მოდიოდნენ ხანაც ლუკმა-პურის, ხანაც უფრო დიდის იმედით. ცრემლმორეული ტოვებდნენ ოჯახებს, სახლ-კარს, მევალეებს. გახდებოდნენ აქ რომელიმე ქარხნის მუშა, გადაუბრუნებდა ტვინს რომელიმე მარქსისტი, რომელსაც უკვე გადაბრუნებული ჰქონდა სხვა მარქსისტისგან. დაიჭერდა მერე ამ შენს მარქსისტს ოხრანკა პროკლამაციებით უბეში და წებოთი და ფუნჯით ხელში. იქეთ დაჰქონდა მერე მოსაკითხი ცოლ-შვილს ჯუმათიდან.
1901 წლის ბოლოს როტშილდის ქარხანაში მუშაობას იწყებს სოსო ჯუღაშვილი. მთლად მეორე დღე საეჭვოა, მაგრამ ძალიან მალე ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი ღამით გაჩნდა და იმის მიუხედავად, რომ ქალაქში მრავალი წელია არსებობდა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, ცეცხლს მაინც ვერაფერი დააკლეს. ფუტი კიდევ რამდენიმე დღე ასდიოდა ქარხანას.
დასაჯეს და დაითხოვეს ტექნიკური და პასუხისმგებელი ჩინოვნიკები, მაგრამ ძიებამ უშუალო დამნაშავე ვერ იპოვა.
სოსო დაპატიმრებას გადარჩა. როგორც ჩანს, აქ გაჩერებას არ აპირებდა და მომავალს შორიდან ჭვრეტდა.
ჯუღაშვილმა როტშილდის ქარხნის დირექტორს მოკვლა გადაუწყვიტა. ვანდშტეინს სახლიდან სამსახურში მიმავალს ესროლეს ეტლში. ვანდშტეინი გადარჩა და იმავე დღეს გემით დატოვა ბათუმი.
ქარხნის დირექციამ ზუსტად იცოდა, რომ ხანძარი თავისით არ გაჩენილა და ხელფასების გაცემაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ სტალინს აღარ გასჭირვებია ფართომასშტაბიანი გაფიცვისა და მიტინგის ორგანიზება. თუმცა სოსოს ჯერ სტალინი არ ჰქვია, „ბარცხანის გუბერნატორს“ ეძახიან. ბარცხანა მაშინ მუშათა უბანი იყო.
1902 წლის 8 მარტს მომიტინგეები ბათუმის ციხესთან შეგროვდნენ და დაპატიმრებულების განთავისუფლება მოითხოვეს. ხალხი ძალიან ბევრი იყო და ვერანაირი მუქარით ვერ დაშალეს. ვითარების შესახებ აცნობეს გუბერნატორს. მოვიდა გუბერნატორი დრიაგინი ეტლით. მუშებმა ახლა მას მოსთხოვეს პატიმრების განთავისუფლება. გუბერნატორმა უარი განაცხადა და უფრო სასტიკი ღონისძიებით დაემუქრა. ხალხი ადგილიდან არ იძროდა.
მღელვარება მატულობდა. მაშინ გუბერნატორმა ჯარი მოითხოვა.მოვიდა ჯარი. ჯარს ხელმძღვანელობდა უფროსი კაპიტანი ესტატე ანთაძე. მუშები არ ცხრებოდნენ, კვლავ ხმაურობდნენ და დრიაგინი კვლავ იმუქრებოდა, მაგრამ არავინ ისმენდა მის მუქარას. მაშინ გუბერნატორმა ჯარს უბრძანა, რომ მომიტინგეებს გარს შემორტყმოდა და ყველა დაეპატიმრებინა.
ხუთასამდე მუშა დააპატიმრეს და წაიყვანეს ელექტრონის ქუჩაზე. სახელი ახალი შერქმეული ჰქონდა ქუჩას. წინა წელს ამ პატარა ქუჩის და პეტერბურგ-ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ელექტრონის ქარხანა ააშენეს და ბათუმის ქუჩები ლამპიონით განათდა. იქამდე ქუჩას სახელი ვერ მოუფიქრეს. უსახელო კი არ იყო, „უსახელო” ერქვა სახელად.
ამ ქუჩის კუთხეში საპატიმრო იყო, „პერესილნიე კაზარმის“ ეძახდნენ. გასაკატორღებელ და მისჯილ პატიმრებს იქ ამწესებდნენ. ციხეში ამდენი ადგილი აღარ იყო და სწორედ აქ დაამწყვდიეს ეს დაპატიმრებული ხუთასამდე მუშა.
ამის გარდა ციხიდან გამოიყვანეს დაპატიმრებული მუშების წარმომადგენლები და ისინიც ყაზარმებში შეყარეს.
ღამით ჯარისკაცებმა ხელი შეუწყვეს და რამდენიმე მუშა გააპარეს სახლში, მაგრამ დილით უკლებლივ დაბრუნდნენ საპატიმროში. ჩაის დალევასაც მოასწრეს.
9 მარტის დილით დრიაგინმა ჩამოიარა საპატიმრო და ხელახლა მოისმინა პატიმრების მოთხოვნები. მუშებმა კვლავ განთავისუფლება მოითხოვეს. გუბერნატორმა კვლავ უარი განაცხადა, მაგრამ სადილზე მეოთხედის ნაცვლად ნახევარი გირვანქა ხორცი შეჰპირდა. მუშებმა სიცილი ატეხეს. დრიაგინმა პურის ულუფაც გაზარდა.
ამასობაში როტშილდის ქარხნის მუშები მიუახლოვდნენ ყაზარმას რევოლუციური სიმღერით. მუშებმა ისევ პატიმრების განთავისუფლება მოითხოვეს. დრიაგინი ისევ უარზე დადგა. მაშინ ჩვენც დაგვაპატიმრეთო, მოსთხოვა გოგიბერიძემ, რომელიც მუშების ჯგუფს მოუძღოდა.
გუბერნატორმა ესეც უარყო და განაცხადა, ყველაფერს უმაღლესი ხელისუფლება გადაწყვეტდა ტფილისში. მუშებმა მაინც არ მოვიცვლით ფეხს და აქვე დაველოდებით ტფილისის გადაწყვეტილებასო. ელექტრონის ქუჩა ხალხით იყო გადატენილი. ყაზარმებიდან მუშები ყვიროდნენ, ქვემოდან – მომიტინგეები. ყურთასმენა აღარ იყო.
უეცრად ოდესის ქუჩიდან ჯარი შემოვიდა. ჯარს უფროსი კაპიტანი ესტატე ანთაძე მეთაურობდა. მუშები ეცნენ ყაზარმას და ღობეების მტვრევა დაიწყეს. „პომენშე კროვოპროლიტია” – უბრძანა დრიაგინმა ანთაძეს და იქაურობას გაეცალა.
გაისმა გასროლა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და პირველი მუშაც დაეცა. სროლა ჯერ მუშებიდან დაიწყოო, ამტკიცებდა მერე ანთაძის რაზმის ოფიცერი ნიკოლოზ იმნაძე. რამდენიმე წამში ყველაფერი დამთავრდა და პატარა ქუჩა დაჭრილ-დახოცილებით აივსო.
ბრძანებას არ დაემორჩილა მხოლოდ შტაბსკაპიტანი კლდიაშვილი და დაისაჯა კიდეც იქამდე გაუგონარი ქმედებისთვის. ფაიტონები რომ მოიყვანეს დაჭრილთა და დახოცილთა წასასვენებლად, მიწა და სისხლი აზილა ერთმანეთში მთელს ქუჩაზე ფაიტონის ბორბლებმაო, დაწერს მერე თავადვე. თხუთმეტი დაღუპული და ორმოცდაათამდე დაჭრილი დათვალა ადგილზევე, ვისაც ჰქონდა დათვლის თავი.
ეს პირველი რევოლუციური გამოსვლა იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სოციალისტური რევოლუცია ბათუმიდან დაიწყო ყველანაირი გადაჭარბების გარეშე.
ეს ცოდვა კი გვაძევს კაცობრიობის წინაშე და ეს უნდა ვაღიაროთ.
მუშების დაკრძალვა სახალხო ღონისძიებად იქცა. თხუთმეტივე ერთად დაკრძალეს სოუქსუზე გზის პირას. სასაფლაო ისე გაიზარდა იმის მერე, კაი გაყოლაზე დაშორდა გზას.
ბათუმის გასაბჭოებისთანავე ელექტრონის ქუჩას 9 მარტი დაარქვეს და ობელისკი აღმართეს დაღუპული მუშების სიით და ბოლოში ხუთქიმიანი ვარსკვლავით. ოღონდ ზოგიერთის სახელი ვერ გაიხსენეს და ზოგიერთისაც – გვარი.
მარტშივე, ოღონდ 1990 წელს, ბათუმელებმა ნამუსის მოწმენდა დავაპირეთ რევოლუცია რომ დავიწყეთ და პირველებმა დავამხეთ ლენინის ძეგლი. ოღონდ ეგ არის, რომ ქობულეთელებმა დაგვასწრეს წკიპზე, სულ ორიოდე საათით. თუმცა რამ გაგვყო.
უფროსი კაპიტანი ესტატე ანთაძე დიდად ნანობდა მომხდარს და მალევე გადაიყოლა დარდმა. 9 მარტიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრებენ სოსო ჯუღაშვილს და სრულ ერთ წელიწადს მოხეხავს ბათუმის ციხეში. დავით კლდიაშვილი მაშინ უკვე წერდა და ნელ-ნელა მთელი მსოფლიო გაიგებს მის სახელს.
იმდენი ქარტეხილების მერე საკუთარი სიკვდილით აღესრულება 1931 წელს მისი უდიდებულესობის არმიის თავზეხელაღებული პოდპოლკოვნიკი დავით სამსონის ძე კლდიაშვილი.
ობელისკი დღესაც დგას სოუქსუზე. მთლად მოუვლელსაც ვერ დაარქმევ. დადიან ყოველ 9 მარტს კომუნისტები და სანთელს ანთებენ.
ავტორი: შოთა გუჯაბიძე
სტატიაში გამოყენებულია ფოტომასალა შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექციიდან. ფოტოების გამოყენება სტატიის ავტორთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.