ბლოგი სამცხე-ჯავახეთიდან

აბასთუმანზედ

23.08.2011 | 1078 |
აბასთუმანზედ

 

აბასთუმანში მივდივარ. მინდა ყველაფერი უცხოს  თვალით დავინახო. გვერდზე  გადავდო ჩემი სიყვარული აქაურობისადმი, არ გავიხსენო ბავშვობა და ცივი თვალით დაგათვალიერებინო აბასთუმანი. არ გამომივა ვიცი, მაგრამ…
შენც თუ გინდა  ამედევნე.

აგვისტოა, ცხელა!

ახალციხეში  ბოლადენილი ქალაქი დავტოვეთ -39 გრადუსი სიცხით.

ფარეხა – ბენარა -ვარხანი -სოფელ აბასთუმანი და აბასთუმანშიც შევდივართ.

ჯერ სასაფლაოებია. გზიდან არ ჩანს მაგრამ ხომ გინდა რომ ყველაფერი დაგანახო?

მკვეთრი მოსახვევი  და გორაზე დიდი წარწერა – ა ბ ა ს თ უ მ ა ნ ი.

ბავშვობაში  აქ  ელექტრონული ფირფიტებით გაკეთებული ლენინის ფოტო იყო, რაც უფრო  უახლოვდებოდი მოსახვევს ფირფიტები ნელ -ნელა მოძრაობდა და ფოტო  იცვლებოდა, ჯერ ნორჩი ლენინი – ქერა თმახუჭუჭა, ყმაწვილობის ასაკში გადადიოდა და ბოლოს ისეთი ხდებოდა როგორიც გვახსოვს წიგნებზე – ქუდიანი და მომღიმარი.

ბაბუა, როცა წლების შემდეგ ჩემს სამი წლის დას უხსნიდა აქ ლენინის ფოტო იყოო და ჩემმა დამ იკითხა – ბაბუ ლენინი კაცი იყო თუ ქალიო, ბაბუას გაფითრებული სახე ახლაც არ ამომდის თვალებიდან.

ანუ ამ მოსახვევსაც  და როგორც ბაბუაჩემი იტყოდა, ერთ დროს კარგ რესტორან „მზიურსაც“  გავცდით. ვიწრო გზა –  მარჯვენა მხარეს  სამხედრო ნაწილი, ახლა გაუქმებული, ნახევრად დანგრეული შენობებითა და  ხის მორღვეული ღობეებით.   მარცხენა მხარეს კი ავეჯის  ქარხანა, ახლა გადამწვარი ( რამდენიმე წლის წინ ცეცხლი გაჩნდა)  გაშავებული და უსახო.

რუსთაველის ქუჩა დაიწყო. პურის საცხობი დაკეტილია, ეს მე ვიცი რომ აქ ფურნე იყო, თორემ შენ რომელიც მომყვები ამას ვერც კი შეამჩნევდი.
იმ პურის სუნი მოვიდა თითქოს, ცხელი და კვრიხინა პურის. სკოლიდან წამოსული დამშეული ბავშვები რომ წამებში ვჭამდით.
ოთხსართულიანი უსახო კორპუსი და  ნაგვიანი მდინარე ოცხე.  ეს კორპუსი მხოლოდ იმიტომ დაგანახე, რომ აქ ჩემი  ნათია და თემო ცხოვრობენ, თავიანთი სანდრიკათი.

კორპუსის გაყოლებაზე, მდინარის იქითა მხარეს საკუთარი სახლებია. ეს წინ მოშენებული საშეშეებია, ხო ულამაზოა, მაგრამ რა ქნას ხალხმა? აქ ისეთი ყინვა იცის ზამთარში და აბა როგორ გათბნენ? აქედანვე იმარაგებენ შეშას და აქ აწყობენ.  

ქვედა აბასთუმანი იმდენად მოუვლელი და მოუწესრიგებელია მინდა უცებ ავირბინო. სამშობიარო სახლამდე მივიდე. აქ მე დავიბადე ამა და ამ წლის შვიდ მაისს.

სამშობიარო  სახლი ძველია, კარგა გემრიელი სარემონტო.
სამშობიარო  სახლის  ეზოში კიდევ სასტუმროა, ალბათ ყველაზე ნორმალური  კურორტში არსებულ სასტუმროებს შორის.

სამშობიარო  სახლის ზემოთ აუზია, სადაც  ნებისმიერ შეუძლია ჩასვლა წყლის გადავლების, „შლოპანცების“ გარეშე. გადაიხადე და გადახტი!

თითქმის ყველა  სახლს აწერია  – ქირავდება.

კერძო ბინებში  ერთი ღამის გათევა საშუალოდ 20 ლარიდან იწყება, თუმცა  არის 10 ლარიანი ბინებიც.  
ადგილობრივები ამბობენ, რომ  დამსვენებლების უმრავლესობამ სახლი იყიდა და ბინის დაქირავება აღარ უწევს.(  სულ რაღაც ორი წლის წინ აქ საკუთარ სახლს 3000 დოლარად იყიდდი) ხოლო ვისაც კარგი პირობები უნდა, ისინი სასტუმროს ამჯობინებენ: „ყველას კარგი პირობები უნდა, ადგილობრივებს კი იმის საშუალება არ გვაქვს, სახლები ისე გავაკეთოთ, რომ დამსვენებლების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. როცა დასასვენებლად ჩამოდიხარ, საჭმლის გაკეთებაც არ გინდა, ამიტომ, სასტუმროებში უფრო მეტი დამსვენებელია”.  
სასტუმრო „აბასთუმანი“ 1999 წლიდან ფუნქციონირებს. აქ ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე წელია სასტუმროზე მოთხოვნილება შემცირდა: „ადრე სასტუმროს დამსვენებლები არ აკლდა, ახლა შენობას ვყარაულობთ”.
სასტუმრო „აბასთუმანში”  ერთი ღამის გათევა 6 ლარი ღირს. კურორტში ეს ყველაზე  იაფიანი სასტუმროა, თუმცა…
დამსვენებლების სიმრავლე არც სასტუმრო “კაპაშია”. სასტუმროში რვა ნომერია, ჩემი ვიზიტის დროს, თავისუფალი მხოლოდ ოთხი ნომერი იყო. ერთი ღამის გათენება აქ 60 ლარი ჯდება, ამ თანხაში შედის სამჯერადი კვებაც.
სულ მიკვირდა რატომ არ დადიან დამსვენებლები  და ტურისტები აბასთუმანში  ბლომად.

კედლებჩამონგრეული სახლები, საღებავწაშლილი აივნები, გაპარტახებული გარემო არავის ხიბლავს. დიდი დიდი ტუბერკულიოზით დაავადებულები გაჩერდნენ ერთი თვე და მეორე წელსაც მოიხედონ ისევ და ისევ ავადმყოფობის გამო აქეთ.
გადასარევი  ბუნების მიუხედავად არ ხიბლავთ   ბატონო  ნაგვით ამოვსებული მდინარე. არ მოსწონთ რომ კურორტში ერთი მაღაზიაა არაა, „კიოსკები“ მგონი მხოლოდ აქაურობას შემორჩა. არ მოსწონთ, რომ ნორმალურ დასაჯდომ ადგილს და კაფეს ვერ ნახავ.  
აქ რომანოვების  ბილიარდის მაგიდა გაყიდეს.  

მეთვრამეტე  საუკუნის შენობებს  პლასტიკატის  ფანჯრები გაუკეთეს.
ტყეს აუყვები  და  ერთი კილომეტრი უნდა იარო სიღრმეში ფეხით, რომ გადაჭრილს ხეებს აცდე და მართლა ტყეში იგრძნო თავი.  

„როშა“ გააკეთეს. შადრევანი დადგეს და  კიდე  რამდენიმე „სკამეიკა“.  კაფე   თუ სახაჩაპურე ვერ გავიგე ზუსტად რომელია, აქაც დაკეტილია. მოგიწევს ცხენივით   ფეხზე მდგომმა შეჭამო რამე.

ობსერვატორიის გზას მივუყები. პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია ყოფილ საბჭოთა კავშირში.

ლამაზია აქაურობა, დაბლა კურორტი  ჩანს, ზემოდან  სულ მწვანე.

აქ გზაზე ღია  კაფეების გაკეთება შეიძლება.

მეტი მოსიყვარულე  პატრონი აქაურობას დაა . . .

არადა აქაურობას  რომ მიხედონ . . .

რამდენი არადაააა, არადა ახლა არაფერიც არ კეთდება  აქ.