ნესტან თათარაშვილის ბლოგი

ჩვენი არჩევანი

13.02.2012 |
ჩვენი არჩევანი

თურქეთთან მრავალწლიანი მოლაპარაკება, საპატრიარქოსა და მთავრობის დაუსრულებელი საჯარო მიმოწერა, ამასთან  ერთად აზიზიეს მეჩეთის თემით უგუნური სპეკულაცია და სხვადასხვა პუბლიკაციებით, სატელევიზიო გადაცემებითა და „ფეისბუკზე“ გაჩაღებული დისკუსიებით  საზოგადოების ბრიყვული გახელება – ოშკის (და თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ქართული ძეგლების) ბედს კვლავ გაურკვევლად დატოვებას უქადის.

განა რამდენი  წერილი, ან მათი პასუხი უნდა წავიკითხოთ, რომ  გავიგოთ  რა ხდება სინამდვილეში; სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს სამარცხვინო ეპისტოლარული  “პინგ-პონგი” მთავრობასა და საპატრიარქოს შორის? ტელეფონს და ინტერნეტს თავი რომ დავანებოთ, ამ ორ უწყებას  ფეხით სულ 15 წუთის სავალი აშორებთ, და ბარემ ესეც გვითხრან საჯაროდ  – რა უშლით ხელს შეხვედრასა და მოლაპარაკებაში,  თან ისიც დაამატონ, რომ დროის ამ უაზრო ფლანგვისას თუ რამე მოხდა – ვინ აგებს ამაზე პასუხს. თუმცა, რისი იმედი უნდა გვქონდეს, როცა  ყველამ  კარგად ვიცით  ხანძთის ამბავი – სათანადოდ გაშუქდა ეს თემა მედიით, თუ პასუხი მოსთხოვეს ვინეს მის ნგრევაზე.

ამიტომ, სრულიად ნათელია  – ძეგლების მეპატრონეობას ლამის ყველა ვიჩემებთ, მაგრამ პასუხისმგებლობას   ჩვენ კი არა, სახელმწიფო სტრუქტურები და საპატრიარქოც  არიდებს თავს.  უძველესი ქრისტიანული წარსულითა და არქიტექტურით   ყველა დაუზარლად თავს რომ  ვიწონებთ,  რას ვაკეთებთ მათ გადასარჩენად?  თურქეთში კი არა, აქვე, ძველი თბილისის გულში მდებარეობდა მოღნინის შესანიშნავი ქრისტიანული ტაძარი, მაგრამ სწორედ საპატრიარქოსა და ხელისუფლების შეუთანხმებლობამ მიიყვანა ნგრევამდე.

მოღნინის გამაგრების საქმეში პირადად ვიყავი ჩართული ოთხი წლის წინ, მაგრამ მაშინ მერიამ დახმარებაზე უარი გვითხრა და განაცხადა  – ქრისტიანული ტაძრების  საკითხი მხოლოდ საპატრიარქოს პრეროგატივააო. საპატრიაქომ კი არ გაიზიარა ჩვენი შეშფოთება და მისი გამაგრება კუთვნილების დადგენამდე გადაავადა.  ამასობაში მოღნინი დაინგრა, ჩვენ თვალწონ განადგურდა ეკლესია, რომელიც სომხურზე მეტად ქართული  არქიტექტურის ნიშნებს ატარებდა და ის უპირველესად  სომხებმა კი არა ჩვენ, ზოგადად, თბილისმა დაკარგა. მისგან დარჩენილი რამდენიმე კედლის ფრაგმენტის გამაგრება ახლაც გადაუდებელია, მაგრამ სად არის პატრონი…. ძველ თბილისში სასწრაფო დახმარება  კიდევ ერთ ეკლესიას სჭირდება –   სურფნიშანიც, მოღნინის მსგავსად, კუთვნილების მომიზეზებით  დანგრევის პირამდეა   მიყვანილი. მისი  გუმბათი ახლა მხოლოდ სამ დაზიანებულ სვეტს უჭირავს.

ქვეყნის დედაქალაქში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც ქრისტიანია, 21-ე საუკუნეში დანგრეული  ეკლესიები  უპირველესად სწორედ ჩვენ ქრისტიანულ რაობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. მთავრობა, საპატრიარქო და საზოგადოება კი მეტწილად უსაგნო პოლემიკას თავს ვერ ანებებენ, ისე ჩანს, თითქოს ძეგლების ფიზიკურ გადარჩენაზე რეალურად არავინ ფიქრობს. ამ საუკუნოვან შენობებს კი გადაუდებელი დახმარება ახლა და ამ წუთას სჭირდებათ,  რათა ხანძთის ან მოღნინის ბედი არ გაიზიარონ.

ყველა ვხედავთ, რომ წლებია  თურქეთთან გაჭიანურებული მოლაპარაკებების საბაბით,   სახელმწიფო ვერ აგვარებს,  ჩემი აზრით, ქვეყნისა და ერისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას, მაგრამ რა მოგვარებაზეა ლაპარაკი, როცა  ხელისუფლებას დღემდე საკუთარ ეკლესიასთან ვერ დაულაგებია ურთიერთობა. ოშკისა და სხვა ძეგლების ბედიც ისევ უფლის ნებაზეა დამოკიდებული, აქაურმა ღვთისმსახურებმა  კი წერილობით დაგვიდასტურეს, რომ აზიზიეს მეჩეთის არაშენებაა მათთვის  მნიშვნელოვანი; და თუ აშენდა, მაშინ მის სამაგიეროდ, პირველ რიგში,  ოშკი კი არა, ისტორიული ლაზეთის ყოფილი ეპარქიის თითქმის მთლიანად დანგრეული ტაძარი უნდა აღდგეს არდაშენში. ვის ადარდებს  ხანძთა, პარხალი, ოშკი, ოთხთა, იშხანი….. საპატრიარქოს უნდა ლაზეთის ეპარქია და არდაშენი,   მთავრობას კი ლაზიკა. რაღაც საეჭვოდ ემთხვევა მათი სურვილები ერთმანეთს. მგონი, სრული ჰარმონიაა აქვთ და მხოლოდ ჩვენ დასანახად ებუტებიან ერთმანეთს.

რამდენიმე წლის წინ თავად თურქები აფინანსებდნენ და ყოველგვარი მოლაპარაკების და ულტიმატუმის გარეშე აპირებდნენ  ოშკის გამაგრებას, კონკურსიც ჰქონდათ გამოცხადებული შემსრულებლის გამოსავლენად, მაგრამ იქ სასწრაფოდ მივლინებულმა ჩვენმა სამთავრობო დელეგაციამ ეს საქმე ჩაშალა.  წლები გადის, მაგრამ არც მთავრობა და არც საპატრიარქო საერთოდ არ ჩქარობენ იქაური ძეგლების გადარჩენას, არ აცნობიერებენ რეალურ საფრთხეს. ხანძთა (მოღნინი ხომ მითუმეტეს) საკმარისი არ აღმოჩნდა მათ გამოსაფხიზლებლად.

უკანასკნელ წლებში მიმდინარე პოლიტიკურ/რელიგიურ „გაწევ-გამოწევის“ ფონზე თურქეთში არსებული ქართული ძეგლებისთვის ფოტოების და კვლევების გარდა  სასარგებლო   არაფერი გაკეთებულა. ეტყობა, ძველი თბილისის (აგრეთვე სიღნაღის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის… მალე გორის და თელავის) მსგავსად, ოშკის ბადალი სწორედ ეს “ფოტოები და კვლევები” ხდება. ეს იქნება  ჩვენი „კულტურული მემკვიდრეობა“.

ძალიან მაინტერესებს, რას ვეტყვით მომავალ თაობას ამდენ  განადგურებულ და გამოუსწორებლად დაზიანებულ შენობებსა და ისტორიულ ქალაქებზე.   ნეტა როგორ ვაპირებთ მომავალში თავის მართლებას? მაგრამ, იქნებ იქითკენ მიდის ყველაფერი, რომ თავის მართლება არავის დასჭირდეს,  რადგან მომკითხავი, უბრალოდ, არავინ იქნება. თუმცა რა შორს მივდივართ, დღეს რა, ზუსტად ასე არაა? ვთხოვთ ვინმეს პასუხს,  თუ რა. ამიტომ,  უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ეს არის  ჩვენი არჩევანი – უხმოდ დავაკვირდეთ ქართველთა მიერ საკუთარი საუნჯის დაუნდობელ განადგურებას.