სოსო დოლიძის ბლოგი

დაავადება სექსიზმი

05.12.2011 | 1170 |
დაავადება სექსიზმი
არ მიყვარს ადამიანებისათვის იარლიყების მიწებება, მემარცხენეობა, მემარჯვენეობა, ათეისტობა, ფემინისტობა და ა.შ. მეც სულ გავურბივარ რომელიმე მიმდინარეობისა თუ ნააზრევისადმი მიკუთვნებულობას, რადგან გარკვეულწილად საზოგადოების მხრიდან იზღუდები, თითოეულ შენს აზრს რაღაც მიმდინარეობას თუ ორიენტაციას უკავშირებენ.      

მიუხედავად ამისა, ვგრძნობ, რომ ამ ბოლო დროს ფემინისტური იდეებს სულ უფრო და უფრო ვიზიარებ. თუმცა არსებობენ ისეთი “გენიოსებიც” რომლებიც თვლიან, რომ მამაკაცი არ შეიძლება ფემინისტი იყოს. თეორიებზე საუბარი შორს წაგვიყვანს…

ჩემი სამსახური არ არის დაკავშირებული გენდერული საკითხების კვლევასთან და არაანაირი შეხება არ აქვს მასთან, უბრალოდ “მონდომებული” ადამიანი “გამოჩიჩქნის” თავისთვის საინტერესო მაგალითებს განსჯისთვის.

მე მევალება ისეთი ადამიანების მოძიება და შეფასება, რომლებიც არიან დაინტერესებულნი გახდნენ მინდობითი აღმზრდელები, ანუ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ დროებით მზრუნველობაში აიყვანონ მზრუნველობამოკლებული ბავშვი.  ვაფასებ ადამიანის ოჯახს, არამარტო ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ, არამედ საიმედოობის, დამოკიდებულებების მხრივ. რისთვისაც მაქვს სპეციალურ შესავსები ფორმა.

დაინტერესებული მიმღები მშობლების უმეტესობა ქალია 30 დან 55 წლამდე. თვითონ პიროვნების და მისი ოჯახის შეფასებისას მინახავს ქალთა უფლებების, მათ მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულების უამრავი შემთხვევა. თუმცა დამეთანხმებით, რომ სულაც არ არის აუცილებელი ადამიანი სპეციალურად სადმე მუშაობდეს ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტების “მისაგნებად”, მარტივად გავიხედ – გამოვიხედოთ და ყველაფერი ისედაც ხელის გულზე დევს.

მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, რა თქმა უნდა რეალური სახელების  და ადგილების შეცვლით.

ერთი შემთხვევა ვნახე, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრობდნენ ერთ ბინაში ხოლო ოფიციალურად გაშორებულები იყვნენ. მამაკაცს სხვა პარტნიორი ყოლია სხვა ქვეყანაში და სურს რომ წავიდეს მასთან. როგორც ქალბატონმა მითხრა, მისი ყოფილი ქმარი ყოველ საღამოს “სკაიპით” ესაუბრება მის ახალ პარტნიორს, უნდა გააკეთოს ვიზა. აწ უკვე გაშორებულ ცოლ-ქმარს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ქალი მთელი დღის განმავლობაში სახლშია და ბავშვებს ზრდის, ხოლო კაცი მუშაობს და ოჯახს არჩენს, ანუ ოჯახში ერთადერთი “შემომტანია”. ქალის თქმით ის მთელი დღე სახლში იმყოფება, და იმედოვნებს, რომ მისი გაშორებული მეუღლე სხვა ქვეყნის ვიზას ვერ გააკეთებს და ისევ მას შეურიგდება.

ამის მსგავს სხვა შემთხვევასაც შევესწარი, სადაც მამაკაცს “ოფიციალურად” ჰყავდა სხვა სექსუალური პარტნიორი, უფრო მეტიც ის ქალბატონი ხანდახან დადიოდა ხოლმე ამ კაცის სახლში. ამაზე ძალიან სწუხდა ამ კაცის ცოლი, თუმცა, როგორც თვითონ ამბობდა ჯერჯერობით არ ფიქრობდა ქმარს გაყროდა, რადგან მცირეწლოვანი შვილი ყავდა და არ გააჩნდა თავისი ფინანსური შემოსავალი.

მიმღებ მშობელთა შეფასების ფორმაში არის ერთი გრაფა “ინტერესები და თავისუფალი დრო” , ადამიანებს ვეკითხები თუ რა აინტერესებთ და რას აკეთებენ თავისუფალ დროს, რა არის მათი ჰობი. ქალების უდიდესი უმრავლესობა თავის ჰობიდ სამზარეულოში ტრიალს და გემრიელი ნამცხვრების კეთებას ასახელებს. იგივე პასუხია თავისუფალი დროის გამოყენებაზე, რომ თავისუფალ დროსაც ძირითადად “საოჯახო საქმეებს” აკეთებენ.  ადამიანთა უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია, რომ ჰქონდეთ ჰობი, დაკავდნენ ისეთი საქმით რაც რეალურად სიამოვნებთ. არიან ისეთი ქალები, რომელთათვისაც ჰობი “ქმრის მოვლაა”

რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩემი მცირე სამსახურეობრივი დაკვირვებები იძლევა იმის საშუალებას, რომ საკითხი მთელ საქართველოზეც განზოგადდეს, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ასეთი, რბილად, რომ ვთქვათ “უცნაური” შემთხვევების აღმოჩენა “შეუიარაღებელი” თვალითაც მარტივად შესაძლებელია.  

რთულია კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება ქალთა მიმართ არაადეკვატური ქცევივისათვის საზოგადოებაში.  ძირითადი ბრალეულობა ალბათ მამაკაცებზე მოდის, თუმცა გარკვეულწილად ქალებიც უწყობენ ხელს ძალადობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ჩემი “ფეისბუქის” მეგობარი თინეიჯერი გოგონები, ე. წ. “არშემდგარი ნაშები” (ან “შემდგარი”) სტატუსად წერენ, რომ “ქალი მანქანას გავს, რომ მამაკაცს რაც უფრო მაგარი მანქანა ეყოლება უფრო კმაყოფილი იქნება”, ან “მამაკაცი ქალის საყრდენი უნდა იყოს, რომ ქალს ყოველთვის სჭირდება გვერდით სიძლიერე”. საზოგადოებაში ძალიან ბევრი სტერეოტიპია და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, უბრალოდ ახალგაზრდა თინეიჯერი ადამიანების ნაწილი ასე “წარმატებით” რომ აგრძელებს ასეთ“ტრადიციებს” სწორედ ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი.

ქალთა მიმართ ძალადობისა და არაადეკვატური დამოკიდებულების მიზეზების ძიება რთული საქმეა, ამაზე ბევრი დაწერილა და უფრო ბევრიც დაიწერება საბოლოოდ მაინც განათლების პრობლემას ვაწყდებით, ამას ემატება ქართული ტრადიციების ის ნაწილი, რომელიც ქალს სათნოების, თავმდაბლობის, სინაზისა და მორჩილებისაკენ მოუწოდებენ. ამჟამად ქართულ მართლმმადიდებლურ ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, სამწუხაროდ მრავლადაა ისეთი სასულიერო მოღვაწეები,, რომლებსაც რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატური წარმოდგენები აქვთ ამა თუ იმ საკითხზე. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ერთ-ერთი მღვდელის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ ქალი პირველ რიგში დედაა, აბა დანარჩენი სიბინძურე რაში მაინტერესებსო.

ფიზიკურ ძალადობას, იქნება ეს კაცის ქალზე ძალადობა, ქალის კაცზე და ა. შ. მეტნაკლებად კანონი არეგულირებს, აი იმ შემზარავ დამოკიდებულებებსა და ტრადიციებს რომლებიც ზემოთ ვახსენე, ვერცერთი კანონი და წესდება ვერ დაარეგულირებს.  

საბოლოოდ მივდივართ იმასთან, რომ საზოგადოებაში ნაკლებია ამ საკითხის ირგვლივ ინფორმაცია და გაგება. საზოგადეობრივი აზრის ფორმირებაზე კი ყველაზე მეტად მედია ახდენს გავლენას, მედიის დიდი ნაწილი, იქნება ეს სატელევიზიო თუ ბეჭდვითი, როგორ უდგება ამ საკითხებს ალბათ კარგად მოგეხსენებათ. ვგულისხმობ მედიის დიდ ნაწილს და არა ყველა გაზეთს, ჟურნალსა თუ ტელევიზიას. საბედნიეროდ არსებობს საქართველოში რამოდენიმე ბეჭდვითი გამოცემა თუ ინტერნეტ ჟურნალი და ძალიან ცოტა სატელევიზიო გადაცემა სადაც ვერ წააწყდებით სექსისტურ განცხადებებს და სტატიებს, თუმცა, მრავალ მიზეზთა გამო, მათი პოპულარობა არ არის იმდენად დიდი, რომ საზოგადოებრივ აზრზე შესამჩნევი გავლენა მოახდინოს.