი მიღწევა იყოს. სინამდვილეში კი, მნიშვნელოვანია ამ წინადადების გაგრძელება -‘’მაგრამ არ გეკუთვნის’’ -, რადგან ის ტერიტორია რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების ხელშია და იქ, რასაც უნდა იმას აკეთებს. ეს საქმით, სიტყვით კი , რუსული ეკლესია ხშირად გვეუბნება ამ ‘’გეკუთვნის’’, რაც ჩვენი დაცინვაა და მეტი არაფერი.

დღევანდელი, რუსული და ქართული ეკლესიების ურთიერთობა კიდევ ერთი ქართული რომანის შინაარსს ჰგავს. ეს, ‘’ჯაყოს ხიზნებია’’ ( რომელიც ქართული ნაციონალისტურად განწყობილი პუბლიკის საყვარელი ნაწარმოებია) მსგავსება აშკარაა – შენზე ძლიერმა წაგართვა ცოლი, ყველანაირად იყენებს მას და თან გეუბნება: იყოს შენთან ხელმოწერილი, იურიდიულად შენს ცოლად ითვლებოდეს, მაგრამ ჩემთან იცხოვროს, მემსახუროს და ჩემს ლოგინში იწვეს. შენ კი იმით დაკმაყოფილდი, რომ ფორმალურად შენს ცოლად ითვლებაო.

რატომღაც, რუსეთის ეკლესიის, ჩვენს მიმართ ეს უზნეო და დამამცირებელი დამოკიდულება ჩვენს საპატრიარქოს აწყობს და ხშირად შეგვახსენებს ხოლმე, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთს ჩვენი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად სცნობს. ამ დროს კი, რუსული ეკლესია იქ ყველაფრის ბატონ-პატრონია და ილია მეორეს არაფერს აკითხებს. ეს მდგომარეობა ეკლესიის გარდა, სხვადასხვა პარტიასა თუ უპარტიო პოლიტიკოს-პოლიტოლოგებსაც მოსწონთ. საინტერესოა, მათი ცოლებისთვის რომ ვინმე მუტრუკს ეტაცა ხელი, წაერთმია, მოსამსახურედ ექცია… – თუ ანუგეშებდათ ის, რომ მუტრუკმა მათ პასპორტში ქორწინების ბეჭედი მაინც შეუნარჩუნა და ეს პასპორტი მთლად თავზე არ გადაახია ცოლის თანდასწრებით.

უკვე დიდი ხანია საუბრობენ პატრიარქის აფხაზეთში ვიზიტზე, ამ საკითხზე, როგორც საპატრიარქო აცხადებს, რუსეთთან მოლაპარაკებაც მიდის. აქ რა შეიძლება ითქვას? ის, რომ პატრიარქი სულიერ ძალაუფლებას არ სჯერდება და პერიოდულად პოლიტიკაშიც ერევა, რასაც უმეტეს შემთხვევებში სახელმწიფოსთვის დამანგრეველი შედეგები მოაქვს. პატრიარქის აფხაზეთში ჩასვლა, რა თქმა უნდა, ისეთივე სიმბოლური რამ იქნება, როგორიც მისი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად მოხსენიებაა. რამდენიც გინდა, მოიხსენიე, როცა აფხაზეთს დღეს რუსეთი ფლობს სასაულიერო და პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, პატრიარქ კირილს, პუტინ- მედვედევსა და ილია მეორეს შორის არ იმართება. რუსეთს თხოვნა არ სჭირდება, პირიქით, თავად არის ამ ვიზიტის მომწადინე. პრობლემა რუსეთში კი არა, აფხაზებშია. იქაურ ელიტას და ხალხსაც, ბუნებრივია, ილია მეორეს იქ ხილვა არ სურთ და მოლაპარაკების დროში გაწელვა სწორედ რუსეთის მიერ აფხაზების ვერდაყოლიების ბრალია. ასევე, პატრიარქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემაც აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს. ამ ვიზიტის ორგანიზება საკმაოდ რთულია. რატომ უნდა პატრიარქს აფხაზეთში ჩასვლა? ამით აფხაზებზე ქართული ეკლესიის და პატრიარქის გავლენა გაიზრდება? ჩავა, დაათვალიერებს რამდენიმე ეკლესიას და უკან დაბრუნდება. რა შეიცვლება ამით? არც არაფერი. ‘’პატარძალი’’ როგორც ჰყავდა მოძალადეს მიტაცებული, ისევე ეყოლება. ეს ვიზიტი თავიდანვე პოლიტიკური და არა – სულიერი დივიდენტების მისაღებად იყო ჩაფიქრებული.

პატრიარქი ქადაგებისას დაკარგული მიწების დაბრუნებას წლების მანძილზე ჰპირდება ხალხს, მაგრამ დაბრუნებული ჯერ არაფერი ჩანს. თუ სოფელ პერევს არ ჩავთვვლით, რომელიც პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ნახევარი საათით ‘’დაგვიბრუნეს’’ და მერე ისევ უკან წაიღეს. ( ამ სოფლის ნამდვილი და არა ‘’მოოდელირებული’’ დაბრუნება რუსეთს მაინც მოუწია-პერევი ‘’სამხრეთ ოსეთში’’ არასოდეს შედიოდა და რუსეთის თვითნებური და კრიმინალური წესებითაც კი არ ეკუთვნოდათ) პატრიარქის აფხაზეთში ვიზიტი კი, ამ ‘’დაბრუნების’’ იმიტაცია და პიარ-ნაბიჯია და მეტი არაფერი. სინამდვილეში, ყველაზე მეტად ეს ვიზიტი რუსეთს აწყობს. ამ პოლიტიკური თამაშის ქვეტექსტი მარტივია: ქართველო ერო, იხილე საოცრება, პატრიარქი აფხაზეთში შევიდა.

თუ ჭკვიანად მოიქცევით და მას დაუჯერებთ, როგორც თვით ვლადიმრ ვლადიმირვიჩ პუტინი ამბობს – ‘’გამორიცხული არაფერი არ არის’’ . ეს გაურკვეველი ფრაზა კი, ანკესია, რომელზეც ქართველი ხალხი უნდა წამოეგოს, დაიჯეროს, რომ თუ დამყოლი გახდა, ‘’პატარძალს’’ დაუბრუნებენ და ქორწილიც სრული შემადგენლობით, პატარძალ- სიძიანად გაიმართება, მაგრამ ეს არა თუ ცხოვრებაში, კინოშიც კი არ ხდება. თუ ეს ხალხმა დავიჯერეთ, აფხაზეთს კი არ დავიბრუნებთ, რაც დაგვრჩა, იმასაც დავკარგავთ. პოლიტიკის ენაზე ეს კონფედერაციას ნიშნავს ანუ სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო – საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთო სახელმწიფოდ გაერთიანდება. პოლიტიკის ენაზე ამას კონფედერაცია ეწოდება. თავისთავად კონფედერაცია ბოტოტება არ არის შვეიცარიაც კონფედერაციაა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ეს რუსეთის სრულ და ერთპიოვნულ დაქვემდებარებაში სამ ნაწილად შესვლას ნიშნავს. ზოგი მისტირის იმ დროს, როცა რუსეთის ნაწილი ვიყავით, მაგრამ ეს ახალი ‘’გარუსება’’ იმ ძველზე სამჯერ უფრო უარესი იქნება – მაშინ საქართველო ერთ ნაწილად იმყოფებოდა იმპერიაში, ახლა სამ ნაწილად მიერთებას გვიპირებს.. ის, რომ რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან არ წაიღებს, აქსიომაა – ეს ორი ტერიტორია თავისი დღევანდელი მოსახლეობით, რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა, ჩვენ კი, ის არასოდეს გვენდობოდა და იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ქართველები დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოინდომებდნენ. ჩვენ გამო, რუსეთი ისეთ ერთგულ მოკავშირეებს, როგორებიც აფხაზები და ოსები არიან, არ და ვერ დაკარგავს ანუ აღიარებას უკან არ წაიღებს. ვინც რუსეთის დახმარებით ქვეყნის გამთლიანებას გვპირდება, ის გვატყუებს და სულ ერთია, ვინ იტყუება – ტყუილი ყოველთვის ‘’ავნებს ხორცსა, მერმე სულსა’’ .