გია მარიამიძის ბლოგი

პასუხგაუცემელი კითხვები

პასუხგაუცემელი  კითხვები


მას შემდეგ, რაც ბ. ივანიშვილი მთავარ ოპოზიციონერად იქცა, მასთან რამდენიმე პრესკონფერენცია და ინტერვიუ შედგა, მაგრამ ზოგიერთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კითხვას ცხადი პასუხი მაინც ვერ გაეცა


პირველი კითხვა ამ პოლიტიკური ძალის ორიენტაციას ეხება. პარტიების კლასიკური – მემარცხენე, მემარჯვენედ და ცენტრისტად დაყოფა ჩვენი ქვეყნისთვის არამართებულია. პოლიტიკური მსგავსება, თუ განსხვავება ჩვენში სხვა ნიშნებით კლასიფიცირდება. გამოქვეყნდა “ქართული ოცნების” საარჩევნო სია და გასაგები გახდა, თუ რა ტიპის ადამიანები არიან ამ ჭრელ გაერთიანებაში  წარმმართავი ძალა -განვითარება და პროგრესი  მათი  საყვარელი სიტყვები არ უნდა იყოს.  ამ ძალის წევრთა ოცნებებს შორის განსხვავებები, პირველ რიგში, შიდა პოლიტიკურ საკითხებში გამოჩნდება. როგორ იმოქმედებენ ერთად ტრადიციონალისტი სანიკიძე, ქსენოფობი ძიძიგური, ლიბერალი უსუფაშვილი და პროამერიკელი ალასანია? როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, უნდა იყოს, თუ არა მასმედია და სახელოვნებო სფერო იდეოლოგიური ნიშნით ცენზუირებული, საზოგადოების გარკვეული ჯგუფები მათი შეხედულებების, წარმომავლობის, თუ ორიენტაციის გამო უფლბებში უნდა შეზღუდონ თუ არა? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წევრებს განსხვავებული შეხდულებები აქვთ. ზოგი მათგანი წარსულს მისტირის, ზოგიც განვითარებაზე საუბრობს, ერთ ნაწილს ჩრდილოეთი იზიდავს, მეორეს დასავლეთი და ზოგი სულაც ადგილზე დგომას არჩევს. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გაჩნდება დილემა, თუ რომელი მიმართულებით უნდა გაიტაცოს ქცეყანა “მეოცნებეთა” ოცნებებმა. ამ პოლიტიკური ძალის ბირთვი ივანიშვილია. შესაძლებელია მის ირგვლივ მოძრავმა სუიბიექტებმა საკუთარი შეხედულებები ერთ კაცს დაუქვემდებარონ, მას გაყვნენ და სიმთელეც შეინარჩუნონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისევ ბელადზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემას მივიღებთ. ასეთი კი უკვე გვაქვს.


“ოცნების” საარჩევნო სია და მოვლენათა განვითარების ლოგიკა გვკარნახობს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან  საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულება წახალისდება. “საქართველო ქართველებისთვის უნდა იყოს” – ამგვარი სულისკვეთება მათ წევრებსა, თუ მომხრეებში არსებობს და ხშირად პირდაპირ ითქმება ხოლმე. ამ წინადადებაში პრობლემა ქართველობის ეთნოცენტრისტულ გაგებაშია. რა თქმა უნდა, საქართველო ქართველების უნდა იყოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართველად საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ითვლებოდეს. ქართველობის ცნებასთან მსგავსი დამოკიდებულება მართმადიდებლურ ეკლესიასაც ახასიათებს, რომლის პოლიტიკაზე გავლენაც “ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში სავარაუდოდ გაიზრდება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ქმე-ის იერარქთა აზრით, მთავარ პრობლემას ე.წ. სექტანტები და უცხო ტომელები კი არა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ქართველები წარმოადგენენ, რადგან მათ საკუთარი ქვეყნის ბედის განსაზღვრაზე, ლეგიტიმური უფლებები აქვთ. სწორედ კრიტიკულად განწყობილთა ამ უფლების დელეგიტიმაციის მცდელობაა ტერმინი “ნასხლავების” შემოტანა, რაც პატრიარქმა გადაგვარებულის სინონიმად გამოიყენა. ამით შინაური კრიტიკოსები უცხო ელემენტად ცხადდებიან და შესაბამისად, მათი ხმაც ძალას კარგავს.


კიდევ ერთი საკითხი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსია. ივანიშვილმა ამ თემაზე ბევრი ისაუბრა და ურთიერთგამომრიცხავი აზრებიც ბრძანა. ბ. ივანიშვილი  ქვეყნის  დასავლური კურსის გაგრძელებასთან ერთად, რუსეთთან  ურთიერთობების გამოსწორებას გვპირდება. ეს შეუძლებელია. ფორმალურ-ცერემონიული ჟესტების გაკეთება, მოსკოვში ჩასვლა და პუტინისათვის ხელის ჩამორთმევა რთული არ არის, მაგრამ ცოტა ხანში რუსეთი კონკრეტულ მოთხოვნებს წამოაყენებს. ესენია: ნატოში შესვლაზე უარის თქმა, ნეიტრალიტეტის გამოცხადება, აშშ-თან ჩვენი ურთიერთობების გაციება და საერთო პროექტების განხორციელებაზე უარის თქმა. ასევე, რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის მხარის დაჭერა ახლო აღმოსავლეთის, ირანის და სხვა საკითხებში. ასევე, მოგვიწევს ჩვენს შიდა პოლიტიკაში რუსეთის ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინება, რაც მისთვის მისაღები საკადრო პოლიტიკის გატარებით იწყება და ქვეყნის ფედერალიზაციის მოთხოვნამდე მიდის (ეს ბოლო, ფაქტობრივად ახალი ავტონომიების შექმნას ნიშნავს). რუსეთი, დროთა განმავლობაში, ამ ურთიერთობების სტრუქტურირებასაც  მოინდომებს და მოგვთხოვს გავწევრიანდეთ  ОДКБ-ში თუ ევრაზიულ კავშირში. რუსეთი ჩვენზე გავლენას არასოდეს არავის გაუნაწილებს, ის საკუთარი, ექსკლუზიური გავლენის ზონად მიგვიჩნევს. ან მას უნდა დავექვემდებაროთ ან დასავლეთს დავუახლოვდეთ, ორივე ერთად არ გამოვა და ამის მიზეზი თავად რუსეთის პოზიციაა.


ივანიშვილი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენასაც აპირებს. პირველ რიგში, საკითხავია, ჩრდილოელი მეზობელი ამის სანაცვლოდ რას მოგვთხოვს? შემდეგ კი იმაზე უნდა ვიფიქროთ – ღირს, თუ არა რუსეთთან ვაჭრობა, როდესაც მას ჩვენს მიმართ არაკომერციული ინტერესები აქვს? მისი მხრიდან ემბარგოს მოხსნის შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად გაიზრდება.  მევენახეები, მეციტრუსეები, მეხილეები შემოსავალს მიიღებენ. ეს კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი რუსეთს მოეპრიანება, ემბარგოს ისევ დაგვიწესებს და ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. რუსეთში პროდუქციის გაყიდვით ქართველი გლეხი თავიდან იხეირებს, ბანკიდან ბიზნესის გასაფართოვებლად სესხს აიღებს, განვადებით გამოტანილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით ოჯახს მოაწყობს. მაგრამ, რადგან ბაზარი შეიძლება ერთ დღეს ისევ ჩაიკეტოს, იგივე გლეხს კრედიტის გასტუმრების ფული აღარ ექნება და ყველაფერს დაკარგავს. რუსეთთან ვაჭრობის განახლებით, მას ჩვენივე ეკონომიკის დანგრევის ბერკეტს ვაძლევთ.


რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობისას  ოკუპირებული ტერიტორიების თემას ვერ გავექცევით. ბ. ივანიშვილი მიწების დაბრუნებას გვპირდება, თუმცა რა გზით, ეს არ უთქვამს. ალბათ, იმის გამო, რომ ეს გზა არ არსებობს. კიდევ დიდხანს წართმეულის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, მიუხდავად იმისა, ვინ მოვა საქართველოს ხელისუფალებაში. ეს “სამედიცინო” ფაქტია და თავის მოტყუებას სიმართლის ცოდნა სჯობს. სამყაროში არსებობს შეუქცევადი პროცესები, ის, რასაც უკან ვერ დააბრუნებ. კვერცხი თუ გატეხე და ტაფაზე შეწვი, პროცესს უკუ ვერ აქცევ და ერბოკვერცხიდან კვერცხს ვეღარ შექმნი. მსგავსი ვითარებაა რუსეთის მიერ ცხინვალისა და სოხუმის აღიარების შემთხვევაშიც. რუსეთი საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და საქვეყნოდ თავს ვერ გაიმასხარავებს. მან რომ ეს მოიმოქმედოს, სერიოზული სახელმწიფოს რეპუტაციას დაკარგავს,  ჩრდილო კავკასიაში მდგომარეობას გაირთულებს  და მის მოკავშირე ქვეყნებში მისი სანდოობა ეჭვქვეშ დადგება. რუსეთი საკუთარ სახეს უფრთხილდება და იმპერიულ რეპუტაციას ვერ შეილახავს. ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა, რომელიც რუსეთს მართებულად მიაჩნია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან კონფედერაციაში გაერთიანებაა. მაგრამ ეს რომ მოხდეს, წართმეული ტერიტორიები, ჯერ დამოუკიდებელ ქვეყნებად უნდა ვაღიაროთ და შემდეგ სამ სრულუფლებიან წევრად ერთ სახელმწიფოში გავერთიანდეთ. ჩვენი მხრიდან ამის დაშვება დანაშაული იქნება. თუ ასე მოხდა, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაბრუნების ნაცვლად სამუდამოდ დავკარგავთ.


“ქართულ ოცნებაში” ქვეყნის საგარეო კურსის მიმართ ურთიერთსაპირისპირო ხედვების ადამიანებმა მოიყარეს თავი. არიან მედასავლეთე პოლიტიკოსები და არიან ისინიც, ვინც კრემლთან საქმის დაჭერას არ თაკილობდნენ. ბატონმა ივანიშვილმა ბიბლიური ნოეს მსგავსად თავის შუშის “კიდობანში” ყველა სახეობის “პოლიტიკურ ცხოველს” მოუყარა თავი. მაგრამ მიშას შადრევნებით გამოწვეული წარღვნის წყლებზე მოტივტივე “ოცნების” მინის კიდობანი სად მონახავს ნავსაყუდელს, ეს კიდევ საკითხავია.


ივანიშვილიზე საუბრისას მის უზარმაზარ კაპიტალს გვერდს ვერ ავუვლით. მისი ფულის წარმომავლობა და აქციების “ეროვნება” ნაკლებად საინტერესოა. უფრო მნიშვნელოვანი ამ ფულის ხარჯვის და არა შოვნის თემაა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარ თანხას სოფლის მეურნეობაში ჩადებს – გლეხებს კრედიტად, თუ სულაც უსასყიდლოდ გადასცემს. თუმცა სხვა ინტერვიუებში განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. რომელ დაპირებას შეასრულებს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფალის მიერ თავისი პირადი ფულის ხალხში დარიგება სახელმწიფოს დანგრევას უდრის. ამით დემოკრატიის პრინციპი ირღვევა და სისტემა მთლიანად იშლება. არჩეული ხელისუფალი ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებული აღარ არის და ხალხი მასზე კონტროლის ბერკეტს კარგავს. ასეთ პირობებში ნებისმიერი მმართველი დიქტატორად იქცევა.


კიდევ ერთი საკითხი მეუფე იობია. იობი და მისი თანამოაზრე “ქართელი ოცნების” წევრი ინტელიგენტები, პოლიტიკოსები და  აქტივისტები. საინტერესოა, რა ეიმედება იობს და რატომ ჰგონია, რომ ამ ძალის გამარჯვების შემთხვევაში მისი მოლოდინები გამართლდება? ალბათ, სწორი საქციელი იქნებოდა, თუ “ოცნების” ლიდერები საჯაროდ იტყოდნენ, რომ მეუფე იობის იმედები ფუჭია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რუსულ იმპერიაში გაწევრიანებას და ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებას არ აპირებენ.  თუ იობი არ სცდება და აპირებენ, ესეც პირდაპირ უნდა სთქვან.