გია მარიამიძის ბლოგი

მართლმადიდებლური პოსტმოდერნი

მართლმადიდებლური პოსტმოდერნი

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში   ერთი უცხოელის  საქართველოში მოგზაურობით მიღებული  შთაბეჭდილებები წავიკითხე. უცხოელი აღფრთოვანებული იყო ჩვენი ქვეყნის მიღწევებით,  მათ შორის რელიგიურ საკითხშიც, რაც ასეთი ფრაზებით გამოხატა:

”почти везде у людей висят иконы и все (от таксиста до министра) крестятся, проходя или проезжая мимо церкви!

Об иконах надо сказать особо. Во время этой поездки в Грузию я ВПЕРВЫЕ В ЖИЗНИ почувствовал, что нахожусь в… христианской стране.

Вообще у меня постоянно было чувство в Грузии, будто я нахожусь в каком-то государстве крестоносцев, которое чудом дожило до 21-го века и будто бы лет 700-800 находилось в изоляции. Но.. где-то это так и есть.”

სამინისტროების კაბინეტებში გამოფენილი ხატები და ქუჩაში პირჯვრის წერა მართლაც ძნელია ვერ შეამჩნიო, მაგრამ ამის გამო ვართ თუ არა ქრისტიანული ქვეყანა?  ამაზე დაფიქრება ღირს.  სტუმრის მიერ შემჩნეული რელიგიურობის გარეგნული, ფორმალური გამოვლინებები კითხვებს აჩენს და საუბრის მიმართულებას გკარნახობს.

მართლმადიდებელი მრევლის რელიგიურობის ზედაპირულობაზე  თვითონ სასულიერო პირებიც კი ალაპარაკდნენ. ამგვარი რელიგიურობა ავტომატიზმამდეა დაყვანილი, სადაც მორწმუნე, სუბიექტის ნაცვლად, მოძღვრისგან კურთხევის მიმღებ-შემსრულებელი ობიექტია. ადამიანის წარმოსახვა ვერ გაწვდება კურთხევის მიმღებთა ფანტაზიებს და კურიოზულობას_  მარხვის დღეებში მეუღლესთან სექსუალური აქტის ჩატარებაზე ნებართვა,  ზაფხულში ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტუმით გასვლის თაობაზე კურთხევა და ასე შემდეგ.   საკრალური მოვლენის-რელიგიის მიმართ, ფაქტიურად მომხმარებლური დამოკიდებულებაა. ეკონომიური სიდუხჭირის, უსაფრთხო მომავლის არქონის და დაუცველობის გამო ადამიანები ნუგეშს ეკლესიაში ეძებენ.  ეკლესია  ოცნებების გამხელის და მათ ასრულებაზე ლოცვის ადგილათ იქცა. მოითხოვე და მოგეცემაო. ადამიანებიც ითხოვენ უნივერსიტეტის გამოცდაზე გასვლას, ლატარიის გათამაშებაში მოგებას, საქართველოს გამთლიანებას და ათას სხვა რამეს. აქედან წარმოიშობა სასულიერო პირის ე. წ. მამაოს და რიტუალის გაფეტიშება. ლოცვა და რიტუალი ერთგვარ პაროლებად  იქცა რომლის სწორად წარმოთქმა აუცილებელია იმისთვის, რომ თხოვნა შესმენილ იქნეს. სიტყვები ზეცას უნდა მოერგოს როგორც კლიტეს გასაღები. საიდუმლო კოდის მფლობელი კი  მღვდელია, ის არის ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი. ლოცვის ტექსტი იგივეა რაც ზღაპარში  ჯადოსნური სიტყვები, რომელიც თუ ზუსტად არ თქვი სასწაული არ მოხდება და ალი ბაბას კლდე არ გაიხსნება.

ასე ყალიბდება ხალხში ე.წ. მაგიური ცნობიერება. ფორმალური რიტუალები   მრევლის ცნობიერებაში მაგიურ ძალას იძენენ. ამგვარ ცნობიერებას საზოგადო ცხოვრებაში მისტიკის ელემენტი შემოაქვს,  სასწაული არგუმენტის ძალას და ადგილს იკავებს. ამის გამო ყველა სხვა_მეცნიერული და  ემპირიულ გამოცდილებაზე დამყარებული არგუმენტები აზრს კარგავენ და საზოგადო დისკურსი ლოგიკის ნაცვლად ხილვების, გამოცხადებების და ფანტაზიების საფუძველზე მიმდინარეობს. ამის გამო  რაიმეში გარკვევა შეუძლებელი ხდება და იმარჯვებს ის აზრი, რომელიც უფრო ისტერიული ხმით ითქმება.  ამგვარ,  წინააღმდეგობრივ ტენდენციებს  ეკლესიაც ჩიხში შეყავს. ცალკეული იერარქების მიერ, არაერთხელ ნაწინასწარმეტყველები აპოკალიბსი არა და არ დადგა,  ტყუილის დასაფარად კი  სამყაროს აღსასრულის გადავადება და ახალი თარიღის გამოცხადება უწევთ. ივერიის გაბრწყინებაც იგვიანებს და ფუჭ დაპირებად რჩება. ასეთი მაგალითები უამრავია. ჯერ-ჯერობით  კანონმდებლობა სასწაულს არ აღიარებს,  მაგრამ თუ ასე გაგრძელდა შესაძლებელია სასამართლო დარბაზებში პროკურორისგან მოვისმინოთ: ეშმაკს სული მიჰყიდა_გამამტყუნებელი გარემოება,  ღვთის ნება აღასრულა_გამამართლებელი გარემოება,  მუზეუმიდან ნივთი არ დაკარგულა ის სასწაულებრივად გაქრა და ასე შემდეგ.

ხდება მართლმადიდებლობის ეთნიზაცია და რელიგია  ეროვნებას  პირდაპირ ებმება.  ქართველთან განუყოფელი მართლმადიდებლობა  მიწიერი ცხოვრებიდან იწება  და  სამუდამო სასუფეველში გადადის  ზეციური საქართველოს სახით. თუ ჩვენს იერარქებს ვენდობით, იმქვეყნადაც სივრცე დანაწევრებულია და სადემარკაციო ხაზები ივლება (ალბათ იქაც არის ტერიტორიული დავები). თუ ზეციური საქართველო არსებობს, ზეციური რუსეთიც იარსებებს. საკითხავი ისღაა, ეს ზეციური საქართველო რა ზომისაა და ისტორიული  ქართული სახელმწიფოს  რომელი დროის ფარგლებშია. თუმცა,   საიქიო, როგორც ვიცით, ჯოჯოხეთად და სამოთხედ იყოფა.  ზოგნი სამოთხეში ხვდებიან და ზოგნიც ჯოჯოხეთში. გამოდის, რომ ზეციური საქართველოც ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი_ჯოჯოხეთელებად და სამოთხეელებად. იქაც ერთგვარი პოზიცია-ოპოზიცია ყოფილა და შუა გაკრეფილი.

კიდევ ერთი საკითხი რაც ეკლესიას უკავშირდება, თავად ‘’ქართველობის’’ განმარტებაა. ეს თემა  ეკლესიამ თვითნებურად მიითვისა და ქართველობის დამდგენ უწყებად აქცია. უფრო მეტიც, მას ეს ფუნქცია მონოპოლიზებული აქვს. ეკლესია ქართველად აღიარებს მათ, ვინც იერარქების წარმოდგენებში ჩამოყალიბებულ სტანდარტს შეესაბამება, სხვა ყველას ‘’ნასხლავად’’ აცხადებს. ამგვარი ქცევა კაცთმოძულე, ტოტალიტარულ იდეოლოგიებს ახასიათებთ.  ადამიანმა, საკუთარი,  ეროვნული თუ ნებისმიერი სხვა სახის იდენტობა,  მხოლოდ თვითონ უნდა განსაზღვროს, ამის უფლება  სხვას არ აქვს.

ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობის ეჭვ ქვეშ დაყენება,  გაღიზიანებას იწვევს. ნებისმიერ გასხვავებულ აზრს მოღალატეობრივად და ‘’გარედან’’ შემოტანილად ნათლავენ. ეკლესია ზოგადად იზოლაციონიზმისკენ არის მიდრეკილი  და ყველაფერი რაც მისთვის სიახლეა ბოროტებად მიიჩნევს. საწინააღმდეგო აზრი, ცხოვრების ალტერნატული ფორმები, ზოგადად განსხვავებულობის არსებობა მათთვის პანიკის საფუძველი და საგანგებო მდგომარეობაა. არადა, ამაში საგანგაშო არაფერია, ამ მოვლენას ‘’იდეათა კონკურენცია’’ ეწოდება და ის ისეთივე ბუნებრივია,  როგორც ჰაერით სუნთქვა. იდეები კი გლობალური ფენომენია,  მათ საზღვრები არ იციან.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ჰიპერრელიგიურობა მხოლოდ ეკლესიის დამსახურება არ არის. ამას  ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ,  ზოგადად საჯარო სფეროში მოღვაწე ადამიანებმაც შეუწყვეს ხელი. მინისტრების და დეპუტატების ხატებით მორთული კაბინეტები; ჟურნალისტების , შოუ ბიზნესის, სპორტსმენების საჩვენებელი რელიგიურობა; ეს და სხვა მოვლენებია მიზეზი, რამაც დღევანდელი პოპმართლმადიდებლობა და  რელიგიური მასკულტურა შექმნა.

რელიგია   დღითი დღე მეტ ფართობს იკავებს და წლიდან წლამდე ძლიერდება. მართლმადიდებლობა კვაზიფუნდამეტნალისტურ იერს იძენს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის განსხვავებული აზრისთვის ადგილს არ ტოვებს. მას სახელმწიფო იდეოლოგიად გადაქცევა უნდა. იერარქები სწავლებიდან მხოლოდ იმას იღებენ, რაც ძალაუფლების და გავლენის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. თვით  ათი მცნების სელექციაც კი ხდება.მცნება მესამე: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა-არ მოქმდებს, ღმერთს წამ და უწუმ უმიზეზოდ ახსენებენ.  მცნება მეშვიდე: არა იმრუშო, ძირითადად მხოლოდ ქალებისთვის არის და კაცებს არ ეხება.  სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება…   ამავ დროს  კვაზიფუნდამენტალიზმი მიდრეკილია რელიგიური ტექსტების ბუკვალური გაგებისკენ და ბიბლიური სიუჟეტების ალეგორიულ აღქმას გამორიცხავს.  ტექსტებს მკაცრად, ცალსახად განმარტავს და  ინტერპრეტაციის შესაძლებლობას უარყოფს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეკლესია ჯიუტად გვიმტკიცებს თითქოს სამყარო 8000 წლისაა, დინოზავრები 1000 წლის წინ გადაშენდნენ და ამით საკუთარ დისკრედიტაციას ახდენს.

მაგრამ ეს და სხვა თვისებები მაინც  სპეციფიური ფუნდამენტალიზმის ნიშნებია. თითქოს და ეკლესია არქაიზაციისკენ არის მიდრეკილი და წარსულთან დაბრუნებას ქადაგებს, მაგრამ სინამდვილეში მას თანამედროვეობის გარეშე არსებობა არ შეუძლია. სამღვდელოება ტექნიკური ცივილიზაციის მიღწევებს მთელი მონდომებით არის  დაწაფებული, კომფორტის გარეშე ცხოვრება მათ არ შეუძლიათ. საყვარელ ჯიპებს, ლიმუზინებს, სასახლეებს, ფუფუნებას ისინი ვერასოდეს დასთმობენ. სამღვდელოება თანამედროვე ცხოვრებიდან თუ წარსულიდან იღებს მხოლოდ იმას, რაც კომფორტისთვის სჭირდება.  ეკლესიამ  თავის თავში იოლად მოახდინა საბჭოთა წარსულის რუდიმენტების  ინტეგრირება. კანონიერი ქურდების მიერ მირთმეულ ძღვენს, უძრავ მოძრავ ქონებას და მათ მიერ აშენებულ ეკლესიებს უყოყმანოდ იღებდა და მომავალშიც მიიღებს. კანონიერი ქურდი მათთვის კაცურ კაცობის, ქართველობის ეტალონია. იგივე დამოკიდებულება კორუმპირებულ ჩინოვნიკზეც ვრცელდება. მართლმადიდებლობა ერთგვარ ‘’გაგება-მეობათ’’ იქცა. მან  ‘’ძვლბიჭური’’ კოდექსის ნორმები  ნაწილობრივ შეითავსა და ჩაანაცვლა,  რის მიხედვითაც დავები თუ საქმის გარჩევები იწარმოება ქუჩაში, ტელე ეთერში და საკანონმდებლო ორგანოშიც კი.

ყველაფერი, რაც მასობრივია, ხარისხს კარგავს. რელიგიურობა კი საქართველოში მასობრივი მოვლენაა. თანამედროვე კულტურაში შეუთავსებელის შეთავსებას, ნამდვილობის  იმიტაციას და  სიმულაკრებით ჩანაცვლებას კნინობითი ფორმით პოსტმოდერნათ მოიხსენიებენ ხოლმე. ამ გაგებით, ჩვენი ეკლესია და რელიგურობა პოსტმოდერნულია და ამის გამო სამოქალაქო საზოგადოებისთვის უფრო მეტად საფრთხის შემცველი.