· ანამარიამ ჩააბაროს თეატრალურ სკოლაში, მოახერხოს თავისი ნიჭის და სურვილების იქ რეალიზება და აღარ იწუწუნოს იმაზე, რომ კასტინგებზე არ დამყავს… ყოველდღე არ მითხრას, სხვა ბავშვებს, ვისაც მსახიობობა უნდა, დედები ეხმარებიანო;
· დროულად გამოჯანმრთელდნენ ჩემი ოჯახის წევრები თბილისში და ნაკლებად ვინერვიულო იმაზე, როგორ გრძნობენ თავს. ასევე დროულად დავიწყო დეიდაჩემის 80 წლის იუბილეს ორგანიზება, რომ ყველაფრის კარგად მომზადება მოვასწრო;
· სამხრეთიდან საცხოვრებლად გადავიდე ჩრდილოეთ ლონდონში, სადაც ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს და საღამოს სტუმრები გაუფრთხილებლად მოვიდნენ ხოლმე ჩემთან სახლში;
· ცოტა გამოიდაროს ამ კუნძულზე, გავიხსენო, როგორია მზე.
მაგრამ ყველაფერზე მეტად მაინც სიჩუმე და გამოძინება მინდა!
მკურნალობის დაწყების შემდეგ ირაკლი მთელი ღამე შფოთავს!
ხან სცივა, ხან სცხელა!
ფაჯრის გაღებას ითხოვს – მეტი ჰაერი უნდა; მერე დახურვას მთხოვს – გაიყინა ოთახი!!!
კვირაში სამჯერ, დილით ხუთ საათზე, ჩემი მაღვიძარა რეკავს, მერე ტაქსი მაკითხავს და ბიბისის უზარმაზარ ნიუსრუმში მივყავარ. იქ რამდენიმე ჭიქა ყავას ვსვამ, რომ გამოვფხიზლდე და დილის გამოშვების დაგეგმვა მოვასწრო. თორმეტსაათიანი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სახლში ვბრუნდები…ჩემს ყურადღებას ხან ანამარია ითხოვს, ხან- ირაკლი, ხან- ორივე ერთად.
ირაკლის საღამოობით ხანდახან კარგი ხასიათის შეტევები აქვს: მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ცდილობს, ხმამაღლა ლაპარაკობს, ანამარიას აცინებს, ეთამაშება, ისეთ ხმაზე ხარხარებენ, მეშინია მეზობლებმა არ გვიჩივლონ.
მერე უცებ უხასიათობა შემოუტევს, პატარა დეტალზე ღიზიანდება, ბოლო ხმაზე იწყებს ყვირილს (ახლა კი ნამდვილად დარეკავენ პოლიციაში, ყოველ ჯერზე ამას ვფიქრობ, თუმცა ჯერჯერობით გვიტანენ)!
მოკლედ მკურნალობა დაიწყო და ყველაფერი ყირაზე დადგა.
ირაკლი დილის ექვს საათზე თვითონ იმზადებს საუზმეს. მე ამ დროს ან სახლში არ ვარ, ან ლოგინიდან თავს ვერ ვწევ. თუმცა დღის განმავლობაში მისი ‘კვების მენეჯერი’ მე ვარ. ვამზადებ საჭმელებს, ვითვლი ცხიმის შემცველობას.
ლანჩი ორ საათზე უწევს!
სადილი – ათზე!
დროის გადაცილება არ შეიძლება!
მადა არ აქვს, მაგრამ დღეში სამჯერ, ტელაპრევირთან ერთად, მინიმუმ 20 გრამი ცხიმი უნდა მიიღოს. ვცდილობ ისეთი კერძები შევთავაზო, რომ ჭამა და წამლის მიღება დამთრგუნველი არ გახდეს. ლუკმის გადაყლაპვა კი არ დააძალოს საკუთარ თავს, უბრალოდ, კერძს რომ დაინახავს, გასინჯვა მოუნდეს.
უკვე რამდენი წელია ვცდილობთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი და უცხიმო დიეტა დავნერგოთ ოჯახში. რეცეპტების წიგნში ცხიმიანი კერძები არ მაქვს. უცებ ცოტა ძნელია მუდმივად იმაზე ფიქრი, როგორ მოვამზადო მაქსიმალურად მსუყე საჭმელი. დღისით კალორიულ რეცეპტებს ვეძებ ინტერნეტში. გვიან საღამოს ირაკლისთან ერთად ვჭამ. გავსუქდი!!! და ზედმეტი წონა ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს:(
თვითონ ირაკლის მზარეულობის სურვილი აღარ აქვს, არადა მანამდე კვირაში ორჯერ მაინც გვიმზადებდა გემრიელ ვახშამს. არ მომწონს, რომ სამზარეულოში მარტო დავრჩი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს დროებითია. საჭმლის მზადების პროცესში ვცდილობ კერძის სუნი არ დადგეს, რომ გულისრევის შეგრძნება არ გაუძლიერდეს. ასევე ვცდილობ არ განვმეორდე, რომ კერძები არ მობეზრდეს. საჭმელი, რომელიც ერთ დღეს მოსწონს, მეორე დღეს საშინლად ეზიზღება. უკვე ვეღარ ვიყენებ ერბოს, მაიონეზს… არ ვიცი, ხვალ რას შეიძულებს.
ამის მიუხედავად, კვებაზე ნაკლებად ვდარდობ, ვიცი, რომ მოვახერხებთ რამეს,
მე უფრო მისი ხასიათი/უხასიათობა მადარდებს. ამ მხრივ უბრალოდ არ ცდილობს, რომ საკუთარი თავი ხელში აიყვანოს. ძალიან მღლის მისი მოჭარბებული მხიარულება, მერე- გადამეტებული უხასიათობა, აგრესია და ღამის შფოთი.
მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ დავეხმარო, არ შემიძლია თვალი დავხუჭო ხოლმე მის არაადეკვატურ ქმედებაზე.
ამიტომ, როცა უსამართლოდ ჩხუბობს, არ ვიპარები ოთახიდან და არ ვემუდარები, დამშვიდდეს. უბრალოდ ვეუბნები, რომ არასწორად იქცევა და თავი უნდა მოთოკოს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ადამიანს როგორც გიჟს, ისე ექცევი, უფრო უმძაფრდება იმის შეგრძნება, რომ ავად არის.
თუ გაღიზიანებულია, მაინც იპოვის ჩხუბის მიზეზს!
ამიტომ მგონია, რომ უნდა გაუფრთხილდე, უნდა შეეცადო, არ გააბრაზო, მაგრამ ზომიერება არ უნდა დაკარგო. აზრი არ აქვს ფეხის წვერებზე სიარულს და ყველა კაპრიზის დაკმაყოფილებას. მან თვითონ უნდა გაიაზროს, რომ არ შეიძლება იყვიროს იმის გამო, რომ რაღაც ითხოვა და ხუთი წამის დაგვიანებით მიაწოდეს.
მოკლედ, ყოველ მორიგ წამოყვირებაზე ვრეაგირებ ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ სიტუაციაში გავაკეთებდი. თუმცა მეორე დილით ჩემს თავს ვეუბნები, რომ გუშინ ირაკლი კი არ ყვიროდა, მისი დიაგნოზი ავლენდა აგრესიას. ამიტომ დილაობით, როგორც კი დავინახავ, სასწრაფოდ რაიმე თბილ და მოსიყვარულეს ვეუბნები ხოლმე. ძალაუნებურად იმავე ტონში მპასუხობს… მერე აღარ ვარჩევთ, ვინ იყო გუშინ მართალი და რამდენიმე საათით სიმშვიდე მყარდება.
მაგრამ მერე, დღის განმავლობაში, ისევ სრულიად მოულოდნელად პოულობს გაბრაზების მიზეზს, ისევ ბოლო ხმაზე ყვირის პატარა გაუგებრობის გამო.
ეს ყველაფერი ანტიდეპრესანტების ფონზე ხდება.
ქართველი ჟურნალისტები ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი აწარმოებენ ბლოგს C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ http://c-hepatiti.blogspot.co.uk
ირაკლი იმნაიშვილს C ჰეპატიტის დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს. მას შემდეგ ნათია და ირაკლი ამ პრობლემით დაინტერესდნენ და დაავადების შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ინფორმაცია მიაწოდონ ყველას, ვისაც შეეხო ჰეპატიტის პრობლემა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 6.7%, დაახლოებით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ მათ ბლოგპოსტებს.
ამჟამად ორივე ცხოვრობს ინგლისში და მუშაობს ბი-ბი-სიზე. ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი ბლოგში აღწერენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა ვირუსმა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე.