ჰაი, ჰაი, რომ გვეგულება ასეთი კაცებიც და „ქვებით“ დანაყრებული შვილებიც… მაგრამ ჩვენი შვილები ასეთი მავნე საკვებით ჩვენსავით „გაქვავებული“ რომ გვეგონა, საბედნიეროდ, “ცოცხლები” ყოფილან. და არა მარტო ცოცხლები – ფხიზლები და ჯანმრთელნი, სიმართლისმოყვარული და ავ-კარგის გამრჩევნი, გონიერნი და მშვიდობისმოყვარენი. „არა ძალადობას“, “გამოფხიზლდით“ – შემოგვძახიან ქუჩებიდან და ჩვენ, „ქვებისგან“ მუცელამოყორილებს იმდენი ძალაც აღარ შეგვრჩა, რომ წუხელ, უსამართლოდ დასჯილ ერთ მათგანს, სანდრო ცაგარელს, თუნდაც სიტყვიერი სოლიდარობა მაინც გამოვუცხადოთ.
მაინც და მაინც შემზარავი „კინო“ უნდა გვანახონ, რომ უსამართლობაზე სათანადო რეაქცია გვქონდეს? გუშინ სანდროს დაჭერა, დღეს კი მისი გასამართლება მოსამართლე კობა გოცირიძის მიერ და დაჯარიმება სრულიად უკანონოდ განხორციელდა. ესეც ციხის სარდაფში ხომ არ მოხდა ისე მალულად, რომ მთავრობამ დღემდე არაფერი იცის? მაგრამ ხელისუფლება, აგრეთვე საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ შემზარავად დუმს და არაფრად აგდებს მომხდარ უკანონობას, რითაც ხელს ვუწყობთ, რომ „წახალისებულმა“ სამართლდამცავებმა ხვალ ის და მისი მეგობრები ციხეში გამომწყვდიონ, ან კიდევ უარესი – სროლა გაბედონ და შექმნილი არეულობის ფონზე კარსმომდგარი არჩევნები ჩაშალონ.
სანდრო ცაგარელი დღეს ხომ კრებითი სახეა იმ ახალგაზრდების, ვინც ახლა ჩვენ გასაკეთებელ საქმეს აკეთებს და იმ ძალადობრივი სისტემის (და არა ქვეყნის, და არა სამშობლოს!) ნგრევას (და არა რევოლუციას, და არა არასამართებლივ ქმედებებს!) მოითხოვს, რომელიც სწორედ ჩვენი, ერისა და ბერის, სამარცხვინო დუმილისა და გამჭვირვალე პოლიციის შენობებისა, თუ მოოქროვილი გუმბათების ფონზე ჩაისახა და ჩამოყალიბდა.
ძნელი მისახვედრია, რომ ბოლო დღეების შემზარავი ქრონიკა ციხეებიდან ახალგაზრდებისთვის მხოლოდ უკანასკნელი წყვეთი აღმოჩნდა უსამართლობის, ტოტალური ტყუილისა და ძალადობის იმ ფიალაში, რასაც მთავრობა უკვე წლებია ძალით გვასხამს კისერში? თან რომ გვამადლიან კიდეც, – ხედავთ, რა იყავით და რანი გაგხადეთო. მაგრამ, ხომ ვიცით, რომ ხელისუფლების თავმოწონების საგანი, წარმატებული რეფორმები სხვადასხვა სფეროში, საზოგადოების მზაობისა და მისი ერთსულოვნების გარეშე ვერანაირად ვერ განხორციელდებოდა. მაგრამ, ისიც ხომ ცხადია, რომ ასევე ვერანაირი მთავრობა ვერ შეძლებდა ამდენი უკანანონობისა და სისტიკის ჩადენას საზოგადოების დაშინება-დაბეჩავების გარეშე, ჩვენი სამარცხვინო დუმილის გარეშე.
ეტყობა ბევრისთვის კიდევ გაუგებარია, რა უბედურება მოაქვს დღესავით ნათელ უკანონობაზე დაუყოვნებელი რეაგირების ნაცვლად ლაჩრულ წუწუნს – „რა დროს ეგ არის, მტერი კარზეა მომდგარი“ ან „მოიცა, ვაცალოთ“. დღემდე უსამართლობა იმიტომ ბატონობს ჩვენთან, რომ ჩვენ არ შევიცვალეთ, ჩვენ არ გამოვფხიზლდით და ვინც გაიღვიძა – იმასაც არ ვეხმარებით, გვერდში არ ვუდგებით.
მართალი „პურის“ ნაცვლად, „ქვებით და შუშებით“ ავუვსეთ ახალგაზრდებს „გულ-მუცელი“, და მერე ურცხვად გვიკვირს – ნეტა, რა აშფოთებთ? რატომ არ უხარიათ ასეთი კარგი „საკვები“? ღვთის წყალობით, მათ, ჩვენგან განსხვავებით, კარგად შეიცნეს მთავრობისგან მიცემული ის საზრდო, რაც სინამდვილეში სიცრუისა და სიყალბის მქადაგებელი მედია და ახალი გარემოა – ისტორიული მემკვიდრეობის წაშლის ხარჯზე ქვეყნის ვულგარულ „ლუნა-პარკად“ გადაქცევის აშკარა მცდელობა და ამ ახალ გარემოში ტოტალურად გაფურჩქნილი უსამართლობა. მათი პასუხი ცხადი და მართლაც ნამდვილად ქრისტიანულია – არა ძალადობას, და ამ ძალადობის განმახორციელებელ ერთ-ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს, პოლიციას, სიყვარული საკუთარი სისხლით მაისურებზე შესრულებული წარწერებით კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
ბოლო წლებში თუ რამე სასიკეთო გაკეთდა საქართველოში, ეს არ არის მხოლოდ მთავრობის დამსახურება და ტუილად ნუ ეცდება ჩვენი ხელისუფლება, რომ ნებისმიერი მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ უსამართლობის და უზნეობის უტყვ მოწმეებად გადაგვაქციოს. ამას აპროტესტებს სანდრო და მისი მეგობრები, ამისთვის ჭირდებათ მათ თანამემამულეთა თანადგომა. ყველა ვხედავთ, თუ რა დაძაბული სიტუაციაა ქვეყანაში, ამიტომ დროა მართლა გამოვფხიზლდეთ და ჩვენი სიმხდალით, დუმილითა და უმეცრებით ჩვენი სამშობლოსა და შვილების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ. მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები და მომავალში მოსულ მთავრობას უმცირესი კანონდარღვევაც არ ვაპატიოთ, და ეს ისეთივე ბუნებრივი, მუდმივი და აუცილებელი გავხადოთ, როგორც საკუთარი შვილის დაპურება. როცა ის პურს გთხოვთ, მართლა ქვას ხომ არ აძლევთ?