გია მარიამიძის ბლოგი

მოქალაქე ივანიშვილი

მოქალაქე ივანიშვილი

როგორც წესი, ახალი ხელისუფლება წინამორბედის მიღწევებს მთლიანად ეჭვქვეშ აყენებს და საკუთარ მმართველობას  ახალი ერის დასაწყისად აცხადებს. 

 

ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და “ოცნების” თითქმის ერთწლიანმა მმართველობამ წინა ხელისუფლების ყოველდღიური, რიტუალური გმობის ფონზე ჩაიარა. თუმცა ახალმა ხელისუფალმა არატრადიციული პოლიტიკური ქცევის მაგალითიც გვაჩვენა – უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა საქართველოში დღემდე ნებაყოფლობით არავის დაუტოვებია. ჩვენი ქვეყნისთვის ამ არნახული ნაბიჯის მიუხედავად პრემიერ–მინისტრის წასვლასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ჩნდება. 

“საზოგადოებაში მყოფი და საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ, უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება და არა მარტო შენიშვნები, არამედ – პოზიტიური შეფასებებიც, რაც არანაკლებ საჭიროა… მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ დადგება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, მე დავუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას”, – ამბობს ბატონი პრემიერ–მინისტრი.

 

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად ბატონი ივანიშვილი ხელისუფლების კონტროლს და გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღებას გააგრძელებს. ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტები მას საკმარისზე მეტი რჩება. ესენია: მისი პირადი პოლიტიკური რეიტინგი და ავტორიტეტი, მმართველი კოალიციის წევრების მხრიდან ივანიშვილის მიმართ ვალდებულებები და ერთგულება და რაც მთავარია, ივანიშვილის პირადი კაპიტალი, რის გარეშეც მმართველი ძალა წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა ძალაუფლების ბოლომდე დათმობას არ ნიშნავს. მეზობელმა აზერბაიჯანმა და რუსეთმა შიდა პოლიტიკურ კულტურაში დიდი ხანია “ნაციონალური ლიდერის” ცნება დაამკვიდრეს. რაც პოლიტიკურ ამაოებაზე და ინსტიტუტებზე მაღლა მდგომ მმართველს ნიშნავს, რომელიც პირადი ავტორიტეტის წყალობით რეალურ პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს. ამგვარად პუტინს პრემიერ–მინისტრობის დროს მოიხსენიებდნენ. იგულისხმებოდა, რომ მედვედევის პრეზიდენტობა ფორმალურია ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი კი ისევ პუტინიაო. აზერბაიჯანი კიდევ უფრო ეგზოტიკურად გამოიყურება და ნაციონალურ ლიდერად გარდაცვლილი ჰეიდარ ალიევი ჰყავთ. მამის სახელს და სტატუსს კი მისი მემკვიდრე და შვილი ილჰამი საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის იყენებს. ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაც “ნაციონალური ლიდერის” პოზიციის დაკავებას გავს. 

 

პრემიერ–მინისტრი თანამდებობიდან წასვლით საქართველოში პოლიტიკური მესიანიზმის მავნე ტრადიციის დამარცხებას აპირებს. 

 

“ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი – აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე”, – აღნიშნავს ივანიშვილი.

 

ის მესიანიზმის წყაროდ ქვეყანაში არსებულ დაბალ პოლიტიკურ კულტურას მიიჩნევს (რაც სწორია) და ამ ვითარების შეცვლას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით აპირებს. 

 

“მოჯადოებულ წრეზე ტრიალი უნდა დამთავრდეს. აღარასოდეს ასე აღარავინ არ უნდა ავირჩიოთ. ამისათვის კი საჭიროა დაუყოვნებლივ დავიწყოთ სამოქალაქო საზოგადოების სწრაფი ტემპებით მშენებლობა და ხელისუფლება მოვაქციოთ მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ”, – წერს ბატონი ივანიშვილი.

 

დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა პრემიერ–მინისტრს არ აკმაყოფილებს და აღნიშნავს: 

 

“დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, საექსპერტო წრეებსა და მედიაში მრავალი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც თავიანთი პუბლიკაციებითა თუ საუბრებით სერიოზულ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრისა და პოზიციების ფორმირებაზე. მაგრამ ხშირად იგრძნობა კვალიფიკაციის ანდა სინდისის ნაკლებობა, რაც იწვევს ფუნდამენტურ საკითხებში არათანმიმდევრულობას, ზედაპირულობას, კერძოსა და საზოგადოს ერთმანეთში აღრევას.” 

 

“სამოქალაქო საზოგადოებაში ჩემი გადასვლის მიზანია შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ:

 

• სამოქალაქო საზოგადოების აქტორების – “აზრის ლიდერების” პროფესიული ზრდა;

 

• ადამიანური რესურსის, ახალი სახეების შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათთვის მოტივაციის გაჩენა; ინოვაციური იდეების  აკუმულირება და დანერგვა;

 

• ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ მისთვის ჯანსაღი იდეების შეთავაზებას ქვეყნისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს განსავითარებლად.”

 

როგორც ბატონი ივანიშვილის სიტყვებიდან ირკვევა, ის სამოქალაქო საზოგადოებად პირველ რიგში მის აქტიურ და პროფესიულად სამოქალაქო სექტორში დაკავებულ ნაწილს: არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიას და საექსპერტო წრეებს მიიჩნევს. ეს ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებული, სტრუქტურირებული, მაგრამ მცირე ნაწილია. მათ მხოლოდ ხელისუფლების შეფასება, მის ქმედებებზე კომპეტენტური დასკვნების გაკეთება და მისთვის რჩევების მიცემა შეუძლია. სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლება არათუ მოსახლეობის 1-2%-ის მიერ გამოთქმულ კომპეტენტურ შეფასებებს (სწორედ ამდენია მის მიერ ხსენებული  სამოქალაქო საზოგადოება) არამედ კიდევ უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფის აზრსაც გაითვალისწინებდა. მაგრამ ასეთ კეთილ ნებას ძალაუფლების მქონენი ყოველთვის არ იჩენენ. ხელისუფლებაზე ზემოქმედება და მისი იძულება მოსახლეობის 1-2%-ს არ შეუძლია. ამისთვის უფრო მრავალრიცხოვანი ფენების აქტიურობაა საჭირო. ასეთი მხოლოდ სამოქალაქო შეგნების მქონე საშუალო კლასი შეიძლება იყოს და სწორედ ეს არის შესაქმნელი, რაც ასევე ეკონომიკური მდგომარეობის გუმჯობესებასაც უკავშირდება. 

 

საქართველოში პრობლემა სამოქალაქო სექტორის მიერ ხელისუფლების სუსტ კონტროლში არ მდგომარეობს. ასეთი საკმარისად გვაქვს. პრობლემა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მიერ კეთილი ნების უქონლობაშია – მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას და ზოგადად ოპონენტებს. მეორე მხრივ, პრობლემა თავად მოსახლეობის ჩამორჩენილობაა. იქ, სადაც განსხვავებული აზრის თუ ცხოვრების წესის მიმართ აგრესია და მიუღებლობა ტრადიციად ითვლება, სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი ზედმეტია. მუსლიმების მიმართ შეუწყნარებლობის მოხშირებული ფაქტები და ამ პროცესებში ხელისუფლების როლი სამოქალაქო ცნობიერების უქონლობაზე მეტყველებს, როგორც მოსახლეობაში, ასევე, თავად ხელისუფლებაშიც. 

 

ბატონი პრემიერი თავის წერილში მისი წასვლის შემდეგ კოალიციის შესაძლო დაშლასაც ეხება: “ამასთანავე, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვინმემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვიტოს კოალიციის გარეთ პოლიტიკური აქტიურობის გაგრძელება. ვფიქრობ, ეს იქნება კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის პოლიტიკური შეცდომა, რომელიც მხოლოდ მათ თავადვე დააზარალებს. ამგვარი ცალკეული მოვლენებისგან კოალიცია არც ჩემი ლიდერობის დროს არის დაზღვეული და არც ჩემს გარეშე იქნება.”

 

კოალიცია “ქართული ოცნება” 6 პარტიის გაერთიანებაა. ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი ალბათ მის მიერ შექმნილი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” იქნება. როგორც მთლიანად კოალიციაში, ასავე, მის პარტიაში სხვა და სხვა ტიპის ადამიანებია გაწევრიანებული. მათ შორის პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებიც და სრულიად ამაზრზენი და უპასუხისმგებლო ადამიანებიც მრავლად არიან. კოალიციის დაშლის შემთხვევაში შიდა გადაჯგუფებები  თავისთავად მოხდება. რომელი ტიპის ადამიანებს მიანიჭებს მოქალაქე და “ნაციონალური ლიდერი” ივანიშვილი ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. შესაბამისად, ცხადი გახდება რა ტიპის ხელისუფლებას მივიღებთ და რამდენად შესრულებადია ივანიშვილის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნის მისია.