ელენე ხაჭაპურიძის ბლოგი დიეტაზე

შედეგი – Too Fat

13.04.2013 | 1496 |
შედეგი – Too Fat

წერილს არც ავტორს ვიცნობ და მისი არც სახელი და გვარი ვიცი. ჩემმა უცნობმა მგობარმა, 12 დღის დიეტის შემდეგ 4კგ და 300 გრამი დაიკლო. ამის შესახებ უკვე მომწერა, თუმცა მე ვერ გეტყვით ასეთივე ოპტიმისტურ ამბავს ჩემ წონასთან დაკავშირებით.

ჩემი დაკლებული წონა არ სცდება რამდენიმე კილოგრამს, არადა დიეტას 5 თებერვლის შემდეგ ვიცავ. მართლია, რამდენჯერმე მსუყედ დავარღვიე, მაგრამ ძირითადად ვცდილობ კვების რაციონი არ იყოს გადატვირთული. კალორიებსაც ვითვლი, თუმცა შედეგი, როგორც უკვე გითხარით არცთუ ეფექტურია.

ამიტომ არ ვწერდი ახალ პოსტს დიდი ხნის მანძილზე. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემი ბლოგის მკითხველების რაოდენობას ვნახულობდი, აღმოვაჩინე რომ ყველაზე მეტი მკითხველი პირველი პოსტის შემდეგ იმ პოსტს ჰყავს, რომელშიც დიეტის პირველ შედეგსა და დაკლებულ კილოგრამებზე ვწერ. 

“ნეტგაზეთის” თანამშრომელმა და ჩემმა მეგობარმა ნინო კახიშვილმაც მომწერა რამდენიმე დღის წინ, ყველა შენს ბლოგზე მეკითხება და სად დაიკარგეო, როცა ვკითხე რას გეკიხებიანთქო, რამდენი დაიკლოო– მიპასუხა.

მეც მგონია, რომ  მკითხველი სამართლიანად  იღლება გაუთავებელი წუწუნითა და წარუმატებელი პერიოდით, ამიტომ გადავწყვიტე აღარ დავწერ სანამ ხელშესახები შედეგი არ მექნებათქო, მაგრამ გუშინ შემთხვევით აღმოჩენილმა წერილმა გადამაწყვეტინა პატარა პოსტი დამეწერა და მოკლედ მეთქვა ჩემი პრობლემის შესახებ. 

ძალიან მინდა ჩემმა ვირტუალურმა მეგობარმა წონაში სწრაფად დაიკლოს, ჩემი წონა კი ალბათ მანამ “გამაბრაზებს” სანამ დიეტის მკაცრად დაცვას არ ვისწავლი :/