ნესტან თათარაშვილის ბლოგი

გუდიაშვილის მოედანი: იურისტები, იურისტები, იურისტები ჩქარა!

21.12.2011 |
გუდიაშვილის მოედანი: იურისტები, იურისტები, იურისტები ჩქარა!

გუდიაშვილის მოედნის სახლებიდან მოსახლეობის გაყვანის შემდეგ, სახურავების სანახევროდ გადახდითა და წლების განმავლობაში სრული უყურადღებობით, თბილისის მერია თავის ფონდთან (ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი)  ერთად შეგნებულად ანგრევს ჩვენ საკუთრებას თბილისის ამ ულამაზეს და უძველეს ადგილას.

ანგრევს ძველ, მე-19 და  მე-20 საუკუნის დასაწყისის, ევროპის კვალდაკვალ შემქნილ სახლებს და პარალელურად, მათ უბადრუკად გადამღერებულ ასლებს აშენებს 21-ე საუკუნის საქრთველოში.   ამ საარაკო უბედურების  გარდა, ჩვენ გარემოს კიდევ ერთი ჭირი შეეყარა – მთავრობისა და მისი „მეგობრების“ ხელშეწყობით მოწვეული უცხოელი არქიტექტორები და მათი ვაი-შემოქმედება. ბევრი მათგანი ჩვენ ისტორიულ გარემოს, არქიტექტურულ მემკვიდრეობას და ბუნებრივ ლანდშაფტს სრულიად უნამუსოდ ექცევა. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ჩვენგან ერთხელაც არ მიუღიათ პროფესიულად გამართული და დასაბუთებული, კრიტიკული პასუხი საერთაშორისო ფორუმებსა თუ გამოცემებში.

თანამიმდევრული და ამომწურავი ანალიზი, განსჯა და კრიტიკა არც ადგილობრივ პროფესიულ და მედია სფეროში არსებობს. ამდენი ფული ალბათ არასდროს დახარჯულა საქართველოში მშენებლობა-რესტავრაციაში, მაგრამ ისე სწრაფად, უკონტროლოდ და დაუბრკოლებლად ხდება ყველაფერი, თითქოს საკუთარი ქვეყანა უკვე აყვავებული გვაქვს და ახლა ქარით მოტანილ ფულს ვანიავებთ მტრების მამულის დასამახინჯებლად. გათამამებული მთავრობა   თავისი გემოვნებით აფორმებს ჩვენ სამშობლოს, ადგილობრივი სპეციალისტები კი უცხოელ კოლეგებთან ერთად წარმატებით აგრძელებენ საკუთარ ძვირადღირებულ შემოქმედებას, რაშიც სერიოზულ ჰონორარებსა და  საპატიო  ჩინ-მედლებსაც ხშირად იღებენ.


gudiashvilismoed_569/

რაც არ უნდა ბევრი ვიბობოქროთ თანამედროვე საფიხვნოზე  – „ფეისბუკზე“, სხვა გზა თუ არ მოვნახეთ, გუდიაშვილის სახლებს  (და ალბათ ბევრ სხვასაც) აღარაფერი ეშველება. მალე აღარ გვექნება, მაგალითად, მოდერნის სტილში, მე-20ს-ის დასაწყისში  რეკონსტრუირებული ორი შესანიშნავი სახლი ამ მოედანზე, სამაგიეროდ ავსტრიული ფირმის Zechner&Zechner ZTGmbH-ის მიერ  წარმტაცად შემინული  ბუწიკ-სახლუკები გაჩნდება მათ ადგილზე

ისე, თუ მაინც და მაინც მოდერნის სტილის სახლებზე „გვწყდება“ გული,    რაღა შორს მივდივართ, თუ ავსტრიელების ამბავი ჯერ კიდევ გასარკვევია, ჩვენი თანამემამულე კოლეგებისგან (არქიტექტორები ს. ალავიძე, გ. კიკნაძე, ლ.  მუშკუდიანი) ხომ ნამდვილად გვიშენდება ახალი, მოდერნის სტილის ფასადებიანი ნაგებობები  მარჯანიშვილზე?   ვანგრევთ ძველსა და ღირებულს, ყავლგასულსა და უგემოვნოს კი გატაცებით ვნერგავთ და ვაშენებთ; ნამდვილს ხან უხარისხო მინის და ხან ოქროცურვილი სიყალბეებით ვცვლით, ჩუქურთმებითა და საუკუნისწინანდელი დეკორით ვხუნძლავთ; მართლაც საოცრად გემოვნებიანი კულტურული წარსულის მქონე ქვეყანას აშკარად ვულგარულ იერს ვძენთ და ამის მერე რატომღა გვიკვირს, რომ ავსტრიელები როგორც უვიცებს ისე გვექცევიან?

ცხადია, ძეგლთა დაცვაც და ზოგადად, სხვა დარგებიც, თუ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მხოლოდ კანონით უნდა იმართებოდეს და არა ვინმე ჩვენიანის თუ უცხოს პროფესიული ამბიციით ან სინდის-ნამუსით. ამიტომ მართლაც სასიხარულო და სამაგალითოა “თბილისის ჰამქრის“ მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა ყოფილი  „იმელი“-ს შენობის დასაცავად. აი, სწორედ ეს უნდა გაკეთდეს გუდიაშვილის მოედნის შემთხვევაშიც. ოღონდ, სარჩელში მოპასუხე მხრეებად თბილისის მერიის, მისი საბჭოს თითოეული წევრისა და მოედნის მესაკუთრე ფონდის გარდა აუცილებლად უნდა დასახელდეს ყველა ის საბიუჯეტო  ორგანიზაცია (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გიორგი ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი) ვისაც ხელფასს ვუხდით იმისთვის, რომ დაიცვას და გადაარჩინოს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. უნდა მოვითხოვოთ, რომ პროცესი ამომწურავად გაშუქდეს საზოგადოებრივი მაუწყებლით, ტელევიზიით, რომელსაც ათეულ მილიონობით ლარს ვუხდით ყოველწლიურად, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახუროს. და რომლის ფუნქციასაც,  სიმართლე რომ ვთქვათ,  დღეს ცუკერბერგის სოცილური ქსელი (ღმერთმა დალოცოს!) ასრულებს შესანიშნავად.

გუდიაშვილის მოედანზე სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი შენობები წლებია უკვე ინგრევა, და სად არის ამ დროს  სახელმწიფო ან ის მოხელეები, ვისაც კანონით ევალება სიძველეებზე ზრუნვა?   ტოტალურად უმუშევრების ქვეყანაში  რამდენი ადამიანია დასაქმებული იმიტომ, რომ სწორედ ამ საშვილიშვილო საქმეს  მიხედოს, მათ კი ეს სრულიად არ ანაღვლებთ. ალბათ, დღემდე არა აქვთ არც სამშობლოს დამოუკიდებლობის და არც საკუთარი იდენტობის საპატიო განცდა. ამ კონკრეტულ საკითხში ხომ მაინც არ არის ჩართული „რუსეთი, მასონები ან ამერიკა“? გუდიაშვილის მოედნის გადარჩენა ხომ მხოლოდ ჩვენი და ჩვენი თანამემამულეების ხელშია?  აბა რა გვემართება, რა ჯადო გვჭირს ასეთი, რომ წლების განმავლობაში  გულგრილად ვუყურებთ ამ მშვენიერების განადგურებას?

გუდიაშვილის მოედნის შენობებსაც და სხვა სიძველეებსაც (არ დავივიწყოთ 2004 წლიდან დღმდე 500-მდე აღდგენილი ეკლესია-მონასტერი და სხვა ძეგლები და ქალაქები, რომელთა შესრულების ცუდი ხარისხი და დღევანდელი მწვავე მდგომარეობა ცალკე თემაა) სწორედ ჩვენი ფულით დაფინანსებული ეს მოხელეები გვინადგურებენ საზოგადოებრივ ტელევიზიაში პერმანენტულად მიმდინარე სულელური ტელეპროგრამებსა და ჩვენი სამარცხვინო დუმილის ფონზე. მთავრობა გაასკეცებული სითამამით უშვებს საბედისწერო ურბანულ-სამშენებლო-სარესტავრაციო შეცდომებს და შემდეგ  ამის ამსახველ კლიპებს  მთელ მსოფლიოში ავრცელებს, ჩვენ კი ამაზე ხან დამცინავად ვქირქილებთ, ხან დარდიანად ვწუწუნებთ და საქმე საქმეზე რომ მიდგება ისეთ უწყინარ და სრულიად არაპოლიტიკურ აქციაზეც კი გვეზარება წასვლა, რასაც რომელიმე შენობის, პარკისა თუ სკვერის გადარჩენა ჰქვია.

ინტერნეტ გვერდების კედლებსა, თუ სახლ-ოფისებში ყველგან ძველ ფოტოებს ვფენთ და ვაგროვებთ, მაგრამ თუ ვირტუალურიდან რეალურში არ გადმოვინაცვლეთ, დიდი შანსია   გუდიაშვილის მოედნის სახლები და მთელი საქართველოც მხოლოდ ამ ფოტოებზე შემოგვრჩეს. რა ჯობია კარგ გზებს, არაკორუფიულ პოლიციას, ავტობუსებს, სკოლების კომპიუტერებით აღჭურვას, ახალ საავადმყოფოებს, მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებს, ზამთარ-ზაფხულ მორთულ-მოკაზმულ და გაბრჭყვიალებულ გარემოს, მაგრამ ხომ  ცხადია, რომ ამ საყოველთაო ზეიმსა და სიჩახჩახეში რაღაც საკუთრივ ჩვენსას და ჭეშმარიტად ნამდვილს ვკარგავთ.

ხელისუფლება აზრსმოკლებულ გასართობებში დაუფიქრებლად ხარჯავს უამრავ ფულს და წლებია გუდიაშვილის მოედნის სახლების გადასახურად და გასამაგრებლად მცირე თანხასაც არ იმეტებს. ეს რა, არ არის ამ შენობების დასანგრევად გაწირვა?  ჩვენ კი, როდემდე ვუხადოთ  ფული მუქთად იმ ხალხს, ვისაც კანონით ევალება არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა? არ მოვთხოვოთ პასუხი?  ეგეთი უსარგებლო ან მეცნიერი რად გვინდა და ან ჩინოვნიკი? ვერ გავიგე, თუ ჩვენი აუთენტური არქიტექტურა გამოუსწორებლად დავაზიანეთ ან სრულად დავღუპეთ, რა, ეგენი გაგვიწევენ მის მაგივრობას? ამიტომ,  იურისტები, იურისტები, იურისტები ჩქარა და სასწრაფოდ სასამართლოში!