მიშა მეფარიშვილის ბლოგი

ქუჩის აქციების დრო დამთავრდა!!!

19.09.2011 | 1149 |
ქუჩის აქციების დრო დამთავრდა!!!
–  უკაცრავად, ქუჩის აქციების დრო მართლა დამთავრდა?
– დიახ!
– ეგ როგორ?
– როგორ და სახელმწიფო შედგა! წინ მიდის! ცხოვრება უკეთესი ხდება! ამ ფონზე კი ის ზარმაცი ადამიანები, რომლებმაც მატარებელს ვერ მიუსწრეს, ახლა ცხოვრებაზე არიან გაბრაზებულები! ან საერთოდაც, ღმერთმა იცის, რომელი ოპოზიციონერი აფინანსებს!
– რატომ გგონიათ, რომ პროტესტანტს ოპოზიციონერი შეიძლება აფინანსებდეს?
– კარგი, რა?! ამ ქვეყანაში ყველაფერი ასეა: ან ოპოზიცია ხარ, ან – პოზიცია. სულელის როლს ნუ თამაშობ!
– და თქვენ რომელი ხართ, ოპოზიცია თუ პოზიცია?
– მე? – არც ერთი. უპოზიციო ვარ. არც ხელისუფლებას ვუჭერ მხარს და არც არავის. პოლიტიკაში არ ვერევი, ბინძური საქმეა… ხელისუფლების მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ უნდა ვაცადოთ. ხომ ხედავთ გარშემო ყველაფერი იცვლება.
– და ვინ წყვეტს, როდის უნდა დამთავრდეს აქციების დრო? რატომ არ უნდა მქონდეს პროტესტის უფლება?
– აპროტესტე რამდენიც გინდა, ვინ გიშლის, მაგრამ ქუჩაში ნუ გამოხვალ. ეს ქვეყანას განვითარებაში ხელს უშლის. საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯი ელახება, შიდა პროცესებს არამდგრადს ხდის, თანაც, ვერ ხედავ, მტერია თბილისიდან 40 კილომეტრის მოშორებით?!
– უი… მტერი… იმიჯი…. თანამეგობრობა… სულ დამავიწყდა, გმადლობ, რომ დროულად შემახსენეთ. მაგრამ… თუ მტერზე მეტად სხვა რაიმე მიშლის ხელს, მაინც არ უნდა გავაპროტესტო?
– სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი არაფერია!
– არც ადამიანი?
– ადამიანს გააჩნია. თუ აპროტესტებს, არა! – ის საშიშია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.
– რა დამაჯერებლად საუბრობ.
– რა თქმა უნდა! აბა, ისაა კარგი, მიტინგებზე რომ გამოდიან და უშედეგოდ ითხოვენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას?! ტყუილად კი არ აღნიშნა პრეზიდენტმა, რომ 26 მაისის დაშლას რა ვნანობო. სამწუხაროდ, იმ დაშლას ადამიანები ემსხვერპლა, მაგრამ მათ უნდა ეფიქრათ საკუთარ თავზე და არა – სახელმწიფოს. როცა ამდენ ადამიანს შლი, ხომ შეიძლება შემოგაკვდეს ვინმე?! რა თქმა უნდა, შეიძლება. ამაზეც სახელმწიფომ ხომ არ უნდა იზრუნოს?
– უკაცრავად, თქვენ ვერ გამიგეთ. მე პოლიტიკური მოთხოვნებზე არ ვსაუბრობ. სოციალურ მოთხოვნებს ვგულისხმობ. ასეთი მოთხოვნების შესრულება მაინც არ უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხეს.
– კი, მაგრამ რა არის ასეთი, რომ ვერ აიტანოთ სამშობლოს ხათრი?
– სამუშაო პირობები არ გვაკმაყოფილებს.
– და რომელი პარტია გიჭერთ მხარს?
– არც ერთი. მხოლოდ მსურს, რომ  მქონდეს შედარებით მაღალი ხელფასი, სანიტარული პირობები დაიცვან სამსახურში, მუშაობდეს ექიმის ოთახი მაშინ, როცა დაშავებების რიცხვი იზრდება, ჯანმრთელობის დასაცავად საჭირო პირობები შემიქმნან.
– სთხოვე შენს დამსაქმებელს. რა გგონია, პრეზიდენტმა ყველაფერი იცის, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება?
– ვთხოვეთ. მოთხოვნა არ შეგვისრულა. შემდეგ გავიფიცეთ. ბოლოს შიმშილობამდე მიგვიყვანეს. კარვები გავშალეთ, რამაც პოლიცია გააღიზიანა და კარვები წაგვართვეს.
– ოოოო… პოლიცია უკანონოს ნამდვილად არაფერს იზამდა. ხომ არ დაგავიწყდა, რომ პოლიციას ეკლესიის შემდეგ ყველაზე მეტი ნდობა ჰქონდა 2006 წელს? თანაც, ისევ ქუჩის აქციები…  ისევ ”კარვების ქალაქი”…
– იცით, მეეჭვება, რომ მხოლოდ კარვების გაშლა აღიზიანებდეთ. პოლიციის აკრძალვის შემდეგ კარვები აღარ გაგვიშლია. მანქანაში გავაგრძელეთ შიმშილობა, მაგრამ არც ეს მოეწონათ.
– გეუბნებით, დაივიწყეთ ქუჩის აქციები და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოსწორდება თავისით. დამიჯერეთ.
– უკაცრავად, ”ქუჩის აქციები” რას ნიშნავს? განა, სხვა აქციები კიდევ არსებობს? ანუ ისეთი აქციები, რომლებიც ქუჩის არაა?
– რა თქმა უნდა, არსებობს. ქუჩა უნდა დაივიწყოთ, ქუჩის ბიჭები ხომ არ ხართ? მაგალითად, სპეციალური აქციები, როცა ერთ მაისურს ან ყავას ყიდულობ და მეორე მაისური ან შოკოლადი მოჰყვება, ფასდაკლების აქციები მაღაზიებში და სხვაგან. ყიდულობ ერთ კინოს ბილეთს და მეორე მოჰყვება. სხვათაშორის, ახლა მივდივარ ერთ-ერთ აქციაზე და უნდა ვიჩქარო. თქვენც იარეთ!
– დამარწმუნეთ. აღარ ვივლი. შეიძლება მაგ აქციაზე მეც წამოვიდე?
– მოსაწვევი გაქვთ?
– არა.
– მოსაწვევის გარეშე არავინ შეგიშვებთ. თქვენ აქ დარჩით და იმაზე იფიქრეთ, რომ ქუჩის აქციების დრო დამთავრდა. პირობა მომეცით, იმედია, ხელწერილი საჭირო არ გახდება!!! გაუძელით, გაუძელით გაჭირვებას!

სამშობლოზე შეყვარებული აგიტატორი მიდის. მარტო დარჩენილი უფლებადარღვეული თავისთვის ამბობს:

– რა კარგი ადამიანი იყო. განა, რამდენს შეხვდები ჩვენს დროში ასეთ გულისხმიერს?!