დათა ჯორჯაძის ბლოგი

სნეული საზოგადოება

19.05.2013 |
სნეული საზოგადოება

და განა რა ხდებოდა 17 მაისს თბილისის ქუჩებში ისეთი, რასაც მოაზროვნე ადამიანი არ მოელოდა ფანატიკოსი მრევლისგან? მაგრამ ერთია როცა წარმოგიდგენია ბრბოსგან მომავალი საფრთხე, და მეორეა როცა შენს ქუჩაზე „ტაბურეტით“ და ნაგვის ურნებით მორბენალ მღვდლებს, ეპისკოპოსებს და მათ მრევლს ხედავ. ალბათ უახლოესი ერთი თვე ვისაუბრებთ იმ უმნიშვნელო დეტალებზე, როგორებიცაა: რამდენმა ქორეპისკოპოსმა იბრძოლა სკამით? რამდენმა პოლიციელმა მიიღო ტრავმა და ვინ იყო ის ხალხი, ვის წინააღმდეგაც მრევლმა გაილაშქრა? მაგრამ ამის შემდეგ ისევ დაავიწყდება საზოგადოებას პრობლემის კომპლექსურობა და მასზე მხოლოდ ფინჯან ყავაზე ისაუბრებენ.

17 მაისი იყო სახე მოსახლეობის იმ 92%-ის, რომელიც ენდობა დედა ეკლესიას. გამოჩნდა თუ როგორი უმოქმედოა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელმაც ვერ და არ უზრუნველყო აზრის გამოხატვის თავისუფლება. 1 მაისს, „ლაბორატორია 1918“-ის მიერ გამართული 100 კაციანი აქციიდან, 24 პროტესტანტი პოლიციამ დააკავა, ხოლო მრევლი რომელიც ხალხის მოსაკლავად შეიარაღებული დარბოდა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, ხელშეუხებელი აღმოჩნდა. მიჩნდება კითხვა: რატომ არ დაიცვეს სამართალდამცავებმა კანონი? პასუხი მარტივია: ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლთა უმეტესი ნაწილი და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მრავალი წევრიც, სწორედ იმ 92%-ის ნაწილია, რომელთაც ქრისტეს სახელით ცოდვათა კორიანტელი დააყენეს დედაქალაქში, უბრალოდ ისინი გუშინ სამსახურის გამო, ბარიერის სხვა მხარეს აღმოჩნდნენ. აქედან გამომდინარე კი ერთ უდიდეს კითხვას ვეჩეხებით: ვინ მართავს დღეს სახელმწიფოს?!

           

2013 წლის 17 მაისს, საქართველოს საპატრიარქომ ხელი მოაწერა იმ ძალადობას, რომელიც მათ საფარქვეშ მოქცეულმა საზოგადოებამ ჩაიდინა და საბოლოოდ ნათელჰყვეს, რომ  არანაირი კავშირი აღარ აქვთ მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან. მათ კი არ დაგმეს ყოველი ეს სიბნელე, არამედ გაემიჯნენ. პასუხისმგებლობა კი რომელიც მათ უნდა აეღოთ საკუთარ თავზე, კვლავ სადღაც, რომელიღაც მართლმადიდებლური ეკლესიის კუთხეშია მიყუჟული.

ქვეყნის სირცხვილია, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვინმე საგანელიძე, იმ უმცირესობას ვინც ჰომოფობიას გმობს – პროვოკატორებს უწოდებს! არ მჯერა,  რომ ჰომოფობი პარლამენტარები ხელს შეუწყობენ სახელმწიფოს, განათლების სისტემის სწორ და დაუმახინჯებელ რეფორმაში.

მე თვითონ დიდ კორპორაციაში ვმუშაობ და მაშინ როცა აქციას არბევდნენ, მრავალი ჩემი თანამშრომელი ტელევიზორს მისჩერებოდა და სიცილით კვდებოდა. ხან ჭინჭრიან მორწმუნეებს დასცინოდნენ, ხან „პედერასტების მძებნელ მუჟიკებს“, ხან კი „მამა ტაბურეტებს“. და აი ზუსტად აქ იკვეთება ის უმეცარი და შლეგი სახე რომელიც დღეს ქართველ ხალხს აგვწებებია.

ახლა არ არის ის დრო, რომ ვიდგეთ და ვინმე ვლანძღოთ. დღეს საზოგადოების ის ნაწილი, ვინც გმობს ამ ჯოჯოხეთს საქართველოში, უნდა ადგეს და დაიწყოს მსჯელობა იმ პრობლემებზე, რომელიც თურმე კიდევ უფრო მწარედ დგას, ვიდრე გვეგონა. ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს უმოქმედობისთვის! ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ საქართველოს საპატრიარქოს იმ სიბნელეზე, რომელსაც მათი მღვდლები ქადაგებენ! ქართული საზოგადოება დღეს არის სნეული. პოლიტიკური ელიტა ამ სენს არ მოკვეთს. ის მათ ყოველთვის დასჭირდებათ. ეს მე უნდა მოვიკრიბო ძალა დავარქვა ჩემს სნეულებას საკუთარი სახელი. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც დაიცავს მისი ყველა წევრის აზრის