წინა საარჩევნო კამპანია დაწყებულია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მოახლოებული არჩევები ისტორიულია. ის კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ ტარდება და ამ არჩევნების დროს გაირკვევა პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებიდან მიდის თუ რაიმე ფორმით დარჩენას აპირებს. მისი გადაწყვეტილება ქვეყნის სამომავლო ბედს დიდი ხნით განსაზღვრავს. ამ არჩევნებს კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს რომელიც ადრე არ ყოფილა – ეს სოფლის საკითხია. როგორც სჩანს არჩევნებში გამარჯვებულს დიდ წილად სოფლის მოსახლეობის ხმები გამოავლენს.
შესაბამისად, პოლიტიკური მხარეების აქტივობაც სოფლისკენ არის მიმართული. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს, მაგრამ ელექტორალური თვალსაზრისით ის ყოველთვის პასიური იყო. მცირე თემის მართვა და კონტროლი იოლია. სოფლის მოსახლეობა ქალაქთან შედარებით კონსერვატულია და იქ ინფორმაცია ხშირად ვერ აღწევს. ამის გამო, ტრადიციულად სოფლის მოსახლეთა ხმების უმეტესობა, როგორც წესი, ხელისუფლებას ერგებოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ჩვეული მდგომარეობა შეიცვალა. ეს მან სოფლისთვის მილიარდი დოლარის დაპირებით მოახერხა. ივანიშვილი სოფელ-სოფელ დადის და ხალხს აყვავებას პირდება. მისი რეცეპტი ახალი არ არის: საწვავის, ტექნიკის, სასუქის, შხამ-ქიმიკატების შეღავათიან ფასებში თუ სულაც უფასოდ დარიგება, ახალი ტექნოლოგიების და მცენარეთა ჯიშების შემოტანა. მისი დაპირებების შესრულების შემთხვევაში ქართველი გლეხი უკეთ იცხოვრებს თუ არა ძნელი სათქმელია. ქართული პროდუქცია კონკურეტუნარიანი უნდა გახდეს. ამის მიღწევას ივანიშვილი იმპორტირებულ საქონლზე საბაჟო შეზღუდვების შემოღებით აპირებს. თუ შეზღუდვები დაწესდა ქართულ პროდუქციაზე ქალაქის მოსახლეობას უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და სურსათზე ფასების ზრდა გარდაუვალია. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობას სხვა პრობლემებიც აქვს – სარწყავი არხების, პროდუქციის ტრანსპორტირების და რაც მთავარია, მიწების ფლობის, გადანაწილების, პრივატიზაციის საკითხების მოგვარება. ერთი სიტყვით, ეს პროცესი წლებს მოითხოვს და სწრაფად სოფელი ვერ აღორძინდება. ისიც საკითხავია ქართული გლეხობის რა ნაწილს სურს მიწაზე შრომა, ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმი არ შეიმჩნევა და შესაძლებელია ივანიშვილის გაცემული კრედიტები ხალხის ნაწილმა ნაჩუქარ ფულად ჩათვალოს და სხვა, უფრო სასიამოვნო მიმართულებით დახარჯოს. ასეთი განწყობები არსებობს და ბევრისთვის ივანიშვილი ფულის დამრიგებელი კეთილი ბიძიაა.
უფრო მნიშვლოვანი ის არის, რომ აგრარული საკითხი სასოფლო პოლიტიკის ერთი ნაწილია და ამ საკითხის სირთულე მიწის დამუშავების პრობლემებს სცდება. თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ჩავთვლით, საქართველოს ტერიტორიაზე 3000 ზე მეტი სოფელია. სახელმწიფოს მიზანი სოციალური სამართლიანობა, სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება და ქალაქთან გათანაბრება უნდა იყოს. საჭიროა ყველა დიდ თუ პატარა დასახლებასთან გზის მიყვანა, სასმელი წყლით და ელექტრო ენერგიით მომარაგება, კავშირგაბმულობის და კომუნიკაციის საშუალების გამართვა. ასევე აუცილებელია ინფრასტრუქტურის აშენება, რაც ყველა სოფელში მინიმუმ ხუთი ტიპის: განათლების, საყოფაცხოვრებო, კულტურის, სპორტული და სამედიცინო დაწესებულების შექმნას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოანია კანალიზაციის ავტონომიური სისტემის მოწყობა და სოფლებიდან ნაგვის რეგულარულად გატანის ორგანიზება. დღეს სოფელში გაჩენილი საყოფაცხორებო ნარჩენები მდინარეში იყრება, ეს მცირე მდიმნარეები დიდებს უერთდებიან, საიდანაც ჩვენ ყველა წყალს ვსვამთ. ყველა მდინარე ბოლოს ზღვას უერთდება, სადაც ზაფხულობით ვისენებთ ხოლმე.
იოლი მისახვედრია, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ საკითხების მოგვარებას ვერ გასწვდება, ამდენი ფული ქვეყანაში არ არის. ივანიშვილის მილიარდი კი სულაც ზღვაში წვეთია. თუ სტერეოტიპებს ცოტა ხნით დავივიწყებთ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ქვეყანაში უფრო მეტი სოფელი გვაქვს ვიდრე საჭიროა, სოფლად მოსახლეობა ჭარბია და ამ საკითხს რეფორმირება სჭირდება. ეს ბუნებრივი გზით უნდა მოხდეს. ქალაქებში სამუშაო ადგილის გაჩენამ სოფლიდან მიგრაცია უნდა გამოიწვიოს, სოფელში კი დარჩება ის, ვინც მიწის დამუშავებას პროფესიად გაიხდის. გლეხი, როგორც კულტურული ფენომენი, უნდა გაქრეს და ფერმერად იქცეს. ამგვარად, სოფლად დღევანდელი 52 %-ის ნაცვლად 15-20 % უნდა დარჩეს. უნდა შენარჩუნდეს ქალაქებთან ახლოს მდებარე სოფლები. ასევე სოფლები, სადაც მიწის დამუშავება ან მეცხოველეობა მომგებიანია. აგრეთვე, კულტურული მნიშვნელობის ან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დასახლებები (ძირითადად მთიანეთის საზღვრისპირა სოფლები) და ტურიზმის პოტენციალის მქონე სოფლები. სხვა დანარჩენი დასახლებები მოსახლეობისგან ბუნებრივად უნდა დაიცალოს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აღარ იარსებებენ. უბრალოდ, ამ სოფლებში არ იქნება ინფრასტრუქტურა, მაგრამ ზაფხულობით იქ ხალხი შვებულების გასატარებლად წავა.
ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია. ამ რეფორმის განხორციელებას ფულადი სახსრების სიმწირეზე მეტად ხელს სტერეოტიპები და ცრურწმენები უშლის, რაც ‘’სოფელი ინახავს ქართულ ტრადიციებს და არ უნდა დაიცალოს-ში’’ გამოიხატება. სოფლის შენარჩუნებაზე, როგორც წესი, ქალაქში მცხოვრები ტრადიციების დაკარგვით შეწუხებული ადამიანები საუბრობენ, მაგრამ ისინი სოფელში გადასახლებას არ ჩქარობენ. სხვამ უნდა შეინარჩუნოს ეს ტრადიციები, სხვის შვილმა ვერ უნდა ისწავლოს მოწესრიგებულ სკოლაში, სხვამ ვერ უნდა გამოუძახოს სასწრაფოს თუ უეცრად ცუდად გახდა. სოფლის დაცლით შეწუხებულები კი ამ დროს ქალაქური კომფორტით ტკბებიან.
ივანიშვილის ხელისუფლებისადმი გამოთქმული კრიტიკის უდიდესი ნაწილი სიმართლეა და ძნელია მას არ დაეთანხმო. მაგრამ მისი სოფლისადმი დახმარების პროგრამა საკამათოა. ქართული სოფლის შენარჩუნების შესახებ გამონათქვამები კი პოპულისტური. მილიარდის სოფლებში დარიგების დაპირება წინასაარჩევნო კამპანიის ელემენტია.
ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოფლის მოსახლეობა მისი ძალაუფლების მთავარ დასაყრდენად იქცევა და სახელმწიფოს ურბანულ რელსებზე გადაყვანას შეაფერხებს. ეს კი ქვეყნის განვითარებას გამორიცხავს.