დათა ჯორჯაძის ბლოგი

პოსტმოდერნისტული პირველი მაისი

03.05.2013 |
პოსტმოდერნისტული პირველი მაისი

სტუდენტების აქცია, 1 მაისი
სტუდენტების აქცია, 1 მაისი

ყველაფერი კი ერთი უწყინარი შეკრებით დაიწყო. ცხოვრებაში პირველად, მეუღლესთან ერთად წავედი აქციაზე. მიზანი ერთი მქონდა, გამომეხატა სოლიდარობა პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ ყველა სხვა მშრომელი ადამიანის მიმართ. შეკრება სტუდენტური ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“-ის მიერ იყო მოწყობილი. ძალიან ცოტა ადამიანი მოვიდა, ეს კი იმიტომ, რომ აქციაზე არც „მიშას“ გადადგომას ითხოვდნენ და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუმცა ჩემი მეგობრებისთვის ისიც გაუგებარი გახდა, თუ საერთოდ რას ითხოვდნენ სიტყვით გამომსვლელები. მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ მსგავს აქციებს, რადგან ვფიქრობ – ასეთი სოლიდარული და სოციალური აქციები და შეკრებები არის პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების. მხოლოდ თანაცხოვრებით და მეზობლური გამარჯობით კი ეს არ მოხდება.

 

აქციაზე განაცხადეს, რომ იქიდან საპროტესტო მსვლელობას აწყობდნენ „ჯორჯიან მანგანეცის“ ოფისამდე, რათა სოლიდარობა გამოგვეცხადებინა მაღაროელი მუშებისათვის. გულმა რეჩხი მიყო, როცა წარმოვიდგინე, თაკარა მზის ქვეშ პილიგრიმობა, ვაკიდან – პლეხანოვამდე. მაგრამ ჩემმა მეუღლემ მეტი სოლიდარობისაკენ მომიწოდა და მეც ჩემი მთელი ოჯახით განვაგრძე გზა.

 

აქციის მონაწილეები ჯერ ვარაზის ხევის გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლში მივდიოდით, მერე – ორში, მერე – სამში, და უკვე ცირკთან აღმოვაჩინე, რომ ორმხრივი მოძრაობა თამარ მეფის გამზირზე ცალმხრივად ვაქციეთ. ერთი ჯეელი დოლზე უკრავდა, რაც განწყობას ერთი-ორად გვიმაღლებდა და ჩვენც მივაპობდით ქუჩას. თამარ მეფის ხიდზე პატრულის მუშა წამოგვეწია და ძალიან ეთიკურად გვთხოვა, რომ ორ ზოლში გვევლო და ერთ ზოლში მანქანები გაგვეტარებინა. აი აქ გაჩნდა პირველი აგრესია. ახალგაზრდები აღელდნენ და პატრულს მყისიერად უარი სტკიცეს. არადა გულწრფელად რომ ვთქვა, მარშირება გზის მხოლოდ ერთ ზოლშიც შესაძლებელი იყო, აკი გითხარით აქციაზე ცოტა ხალხი იყო მეთქი და მე რამდენადაც შევამჩნიე, არც ქუჩაში გაგვიღვივებია ვინმესთვის სოლიდარობის განცდა, რომ გზადაგზა შემოგვერთებოდნენ.


რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობის ორგანიზატორებს  გული მეტად აენთოთ, და იქ მთლიანი ქუჩის პარალიზება მოახდინეს. უეცრად „ავერსის“ ოფისთან წინამძღოლები შეჩერდნენ და გვასმენინეს, თუ როგორ ლანძღავდნენ კორპორაციის ხელმძღვანელებს.  ჩემს უკნიდან „პანკის“ ფორმაში გადაცმული ბავშვები გამოვარდნენ და ყურში გაურკვეველი ანარქისტული სლოგანები ჩამძახეს.  მსვლელობა ორ წუთში გავაგრძელეთ და გზად რაც კი რამე დიდი ორგანიზაცია შეგვხვდებოდა, იქვე ვჩერდებოდით,  მომლოცველებივით პირს მათი სახება ბანერისკენ ვაქცევდით, ზურგს – პატრულისკენ და ვისმენდით გაჭინთული ახალგაზრდების ანტი-კაპიტალისტურ პათოსს. აქცია აღარ გავდა სოლიდარულს მუშა ხალხის მიმართ. უცხო თვალს ალბათ მეც და ჩემი მეუღლეც „აგრესიული ანარქისტი  ფემინისტები“ ვეგონეთ (ფემინისტი იმიტომ, რომ დაღლილ გოგოებს შევენაცვლეთ და ხელთ გვებყრა ტრანსფარანტი წარწერით: „არა სექსისტურ შრომის კოდექსს!“).


პატრული ისვე გვთხოვდა, გზის ნაწილი მაინც გაგვეთავისუფლებინა. ალბათ ამის წინააღმდეგი ბევრი არ ვიყავით, მაგრამ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პოლიციელს განუცხადა, რომ გზიდნ გადასვლას არავინ აპირებს და მხოლოდ ერთი ვარიანტი გაქვთ – უნდა დაგვიჭიროთო. როცა „მაკდონალდსს“ მივუახლოვდით, ყმაწვილკაცებს გაახსენდათ, რომ წინა შემოდგომას შეძახილმა ის შეტიტვლებული პოლიტიკური ხე ვერ გაახმო, და კვლავ აყვირდნენ: „სისტემა უნდა დაინგრეს!“


მარჯანიშვილის ქუჩამდე გავძელით მე და ჩემმა მეგობრებმა. „თიბისი“ ბანკთან უკვე მკვეთრი დაპირისპირება მოხდა, შენობა წითელი საღებავებით ვანდალურად ააჭრელეს. ვიღაც ბანკის მფლობელ ხაზარაძეს აგინებდა, ვიღაც – 1918 წელს ჩანასახშივე ჩაკლულ ქართულ სოციალ-დემოკრატიას დაეძებდა, ზოგი ანარქისტულ სიმბოლოს ბანკომატს აჯღაბნიდა და მე და ჩემი ცოლი კი გაუგებარ ადგილას, მარჯანიშვილის თეატრთან გაჭედილები ვითხოვდით სექსიზმის დამარცხებას საქართველოს შრომის კოდექსში.


მე იქ, მარჯანიშვილის ქუჩაზევე მოვრჩი პილიგრიმობას და ჩემს მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად სახლში, ჩაის დასალევად წავედი.


არაეთიკური იქნება ვისაუბრო იმაზე, რაც მერე მომხდარა აქციაზე, რადგან მე არ მინახავს და არ მომისმენია თუ რა და როგორ წარიმართა რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციამ დაიჭირა, მაგრამ შემიძლია ანალიზი გავაკეთო იმის, რაც ვნახე. მივხვდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემს თაობას მის თავშივე დასაძლევი აქვს პოსტ-კომუნისტური მენტალიტეტი, კორუფციული მენტალიტეტი. მე აქციაზე ისევ დავინახე პოტენციური ირაკლი წერეთელი და მომავალი მოშიმშილე პოლიტიკოსები, რომელთა მიზანი – სოციალური თანასწორობის დაბადება საქართველოში – გადაიზარდა გაურკვეველ და გაუაზრებელ მოთხოვნებში.


„თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!“ – სლოგანი მტკიცე, ჟღერადი და დემოკრატიულია, მაგრამ თქვენ ვის იცნობთ, ვისაც ყოველივე სურს?!