მიშა მეფარიშვილის ბლოგი

მანგლისის მთების ”სიტკბო”

05.09.2011 | 1338 |
მანგლისის მთების ”სიტკბო”

ჩემთვის, ფანჯრიდან ცქერის მოყვარულისთვის, ყველაზე სასიამოვნო მაინც ”მანგლისის მთების” ყურებაა, რადგან ეს მთები იმ ოთახიდან მოჩანს, რომელსაც ბებიას ოთახს ვეძახდი. ახალშობილობის პირველი წლები მეც ამ ოთახში გამიტარებია ბებიის საყვარელ შვილიშვილს, გარდაცვლილი ქმრის სახელს რომ ატარებდა.

ბებიასთვის  ოთახში სამი ფანჯარა იყო. წყვილი ფანჯარა წინა კედელზე ქუჩას გადაჰყურებდა. ამ ფანჯრებიდან მზის სხივები უხვად შემოდიოდნენ. მესამე “სარკმელი” ყრუ კედელზე ჩამოკიდული ბაბუას სურათი იყო. იმის ნიშნად, რომ ბებია ქმრის ხსოვნას არასოდეს დაივიწყებდა.

ჩემს დაბადებამდე გადაცვლილი ბაბუა თავიდან მაშინებდა. ყველა ოთახის კედელზე დაკიდებული სურათებიდან ლოგოსივით მაღლიდან გადმომყურებდა. ამიტომაც, ბებიას ოთახში ყოფნისას იმ სარკმელში ყურება მიზიდავდა, საიდანაც “წინასწარმეტყველი მთები” მოჩანდნენ.

ახლა უკვე ნახევარი საუკუნეა (სახლის აშენებიდან) მეზობლის აივანსა და ხეების კენწეროებს მიღმა ლურჯად დაფერილ მთებს გაჰყურებს ბებიას ფანჯარა, რომელიც შეიცვალა ბავშვობის შემდეგ. დღემდე არ ვიცი მართლაც მანგლისის მთებია თუ არა ”მანგლისის მთები,” ეს მთა მთაწმინდის გაგრძელებას უფრო ჰგავს, კარგად რომ ვაკვირდები. მაგრამ არც მსურს ჩავეძიო და ცოდნით გავფანტო ბავშვობის იდილიები – რაციონალურ ჭვრეტაზე უფრო სასურველი.

მანგლისის სახელი ამ მთებს ბებიაჩემმა შეარქვა. შებინდებისას, როცა წყალშიგაზავებულ ფირუზისფერ ზეცას მკრთალვარდისფერი შეერეოდა და გალურჯებულ მთებს თავზე დაადგებოდა, ბებია ქარიანი დღის გათენებას იუწყებოდა. მეორე დილისთვის ქარიანი ამინდის დასახვედრად თადარიგს ვიჭერდი მეც.

როცა ”მანგლისის მთებიდან” მზის სხივები ამოანათებდნენ, დარიანი ამინდის მოლოდინში ვიყავი. მანგლისის ღრუბლებს უხასიათობა მოჰქონდათ უჟმური ამინდის თანმხლებად და როცა ვარსკვლავებს ვითვლიდი ისევ ნაცნობი მთების კონტურები დასაზღვრავდა ცის თაღს.

ბავშვობაში, ხშირად მეც მივშტერებივარ ”მანგლისის მთებს,” რომ როგორმე მომავალი დღის ამინდი ამომეცნო. ამინდისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მსჭვალავდა და მსჭვალავს. მიხაროდა, როცა ცა წითლად მოინიშნებოდა ჰორიზონტზე, სიხარულით ვამცნობდი ჩემიანებს გაავდრებას…

…და არ ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანს წვიმამ, ან ქარმა, ან თოვლმა…  როცა უმწეო ხარ და ბუნებაზე ისევე დამოკიდებული, როგორც პრეისტორიული ხანის ადამიანი.

არასოდეს მიფიქრია, რამდენად შეიძლება შეეშალოს ხელი მანგლისიდან მომავალ ქალს, რომელსაც ქალაქში თაფლი მოაქვს გასაყიდად…

ჰო, ასეც ხდება…
მიჩვეული იყვნენ თბილისლები, რომ ქალაქში მემაწვნეებს მახლობელი სოფლებიდან სოფლის მაწონი ჩამოჰქონდათ. შეჩვეული იყვნენ, რომ ტანდაბალ და უმეტესად მსუქან ქალებს ორრიგად ჩალაგებული ნახევარკილოიანი მაწვნის ქილებით სავსე ჩანთები ორივე ხელში ისევე ამშვენებდათ როგორც, სახედარს ორივე მხრიდან აკიდებული ტვირთი. მათი ყვირილი თბილისის ქუჩებში ”მაწონი, მაწონი…” ისე ეხეთქებოდა ყველაფერს, რასაც შეიძლება ბგერა მიეხეთქოს, როგორც ტვირთის სიმძიმით გატანჯული ვირის ყროყინი.

არ მინდა გული ვატკინო მემაწვნეებს, მათ იქნებ სიამოვნებდათ კიდეც ასეთი სამუშაო. სამუშაო, რომელიც ლუკმა პურს აძლევდა მათს ოჯახებს.

მაგრამ ჩემი მანგლისელი ქალი გამორჩეული იყო, არამხოლოდ იმით, რომ მაწვნის მაგივრად თაფლი ჩამოჰქონდა თბილისში. მას რვაასგრამიანი თაფლის ქილებით გავსებული მხოლოდ ერთი ჩანთა დაჰქონდა, და არ ყვიროდა.

მანგლისელი მოხუცი პირველად მაშინ მოვიდა, როცა ჩვენ ახალი დაბრუნებული ვიყავით ბაბუას საფლავიდან. ბებია ”იქაურობისთვის დასახედად” ხშირად გადიოდა დადგენილ მარშრუტს სანზონიდან კუკიის სასაფლაომდე,

მარგო… გავიხსენე მანგლისელი მეთაფლის სახელი. იგი კაკუნით მოვიდა ჩვენს სახლში. თურმე ახალდაწყებული ჰქნდა თბილისში ჩამოსვლა და იმიტომაც გაბედა კარდაკარ სიარული, რომ მყიდველები ეშოვნა.

გარეთ ცრიდა. მარგოც დასველებულიყო. ბებიას ოთახში ხის სკამზე მჯდარი თავშალს წვიმის წვეთებისგან ფერთხავდა და წუხდა, რომ გზაში გაუწვიმდა. ეს რომ სცოდნოდა, მომდევნო დღისთვის გადადებდა ”ქალაქში ჩამოსვლას”. ბებიას უყვარდა საუბარი. შემჩნეული მქონდა, ახალგაცნობილს სადაურობასა და გვარს ჰკითხავდა პირველად. თავადაც სოფელში იყო გაზრდილი და როგორც შევატყე თბილისში ცხოვრებას მაინც უცხოობდა.

ბებიასა და მარგოს მეგობრობა აეწყო. სკამის შეთავაზებას საუბარი მოჰყვა. ბებიამ თაფლი იყიდა და კმაყოფილი დარჩა. გაუხარდა, რომ მის შვილიშვილებს ”ნატურალური თაფლი” ექნებოდათ. მარგო ჩქარობდა, მანგლისის ავტობუსისთვის უნდა მიესწრო. ალბათ ფანჯრიდანაც გახედა ”მანგლისის მთებს,” რომელიც შესაძლოა, არც იცოდა, რომ მანგლისის იყო. იმ დღეს წავიდა,

თაფლს გაამზადებდა თუ არა, მარგო ქალაქში ჩამოდიოდა. ჩვენთანაც მოდიოდა. ცოტა ხნით ჩერდებოდა. ბებიას, ვისაც ნელ-ნელა ასაკი ემატებოდა და სახლში ყოფნას ეჩვეოდა, ესაუბრებოდა და მერე ისევ მიდიოდა.

მანგლისიდან მარგოს მხოლოდ თაფლი არ ჩამოჰქონდა. ჩამოჰქონდა თავისი ამბები. ბებიასა და მარგოს საუბრებისთვის ხშირად ყური დამიგდია. ქალების კამპანიასთან მიჩვეულს მხიბლავდა მათი ამბების მოსმენა. თუმცა, არასოდეს მიმიქცევია სათანადო ყურადღება მისი ისტორიებისთვის ბავშვს, ვისაც მარგოს ამბებზე მეტად, მისი  ფუტკრების თაფლი უყვარდა. 

ძალიან გვიხაროდა მანგლისიდან თაფლის ჩამოსვლა. თაფლს ბევრს არ გვაჭმევდნენ, არ ვარგა ბევრი სიტკბო, წყენა იცისო, ამბობდა ბებია. ცდილობდა მაისის თაფლი შეენახა, რათა დაშაქრება ეცლია, სჯეროდა რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ ვინ აცლიდა თაფლს თაროზე უქმად დებას?

ასეთ მოგონებებთან ერთად ყველაზე მძაფრად თაფლის სურნელი მახსენდება. მანგლისის თაფლს გამორჩეული სურნელი სულაც არ ჰქონია, მაგრამ ყველა თაფლს მისი სურნელი აქვს, ყველა თაფლი მისი სურნელით იცნობა ჩემთვის.

ერთხელ მარგომ თქვა, რომ შვილი ჰყავდა წელს ქვემოთ მოწყვეტილი. მარგო წუხდა, მისი შვილის ბედზე. არ მახსოვს კიდევ ჰყავდა თუ არა სხვა შვილი, ერთი ქალის გარდა. ალბათ ერთი ბიჭი მაინც ეყოლებოდა. მისი შვილი მასწავლებელი ყოფილა. ასე, ათი-თერთმეტი წლის წინ წინ ორმოცი წლის იყო. და მაინც ცდილობდა მოსწავლეები კლასგარეშედ მოემზადებინა და ოჯახის შემოსავალზე ეზრუნა.

მარგო საშუალო სიმაღლის, ოდნავ შავგვრემანი, თმებგათეთრებული ქალი იყო. გამხდარი, წელში სულ ოდნავ მოხრილი, სამოც წელს გადაშორებული იქნებოდა. მახსოვს, ერთი ფერის კაბა ეცვა ყოველთვის. ის იყო მისი გამოსავლელი, გინდაც საგარეო კაბა, რომელსაც ქალაქში იცვამდა.

თბილისში ჩამოსულ მარგოს თურმე კაბა უყიდია, თუ კარგად მახოსვს ოც ლარად. გაბრაზებულ ქმარს კაბა დაუხევია. აღარ მახსოვს, რამ გააბრაზა მარგოს ქმარი: ცოლმა რომ თავისთვის კაბა იყიდა, თუ ფული რომ დახარჯა ეგოისტური სურვილის შესასრულებლად.

დაჩაგრული მარგო ბებიას თავის ისტორიას გულდაწყვეტილი უყვებოდა. არ მახსოვს ბებიამ რა უპასუხა, ის კი მახოვს, რომ თავის ქმარს ”კაცს” ეძახდა- ”ჩემმა კაცმა დამიხია. ცული გამოიტანა და ცულით დამიჩეხაო.”

თურმე, მის ”კაცსაც” არ შეეძლო ბევრი მუშაობა. მის კაცსაც აწუხებდა ასაკი. ოჯახში ყველაზე აქტიური მარგო აღმოჩნდა. ამიტომაც, ვპატიობ ახლა ნაყალბევი თაფლით (როგორც დედაჩემი ამტკიცებდა) ვაჭრობას.

სამწუხაროდ მეტი არაფერი მახსენდება მარგოზე. თუმცა, ესეც საკმარისია მისი ხვედრის გასაგებად და განსაცდელად. ეს მივიწყებული მოგონებები ნელ-ნელა მახსენდებოდა… მგონი ამოიწურა, სულ ეს იყო.

ვერ ვიტყვი, მანგლისის თაფლმა დაკარგა სიტკბო თუ თანდათან უფრო მეტად მიყვარდება თაფლის სიტკბოება… ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ თაფლზე მეტად მარგო მძიმე ისტორიით დამამახსოვრდა. მანგლისის მთებს სიტკბოზე მეტად გულისწყვეტა მოაქვს. ჩვენი კულტურის ასოციაციური დამთხვევები, ნელ-ნელა მახსენებს ადრე დავიწყებულ ამბებს მოხუც მარგოზე, როგორც ძალადობას, რომელიც დარწმუნებული ხარ რომ კვლავ განმეორდება.

რამდენიმე წლის შემდეგ, მიწურული ზაფხულის წვიმამ სახლის კრამიტის სახურავი დააზიანა. სახურავზე ავედი შესაკეთებლად. სიმაღლიდან უკეთესად მოჩანდა ”მანგლისის მთები.” მათ დანახვას არც მეზობლის ხეხილი და არც მისი აივანი უშლიდა ხელს. ბავშვობის შემდეგ, პირველად მაშინ გამახსენდა ბებია, თაფლი და მარგო ერთდროულად. ვეძებდი მარგოს სახლს შორეული მთების წიაღში. იმ ქალის სახლს, რომელიც ასე უცხო იყო და ასე ახლობელი აღმოჩნდა მისი ტიპური ისტორიით. სახურავზე მდგარმა, ისიც წარმოვიდგინე მარგო როგორ საქმიანობდა თავის სკებთან…

მაგრამ, ბებია უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მარგოც კიდევ უფრო დიდი ხნის წინ დაიკარგა და თაფლით დატვირთული არასოდეს ჩამოსულა ჩვენთან. არ ვიცოდი რა სჭირდა. იქნებ ისიც გარდაცვლილიყო. მაინც ვერ გავიმეტე სიკვდილისთვის…

საბოლოოდ მივხვდი, როგორ შეიძლება ბევრმა სიტკბომ გაწყინოს, სიმწარე მოიტანოს. არა მარტო თაფლის, არამედ ”გათაფლული” იდილიის, ოჯახის, ბედნიერებისა და მორჩილების სიტკბოებამ, დაგამსგავსოს ფუტკარს, რომელიც ათასფერი ყვავილების თავზე დაფრინავს და ნექტრის ამოსაღებად ნესტარი აღარ გააჩნია… რომ ერთფეროვნების ჯებირებმა პასუხისმგებლობა ოჯახის, ქმრისა და შვილების წინაშე გაუცნობიერებელ ტვირთად გიქციოს.

და, არ ვიცი, რა ჯობია…

იქნებ გარდაცვალება უკეთესია?! განსვენება მართალთა გვერდით, თუნდაც უქნარა უცოდველების საზოგადოებაში მთქნარებისგან მოკვდე.

თანაც რა ტკბილია სიცოცხლეც!!! მერე რა, რომ სახედრის ხვედრს იზიარებ…

მარგოს ხომ მართლაც ჰყავდა ოჯახი სარჩენად და ქმარი – ახალნაყიდი კაბის დასახევად.