გია მარიამიძის ბლოგი

ქართული ოცნება – მითი და რეალობა

ქართული ოცნება – მითი და რეალობა

ბ. ივანიშვილის და “ქართული ოცნების” საზოგადო სარბიელზე გამოჩენამ პოლიტიკური მითოლოგია ერთი ორად გაამდიდრა  და ამ ძალის წარმომავლობასა და მიზნებზე ნაირგვარი ვერსიების გააჩინა. დღემდე არ წყდება საუბრები მათ შესაძლო რუსულ ორიენტაციაზე, ივანიშვილის მიერ დაგროვილი კაპიტალის წარმომავლობაზე და ასე შემდეგ. არჩევნებამდე ეს მხოლოდ ვარაუდები იყო. დღეს “ოცნება” სახელმწიფოს მმართველი ძალაა, საშინაო და საგარეო პოლიტიკას ერთპირონულად განსაზღვრავს და მისი ნაბიჯების მიხედვით უკვე შესაძლებელია ვიმსჯელოთ, ეს ვარაუდები საფუძვლიანი იყო თუ არა. 

 

მთავარი კითხვები ისევ “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ეხება. დღესდღეობით  ქვეყანას დასავლური კურსის გაგრძელების და რუსულ ორბიტაზე გადასვლის პოტენციალი თანაბრად აქვს. მმართველი ძალის ლიდერები ნატოში გაერთიანებაზე და ევროკავშირზე საუბრობენ, თუმცა მათი ქმედება და ნაბიჯები ამ განცხადებების გულწრფელობაში ეჭვს აჩენს. აფხაზეთზე გავლით რუსეთთან რკინიგზით დაკავშირება და რუსულ ბაზარზე დაბრუნება “ქართული ოცნების” ჯერჯერობით მიუღწეველ ოცნებად  რჩება. წინასაარჩევნოდ  უამრავი დაპირება გაიცა, ახლა მათი შესრულების დროა. მმართველი ძალა სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოციალური პროგრამების განხორციელებას და ზოგადად ეკონომიკური ზრდის პრსპეაქტივას რუსეთის ბაზრის მოპოვებაში ხედავს. დღეს უკვე ნათელია, რომ “ქართული ოცნება” გაცემული სოციალური დაპირებების შესრულების ბედს რუსეთს უკავშირებს. აქედან გამომდინარე, ამ ძალის მიერ წარმატების მიღწევა და ხელისუფლების შენარჩუნების პერსპექტივაც რუსეთზე ხდება დამოკიდებული. მათი ლიდერების გამონათქვამები და ქმედება ცხადჰყოფს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ყოფნა-არყოფნის საკითხი რუსეთს დაუკავშირა. ეს პოლიტიკური მითოლოგია აღარ არის, ეს უკვე ფაქტია. თუ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსულ ბაზარზე არ გავიდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელი არ არის და დაპირებების შესრულება გაჭირდება – ასე უდგება ხელისუფლება ამ საკითხს. შესაბამისად, “ქართული ოცნება” საკუთარ თავზე და ზოგადად, ქვეყანაზე ზემოქმედების უძლიერეს ბერკეტს მეზობელ სახელმწიფოს ნებაყოფლობით ხელში აძლევს. ამას რუსეთიც კარგად ხედავს. რუსულ ბაზარზე ფსონის დადებით ხელისუფლება ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახემლმწიფოს მიერ დადგენილ თამაშის წესებს იღებს. გადის პოლიტიკურ ტატამზე, სადაც მოწინააღმდეგე ჩვენზე 50-ჯერ დიდი და ძლიერია. ის ამ ნაბიჯს საკუთარი სურვილით დგამს. 

 

ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მშპ-ს რამდენიმე პროცენტით მატება ხანმოკლე შეიძლება აღმოჩნდეს და სწრაფად გაქრეს. რუსეთს შესაძლებლობა ეძლევა გამოგონილი მიზეზით ბაზარი ჩაკეტოს და ქართული ეკონომიკა დაანგრიოს. შემოსავლების დაკარგვით უკმაყოფილო ხალხი ხელისუფლებას ხმას აღარ მისცემს და “ქართული ოცნება” ძალაუფლებას დაკარგავს. აქ ჩნდება კითხვა:  დღევანდელი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშით რუსეთის მიმართ კიდევ უფრო დიდ დათმობაზე წავა თუ არა? უახლესი ისტორია გვასწავლის, რომ ხელისუფლების შენარჩუნება ქართველი პოლიტიკოსების მთავარი მიზანია და ამ მიზანს სახელმწიფოს ბედიც შეიძლება შეეწიროს. ბაზრის გახსნის შემდეგ რუსეთს შესაძლებლობა ეძლევა მისი ხელახლა დაკეტვის მუქარით ჩვენი ხელისუფლება დააშანტაჟოს და ბევრი რამ დაათმობინოს. რუსეთის მიმართ საბედისწერო დათმობა კი დასავლურ საგარეო კურსზე უარის თქმა იქნება, რაც დამოუკიდებლობის დაკარგვას უდრის.. ის არგუმენტი, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა და ბაზრის ჩაკეტვას ვერ მოახერხებს, მცდარია. ცოტა ხნის წინ რუსეთმა აშშ-ში ე.წ. მაგნიტსკის სიის მიღების საპასუხოდ სრულიად უკანონოდ ამ ქვეყნიდან  გარკვეული პროდუქციის შეტანა შეაჩერა.  

 

ევროკავშირთან დაახლოვება, ნატოში გაწევრიანების პროცესი და აშშ-სთან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთვის თვითმიზანი არ არის. ეს კურსი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა. ბოლო წლების განმავლობაში ნატოში გაწევრიანებაზე უამრავი ტყუილ-მართალი ითქვა. ამან ხალხში დაღლა გამოიწვია და ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ცოტათი შემცირდა კიდეც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნატოში გაწევრიანების საქმეში ამ ეტაპზე მთავარი არა იმდენად შედეგი, არამედ პროცესია. სანამ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვადგენთ, ნატოში ვერ გავწევრიანდებით – ეს სამწუხარო მოცემულობაა. მაგრამ თავად გაწევრიანების პროცესი (თუნდაც დროში გაწელილი) საერთო სამშვიდობო და საპარტნიორო პროგრამებში მონაწილეობა ის “ძაფია”, რომელიც დასავლურ სამყაროსთან გვაკავშირებს და რაც თავის თავად ქვეყნის დემოკრატიზაციას და განვითარებას განაპირობებს. ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა სწორედ ამ პროცესის თვალნათელი შედეგია. ეს ფაქტი სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოში გაწევრიანების პროცესშია ჩართული და ზოგადად დასავლეთისკენ სვლას აგრძელებს. რაც შეეხება ეროკავშირის ასოცირებულ წევრობას და აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას: ამ მიზნების მიღწევას წინ არაფერი უდგას და ყველაფერი ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. რუსეთის მოსაზღვრე ვერც ერთი ქვეყანა დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გარეშე დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებს. დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. 

 

თუ რუსეთს ჩვენზე ზემოქმედების ბერკეტი გადავეცით, ის მას აუცილებლად გამოიყენებს. შეჩერდება დასალეთთან დაახლოვება და დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება. რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას 20 წელზე მეტია ებრძვის. 9 აპრილს ნიჩბებით, შემდეგ სეპარატიზმის გაღვივებით და ჩვენი ტერიტორიულ ომებში ჩათრევით, სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით პრეზიდენტ გამსახურდიას ჩამოგდებით და ასე შემდეგ. ეკონომიკის რამდენიმე პროცენტით ზრდის სანაცვლოდ დამოუკიდებლობის საფრთხის ქვეშ დაყენება არასწორი და ამორალური საქციელია. ეს ნაბიჯი ამ წლების მანძილზე გაღებული მსხვერპლის მიმართ ღალატი იქნება. 

 

არასასურველი სცენარით მოვლენების განვითარება-არგანვითარების ბედი დღევანდელ ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული. თუ “ქართული ოცნება” საკუთარ სოციალურ  დაპირებებს სრულად ვერ შეასრულებს, მაგრამ სანაცვლოდ რუსეთთან საქმის დაჭერაზე უარს იტყვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლების კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავოს და დაპირებების ვერ შესრულებაზე ხმაური არ უნდა ატეხოს. ოპოზიცია და ხელისუფლება ამ საკითხში ქცევის წესებზე უნდა მორიგდნენ და სხელმწიფოს ინტერესები პირადზე წინ უნდა დააყენონ.